reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩემი კონკურენტი დავით ნარმანიას სახელი და გვარი არ იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:41
ინტერვიუ
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩემი კონკურენტი დავით ნარმანიას სახელი და გვარი არ იყო!
08 ივლისი, 2014. 17:55


12.82 %- ეს ხმათა პროცენტული მაჩვენებელია, რომელიც კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აიღო. როგორც ლორთქიფანიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ეს ის შედეგი არაა, რისთვისაც იბრძოდა. მერობის კანდიდატი იმედოვნებდა, რომ  არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად იბრძოლებდა გამარჯვებისთვის:

 


-იყო დიდი მოლოდინი, რომ აღმოვჩნდებოდი მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატთან. რატომ სახელისუფლებო კანდიდატთან? იმიტომ, რომ ნებისმიერ არჩევნებში ხელისუფლება ფლობს მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ რესურსს, რომლის გამოყენების ფაქტის წინაშე ღარიბაშვილის ხელისუფლებამ არაერთხელ დაგვაყენა. ისინი პირდაპირ იყენებდნენ ადმინისტრაციულ, სამთავრობო რესურსს. ილუზია, რომ პირველივე ტურში დამაჯერებელად  გავიმარჯვებდი, არ მქონია. 2 თვეზე მეტი ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაში. როცა დღეში დაახლობით 5 შეხვედრას მართავ ამომრჩეველთან, მთელს თბილისთან გაქვს შეხება, იცი საზოგადოების, კორპუსების, მიკრორაიონების განწყობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნა გამოგაქვს. 12.82 % არ არის მცირე შედეგი, მაგრამ  არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი. მე ვიბრძოდი გამარჯვებისთვის. დღეს ყველა ღონეს ვიხმარ, რათა დავუმტკიცო ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ჩვენ,  არჩევნები გაგვიყალბეს.


-რას გულისხმობთ?


-ჩემს წინააღმდეგ ხორციელდებოდა უკანონო აქტები, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების გაყალბება. ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. გარდა ამისა, ამ არჩევნებზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ბიულეტენები ცნეს ბათილად. მარტო კახეთში, 5000  ბათილად ცნობილი ბიულეტენი დაფიქსირდა, მათ შორის 80 % ეკუთვნოდა „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას". ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას; ყველა საარჩევნო უბანში დაფიქსირდეს არჩევნებში მონაწილეებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების საბოლოო ბალანსი. უნდა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა, რადგან ბალანსი არ ჯდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თავიდან უნდა იქნეს გადათვლილი ხმები. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამაზე უარს იტყვის, მაშინ განგვიმარტოს, რატომ?


-მიმართეთ ცესკო-ს?


-კი, უკვე მივმართეთ და კონკრეტული საჩივრები შედის კონკრეტული განცხადებებით ცესკო-ში.


-ბრძანეთ, რომ სახელისუფლებო კანდიდატს თქვენს ძირითად კონკურენტად მიიჩნევდით. რას იტყვით „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატზე, რომელიც მეორი ტურში გადავიდა. განიხილავდით მას რეალურ კონკურენტად?


-როდესაც დავით ნარმანიაზე მაქვს საუბარი, სახელი და გვარი არ არის ჩემთვის კონკურენტი. კონკურენტი არის სახელისუფლებო რესურსი. დავით ნარმანია იყო ბიძინა ივანიშვილის რჩეული. ბატონი ივანიშვილის გარეშე, დავით ნარმანიას არ ექნებოდა არავითარი პრეტენზია, ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. „ნაციონალური მოძრაობა" ასევე ფლობს მრავალმილიონიან ბიუჯეტს და არაფორმალურად ძალიან დიდ რესურსებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, რომ მანიპულირება მოეხდინათ საარჩევნო პროცესზე. თავად არც ბატონი მელია და არც ბატონი ნარმანია ჩემთვის კონკურენტები ნამდვილად არ იყვნენ. აქ იყო ორი სახელისუფლებო მძლავრი რესურსი , რაც ჩვენ გამოწვევის წინაშე გვაყენებდა.


-მეორე ტური სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება. თქვენი პროგნოზი როგორია?

 

-ეს არის „ქოც-ნაცური" ალიანსი და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს მეორე ტურში, ეს იქნება წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მიღწეული შედეგი. ასე რომ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.


-ბატონო დიმიტრი, საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმოდა მოსაზრება, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისის მერი გახდებოდა, რომ არა ნინო ბურჯანაძის ფაქტორი...

 

-მერობის კანდიდატს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად ეყარა კენჭი. ის უნდა ყოფილიყო წარდგენილი პოლიტიკური გუნდის მიერ. ასეთი ერთადერთი მძლავრი პოლიტიკური რესურსის მატარებელი იყო „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", ლიდერთა ერთობა და არა პარტიების მექანიკური ბლოკი. არაერთი ფაქტი ვიცით, იკრიბებიან პარტიები, რომ გადალახონ 3 %-იანი ბარიერი და მიიღონ 150 000 ლარიანი დაფინანსება ბიუჯეტიდან, შემდეგ კი დაიშალონ მარტივ მამრავლებად. ასეთი ფაქტები ამ არჩევნებშიც შეგიძლიათ უხვად მოიძიოთ. ჩვენ არ გახლავართ პარტიების ერთობა, ეს არის ლიდერთა ერთობა, რომელსაც გააჩნია შორს მიმავალი გეგმა, რაც გულისხმობს ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების გზით. ვფიქრობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი ძალიან მალე დადგება ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში. საარჩევნო კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" სწორედ საპარლამენტო არჩევნებში იტყვის თავის უმთავრეს სიტყვას.


-დავუშვათ, თქვენ ყოფილიყავით თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ხომ არ ფიქრობთ, რომ  ბევრად მეტ ხმას აიღებდით არჩევნებში?


-არ ვფიქრობ, რომ მეტ პროცენტულ მაჩვენებელს ავიღებდი, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საკმარისი არ არის. არჩევნებში მონაწილოებას სჭირდება 2 ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი: ეს არის საინფორმაციო ველი და ფინანსური რესურსები. ამის გარეშე, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს კანდიდატი, გაუჭირდება დადოს მაქსიმალური შედეგი. ჩვენ გვქონდა უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება, რაც ფუფუნებაა ბევრი პოლიტიკური ძალისთვის. 18 000-დან 20 000 ლარამდე ღირს წამყვან სატელევიზიო არხებზე სარეკლამო დროის ერთ წუთი. მეორე ნაწილი: გვქონდა შესაძლებლობა , რომ დაბეჭდილიყო პლაკატები, გაკეთებულიყო სარეკლამო აბრევიატურა და ა.შ. ეს ყველაფერი დიდ მატერიალურ დანახარჯთან არის კავშირში.


-„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად მოემზადება. თქვენ გააგრძელებთ მოღვაწეობას ამ გუნდში?

 

-პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის დებიუტი დაფიქსირდა ამ არჩევნებში. ეს არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ვულოცავ მათ ამ ძალიან საინტერესო დებიუტს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავლში საერთო სახალხო მიზნებიდან გამომდინარე და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის დონეზე მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგს.


- დაიწო ამ საკითხზე მოლაპარაკებები? თანამშრომლობის რა ფორმატზეა საუბარი?


-საუბარი არ ყოფილა, ეს არის ჩემი სურვილი, რომ შედგეს გარკვეული თანამშრომლობა. რა ფორმით შედგება თანამშრომლობა, ეს არის მომავლის პერსპექტივა. ჩემთვის საინტერესო იყო ეს დებიუტი. საზოგადოების მხრიდან ამ პოლიტიკურმა ძალამ ჰპოვა მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ ეს არის საკმარისი საფუძველი, გარკვეულწილად გავაერთიანოთ ძალები, გვქონდეს საერთო გადაკვეთის წერტილი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ყოველივე წაადგება საზოგადოებრივ ინტერესს და ამომრჩეველი ამით იქნება კმაყოფილი.

 

-ანუ თქვენ რჩებით პოლიტიკაში და იმ გუნდში, სადაც ხართ?


-მე ვრჩები პოლიტიკაში, ბუნებრივია...


არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, ფაქტია, რომ ორპულუსიანი პოლიტიკური გარემო, ნელ-ნელა მრავალფეროვანი ხდება. მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალას იკრებენ პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიები. მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016