73 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. პირველი დარტყმა უკრაინამ მიიღო. ასე დაიწყო უდიდესი ომი ისტორიაში, რომელსაც საბჭოთა ისტორიოგრაფია „დიდ სამამულო ომად" მოიხსენიებს. ზუსტად 73 წლის შემდეგ კაცობრიობა ისევ გლობალური ომის საშიშროების წინაშე დგას. მოქმედი გმირებიც იგივეა - რუსეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ... საქართველოსაც, ალბათ, იგივე როლი დაეკისრება - საზარბაზნე ხორცისა.
კუთხეში მიმწყვდეული ლომი...
ვითარება უკრაინაში კვლავ უკიდურესად დაძაბულია. პოლიტიკოსი რომ ვიყო, ვიტყოდი, „ფეთქებადსაშიში-მეთქი". კვირის დასაწყისში, სავარაუდოდ, დასავლეთთან შეთანხმებით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინელ ამბოხებულ სეპარატისტებს საბრძოლო მოქმედებებზე ერთკვირიანი მორატორიუმი შესთავაზა. თანაც, ეს საკითხი წინასწარ პრეზიდენტ პუტინსაც შეუთანხმა. პუტინი, რა თქმა უნდა, ხალისით დაეთანხმა უკრაინელ კოლეგას, და... მაშინვე უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებისა და ტექნიკის მობილიზება დაიწყო.
დასავლეთი (აშშ, გერმანია, საფრანგეთი), ეტყობა, ელოდა მოვლენათა ამგვარ განვითარებას და მორატორიუმის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება გამოაცხადა. უფრო ზუსტად, პუტინს წაუყენეს ულტიმატუმი - იგი დაუყოვნებლივ უარს ამბობს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაზე, ან უკვე ივნისის ბოლოდან მის წინააღმდეგ ამოქმედდება უსასტიკესი სანქციები, რაც სავარაუდოდ, გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ რუსეთისადმი სამხედრო, ენერგეტიკულ და საბანკო სექტორებში სანქციების შემოღებას ამჯერად უყოყმანოდ დაეთანხმა გერმანიის მთავრობაც, რომელიც გერმანიის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო, აქამდე მკაცრი სანქციებისაგან თავს იკავებდა.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-დან მიღებულ ამ ინფორმაციას კრემლი მორიგ სიტყვიერ გაფრთხილებად აღარ აღიქვამს, რადგან იქაც კარგად მოეხსენებათ, რომ პუტინისგან განსხვავებით, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები თავს უფლებას ვერ მისცემენ, მსოფლიოს გასაგონად დადებული პირობა არ შეასრულონ. მოკლედ, როგორც რუსები ამბობენ, вопрос стоит ребром: რუსები სასწრაფოდ შეწყვეტენ უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს, ან მიიღებენ ახალ სანქციებს, რაც საბოლოოდ დაასამარებს რუსეთის ეკონომიკას.
სამწუხაროდ, ექსპერტები მოვლენათა სხვაგვარ განვითარებასაც არ გამორიცხავენ: ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ახალი გარდაუვალი სანქციებით კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი „თავისი" უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს არ წამოიწყებს. თანაც ისე, რომ ომის წამოწყებაში უკრაინა დაადანაშაულებს.
აშშ-ისა და, საერთოდ, თანამედროვე დასავლური სამყაროს წინაშე რუსეთის (ვლადიმერ პუტინის) არგუმენტსაც ნუ დავივიწყებთ: - თუ აშშ-ს უფლება აქვს თავისი „სასიცოცხლო ინტერესები" დაიცვას ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, ყოფილ იუგოსლავიაში (და კოსოვო ამის კლასიკური მაგალითია!), რატომ არ უნდა დაიცვას თავისი „სასიცოცხლო ინტერესები" რუსეთმა კარის მეზობელ უკრაინაში, რომლის მოსახლეობის ნახევარი მაინც ეთნიკური რუსი და რუსეთთან მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრეა?!
აქვე ბარემ იმასაც მოგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ერაყში ტერორისტებმა, საკუთარ თავს რომ პატრიოტებს უწოდებენ, დაატყვევეს სადამ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის გამომტანი მოსამართლე რაუფ აბდელ რაჰმან რაშიდი. ალბათ სიკვდილით დასჯიან. ამასთან დაკავშირებით იხსენებენ სადამ ჰუსეინის სიტყვებს, რომლითაც მან ამერიკის მომხრე ერაყელებს მიმართა: „მე გამასამართლებენ ამერიკელები, თქვენ კი ჩვენი ხალხი გაგასამართლებთ".
ჭკუის სასწავლებელი სიტყვებია, განსაკუთრებით, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებისათვის. სხვათა შორის, მრავალი წლის განმავლობაში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს ამერიკასა და სანუკვარ ევროპაში ძალიან ბევრი ძალიან გავლენიანი და ერთგული მეგობარი ჰყავდა.
... და კუთხეში მიჯირყვნული ნაცმოძრაობა
მართალია, 15 ივნისს გამართული თვითმმართველობის არჩევნები დამთავრდა, შედეგები გამოქვეყნდა, გამარჯვებული პოლიტიკური ძალებისა და პერსონების ვინაობა გამოცხადდა, ბევრ ოლქში ხელახალი არჩევნები დაინიშნა, მაგრამ ვნებათაღელვები არ დამცხრალა და მრავალ საჩოთირო კითხვასაც პასუხი არ გასცემია.
ვნებათაღელვანი კიდევ დიდხანს არ დაცხრება, რადგან დარღვევები და მათ შორის, კურიოზული, მართლაც ბევრი იყო. რომელი ერთი გითხრათ - მარნეულში უგულავას დესანტი; ბიულეტენების დემონსტრაციული ჩაყრა ვიდეოკამერების თანდასწრებით; საარჩევნო უბნების უმეთვალყუროდ მიტოვება; უბნებზე „საქმის გარჩევები", ბიულეტენების გატაცების მცდელობა; საარჩევნო უბნის დარბევა; კანონდარღვევით შევსებული უამრავი ოქმი; საუბნო კომისიების წევრების მასობრივი უვიცობა; ზოგიერთი საოლქო კომისიის თავმჯდომარის კურიოზული გადაწყვეტილება, თუ ერთ-ერთი სოფლის ამომრჩეველთა ანეკდოტური პროტესტი - სანამ ჩემი მეზობლის დაკარგულ ძროხას არ იპოვნიან, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ!
ყველაფერი ეს ძალიან ცუდია და მთლიანად ჩვენი საზოგადოების სახელმწიფოებრივად მოაზროვნეობაზე კარგს არაფერს ამბობს, თუმცა, საშიში სულ სხვა რამეა.
ამონარიდი ლევან პირველის ინტერვიუდან: „უნდა შეიცვალოს ქვეყნის სტრატეგიული კურსი. ვგულისხმობ იდეოლოგიას. თუ „ქართული ოცნება" დროზე არ გადაერთო პატრიოტულ იდეოლოგიაზე, მისგან არაფერი დარჩება".
ამის მთქმელი ხომ არის ღირსი, რესტორან „ქიზიყში" რომ ჩაკეტო, ხელში „პასტა" და ფურცელი მისცე და მანამ არ გამოუშვა, სანამ კაი მამაპაპურ „პატრიოტული იდეოლოგიის" კონცეფციას არ გამოაცხობს?!
ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, ლევან პირველი საქართველოში საკმაოდ პოპულარული ადამიანია იმისთვის, რომ მის ნათქვამს მნიშვნელობა მივანიჭოთ. ამავე დროს, იგი არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად ძალიან საშიშ თემაზე - „პატრიოტულ (ეროვნულ) იდეოლოგიაზე" - ლაპარაკობს. გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში ამ თეორიამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა ძმათამკვლელ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. „მეტი პატრიოტიზმის" ქურქში გახვეულ ფაშისტურ მოწოდებებს კი საკმაოდ ადვილად შეუძლია მრავალსაუკუნოვანი უსახელმწიფოებრიობით გაწამებული საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს.
ნუგზარ წიკლაური რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი ყოფილიყო, გასულ კვირაში გაკეთებული მისი ამ განცხადებისთვის ყურადღების მიქცევა ნამდვილად არ ღირდა: „არ ველოდებით „ქართული ოცნების" პოზიტიურ განვითარებას. მათ წინააღმდეგ იქნება მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღა.ადამიანთა კრიტიკული რაოდენობა, რომელსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, უკვე არსებობს ქვეყანაში. შემოდგპმიდან ხალხი დაიწყებს საპროტესტო აქციებს ქვეყანაში, „ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად შეუერთდება ამ აქციებს".
ერთი მხრივ, როცა წიკლაურის დონის მოაზროვნე თავისი პარტიის სახელით სერიოზულ განცხადებებს აკეთებს, ეს მიანიშნებს, რომ ნაცმოძრაობის საქმე ძალიან ცუდადაა. მეორეს მხრივ, მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა კი არ „შეუერთდება საპროტესტო აქციებს", არამედ თვითონ გეგმავს პროვოკაციებს უკვე მიმდინარე წლის შემოდგომიდან.
საოცნებო ხელისუფლების შემოდგომაზე უეჭველი დამხობა იწინასწარმეტყველა ცნობილმა პოლიტიკოსმა ჯონდიმაც (ბაღათურიამ).
შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია დიდი ოდენობით (მილიონამდე დოლარი) არადეკლარირებული თანხის საზღვარზე გადატანის მცდელობისთვის აზერბაიჯანში ნაცმოძრაობის „ცნობადი სახეების", ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების თაობაზე.
ძნელი დასაჯერებელია, ამ პარტიის ჩრდილოვან ხელმძღვანელობაში ისეთი იდიოტები ისხდნენ, რომ უცხოეთიდან „შავი" ფულის შემოტანა მაინც და მაინც ნადირაშვილს და ჯაფარიძეს მიანდონ. წესით, ეს ყოვლად ჩვეულებრივი „უტკა" უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში „საპროტესტო აქციების" დასაფინანსებელი ფული საქართველოში მოსკოვის, კიევის ან ერევნის გავლით შემოეტანათ. თანაც, „ცნობად" ნაცებს კი არა, „ცნობად" ოცნებისტებს, ვინმე ყოვლად „არაცნობად" ჩემნაირებს ან, სულაც, რომელიმე ავტორიტეტული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს. ახლა კი საქართველოში ბედნიერი სახეებით დაბრუნებულ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს, დანარჩენ ნაცებთან ერთად, თავის გამოჩენისა და ღარიბაშვილის მთავრობის საქილიკოდ კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი მიეცათ. ჩვენა კიდე - დროის გაყვანის უებარი საშუალება მორიგ რევოლუციურ აღტყინებამდე.
ისედაც მეტისმეტად გადატვირთული ქართული პოლიტიკური სცენის კუთხეში მიჯირყვნული (კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ივანიშვილს ამ ტერმინის დანერგვისთვის!) ნაცმოძრაობა, ეტყობა, შემოდგომაზე კუდის კიდევ ერთხელ მოქნევას აპირებს.
ის რუსული გამოთქმა ხომ არ დაგვიწყებიათ? - Пропадать, так с музыкой.
გაიღეთ მოწყალება საკრებულოს წევრებისათვის!
ახლა კი მართლაც საბედისწერო არჩევანის წინაშე ვარ - არ ვიცი, რით დავიწყო: იმით, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შიხიაშვილს სიზმრად მამა ანდრია გამოეცხადა, თუ ის, რომ დიდმა პოლიტიკოსმა, ქველმოქმედმა და ქრისტიანმა (თანაც - დემოკრატმა!) გიორგი თარგამაძემ ქართველი ხალხის სწორ საარჩევნო გზაზე დამყენებელი ლუის ნავარო მართლმადიდებლური წესით მონათლა.
ან იქნებ იმით დაწყება სჯობდეს, რომ 21 ივნისს ავადსახსენებელმა და მრავალტანჯულმა თელასმა განაცხადა, 23 ივნისიდან ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი სამუშაოების წარმატებით ჩასატარებლად, დილის 10-დან საღამოს 17 საათამდე თბილისელებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათო. ბოდიშს კი მოვიხდი, მაგრამ თუ ეს განცხადება ნამდვილია, იგი ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას მოსახლეობის მრისხანე პროტესტის გამოწვევის მიზნით.
თბილისის საკრებულოს წევრების საპრემიო სკანდალი ჯერ კიდევ გაგანია საარჩევნო კვირაში გახმაურდა და, წარმოიდგინეთ, მოგვიანებით თვით ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ნადირაშვილის ბაქოური ოხუნჯობანიც კინაღამ გადაფარა.
საქმე ის არის, რომ უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩენილმა თბილისის საკრებულომ ხელისუფლებიდან წასვლამდე საკუთარი თავის პრემიებით დაჯილდოება გადაწყვიტა: რიგითი წევრები ხელფასის - 150 პროცენტით, თავმჯდომარე - 350 პროცენტით!
ამ ამბავს საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა. იგი იმდენად მძაფრი აღმოჩნდა, რომ საკრებულომ პრემიების ჩამორიგება ვეღარ გაბედა და თავის მართლებას მოჰყვა: ჩვენ მზად ვართ საყვარელი თბილისელებისთვის მსხვერპლი გავიღოთო, დღე და ღამ არ დავიძინოთ და ამაში ხელფასიც არ ავიღოთო... და თუ საქმე პრემიაზე მიდგა, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ეს თანხა ღატაკთა და უქონელთა ბიუჯეტში გადავრიცხოთო...
მაპატიეთ, ახლავე ცრემლს შევიშრობ და გავაგრძელებ...
მოკლედ, საკრებულომ, ბიუჯეტის ფული პირადი სარგებლობისთვის კი არა, ქველმოქმედებისთვის გვინდოდაო. ბიუჯეტის ფულიო, ქველმოქმედებისთვისო...
ბიუჯეტის ხარჯზე ქველმოქმედება ხომ რაღაც ძალიან ახალი და ძალიან ქართულია, თავმჯდომარე შიხიაშვილმა ზედ კიდევ ერთი ანეკდოტიც დაუმატა - სიზმრად მამა ანდრია ვნახე, ქველმოქმედება იმან დამავალა და, აბა, რა მექნაო!
ატირდები კაცი, აბა, რას იზამ!
ასე ხუმრობენ პოლიტიკოსები
მშობლიურ პარლამენტში რაც ხდება, იმისთვის სახელის დარქმევა კი ძალიან გამიჭირდება: ჩვენი საამაყო პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს განიხილოს საკითხი პრეზიდენტისთვის რუსთაველის და ეროვნული (სახელმწიფო) პრემიების მინიჭების უფლების ჩამორთმევაზე. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი და მთავრობა პრეზიდენტისთვის სიმბოლური უფლებამოსილების დატოვებასაც არ აპირებს (დოკუმენტზე ხელის მოწერა, პატიმრების შეწყალება, პრემიების მინიჭება...) საკითხის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით გადადებულია, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველაფერი გადაწყდება ზუსტად ისე, გვარს არ დავასახელებ და, პარლამენტის და მთავრობის წევრი რომ არ არის, როგორც ის კაცი იტყვის.
ეტყობა, ქუთაისურმა ჰავამ და თბილის-ქუთაისს შორის თავბრუდამხვევმა ქროლვამ ჩვენი პარლამენტარების ფსიქონერვულ სისტემაზე ძალიან ცუდად იმოქმედა...
გასულ კვირაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. თუ არ ვცდები (ამ ბოლო დროს მე და ბატონ მარგველაშვილს პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალურ შეხვედრებზე რატომღაც არ გვეპატიჟება!), მისი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოსთან უბაჟო ურთიერთობისა და სოხუმი-ერევნის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხების მოგვარება იყო. თუ ეს პრობლემები არ გადაიჭრა, სომხეთისთვის აზრს დაკარგავს რუსეთთან ერთად ევრაზიულ კავშირში გაერთიანება, ვინაიდან წარმოუდგენლად გაიზრდება ფასები ყველა საქონელსა და მომსახურებაზე. საქართველოს კი არც ერთი ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად არავითარი მოტივაცია არ გააჩნია.
სომხეთის რუსული პოლიტიკის გადახედვაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, მაგრამ არმენები ვრაცებზე უფრო პრაგმატულად მოაზროვნე ხალხია და თუ საქმეს დაჭირდა, არც ყოფილ პარტნიორებზე უარის თქმა გაუჭირდებათ.
19 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა თურქეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ქენან ევრენს, რომელიც 1980 წელს ხელისუფლების სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად აღმოჩნდა. ყოფილი პრემიერი ამჟამად 96 წლისაა.
უფრო და უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ბრაზილიაში. სხვას რომ თავი დავანებოთ, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ D ქვეჯგუფში (ურუგვაი, ინგლისი, კოსტა-რიკა, იტალია) კოსტა-რიკის უცნობი გუნდი ორ მრისხანე მეტოქეს, მსოფლიოს ჩემპიონებს, ურუგვაისა და იტალიის გუნდებს დაამარცხებდა.
მრავლისმეტყველი მაგალითია ყოფილი, მოქმედი და მომავალი ქართველი პოლიტიკოსებისათვის!
სულ რაღაც სამიოდე დღეც და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი.
ნეტავ, ევროპელებს ასეთი რამეები არ უკვირთ?
მიხეილ დარახველიძე