„კონსერვატიულ მონარქისტული პარტიის" თავმჯდომარე თეიმურაზ ჟორჟოლიანი სიკვდილს ებრძვის. მას საქართველოში ალცჰეიმერის დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც მისი ქალიშვილი, ანა ჟორჟოლიანი აცხადებს, ქართველმა ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დასვეს, რადგან 4 თვიანი ძვირადღირებული მკურნალობის მიუხედავად, ავადმყოფის მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, უკიდურესად მძიმე გახდა. ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში დიაგნოზის დასმისთვის, დაფინანსება სთხოვა.
9 შვილის მამას „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ციხეში 6 წელზე მეტი აქვს გატარებული. ყოფილი პოლიტპატიმარის ქალიშვილი ოჯახის გასაჭირის შესახებ „რეპორტიორს" ესაუბრა:
-მამაჩემი, თემურ ჟორჟოლიანი „კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის" თავმჯდომარე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. მამა აქტიურ მონაწილოებას იღებდა გურამ შარაძესთან ერთად სოლომონ მეორის ჩამოსვენებაში. მამაჩემი სამივე ხელისუფლებამ დაიჭირა და სამივეჯერ ცნეს პოლიტპატიმრად. ის სააკაშვილის რეჟიმმა გასამართლა სამშობლოს ღალატის ბრალდებით. 2006 წლის 6 სექტემბერს გიორგაძის მომხრეები რომ დაიჭირეს, მას მიუსაჯეს 7 წელი და ციხეში გაატარა 6 წელი და 2 თვე. საპატიმროში მისი ჯანმრთელობა იმდენად შეირყა, რომ ახლა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
-კონკრეტულად ბრალს რაში სდებდნენ?
-2006 წელს, პირველი თეატრალიზებული აქციები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მამას მონაწილეობამ ამ აქციებში ალბათ გაღიზიანება გამოიწვია. 2006 წლის 4 მაისს, თითქოს გიორგაძის მომხრეები შეთქმულების მოსაწყობად შეიკრიბნენ. მამაჩემი კი ამ დროს ჩაფიძის სახელობის კლინიკაში იწვა გულის შეტევით. კლინიკაში ის მოათავსეს 29 აპრილს და 8 მაისს გამოწერეს. იმ დონეზე იყო ცუდად, რომ ადგომა და სადმე წასვლა კი არა, ჩვენთან ურთიერთობაც კი უჭირდა. ეს კლინიკის ექიმებმაც დაადასტურეს პროკურატურაში. საერთოდ, საქმე იყო აბსურდული, როგორც სხვა ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს. მას ბრალად დასდეს ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპატიმრო დატოვა, დარჩენილი ჰქონდა 10 თვე. ამასთანავე, მარტო მამაზე კი არა, მთლიანად ოჯახზე ხდებოდა რეპრესია. ოჯახს მაშინ ჰქონდა მამას საპარლამენტო პენსია, რომელიც დაგვიყადაღეს. ბავშვები პატარები ვიყავით, დედაც არ მუშაობდა.
-ვინ გეხმარებოდათ?
-ვიყავით მამას მეგობრების იმედზე დარჩენილები. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, იქაც პრობლემები შემექმნა: ეს სამშობლოს მოღალატის, ჟორჟოლიანის შვილია - ამ ტიპის საუბრები იყო. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ. დასაქმების თხოვნით სადაც მივედი, მეუბნებოდნენ, კი, დაგირეკავთო, მაგრამ არანაირი რეაგირება. მერე აღარც მიცდია პროფესიით მუშაობა, იმდენად დიდი წნეხის ქვეშ მომიწევდა მუშაობა, მერჩივნა, საერთოდ არ მემუშავა.
-რა მდგომარეობაში იყო მამათქვენი ციხეში? თქვით, რომ ჯანმრთელობა შეერყა...
-ძალიან ცუდად მახსოვს ის პერიოდი. ციხის კარებთან გვიწევდა ღამის გათევა. პირველი ორი თვე მამა შიმშილობდა. 6 წელი და 2 თვე ისე იჯდა ციხეში, რომ არცერთი შვილი არ შევხებივართ. 9 დედმამიშვილი ვართ. ბევრნი რომ ვიყავით, თვეში ერთხელ გვიწევდა პაემანზე შესვლა ერთი საათით, ისიც შუშის მიღმა ტელეფონით ვსაუბრობდით. ციხის კარებთან არაერთ შეურაცხოფას ჰქონდა ადგილი. ძალიან ცუდად მახსენდება: პირველად ამანათის შესაგზავნად მივედი. მამასთან მიმქონდა ჰიგიენური საშუალებები. ბადრაგის ერთ-ერთმა წევრმა, რომლის სახე არ დამავიწყდება, პარკიდან გადმომიყარა ყველაფერი და მითხრა: მამაშენი კურორტზე ხომ არ გგონია, ციხეშია და აქ არისტოკრატივით ნუ მიდგეხარ, სამშობლოს მოღალატის შვილი ხარ, არ დაგავიწყდესო. მთელი ღამე ხომ ვიდექი რიგში და ამანათი მაინც ვერ შევაგზავნე.
-უცხოურ სასამართლოს არ მიმართეთ?
-კი, სტრასბურგშიც იყო საქმე, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი გამოსავალი იყო ხელისუფლების შეცვლა. ძალიან დიდი იმედი გვქონდა და ძალიან ვგულშემატკივრობდით „ქართული ოცნებას". აქცია არ გამოგვიტოვებია. ლიდერებმაც იციან ჩვენს შესახებ, თანამიგრძნობენ კიდეც, მაგრამ ეს თანაგრძნობად რჩება.
-ახლა რა პრობლემის წინაშე დგახართ?
-იმედი გვქონდა, გამოვიდოდა მამა, დამთავრდებოდა ჩვენი ტანჯვა და ერთად ვიქნებოდით, მაგრამ მას აღმოაჩნდა ალცჰეიმერის დემენცია. ეს დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს. გაუკეთდა გამოკვლევები, მაგრამ შედეგი უარესდება. ვეღარ გვცნობს, იმდენად ცუდად არის.
-ეს დაავადება ციხეში განუვითარდა?
-ციხიდან გამოსვლისას, სუსტად იყო. ვიფიქრეთ გაუვლიდა, მაგრამ არ გაუარა და უარესად გახდა. საქართველოში ყველა ძლიერი კლინიკა მოვიარეთ. რაც გასაყიდი გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. არავისთვის, არც სახელმწიფოსთვის არაფერი არ გვითხოვია.
-მედიკოსები რას გეუბნებოდნენ?
-თავიდან ექიმმა გვითხრა, შესაძლოა, ტრანკვილიზატორების მიღების შედეგად განუვითარდა თავის ტვინის გარსის ატროფიაო. მერე რომ გადახედა ექიმმა, გაიგო, ვინ იყო მამაჩემი, შეიძლება შეეშინდა კიდეც და ალცჰეიმერის დემენციის დიაგნოზი დაუსვა. ამ ავადმყოფობის დროს, ერთადერთი წამალი ინიშნება, რომელიც შედარებით უნდა ამსუბუქებდეს ავადმყოფის მდგომარეობას. ჩვენ 27 მარტს გვითხრეს ეს დიაგნოზი და მის შემდეგ ვასმევთ ამ ძვირადღირებულ წამალს. შედეგი კი გაუარესებული მდგომარეობაა.
-და ექიმი რას გეუბნებათ?
-არაფერს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს უნდათ გვითხრან, შეეგუეთ, რომ მამათქვენი განწირულია სიკვდილისთვის და დაელოდეთ, როდის მოკვდებაო. თავიდან მამას არ ვუთხარით, რა დიაგნოზიც დაუსვეს. ახლა ვეღარც ხვდება... ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ. გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში არის საუნივერსიტეტო კლინიკა, დავუკავშირდი კლინიკას. მოვუყევი ყველაფერი. მკითხეს რა გამოკვლევა ჩაუტარეს საქართველოშიო. ვუთხარი, რომ ჩაუტარეს მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა და სხვა ანალიზები. მითხრეს, რომ ასე ამ დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, რადგან სერიოზულ გამოკვლევას საჭიროებსო. ამასთან, მითხრეს, სასწრაფოდ ჩამოიყვანეთ ავადმყოფი, რომ გამოვიკვლიოთ რა სჭირსო. შეიძლება, დემენცია გამოიწვია ნერვულმა სტრესმა, ან რაღაც მედიკამენტმა, რომელსაც ჩუმად ასმევდნენ.
-უშვებთ იმის ალბათობას, რომ მართლაც ასმევდნენ ტრანკვილიზატორებს? და რა მიზნით?
-მამა ძალიან აქტიური იყო ციხეში. ვინმეს რომ ჩაგრავდნენ, პაემნის საშუალებას არ აძლევდნენ, მამა სერიოზულ წერილებს წერდა და საერთაშისო მონიტორინგის ჯგუფებს აწვდიდა. შეიძლება ამის გამო, ჩუმად ასმევდნენ რაიმე საშუალებებს.
-სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის? მამათქვენის მკურნალობა, როგორც თქვით, საკმაოდ ძვირი ჯდება...
-გვინდოდა თავად გადაგვეჭრა პრობლემა და აქამდე ნათესავისთვისაც არ მიგვიმართავს. სხვა გამოსავალი რომ აღარ დაგვრჩა, ერთი თვის წინ გავხსენით „მონარქისტი თეიმურაზ ჟორჟოლიანის გადარჩენის ფონდი". ამას გარდა, ყველა პროცედურა გავიარე, რაც საჭირო იყო ჯანდაცვის სამინისტროში. ექსპერტმა თენგიზ წულაძემ დასკვნაში დაწერა, რომ მამაჩემს სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ყველანაირი დოკუმენტი შევიტანე ჯანდაცვის სამინისტროში, დაახლოებით 2 კვირის წინ. ახლა ველოდებით კომისიის შეკრებას, ჯერჯერობით არაფერი ისმის. თუმცა იმედს არ ვკარგავ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თავის თავზე არ აიღებს პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ არ მიხედავს მამაჩემს, უარს ვიტყვით საქართველოს მოქალაქეობაზე, ქართველობაზე.
-რა თანხა ესაჭიროება მამათქვენს?
-გერმანული კლინიკიდან ხარჯთაღრიცხვა გამომიგზავნეს, შეტანილი მაქვს ჯანდაცვის სამინისტროში. რა პრემიებსაც ირიგებენ, იმასთან შედარებით, მიზერული თანხაა - 9 400 ევრო სჭირდება დიაგნოზის დასასმელად. მკურნალობა კი არ ვიცი. ჩემი მიზანი კი არაა, რომ მაინცდამაინც საზღვარგარეთ წავიყვანოთ, არა. უბრალოდ, აქ ვერ სვამენ სწორ დიაგნოზს. ერთი პერიოდი ვფიქრობდი თირკმელის გაყიდვაზე, მაგრამ დედამ ამის უფლება არ მომცა.
-ფონდიდან თუ იღებთ რაიმე შემოწირულობას?
-არ შემიძლია არ ვუთხრა უღრმესი მადლობა თანამოქალაქეებს. „ობიექტივის" ეთერში ვიყავი, ამის შემდეგ პენსიონერი მოხუცები მოვიდნენ და 10-10 ლარი დატოვეს. ძალიან სასიამოვნოა იმ ადამიანებისგან დახმარება, რომლებსაც თვითონაც არ აქვს, მაგრამ თანადგომას გამოხატავენ. მათ უჭირთ, აქეთ სჭირდებათ ჩვენი დახმარება... არც თანამდებობას არ ვითხოვ, არც კომპენსაციას არ ვითხოვთ, რომელიც ეკუთვნის მამაჩემს, უბრალოდ ვითხოვთ, მამა წავიყვანოთ გერმანიაში, სადაც სწორი დიაგნოზის დასმა იქნება შესაძლებელი. ახლა სულ სახლშია, ვცდილობთ არ გამოვიყვანოთ გარეთ, რომ არ დასცინონ და ამით შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი. იმის მიუხედავად, რომ ცუდად არის, უცხო ადამიანს რომ ხედავს, ცდილობს ხმა არ ამოიღოს და ჩუმად იყოს...
P.S. თეიმურაზ ჟორჟოლიანის დახმარების მსურველებმა, შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა მისი გადარჩენს ფონდში შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა". ბანკის BIC კოდი: REPLGE22
მიმღების IBAN ანგარიშის # GE59BR0000010044639290
ან დარეკოთ მობილურიდან ნომერზე: 0901 700 111