8 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მშენებლობის დაწყება მიულოცა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკს მხარდაჭერისთვის.
„30 თვის შემდეგ სამტრედიიდან გრიგოლეთამდე გაივლის ახალი მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას და კიდევ უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის მგზავრობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მის განხორციელებას. მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად გახლდათ „დიდი აბრეშუმის გზის" ნაწილი, იმ გზის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ცივილიზაციებს და ხელს უწყობდა სავაჭრო ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხს შორის. ეს ფუნქცია 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან საქართველოზე გაიარა უმნიშვნელოვანესმა ენერგეტიკულმა დერეფანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი ავტომაგისტრალი დღესაც გახდება შემაერთებელი რგოლი ჩინეთიდან ევროპის უკიდურეს წერტილამდე და საქართველო იქნება ჭიშკარი აღმოსავლეთისთვის ევროპისკენ და ევროპის მხრიდან აზიისკენ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზას უკრაინული კომპანია „ალტკომი" ააშენებს. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა 80 % ადგილობრივი მოსახლე იქნება.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა, 26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. პირველ ეტაპზე, გზის მშენებლობა დაიწყება 1 ლოტზე, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ტოლებს და გორმაღალას, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ჳ მაისსა და გაუწყინარს. ამ მონაკვეთზე ასაშენებელი მაგისტრალის სიგრძე 11.5 კილომეტრია.
პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)