reportiori.ge - მურთაზ ზოდელავასა და ლევან ბეჟაშვილს ერთი საქმე გადაიყოლებთ?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:04
პრეს-დაიჯესტი
მურთაზ ზოდელავასა და ლევან ბეჟაშვილს ერთი საქმე გადაიყოლებთ?!
ავტორი:
08 ივლისი, 2014. 19:49


სამართალდამცავებმა ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა კვლავ გაიხსენეს და ამჯერად მოდულის შენობაში ჰყავდათ მოწმედ დაკითხვაზე. საქმე ისევ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ელიტა ბურჯს" ეხება. სწორედ მურთაზ ზოდელავა და ზურაბ ადეიშვილი იდგნენ ამ კომპანიის ხელოვნური გაკოტრების უკან. ფაქტობრივად, ივანიშვილს „ელიტა ბურჯი" ძალით წაართვეს და მერე თავად იყიდეს „ნაციონალებმა". ამის შესახებ „ქრონიკა" უკვე წერდა, ამიტომ მკითხველს მოკლედ შევახსენებ ამ საქმის მთავარ დეტალებს.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსი შეეზღუდა და „ქართული ოცნების" დაფინანსების საქმეში სერიოზული პრობლემები შეექმნა. ნაწილობრივ კიდეც მიაღწია ამას კონტროლის პალატის დახმარებით, რომელიც ივანიშვილთან ასოცირებულ ბიზნესკომპანიებს უშველებელ ჯარიმებს აკისრებდა, „ქართული ოცნების" შემომწირველებს კი სახლები დაუყადაღეს. ამ დიდი სქემის ერთი ნაწილი იყო ივანიშვილისთვის კომპანია „ელიტა ბურჯის" წართმევა და მერე, მისი ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება. ამ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის უკან კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ნაციონალთა" „კასირი" დავით კეზერაშვილი იდგა.


„ელიტა ბურჯმა" 2012 წლის ზაფხულში, კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ოფისები გაარემონტა, ასევე, ამ პარტიებს მიაქირავა სატრანსპორტო საშუალებები. კონტროლის პალატამ კომპანია ამ პარტიების უკანონო შემომწირველად ცნო და 10 მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმა. კომპანიამ ჯარიმა არ გადაიხადა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ელიტა ბურჯის" მთელი ქონება 26 ივლისს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. სხვათა შორის, აღსრულების ბიუროს იმ დროს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა და სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგაცაა აღძრული. იმავე დღეს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ახალი კომპანია - „გამა". „ელიტა ბურჯის" მთელი ქონებ 8.7 მილიონ ლარად „გამამ" შეიძინა. სწორედ „გამა" გახლდათ ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია. აი, ასე იაფად ჩაიგდეს ხელში ბიძინა ივანიშვილის ქონება „ნაციონალებმა" - „ელიტა ბურჯის" საბაზრო ფასი, იმჟამად, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენდა.


ამ სქემის ავტორი ზურაბ ადეიშვილი გახლდათ, ხოლო შემსრულებელი - მურთაზ ზოდელავა. სწორედ ზოდელავამ დაიბარა კაბინეტში კონტროლის პალატის უფროსის, ლევან ბეჟაშვილის მეჯვარე, კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, იმჟამად „ნაციონალთა" ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი და დაავალა, „გამას" დირექტორი გამხადრიყო და „ელიტა ბურჯის" ქონება აუქციონზე შეეძინა. ყავლაშვილი დასთანხმდა უფროსების ნებას. ისე გახდა „გამას" დირექტორი, წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იდგა ამ კომპანიის უკან. „დირექტორმა" არც ის იცოდა, რეალურად ვინ გადაიხადა ის 8.7 მილიონი დოლარი, რა თანხითაც „ელიტა ბურჯის" ქონება თავად იყიდა აუქციონზე. მოკლედ, გიორგი ყავლაშვილი სათამაშო იყო ზოდელავასა და ადეიშვილის ხელში.


„ნაცმოძრაობამ" არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა, ბიძინა ივანიშვილი კი პრემიერ-მინისტრი გახდა. ხომ აშკარაა, რომ საქმე თაღლითური სქემით სხვისი ქონების მითვისებასთან გვაქს, მაგრამ ამის მიუხედავად, ივანიშვილი „ელიტა ბურჯს" ვერ იბრუნებდა. „გამა" კეთილსინდისიერი მყიდველი იყო და აუქციონზე შეძენილ ქონებას ვერ წაართმევდი. ვერც კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას გაასაჩივრედბი, რადგან ის უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა, 10 მილიონი ლარი, რაც პალატამ ივანიშვილის კომპანიას აჰკიდა, სრულიად კანონიერი იყო - „ნაციონალები" ხომ უკანონობის დაკანონების დიდოსტატები იყვნენ. „ელიტა ბურჯზე" ხელი ჰქონდა ჩაქნეული ბიძინა ივანიშვილს. ამ ქონების დაბრუნების ერთადერთი შანსი ის იყო, რომ საქმეში ახალი დეტალები გამოჩენილიყო, მერე კი, ეს საქმე ან სასამართლომდე მისულიყო, ანდა სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო. ივანიშვილს გიორგი ყავლაშვილი გამოუჩნდა მშველელად. ხელისულფების შეცვლის შემდეგ, ყავლაშვილში შიშმა თუ სინდისმა გაიღვიძა. მან ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ „გამას" დირექტორადაც ძალით დანიშნა მურთაზ ზოდელავამ, არც „გამას" დამფუძნებლებს იცნობდა და არც ის იცოდა, ვინ გადაიხადა აუქციონზე „გამას" სახელით „ელიტა ბურჯის" საფასური. ყავლაშვილის ამ ინტერვიუს პროკურატურამ ჩაავლო და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თავად ყავლაშვილი კი მოწმედ დაკითხეს და რაც ჟურანლისტს უამბო, ის ყველაფრეი უფრო ვრცლად და დეტალურად მოუყვა გამომძიებელს. ამის შემდეგ, საქმე სასამართლოში მივიდა, თაღლითური სქემა უკვე გაშიფრული იყო და სასამართლომ „გამას" ჩამოართვა „ელიტა ბურჯი" და კანონიერ მფლობელს - ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნა.


ეს საქმე წალიწადზე მეტხანს ტრიალებს და საშველი არ დაადგა მის სრულყოფილ გამოძიებას. „ქრონიკა" ადრეც წერდა და ახლაც იგივეს ვიმეორებთ - მურთაზ ზოდელავა შეეწიერბა „ელიტა ბურჯის" საქმეს, მას ექსკურსიაზე ნამდვილად არ დაატარებენ ხან პროკურატურაში და ხან „მოდულის შენობაში". „ქრონიკის" ინფორმაციით, ეს საქმე ამდენ ხანს იმიტომ გაიწელა, რომ გამოძიება არ ჩქარობს. „ელიტა ბურჯის" საქმე, სავარაუდოდ, ლევან ბეჟაშვილსაც გადაიყოლებს და ზურაბ ადეიშვილზეც კიდევ ერთი მუხლით აღიძვრება საქმე. „ქრონიკას" აცნობეს, რომ გიორგი ყავლაშვილი ლევან ბეჟაშვილის დავალებით ჩაერთო ამ საქმეში, მურთაზ ზოდელავას ყავლაშვილის გამოყენება სწორედ ბეჟაშვილმა ურჩია, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ წინასწარ და დეტალურად იცოდა, რომ ზურაბ ადეიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის „ელიტა ბურჯის" წართმევას აპირებდა და ამიტომაც აჰკიდა ამ კომპანიას 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა. სავარაუდოდ, ამ დღეებში ეს საქმე უნდა დასრულდეს და მინიმუმ, მურთაზ ზოდელავას ბრალი უნდა წაუყენონ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. თუმცა, შესაძლოა, პროკურატურა ამას არ დასჯერდეს და ყოფილი მთავარი პროკურორი სხვისი ქონების თაღლითური გზით დაუფლებაშიც დაადანაშაულონ. „ქრონიკის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პროკურატურას აქვს მტკიცებულება, რომ ამ ოპერაციიდან მურთაზ ზოდელავამ მატერიალური სარგებელი ნახა და ის „გამამ" გადაუხადა. ამ ორივე ბრალდებას, წესით, ვერც ლევან ბეჟაშვილი გადაურჩება, რადგან, „ქრონიკის" ინფორმაციით, გიორგი ყავლაშვილმა აღიარა, რომ სწორედ ლევან ბეჟაშვილმა უთხრა, ამ საქმეში მონაწილეობა მიეღო და გულნაკლული არც ბეჟაშვილი დარჩენილა - „გამამ" მასაც რაღაც გადაუხადა.


მურთაზ ზოდელავა დღეს ხელებს შლის და გაოცებული ამბობს, - რას მედავებიან, ვერ გავიგე, უდანაშაულო ვარ ამ საქმეშიო. რას გედავებიან და ამხელა თანამდებობა რომ გეჭირა, ყველაფერი არ უნდა გეკადრა, ზურაბ ადეიშვილის დაკრულზე არ უნდა გეცეკვა და მისი ყველა ბინძური ჩანაფიქრი საქმედ არ უნდა გექცია. მურთაზ ზოდელავას ჰგონია, მართლა ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო. არადა, ერთი ჭანჭიკი იყო იმ მანქანისა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" მანქანა ერქვა, 2009 წელს დასჭირდათ და ამ მანქანას მიახრახნეს. მურთაზ ზოდელავას გაცვეთა აღარ დააცადეს, რადგან „ნაცმოძრაობამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო, ეს მთავარი პროკურორი კი ერთ-ერთი პირველი იყო, საქართველო რომ დატოვა და უცხოეთში გაიქცა - 10 ოქტომბერს უკვე თბილისში აღარ იყო. ქვეყნის მთავარმა პროკურორმა პოსტი მიატოვა და უცხოეთში უკანმოუხედავად ისე მოკურცხლა, მის შემდგომ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს საქმეებიც კი არ გადააბარა.


შიში, ჩადენილი დანაშულებით შეჩენილი შიში ოხერია - ისე მიგარბენინებს, უკან მოხედვასაც ვერ ახერხებ. აი, სწორედ ეს დაემართა მურთაზ ზოდელავას.


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016