reportiori.ge - რატომ დაარტყა ხელი დათა ახალაიამ ბადრი პატარკაციშვილს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:36
პრეს-დაიჯესტი
რატომ დაარტყა ხელი დათა ახალაიამ ბადრი პატარკაციშვილს?
ავტორი:
09 ივლისი, 2014. 11:40


პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ ოპონენტებს ცხელი ზაფხული დაუანონსა და საზოგადოების მოლოდინი გახმაურებული საქმეების მიმართ მომენტალურად გაიზარდა. როგორც ჩანს, პროკურატურა მალე მართლაც არაერთი ექსჩინოსნის დაკავებას გეგმავს და საქმე მხოლოდ გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმე კი 2007 წლის 7 ნოემბერს უკავშირდება.


"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ გამოძიება 7 ნოემბრის საქმეზე ფინალშია გასული. პროკურატურამ უკვე დაკითხა არაერთი პირი, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის" იმდროინდელი მენეჯმენტი. ჩვენებები მისცეს არხის მაშინდელმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა და საინფორმაციო-პოლიტიკური რედაქციის ხელმძღვანელმა, გიორგი თარგამაძემ.


„პრაიმტაიმი" ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი თარგამაძეს დაუკავშირდა:


- დიახ, „იმედის" ცნობილი მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ მოხდა ჩემი დაბარება და დაკითხვა მთავარ პროკურატურაში. გამომძიებლებთან დეტალურად ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრე. საუბარი შეეხებოდა, ზოგადად, ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ტელეკომპანიის დარბევასა და მაუწყებლობის უკანონოდ შეწყვეტას, ასევე, 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რომლის გამოძიებითაც არანაკლებ ვარ დაინტერესებული. დაკითხვის დროს ამოტივტივდა გადაცემა „დროებაში" თავის დროზე გასული დგებუაძისა და პატიმრობაში მყოფ პლატონ მამარდაშვილის ფარული ჩანაწერი და ცხადია, ამ თემაზეც იყო საუბარი. ეს იყო ციხეზე გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც მამარდაშვილი იჯდა. მასთან შესული იყო გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა". მამარდაშვილმა მოახერხა, ჩაეწერა მათი საუბარი.


- თქვენ როგორ ჩაგივარდათ ხელში ეს ჩანაწერი?

 

- ადვოკატი იყო ჩემთან მოსული, ქალბატონი ლალი აფციაური. იქ მცირე გაუგებრობაც მოხდა, რადგან ქალბატონი ლალი მოითხოვდა, რომ არ მომხდარიყო ამის გამოქვეყნება გარკვეული პერიოდით. უნდა ვაღიარო, რომ ეს პირობა ვერ დავიცავი, რადგან საუბარი იყო კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში ბადრი პატარკაციშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მზადებაზე. ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს ჩანაწერი დროულად უნდა გამოქვეყნებულიყო, რათა თავიდან აგვეცილებინა მცირე ალბათობაც კი იმისა, რომ ეს გეგმა რეალურად განხორციელებულიყო.


- რა რეაგირება მოჰყვა ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას?

 

- რამდენადაც მახსოვს, პროკურატურამ გაითხოვა ამ ჩანაწერის მასალები, თუმცა მე ამ თემასთან დაკავშირებით მაშინ არ დავკითხულვარ.


საგულისხმოა, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა", გასულ კვირას ჰოლანდიაში დააკავეს. მან ქვეყანა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. „მასტერას" სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის ციხის ბუნტიც. სწორედ ციხის ბუნტის შემდეგ მოხდა დგებუაძისა და კრიმინალური „ავტორიტეტის", პლატონ მამარდაშვილის ზემოხსენებული საუბარი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, მამარდაშვილი ფარულად იწერდა. ციხის ბუნტის გარდა, ფარულ ჩანაწერში საკმაოდ საგულისხმო სხვა ინფორმაციებია თავმოყრილი. ასე რომ, საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში გიორგი დგებუაძემ შესაძლოა არაერთ სკანდალურ საქმეს ახადოს ფარდა. თუმცა ამაზე უფრო დეტალურად, ოდნავ ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი ვნახოთ, ოფიციალურად რას ედავება გამოძიება „მასტერას"?


მთავარმა პროკურატურამ გიორგი დგებუაძეს ბრალი 2013 წლის 7 მარტს დაუსწრებლად წარუდგინა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამების ორგანიზებას ედავებიან. საუბარია თავდაცვის სამინისტროს სპეცოპერაციების ძალების ოპერატიული მორიგის, თემურ ამირანაშვილის წამებაზე, რომლისგანაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აღიარებას მოითხოვდნენ. გამოძიების მტკიცებით, ეს დანაშაული სწორედ დგებუაძის უშუალო ორგანიზებითა და ბრძანებით მოხდა.


„მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსმა ლაშა მინდაძემ თემურ ამირანაშვილი ხელბორკილით მიაბა გათბობის მილზე ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდა დაჯდომისა და გადაადგილების საშუალება, დაემუქრა, რომ ძილის დროს თითქოს მოახდინეს მისი გაუპატიურება და თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას არ აღიარებდა, გაუპატიურების ამსახველ ფოტოსურათებს გაავრცელებდა მისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. მანვე ამირანაშვილი აიძულა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მდგარიყო ბრძანება „სმენა"-ზე და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო სამმართველოს ოპერატიულ მუშაკებს - ბესარიონ ჯაჭვლიანსა და დავით ფიფიას, დაავალა, არ მიეცათ მისთვის დაჯდომისა და ძილის საშუალება. ამირანაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, პატივისა და ღირსების შელახვა და წამება გაგრძელდა 2011 წლის 4 იანვრიდან ამავე წლის 8 იანვრის საღამომდე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში გიორგი დგებუაძეს, სავარაუდოდ, სხვა საქმეებზეც დაუმძიმდება ბრალი, თუმცა არ არის გამორიცხული, მან გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტოს. ის, რომ „მასტერა" საკმაოდ სერიოზული ინფორმაციის მატარებელია, ეს ზემოხსენებული ფარული ჩანაწერითაც დასტურდება.


ფარული აუდიომასალა 2007 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, სადაც სასჯელს ცნობილი „ავტორიტეტი" პლატონ მამარდაშვილი იხდიდა. სწორედ მამარდაშვილის საშუალებით მოხდა ამ ჩანაწერის მიწოდება ადვოკატ ლალი აფციაურისთვის. „პრაიმტაიმმა" ლალი აფციაურს სთხოვა, გაეხსენებინა, როგორ მოხვდა მის ხელში „მასტერასა" და მამარდაშვილის საუბრის ჩანაწერი.


ლალი აფციაური, ადვოკატი:


- ე.წ. მასტერას სახელი პირველად ამოტივტივდა იმ პერიოდიდან, როდესაც ბაჩო ახალაია დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ. პატიმრებისგან გადმოცემით ყოველთვის გვესმოდა, რომ არსებობდა ვინმე „მასტერა", რომელიც ახალაიასთან ერთად ახდენდა პატიმრების წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას. კონკრეტული ფაქტი, სადაც მისი სახელი გამოიკვეთა, სწორედ ზემოხსენებულ ჩანაწერს უკავშირდება. ეს ფარული აუდიომასალა პლატონ მამარდაშვილმა მისი ოჯახის წევრების ხელით გამომიგზავნა. ეს არის ციხის ბუნტთან დაკავშირებული ჩანაწერი, სადაც დგებუაძე მამარდაშვილს სთხოვს, ხელი არ დაადოს ბაჩო ახალაიას და ამის სანაცვლოდ ყველანაირად დაეხმარებიან. ამ ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ ჩაფიქრებული იყო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, რომელსაც ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას უკავშირებდა. იქვე საუბარია იმაზე, რომ, თუ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლებოდა და პატარკაციშვილის შეჩერებას ვერ შეძლებდნენ, დგებუაძე მამარდაშვილს ჰპირდებოდა, რომ ის ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარებოდა.


- რატომ ჩაიწერა მამარდაშვილმა ეს საუბარი?

 

- მამარდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, მას თანამშრომლობის სანაცვლოდ მისცეს გარანტიები, რომელიც პირველ ეტაპზე შეასრულეს კიდეც. ჰყავდათ გაყვანილი ქალაქის საავადმყოფოში, თავისუფლად ჰქონდა ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და შეიძლება ითქვას, სასათბურე პირობებში ამყოფებდნენ. შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა, საერთოდ მამარდაშვილი არ იყო მყარი ადამიანი და როდის რა ჩვენებას შეცვლიდა, კაცმა არ იცის. მე დაპირისპირებული ვიყავი მამარდაშვილთან, რადგან ვიცოდი, რომ ცრუ ჩვენებას იძლეოდა ციხის ბუნტზე. მე დამიკავშირდა მისი ადვოკატი მზია სიჭინავა, რომელმაც მითხრა, რომ პლატონის ოჯახის წევრებს სურდათ ჩემთან შეხვედრა და უნდოდათ, რაღაც ჩანაწერი გადმოეცათ. მე მათთან შეხვედრა ჩავიწერე და აღმოჩნდა, რომ სწორადაც მოვიქეცი, რადგან შემდეგ მამარდაშვილის ოჯახის წევრებმა გადათქვეს, რომ მათ მომაწოდეს ეს ჩანაწერი. გადმომცეს ეს მტკიცებულება და მითხრეს, იქნებ მის საქმეს მოკიდო ხელიო. მე დავთანხმდი, თუმცა პროცესზე მან მაინც გადათქვა ჩვენება და კვლავ პატიმრებისკენ გაიშვირა ხელი, ამის გამო მე მას მივეცი აცილება და პროტესტის ნიშნად სასამართლო დავტოვე. მანამდე ეს ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო პატარკაციშვილის მკვლელობაზე, მინდოდა თავად პატარკაციშვილისთვის მიმეწვდინა. ამას მე პირადად ვერ მოვახერხებდი, ამიტომ გიორგი თარგამაძეს დავუკავშირდი, მივიტანე მასთან ეს ჩანაწერი. ვთხოვე, მოესმინა, მაგრამ არ გამოექვეყნებინა იმ დრომდე, სანამ სასამართლოში მამარდაშვილი არ დაიკითხებოდა. მოვასმენინე ეს ჩანაწერი, თუმცა ჩუმად გადმოუწერია ლეპტოპში და მეორე დღესვე გადაცემა „დროებაში" გაუშვა. ამან განაპირობა სწორედ მამარდაშვილზე ზეწოლა და ჩვენების შეცვლა. მე ახალ გამოძიებას გადავეცი ეს ჩანაწერი, ჩვენებაც მივეცი ამ საქმეზე.


ახლა კი, რაც შეეხება უშუალოდ ამ ჩანაწერის შინაარსს. „პრაიმტაიმმა" 2007 წელს ციხეში გაკეთებული ფარული აუდიომასალა კიდევ ერთხელ მოისმინა და დგებუაძე-მამარდაშვილის საუბრის მნიშვნელოვან დეტალებს ჩვენს მკითხველსაც გავაცნობთ.


გიორგი დგებუაძე: დათა ბრუნდება ეხლა, პროსტა შეჩერებული აქვს (იგულისხმება თანამდებობა). ბრუნდება ეხლა ამ დღეებში. გუშინწინ დამიძახეს და მითხრეს, რომ მინისტრს ხსნიანო და გული გამიხდა ცუდად. ვიფიქრე, დედა მაქვს მ...თქო. იმიტომ, რომ, როგორც შენ ხარ დამოკიდებული მაგაზე, ისე მე რას მიზამენ, იკაიფე რა, იმენა გამატყავებენ. თან რაზე იცი? ხელი დაადე დათასო, მეტყვიან, რომ ესეთ რაღაცეებს აკეთებდაო. ხომ უნდა მიიღონ კაცზე ჩვენება, ვისი საშუალებით უნდა გააკეთონ ეს რაღაცეები? ჩემით.


პლატონ მამარდაშვილი: არ დაადებ და შენ გამოდიხარ მერე დამნაშავე...


გიორგი დგებუაძე: ხო ხვდები, რა ცუდ მდგომარეობაში ვარ, ლამის ჭკუიდან გადავედი. ეს სადღაც დილით მითხრეს. მერე საღამოთი დამირეკეს და მითხრეს, რომ პრეზიდენტი ჩამოვიდა და იმენნა გაუიასნეს რა ყველაფერი. დაუდეს მასალები და დედის მ...ლი დაახურა ყველას, ვინც ეუბნებოდა, ვანო გადააყენეო... დარჩა ყველაფერი ძალაში. იმიტომ ვარ წყნარად ახლა, პაატა, ახლა მთავარი აზრი არის იმაში, რომ არ მოხდეს იმის გაშიფვრა, რომ მე და ბაჩოს რაღაცაზე გვქონდა საუბარი. ეგ ისე უნდა მოხდეს, რომ დაჟე პროკურორმაც არ უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი იყო წინასწარ მოლაპარაკებული. სულ სხვა სიტუაცია იყო მოლაპარაკებული და სულ სხვა რამეში გადაიზარდა. ეს ყველამ ვიცით და მართლები ვართ, მაგრამ ეს საქმე ისე უნდა წავიყვანოთ... ზვიადაძესთან შეიძლება მაგაზე საუბარი, მაგრამ ადეიშვილთან ვინც არ უნდა მიიტანოს, სხვამ არ გაიგოს, რომ ჩვენ და ბაჩოს რაღაც გარიგება გვქონდა ერთმანეთში. მთავარი პრობლემა არის ეგ, რომ არ გაბაზრდეს და არ მივიდეს ვიღაცის ყურამდე.


პლატონ მამარდაშვილი: დაიჭერენ ეგრევე, ტო...


გიორგი დგებუაძე: დაჭერით ახლა ვერ დაიჭერენ, მაგრამ უსიამოვნება ექნება. ნუ, თუ ყველაფერი გაიხსენეს, ხო, მაგრამ ამ ხელისუფლების დროს მაგას ვერ დაიჭერს ვერავინ. მერე შეიძლება უკვე რა, ბომბს იტოვებს, რა, ფაქტიურად. მეც გასაქცევი ვიქნები და სადაც მე ვიქნები გასაქცევი, იქ გაგიყოლებ, თუ მაქამდე მივიდა საქმე. მაგრამ არ მივა, შანსი არ არის. მე ეხლა უფრო წყნარად ვარ, ისეთი ხალხისგან გავიგე. შენზე ცუდ მდგომარეობაში მე ვარ. აქ რომ რამე მოხდეს ახალაიას გარშემო, თუკი ვინმე ახლოს იყო, ყველას გაგვისწორდებიან, ისე ჰყავს გადაკიდებული ყველა... შენ პატარკაციშვილზე არ გაქვს რამე, მაგ დედა მ...ს რაღაცნაირად რომ გავუჩალიჩოთ, სიმონ? ვინმე სვაბოდიდან, ჩერეზ ქურდებიდან, რომ გავატ...თ. კომპრა მინდა მაგაზე... ეგ არის ბიჭო ყველაფრის თავი და თავი. რაც კი ხდება ყველაფერს აფინანსებს. ყველას მაყუთს აძლევს, ლიჟბი ამას დედა მ...ს. რატომ იცი? სახლში მივუვარდით მაგას. დედის მ... ვაგინეთ და დათამ ხელი დაარტყა, რა... აი, მოჭიდავეების გამოსვლა რომ იყო მაშინ, გააქანა და ხია.


პლატონ მამარდაშვილი: ეგ პატარა ბიჭია და რამხელა გული აქვს.


გიორგი დგებუაძე: თან ვის? პატარკაციშვილს, ებრაელი, წარმოიდგინე რამხელა მაფიაშია. ბუშის ძმასთან ძმაკაცობს. მეორედ ეგეთ რამეს გააკეთებ, ტყვიას დაგაჭედებ შუბლშიო. ვეუბნები, ძმაო, ჩვენ თუ არ მოვიცილებთ მაგ კაცს, ეგ კაცი მ...ს კარგის ტ...ს-თქო. სანამ არ გაგვანადგურებს, არ მოისვენებს. ეხლა არ გამოუვა, სხვა მიზეზს დაელოდება. ალანიას საქმე (იგულისხმება გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული) არ კეთდება, სანამ პატარკაციშვილს დედას არ მ...ენ. ესენი არ გაჩერდებიან, ყველა ნაბიჯს უყურებენ. დაჟე კამერაში ერთად რომ იყვნენ, მაგაზე რა ამბავი ატეხეს. სანამ ეგ იქნება, მანამდე შანსი არ არის, მაგათ რამე ეშველოთ.

პლატონ მამარდაშვილი: კაი მასტერ, ე.ი. მე ვცდილობ, რომ...


გიორგი დგებუაძე: ეხლა მიშა რომ გამოვა და იტყვის, ვინ დარჩა თავის ადგილზე და გააიასნებს, ყველა ელოდება, რა მოხდება. რომ იტყვის, რომ ძალოვნებს არ ვეხები და გააგრძელონ მუშაობა, მერე უკვე დედა უნდა მ... ყველას. უნდა გადავიდეთ ატაკაზე, თორემ აქეთ შემოგვიტევენ სერიოზულად და მაგ მომენტში უნდა ვისარგებლოთ, ყველაფერი რაც გასაკეთებელია. მე, ძმაო, კიდევ გეუბნები რა, რაც ჩემს ძალებშია ყველაფერს გავაკეთებ.


მოკლედ, როგორც ამ ჩანაწერით ირკვევა, გიორგი დგებუაძე ჯერ კიდევ 2007 წელს წინასწარმეტყველებდა იმ მოვლენებს. ამჟამად ის ჰოლანდიაში საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. საქართველოს პროკურატურამ ჰოლანდიელ კოლეგებს უკვე მიმართა დგებუაძის ექსტრადირების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოში ჩამოიყვანენ, მაღალი ალბათობით, არაერთ გახმაურებულ საქმეზე მოუწევს საუბარი.




(მირიან ბოქოლიშვილი გაზეთი "პრაიმტაიმი")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016