reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს საერთოდ არსებობდეს.
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:14
ინტერვიუ
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს საერთოდ არსებობდეს.
ავტორი:
01 სექტემბერი, 2013. 19:19

„მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიერ დასავლური ფასეულობების დაცვა იგივეა,  რომ მეკობრეებმა მეზღვაურთა დაცვის პროფკავშირები  შექმნან" - ამბობს პარლამენტარი გიორგი ვოლსკი, რომელიც დღეს „რეპორტიორის" სტუმარია და ბოლო დროს, საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს პასუხობს.

 

-  „ოცნების" საწინააღმდეგოდ, ძალიან ბევრ თემაზე, მიდის სპეკულაცია. ხალხი,  ვისაც როგორ სურს, ისე სპეკულირებს სიტყვა კოჰაბიტაციით. ზოგი ამას სასამართლოს მიერ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებებს აბრალებს, ზოგიც სოციალურ მდგომარებას...

 

- თქვენ რას ფიქრობთ, რისი ბრალია, რომ ხალხში „ოცნებისადმი"  უკმაყოფილება იზრდება?

 

- ჩემი აზრითაც, რამდენიმე სასამართლო სხდომა არასამართლიანი იყო... 


არის ორი გზა.  სააკაშვილის მსგავსად, ან ყველას უნდა დაერიო, ერთიანად შეჰყარო  საკანში და ცრუ ჩვენებების საფუძველზე დააპატიმრო, ან უნდა აირჩო უფრო ხანგრძლივი გზა - სასამართლო გაათავისუფლო ზეწოლისგან და საზოგადოებას არჩევანის უფლება მისცე, რასაც დრო სჭირდება. ვთვლი, რომ  ჩვენ სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ და აღვადგინოთ სამართლიანობა.  სააკაშვილის ხელისუფლებამ განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა სამართალდამცავ ორგანოებს მიაყენა. სიტყვა გამოძიება არ არსებობდა. ადამიანებზე ფიზიკურ ან მორალურ ზეწოლას ახდენდნენ, რომ მათთვის სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ. მოსამართლეებს თავიანთი სტანდარტი ჰქონდათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ამის გამოსწორებას დრო სჭირდება. ერთი ხელის დაკვრით ვერც პროკურატურის მთელ სისტემას შეცვლი.


- გასაგებია, მაგრამ სწორი კადრის დანიშვნას რა საერთო აქვს სამართლიანობასთან?... როგორც ამბობენ, დამნაშავე პროკურორები თავიანთ თავს არ გაასამართლებენ...


- მეც გამიგია, რომ თანამდებობებზე ისევ ძველი პროკურორები არიან, მაგრამ კონკრეტულ  ფაქტს არ შევსწრებივარ, რომ პროკურორი მის მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდეს.  შეიძლება  ვიღაცეებს ეს სიტყვა არ მოსწონთ, მაგრამ საბოტაჟის ნიშნები  შეინიშნება...  


პროკურორსაც  ვერ დაადანაშაულებ ყველაფერში. მათი ბრალი არ არის ის, რომ უკანონოდ  წართმეული ქონების დაბრუნება დროულდ ვერ ხერხდება.  უხეშად რომ ვთქათ, 5 მილიარდამდე საკუთრება არის მიტაცებული და გადაყიდული.   დღეს ეს ქონება, მეტწილად, პატიოსანი მყიდველის ხელშია, რომლებმაც არ იციან ქონების წარმომავლობის შესახებ.  ასე რომ, ამ ჯაჭვს რომ მივყვეთ დიდი  დრო დასჭირდება, თუმცა არის ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტაც  დროულად არის შესაძლებელი და მეც ვფიქრობ, რომ ამაში პროკურატურა მოიკოჭლებს. პირადად მე, ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი გადაყვეტილება არამართებულად მიმაჩნია.  ვიცი, რომ ციხის ბუნტის დროს  ისეთი ადამიანებიც დაიხოცნენ, რომლებსაც  ამ ბუნტში  მონაწილეობა არ მიუღიათ,  ვიცი, რომ ციხეში შევარდნილი სპეცნაზი კამერებში ავტომატებიდან უმისამართოდ ისროდა და  განურჩევლად   ყველას ურტყამდა,  ვიცი, რომ მოხდა სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც არცერთ სამართლებრივ ნორმას არ შეესაბამებოდა და რომლის თაობაზეც ბაჩო ახალაია არათუ საქმის კურსში იყო, არამედ ამ ყველაფერს ხელს უწყობდა.  აქედან გამომდინარე,  საგამოძიებო სტრუქტურებს ევალებათ,  თავისუფალ სასამართლოში, პროფესიონალურ დონეზე დაიცვან  სიმართლე. საერთაშორისო ფაქტორი არცერთ დონეზე არ გვკარნახობს, დამნაშავე შევიწყალოთ იმისთვის, რომ კოჰაბიტაცია  შედგეს.


- სწორედ კოჰაბიტაციაზე უნდა მეკითხა. ოცნების მხარდამჭერების გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლებასა და „ნაციონალებს" შორის არსებული კოჰაბიტაციაცაა...


- მე რომ მკითხოთ, „ნაციონალურ მოძრაობას" მორალური უფლება არ აქვს საერთოდ არსებობდეს. მაგრამ ერთია ჩვენი მოსაზრებები და მეორე ის რეალობა, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო. იმედი მაქვს, 27 ოქტომბერს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და  „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია  დამთავრდება. თუ ხალხი ამ დანაშაულებრივ მოძრაობას ხმას ისევ  მისცემს, მაშინ კეთილი უნდა ინებო და იყო კოჰაბიტაციის რეჟიმში,  რომელიც არ ნიშნავს სიამტკბილობას.


საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი წამმართველი ძალა თვითონ არის და არა ივანიშვილი, ვოლსკი და სხვები. თუ საზოგადოება დავით ბაქრაძეს მისცემს ხმას, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებაში ჯერ კიდევ გააჩნია გარკვეული საყრდენი. პირადად მე,  ვთვლი, რომ  ბაქრაძეს მორალური უფლება არ აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე იყოს! მეტიც,  ვთვლი, რომ მისთვის უკეთესი იქნება თუ მონასტერში წავა, მოინანიებს და პოლიტიკას საერთოდ განეშორება.


- ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებაზე რას იტყვით? აქვს შანსი, გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი?


- ნინო ბურჯანაძეს აქვს შანსი! გამოცდილი ქალია, კარგად ხედავს სისუსტეებს და პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად, სათავისოდ მშვენივრად იყენებს. მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა,  მათ შორის 2007 - 2008 წლებში.  ჩვენ ამ შეცდომებს დღემდე ვიწვნევთ. მას ნამდვილად შეეძლო უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო, თუმცა იმ მასშტაბის და იმდენი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, როგორც სააკაშვილს.  მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი სისხლის სამართლის წინაშე, თორემ, მის მორალურ პასუხიმგებლობის საკითხს  საზოგადოება თავად გადასწყვეტს.


სამწუხაროა, რომ სინანულის ნაცვლად, სააკაშვილი  დღესაც განაგრძნობს ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას. ნაციონალები ჩვენს, როგორც ოპონენტების მიმართ,  მტრულად არიან განწყობილნი, რითაც პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები ზარალდება.  ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნდენ.


- ეს მიხეილ სააკაშვილმაც გაახმოვანა ერთ-ერთ ინტერვიუში, რითაც კიდევ უფრო გააძლიერა ხალხში არსებული ეჭვები ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ...


- მიხეილ სააკაშვილის სულელური განცხადებების გამო ხალხი ჩვენზე ბრაზდება. საწყენად არ ვამბობ, მაგრამ საზოგადოებაში პოლიტიკური ცხოვრების კულტურა ჯერ არ არის...  სააკაშვილი რამდენ სისულელესაც იტყვის, საზოგადოება ჩვენზე ხომ არ უნდა განაწყენდეს?


მათიც მესმის, ვინც სამსახურის უქონლობის გამო პრეტენზიებს გამოთქვამს.  ბოლო დროს, რიგითი  მოქალაქეებისგან, მეც ბევრი საყვედური მოვისმინე, რომ მათ ეკუთვნით დასაქმება საჯარო სამსახურში, გამგეობაში, სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ დაწესებულებაში...  როგორ მოვიქცეთ, ყოფილი თანამშრომელი გავაგდოთ და ისინი დავასაქმოთ?!


- სათქმელი არაფერი გაქვთ ამ ადამიანებისთვის?


- ვერ ვიტყვი იმას, რომ სამუშაო ადგილები დღეს და ხვალ შეიქმნება, ან გაყრიან სამსახურებიდან თანამშრომლებს და მათ ნაცვლად დასაქმდებიან. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის, ბიზნესი კი სტაბილურ გარემოში იქმნება. მოვა დრო და ყველაფერი დალაგდება. არჩევნების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება!


ამ მოკლე დროში, ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქვეყანაში, უფასო გახდა რამდენიმე ფაკულტეტი, წინ გადადგმული ნაბიჯებია ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში... მაგრამ ყურადღება მაინც უარყოფით დეტალებზე მახვილდება.  საზოგადოება დაძაბულია იმით, რომ ჩვენ არასაკმარისად ვიქნევთ სისხლიან ხმალს და შთაბეჭდილება რჩება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ისევ მოვა.  საზოგადოებას მინდა ვუთხრა...  თქვენზეა  დამოკიდებული, „ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებაში. ვისაც თქვენ დაუჭერთ მხარს, ის იქნება თქვენი ხელისუფალი!


მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016