reportiori.ge - ახლა ადექით და 40 ლარი ჯარიმა გამომიწერეთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ახლა ადექით და 40 ლარი ჯარიმა გამომიწერეთ!
01 სექტემბერი, 2013. 19:34

ერთ ნიჭიერ მწერალსა აქვს ნათქვამი: „დუმილი მჭერმეტყველებისა და გულწრფელობის უმაღლესი ფორმაა."


შეიძლება, ასეც არის, მაგრამ იმის ართქმამ, რაც ახალი ხელისულფების პირობებში მშობლიურ პოლიციასთან, უფრო ზუსტად, საპატრულო ეკიპაჟთან პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი კონტაქტის დროს გადამხდა, შინაგანად ისე ამაფორიაქა, რომ გადავწყვიტე, ვთქვა, რასაც ვფიქრობ და, ვინძლო, სწორედ ეს აღმოჩნდეს გულწრფელობის უმაღლესი ფორმა.


მეგობარი დავკრძალეთ მუხათგვერდის სასაფლაოზე, ერთ თვეში ბოლო მოუღო სარკომამ. ჩამოვდივარ მანქანით იმ გლოვის დაღმართზე, რომელიც, რა გინდა მიმართულებით მიდიოდე - ზევით თუ ქვევით - სიკვდილზე და ცხოვრების ამაოებაზე ფიქრის გზაა, და არავითარი „სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა..."


ამ ფიქრით სავსე მოვდივარ და მეგაფონის ხრიალით გაცემული ბრძანებით მაჩერებს „ცხოვრების ამაოება", ანუ პატრულის ეკიპაჟი.

 

- ღვედი რატომ არ გიკეთიათ?

 

რა ვუპასუხო? ახლა ამ ახალგაზრდას სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემაზე მსჯელობით ხომ არ მოვაცდენ და მარტივად ვეუბნები:

 

- მეგობარი ეს-ესაა დავკრძალეთ და, ეგებ, მაპატიოთ ჩემი უყურადღებობა.


მიყურებს, აშკარად ეტყობა, რომ ფიქრის ბორბალი ტრიალებს „კი და არა" ამპლიტუდებს შორის. დუმილის წამები გადის და - უარს მეუბნება.


- ჩვენი საუბარი კამერით იწერება, - იმართლებს თავს.

 

რა თქმა უნდა, დამაჯარიმა, რა თქმა უნდა, 40 ლარი, ჟურნალისტის ჰონორარიდან მოჭრილი, დიდი დანაკლისია ყოველთვიური ნანინანატრი ჩემი ბიუჯეტისა.


მაგრამ: ვერ ყოფილა კარგად საქმე ჩვენს პოლიციაში, თუ თანამედროვე ვიდეოაღჭურვილობა იმიტომ დაუმაგრეს მკერდზე პატრულის ეკიპაჟის წევრებს, რომ ახალგაზრდა კაცებს კეთილშობილების, შინაგანი კულტურის გამოხატვის გზები გადაუკეტონ.


თუ იმ ორმოცმა ლარმა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას ხელი შეუწყო, ალალი იყოს!


თქვენ კი, ბატონო პოლიციელებო, ორი რამ უნდა გთხოვოთ: პირველი, თქვენს საპატრულო მანქანებს ხმის გამაძლიერებლები იმტომ კი არ აქვს ჩამონტაჟებული, რომ ვიღაც წერა-კითხვის უცოდინარი იდიოტის მიერ დამკვიდრებული, დამახინჯებული ქართულით საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში გვმყწემსოთ „დაუჩქარე! დაუჩქარეს!" გაუთავებელი ყვირილით, არამედ, როცა საჭირო იქნება, ქართულად იმეტყველოთ, და „მოძრაობის მონაწილეთა" მიმართ თქვენი პატივისცემა გამოხატოთ ზრდილობიანი ფრაზით, თუნდაც ასეთით: „თუ შეიძლება (ან - გთხოვთ), აჩქარდეთ (ან - სწრაფად იმოძრაოთ)."


უკეთესის მოძებნაც შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, შეელევით სააკაშვილისა და მერაბიშვილის შედევრალურ მჭერმეტყველებას...


მეორე თხოვნა ასეთია: ნუ დათანხმებით უვიც ჟურნალისტებს კამერების წინ იმ უნიჭო ტექსტების გამეორებას, რომლებიც წერილობითი ფორმით ოქმებში გაქვთ ჩაწერილი. რომ იცოდეთ, რა სასაცილოდ გამოიყურებით ეკრანზე - გაყინული თვალებით, დაძაბული სახეებით - ამ სულელურ ტექსტებს რომ კითხულობთ. ამით საკუთარ ავტორიტეტსაც აბუჩად იგდებთ და სამინისტროს ახალგაზრდა ხელმძღვანელობასაც უხერხულ დღეში აგდებთ...


ახლა ადექით და 40 ლარი ჯარიმა გამომიწერეთ!

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016