„როსსიისკაია გაზეტას" დღევანდელ, 9 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტოლოგის, ჟურნალ „როსსია ვ გლობალნოი პოლიტიკეს" („რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში") მთავარი რედაქტორის ფედორ ლუკიანოვის სტატია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას ეძღვნება.
აღნიშნულ მასალას „რეპორტიორი" გთავაზობთ მცირედი შემოკლებით:
ა დ ა მ ი ა ნ ი ფ ე ს ვ ე ბ ი თ
ედუარდ შევარდნაძე თავის ქართულ ფესვებს არასდროს ივიწყებდა
„ედურად შევარდნაძემ სამუდამო განსასვენებელი თავის სამშობლოში ჰპოვა... იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უკანასკნელი ცნობილი მოღვაწეა, რომელმაც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ისტორია გააერთიანა. მან ორივე პერიოდში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ედუარდ შევარდნაძე იოსებ სტალინის შემდეგ ჯერ ყველაზე ცნობილი ქართველი გახდა მსოფლიოში, შემდეგ კი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების სიმბოლოდ იქცა - იმ სახელმწიფოსი, რომელიც მისი ზომისა და წონის არაპროპორციულ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა...
რასაკვირველია, ედუარდ შევარდნაძე ერთადერთი არ იყო იმ ყოფილი პარტიული უფროსობიდან, რომლებიც მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოკავშირე რესპუბლიკების ცეკას პირველი მდივნებიდან სუვერენული სახელმწიფოს სათავეებში აღმოჩნდნენ, მაგრამ იგი უნიკალურია იმით, რომ მან მოასწრო ყოფილიყო არა მხოლოდ რესპუბლიკის ლიდერი, არამედ იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, საერთაშორისო კალიბრის პოლიტიკოსი, რომელზეც მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული ზესახელმწიფოს კურსი. ასეთი გამოცდილება არ ჰქონდათ არც ჰეიდარ ალიევს, არც ნურსულთან ნაზარბაევს, სხვა გვიანსაბჭოურ ნომენკლატურაზე რომ არაფერი ვთქვათ.
მოსკოვმა შევარდნაძის რეკრუტირება მაშინ მოახდინა, როცა კრემლს ახალი კადრები და „ახალი აზროვნების" გამზიარებლები დასჭირდა. ქართველ ხელმძღვანელში, ისევე როგორც მიხეილ გორბაჩოვში, გაერთიანებული იყო პარტიულ კიბეზე მარჯვედ სიარულისა და მოვლენებისადმი არადოგმატური ხედვა-შეფასების უნარები. გარდა ამისა, მას შეეძლო იოლად გამოსვლა ტრადიციად ქცეული საბჭოური ჩარჩოებიდან... თუმცა აქვე ვიტყვით, რომ თავდაპირველი საგარეოპოლიტიკური შემოქმედებითი სილაღე და მგზნებარება მალე კრიზისთან ბრძოლად გადაიქცა. მასშტაბური ინიციატივები და ფართო ჟესტები, რომლებიც ასე აოცებდა დასავლელ პოლიტიკოსებს, განპირობებული იყო არამხოლოდ „რომანტიკული" იდეალიზმით, არამედ იმითაც, რომ საბჭოური სისტემა ვეღარ უძლებდა იდეოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ტვირთს, ანუ ბალასტი უნდა გადაყრილიყო. არადა, სიტუაციის გაუარესება და კრიზისის გაღრმავება საბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, საგარეოპოლიტიკურო მანევრირების არეალს ზღუდავდა.
როცა იმდროინდელი მოვლენები თავის მწვავედ აქტუალურობას დაკარგავს (ჯერ მანამდე შორსაა), ალბათ, ისტორია მაშინ გამოიტანს თავის ვერდიქტს - რა დონითაა საბჭოთა გარდაქმნმელი ხელმძღვანელობა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა და რა დონითაა ობიექტური გადაულახავი გარემოებების მსხვერპლი. სიმბოლურია, რომ თავის მომდევნო იპოსტასში - საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურის რანგში, ედუარდ შევარდნაძეს იგივე პრობლემებთან მოუწია ბრძოლა, რომელმა პრობლემებმაც საბჭოთა კავშირის დაშლა განაპირობა. საქართველომ საკუთარი ტერიტორიის დაშლა საბჭოთა მოდელის საფუძველზე გამოსცადა: მისმა ავტონომიებმა ისევე მოისურვეს „ერთიანი სახლის" დატოვება, როგორც თავის დროზე საქართველომ აღარ მოისურვა „ერთიან საბჭოთა სახლში" ყოფნა. ედუარდ შევარდნაძე, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ, ცდილობდა ძალის გამოყენებით „დაემშვიდებინა" საქართველოს ამბოხებული ნაწილი - აფხაზეთი, მაგრამ ბრძოლა წააგო, თუმცა, მიხეილ გორბაჩოვისაგან განსხვავებით, მაინც შეძლო სახელმწიფოს ერთიანობის ნომინალური შენარჩუნება და არც ხელისუფლება არ დაუკარგავს.
შევარდნაძის წინამორბედი ზვიად გამსახურდია იყო, რომელმაც ქვეყანა არასახარბიელო მდგომარეობაში დატოვა. ეს ფაქტი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისათვის სოლიდური პლიუსი იყო, მისი დაბრუნება სამშობლოში მხსნელის გამოჩენად იქნა აღქმული. მართლაც, მან მოსკოვში, საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს დაგროვილი გამოცდილება საქართველოს სრულად მოახმარა. რომ არა შევარდნაძის მცდელობა, საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არანაირად არ აღმოჩნდებოდა - ქვეყანას არ გააჩნდა არც ნავთობი, არც გაზი და არც სხვა რაიმე მისატყუებელი აქტივი, რომლითაც უცხოეთის მიზიდვა შეიძლებოდა. მაგრამ მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ამ ქვეყანას სათავეში გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთი ნათლია და მოსკოვ-ვაშინგტონის ერთმანეთთან დაახლოების ინიციატორთაგანი ჩაუდგა, მსოფლიოს გრანდებისაგან საქართველოსადმი კეთილი დამოკიდებულება განაპირობა.
ედუარდ შევარდნაძეს ეყო პოლიტიკური ტალანტი და გამოცდილება იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია დაემყარებინა და მის ძირითად ნაწილზე კონტროლი შეენარჩუნებინა, მაგრამ მან, ბოლო თაობის ბევრი საბჭოთა მმართველის მსგავსად, მაინც ვერ იპოვა თანამედროვე გზა განვითარებისათვის. იგი მის მიერვე აღზრდილმა ცვლამ ძალით ჩამოაშორა ხელისუფლებას, თუმცა მემკვიდრეებმა ვერ გამოავლინეს ვერც ისეთი ეშმაკობა და ვერც სიბრძნე, რომელიც აუცილებელი იყო გეოპოლიტიკური ინტერესების გადამკვეთ ადგილზე მდებარე პრობლემური სახელმწიფოს გადარჩენისა და წარმატებისათვის.
ედუარდ შევარდნაძე, რა თქმა უნდა, ქართველი ნაციონალისტი იყო. ცხადია, ამ ტერმინის არა ისეთი პრიმიტიული და ეთნიკური გაგებით, როგორიც ზვიად გამსახურდიას ახასიათებდა, არამედ იმით, რომ იგი არასდროს არ ივიწყებდა თავის ფესვებს და საქართველოს პატრიოტად რჩებოდა. სანამ საქართველო იმპერიის ნაწილი იყო, შევარდნაძის პატრიოტიზმი მის ჩარჩოებში რეალიზდებოდა [ხშირად მოსკოვისგან შენიღბულად], ხოლო როცა ზესახელმწიფო გაქრა, შევარდნაძის მოქმედება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურის რანგში, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმპერიის სამართალმემკვიდრის - რუსეთისადმი აშკარად დაპირისპირებას ნიშნავდა.
ედუარდ შევარდნაძე, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციაა იმისა, რომ „ახალი საზოგადოება - საბჭოთა ხალხი" ვერ ჩამოყალიბდა. პოლიტიკოსი, რომელიც მოწოდებული იყო იმისთვის, რომ საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი საყრდენი ყოფილიყო და მივიდა კიდეც იმ მწვერვალამდე, საბოლოო ჯამში ისტორიაში მაინც დარჩება არა როგორც ზესახელმწიფოს დიპლომატიური მეთაური, არამედ როგორც თავისი „მცირე სამშობლოს" წარმომადგენელი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნის საბედისწერო პერიოდში. მას, გურულ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა (თუ არ ჩავთვლით მოსკოვში ყოფნის ექვს წელიწადს), ალბათ, სწორედ ასეთი ხვედრი სურდა.
http://www.rg.ru/2014/07/09/lukjanov.html