სულ ახლახან ამერიკულმა ჟურნალმა „ნიუსვიკმა" გარეკანზე აშშ პრეზიდენტის ბარაკ ჰუსეინ ობამას ფოტოპორტრეტი გამოაქვეყნა, როგორც ხატი: მწყაზარი სახე, მზერა - უსასრულობისკენ მიმართული, თუ სადღაც მეცხრე ცისკენ, თავზე შარავანდედი, ათინათი, ვითარცა წმინდანობის უცილებელი ნიშანი, ოღონდ არაკანონიკური ფერებით შესრულებული.
- Господи, помилуй! - აგუგუნდა გალობა კინოწარმოსახვაში, გაცოცხლდა კადრები კომედიიდან „ბრილიანტის ხელი", როცა მირონოვის გმირი, მოგანგსტერო პიჟონი, ზღვაში მეჩეჩზე აღომჩნდება და პანიკურ შიშს აყოლილი („Помогииите! Мамочкааа!") ქრისტედ აღიქვამს „წყალზე მიმავალ" მეთევზე ბიჭს და ღრმადმორწმუნესავით კვალში გაჰყვება სასწაულით მოვლენილ მხსნელს.
მალე მიხვდება, რომ არაფერი ზებუნებრივი არ მომხდარა - ბიჭი წყალქვეშა კედელს მიჰყვება. ხელის კვრით მოიცილებს: Пошел вон! და წავა ნაპირისკენ.
რაღაც მსგავსი ამისა დამემართა ობამას „ხატის" ხილვისას „ნიუსვიკის" ყდაზე: ის იყო პირჯვარი უნდა გადამეწერა, რომ შარავანდის უცნაურმა შეფერილობამ შემაჩერა:
„- ჯერ შეიცადეთ!"
ხოლო ჩემი ორიოდ სიტყვა იქნება უმარტივესი: მსოფლიო პედერასტების თანამეგობრობის მიერ მიტაცებული ცისარტყელას ფერებით შეეღებათ წრე, რომელიც პრეზიდენტის თავს ზემოთ მიეხატათ. წარწერაც ბეჭედს ურტყამდა: ლგბტ პირველი პრეზიდენტი ბარაკ ობამა!
უფალო, დაგვიფარე!
მამათმავლებმა პედერასტიზმის მფარველი პოლიტიკის გამო ობამა თავიანთ პირველ პრეზიდენტად შერაცხეს!
მან კი არაფერი იცოდა, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია.
სხვა ამბავი კი შემდეგია.
ახლოვდებოდა 1971 წლის 22 აპრილი, ვლადიმირ ულიანოვ-ლენინის 100 წლის იუბილე. საბჭოთა კავშირის ყველა კუთხე-კუნჭულში ამ ღირსშესანიშნავი თარიღის საზეიმოდ აღსანიშნავად ემზადებოდნენ მშრომელები - მუშები და გლეხები, მათი ხელმძღვანელები, ხელმძღვანელთა ხელმძღვანელები, მუქთახორები და უსაქმურებიც.
მილიონობით მოჭრეს ოქროსფერი მედლები ილიჩის პროფილით და ყველას ჩამოგვირიგეს. მაგრამ ეს იუბილის დღეებში იქნება. ახლა კი ჯერ მარტია და თბილისის ცენტრში ვასილ მჟავანაძის პირველი მდივნობის დროს აღმართული ლენინის ძეგლი ღობეშემოვლებულია: თავიდან ვერ გაითვალისწინეს და ახლა ძეგლის საფუძველს კუთხეებს უმრგვალებენ მოედნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით.
ღობე, რომელიც პოსტამენტის მხოლოდ ძირსა აქვს შემოვლებული, იმ დროისთვის ჩვეულებრივ გაჭიანურებულ მშენებლობას თუ რემონტს თვალი ისე შეეჩვია, რომ ეს დროებითი შემორაგულობა მოედნის აუცილებელ ატრიბუტად აღიქმებოდა, ხოლო ვინ რას ფუსფუსებდა ღობის იქით, არც ჩანდა და არც იყო საინტერესო.
ერთ მშვენიერ დღეს კი იმ ღობის იქით გამოჩნდა ლურჯ სამუშაო კომბინეზონში გამოწყობილი კაცი, რომელსაც კიბე მიედგა ძეგლისთვის და მარმარილოს ზედაპირზე უკვე ამოჭრილი ჰქონდა საიუბილეო თარიღის პირველი ციფრები. თუ მეხსიერება არ მღალატობს ის ციფრები, ყოველ შემთხვევაში, ერთიანი რაღაც ჩუქურთმებითაც იყო დამშვენებული.
აშკარად ზედმეტი იყო. მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა.
გავიდა დრო, ის ღობეც მოიხსნა და იუბილეც ჩავადღესასწაულეთ. არაფერი განსაკუთრებული. მხოლოდ იმ წარწერის კვალი ძეგლს არც ეტყობოდა.
არავის ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ჩავარდა ეს ფაქტიც მივიწყების ყულაბის ძირში, საიდანაც, როგორც წესი, მზის სინათლეზე აღარაფერი ამოაქვთ.
მაგრამ ორიოდ დღის წინათ, შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულ მუშაკთან, პოლკოვნიკ ზურაბ მაჩაიძესათან საუბარში, როცა ამ მთისა ვთქვით, იმ ბარისა გავიხსენეთ, სრულიად შემთხვევით ამოტივტივდა ეს ამბავი. ბატონი ზურაბი მაშინ კალინინის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
იმ ქვისმთლელი კაცის ქცევაში რაღაც ნორმიდან ამოვარდნილობა შეუმჩნევია („ვიცოდი, რომ რეკონსტრუქცია მხოლოდ ძეგლის საფუძველს ეხებოდა") და დაურეკია კალინინის რაიაღმასკომის თავმჯდომარისთვის ბათუ იაკობაშვილისთვის - რა ხდებაო?
არაფერი ვიციო, უპასუხია იმას.
- მაშინ ვუთხარი, რაც ჩემი თვალით ვნახე. იმ წუთასვე ჩააყენეს საქმის კურსში პარტიული ხელმძღვანელობა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. მივიდნენ. ხედავენ, მიდგომია ერთი ჯანიანი კაცი ძეგლს და ურახუნებს ჩაქუჩს საჭრეთელს - კვარცხლბეკს ულამაზებს ბელადს თავისი აზრით.
ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე გივი ლომიძე, რომელიც ვერ იყო თავის ჭკუაზე. ამოიყვანეს ჩვენთან, მილიციის განყოფილებაში, და როცა ვკითხეთ, რას აკეთებდა, თავისი საქმისა და პიროვნების ღირსების სრული შეგნებით გვიპასუხა: ლენინის 100 წლის თარიღი მოდის და ჩვენი ბელადის იუბილეს მეც ჩემებურად აღვნიშნავო.
გიჟი უთხარი!
არ დაუჭერიათ მაშინ ეს კაცი, საგიჟეთში გაამწესეს სამკურნალოდ.
მორალი:
გაგვისწრია აშშ-სთვის და ეგაა! თუ ამერიკელმა მამათმავლებმა თავიანთ პირველ პრეზიდენტად ბარაკ ობამა მხოლოდ ახლახან გამოაცხადეს, ჩვენს გიჟებს, როგორც ირკვევა, თავიანთ ბელადად ვლადიმერ ლენინი-ულიანოვი ჯერ კიდევ 42 წლის წინათ უღიარებიათ.
იდგა 1971 წლის გიჟი მარტი.
საინტერესოა, რა კატეგორიის ხალხი მივა სააკაშვილის ძეგლთან ასი წლის შემდეგ?! თუ, რა თქმა უნდა, მისი ძეგლი აღმართა ვინმემ - თუნდაც, როგორც ძეგლი ადამიანისა, რომლის სახელთანაც საქართველოს ცხრაწლიანი სისხლიანი მმართველობის ეპოქა იქნება დაკავშირებული...