მასთან საუბარს ბებია-ბაბუასა და მამაზე (მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი და ლაშა თაბუკაშვილი) ლაპარაკით იწყებენ. ჩვენც არ აგვივლია გვერდი ოჯახისთვის, როცა რეზო თაბუკაშვილ-უმცროსსმწერლის ანკეტის ''შესავსებად'' ვეწვიეთ...
- როგორ ფიქრობთ, წერის ნიჭი მემკვიდრეობითია?
- გარკვეულწილად კი. მივიჩნევ, რომ გენეტიკურ კოდს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამის ხშირი მაგალითებია, არიან მწერალთა ოჯახები, ან მამა-შვილი წერს.
- რა ასაკში დაიწყეთ წერა?
- 21 წლის ასაკში. იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ვსწავლობდი. ლიტერატურასთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა, აქტიური მკითხველი ვიყავი, მაგრამ იტალიაში ყოფნის დროს სისტემატურად დავიწყე წერა. პირველად ჩემი ორი ნოველა ვაჟა გიგაშვილმა დაბეჭდა გაზეთ ''მამულში'', შემდეგ უკვე ჟურნალ ''XX საუკუნეში'' დავიბეჭდე. ამას მოჰყვა სხვადასხვა პერიოდიკა, შემდეგ წიგნებიც გამოიცა.
- პირველად რომ დაიბეჭდეთ, იმ დროს უკვე ცოცხალი აღარ იყვნენ თქვენი ბებია-ბაბუა, ხომ?
- ბებია 1994 წელს გარდაიცვალა და როცა იტალიიდან დავბრუნდი, მან ერთი მოთხრობა წაიკითხა. მახსოვს, როგორ გაარჩია. ზუსტი თვალი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა ვუფიქრდებოდი, მაშინ გავიაზრე, თუ რა სწორი აქცენტები გააკეთა ბებიამ.
- და ასე კარგად როგორ იცნობდა ლიტერატურას? მეუღლისგან?
- არა, არგვეთში ქართველი მწერლების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და მათ გვერდით, ბებიას ბავშვობიდან ახლო კავშირი ჰქონდა ლიტერატურასთან.
- თქვენი აზრით, რა იწვევს ადამიანებში წერის სურვილს?
- მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. რასაკვირველია, აკვირდები, რა იყო პირველი ბიძგი, როცა კონკრეტული მოთხრობის წერა დაიწყე. არის შემთხვევები, როცა უცბად ''დაინახავ'', თავიდან ბოლომდე შეიგრძნობ სტრუქტურას და მიჰყვები, მაგრამ ასეთი ბედნიერი სიურპრიზები უფრო დასაწყისში გაქვს. გგონია, რომ სულ ასე იქნება, იჯდები, ბრახ, მოვარდება მუზა, თუ როგორ ეძახიან და დაწერ (იღიმის), მაგრამ მოგვიანებით ასეთი გემრიელი გამონათება ხშირი აღარაა. უბრალოდ, შემდეგში უკვე ცდილობ, წარსული გამოცდილება ყოველ ჯერზე საფუძვლიანად გამოიყენო.
- პირველი მკითხველები...
- ერთ-ერთ პირველს ანა კორძაიას ვაკითხებ. ჩემთვის და მამაჩემისთვის ერთმანეთის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაც დაძაბულობა დღემდე ვერ მოვხსენით ჩვენ-ჩვენი ტექსტის კითხვისას. სამაგიეროდ, მაინც ისე გამოდის, რომ ყველაზე ძვირფას რჩევებს ჩვენ ვაძლევთ ერთმანეთს (იღიმის).
- გარეგნულად, საუბრის მანერით და ხმითაც ჰგავხართ ერთმანეთს. თვისებებით ჰგავხართ მამას? წერის დროსაც?
- მამაჩემის, ბაბუაჩემის და ჩემს ხმებს ერთმანეთს ამგავსებენ. კი, ჩვენ ბევრი რამით ვგავართ, მაგრამ არა წერით. თან წერის დროს ვერავის ჰგავხარ, იქ მხოლოდ შენ ხარ.
- თქვენს ცხოვრებაში კატმანდუს დიდი ადგილი უკავია. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე ინტენსიურად წერთ?
- დიახ, კატმანდუ არის ერთ-ერთი ასეთი ადგილი. იქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი. პირველად 1995 წელს ჰიმალაიზე პირველი ქართული ექსპედიცია რომ გაემგზავრა, ალპინისტებთან ერთად ვიყავი. მაშინ დოკუმენტურ ჟანრში ორი მოთხრობა დავწერე. შარშანაც ვიყავი და საერთოდ, კატმანდუში კარგად ვმუშაობ. მიყვარს ლიკანში წერაც. ხარაგაულის რაიონში სოფელი მაქვს - ღუდუმექეთი, იქაც ნაყოფიერად მიმუშავია. თბილისში წერა ყველაზე მეტად მიჭირს, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, რეჟიმს ვერ ვაწყობ. თბილისში ტაატით მიდიხარ, იქ რასაც ერთ თვეში დაწერ, აქ შვიდ-რვა თვეს უნდები.
- აქ რა გიშლით ხელს?
- ალბათ, ყოველდღიურობა, იქ კი ახალი სივრცე და გარემოა. მოგზაურობა იმითაა კარგი, რომ ერთი და იმავე ჰორიზონტის ყურება არ გიწევს და ეს დადებით მუხტს გძენს.
- რა თვისებას ებრძვით საკუთარ თავში?
- ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ველი წერის რეჟიმში ყოფნაა და ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ახლა ასეთ პროცესში ვარ. ერთ ვრცელ მოთხრობაზე ვმუშაობ. ნეპალ-ინდოეთში მოგზაურობისას დავიწყე წერა და ძალიან გამეწელა. აქ გაათმაგებული ძალისხმევით უნდა შევუჩნდე თავს. ალბათ, მძიმე აურაცაა. თან მიყვარს ჩემი ქალაქი, მაგრამ რატომღაც წერისთვის დიდი სტიმულატორი არ არის.
- ავტორს, როცა პირველ პირში წერს, მკითხველი ხშირად აიგივებს პერსონაჟთან...
- კარგი მკითხველი ასეთ შეცდომას არ უშვებს. ის გრძნობს, მწერალი უფრო დიდი დოზით სად ავლენს თავს და სად ალაპარაკებს გმირებს პირველ პირში. კარგი მკითხველი ყოველთვის ცოტაა. ამ ბოლო პერიოდში არაერთი საინტერესო ავტორი შემხვდა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რაღაცები დაიწერა. პროზასთან უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს და ამიტომ მხოლოდ ამ თემაზე გეტყვით, მაგრამ რატომღაც საზოგადოება ამით არ იკვებება. კომპასები სხვა მიმართულებით აქვთ დაყენებული. მაგალითად, ვიღაცები ტელევიზორში ერთმანეთს რომ აფურთხებენ და აგინებენ, ამაზე ლაპარაკობენ და ხალხი ამ ნარკოტიკზეა შემჯდარი. ამ დროს მცირე ადგილი რომ დაეთმოს თემას, რა იწერება ახალი, და არა ვიღაცის დორბლიან ხავილს, უკეთესი იქნებოდა. ისეთი მაგარი მოთხრობები დაიწერა და აპაა! ეს ქართველები განებივრებულად უგულებელყოფენ ამ ყველაფერს...
- რას კითხულობთ და ბოლო პერიოდში წაკითხული ავტორებიდან ვინ გახდა თქვენთვის აღმოჩენა?
- ლოგინში ყოველთვის მიგდია 3-4 წიგნი. კლასიკა მსიამოვნებს, ხშირად ესენი რუსი ავტორები არიან: ჩეხოვი, გოგოლი - მიყვარს ძალიან. ასევე ვკითხულობ ლიტერატურულ პერიოდიკას. ჩემმა ძმაკაცებმა მაგარი მოთხრობები დაწერეს. ბექა ქურხულმა ''მკვლელი'' და არჩილ ქიქოძემ ''ჩიტის და კაცის ამბავი''.
თავმდაბლობა კარგია, მაგრამ აქვე დავასახელებ მამაჩემს რომანით ''ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!'' ძალიან მესიამოვნა, ლუკა ბაქანიძე რომ წავიკითხე, წერის კარგი კულტურა აქვს და აქამდე არ ვიცნობდი. ახლახან გელა ჩქვანავას წიგნსაც გავეცანი, რომელიც აფხაზეთის თემაზე ძალიან ძლიერი პროზაა.
- თქვენი აზრით, მწერლობა პროფესიაა, ნიჭი, თუ კიდევ რამე სხვა სიტყვა?
- ერთი სიტყვა ჯერ ზუსტად ვერ დავაჭედე. ჩემი დამოკიდებულება სულ იცვლება და ამიტომ ერთ ყალიბს ვერ მოვარგებ.
- დიდ ტკივილზე გიწერიათ, თუ არიდებიხართ?
- ყველაფერზე წერ, მოდი, დღეს დიდ ტკივილზე დავწერ, ასე არ გამოდის. იქ ტკივილიცაა, ცივი გონებით დანახული განწყობილებებიც და სხვა ემოციაც, რომელსაც წერისას ერთად აგუნდავებ.
- წიგნის დიზაინს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- პირველი შეხება წიგნთან ურთიერთობისას გარეკანის მეშვეობით ხდება. დღეს პოლიგრაფიულად მაღალი ხარისხია. ჩემი წიგნების უმეტესი წილის მხატვარი ვაჟა გიგაშვილია. ''გემების ჩრდილქვეშ'' ძალიან კარგად გააფორმა ანო კიკაჩეიშვილმა.
- სცენარებიც გაქვთ...
- დიახ, დოკუმენტურ ფილმებზე ვარ ნამუშევარი. გოაში ქეთევან დედოფლის ნეშტის მოსაძებნად ვიყავით. ''ქეთევან წამებულის'' რეჟისორი გიო მგელაძეა, ტექსტი ჩემია. ასევე გაკე-თებული მაქვს ფილმი კოლაუ ნადირაძეზე, რომლის რეჟისორი გიორგი მოლოდინაშვილი გახლდათ. მესამე ფილმი - ''საით მიდის ქარავანი'' - რეჟისორ ოთო ბერძენიშვილთან ერთად გავაკეთე.
- უნდა გკითხოთ ცოტა ხნის წინ ''ლიტერატურულ კაფეში'' მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც თქვენ და გიო მგელაძე მონაწილეობდით. რა მოხდა იმ დღეს?
- დუმილის უფლებას გამოვიყენებ, თუ შეიძლება.
- თქვენი ნებაა, დაბოლოს, რა თემაზე მუშაობთ ახლა და სად დაიბეჭდება?
- საშემოდგომოდ ''ლიტერატურულ პალიტრაში'' დაიბეჭდება ჩემი ვრცელი მოთხრობა ''მესამე თვალი'', თუ მანამდე სახელწოდება არ შეიცვალა.
- დასათაურებისას ბევრს ფიქრობთ?
- ეს რთული საკითხია, იდეალური ვარიანტია, თუ ეგრევე ''დააჭედე'', მაგრამ თუ ''გაჭედე'', მერე უამრავი სათაურიდან ყველაში ეჭვი გეპარება.
- ანუ თუ მაშინვე მესამე თვალი ჩაერთო, სათაური მზადაა....
- ჰო, თუ ეგრევე იწყებს მესამე თვალი მუშაობას, კარგია და თუ არა, შეიძლება, ძალიან გაგაწვალოს (იღიმის).
(ანა კალანდაძე, ჟურნალი ''რეიტინგი'')