reportiori.ge - წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!
ავტორი:
09 ივლისი, 2014. 21:19


დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ალბათ კიდევ ერთ ზამთარს გადაიტანს გაუსაძლის მდგომარეობაში, ეს გაბზარული და დანგრეული კედლები რამდენად გაუძლებს აქაურ სუსხიან დღეებს, მომავალი გვიჩვენებს


ბევრმა შესაძლოა არც კი იცის, რომ სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, რომელშიც წმინდა დიმიტრი ყიფიანმა  მთელი ცხოვრება გაატარა და შემდგომ წლების განმავლობაში  მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, დღეს დანგრევის პირასაა. ქართველი კლასიკოსი მწერლების არაერთი ლექსი თუ ნაწარმოები დაწერილა ამ სახლში.


1893 წლის ზამთარში, დეკემბრის ბოლოს, ქვიშხეთს დიდი ილია ესტუმრა. სტუმრობის მიზანი ერთ კონკრეტულ ფაქტს შეეხებოდა - იგი ლუარსაბ ყიფიანის ქალის ქორწილში მიიწვიეს. "იქ მყოფთაგან მის მოძრაობას ყველა აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს" (ი.ლოლაშვილი)

ქვიშხეთში ილიას იმდროინდელი მოწინავე საზოგადოების მთელი ამალა ახლდა თან.


ვახტანგ ჭელიძე წერს: "შუა ქორწილში წამოდგა თურმე ილია, ამალა გაიყოლა თან და დიმიტრი ყიფიანის სახლისაკენ გასწია.

ყიფიანების მშვენიერმა მამულმა სასიამოვნო გრძნობები აღუძრა თურმე. ამ კუთხის სილამაზის შესახებ ადრევე იცოდა ილიამ. ჯერ კიდევ 1885 წლის 28 აგვისტოს სწერდა იგი დიმიტრი ყიფიანს: "მე შევიტყვე დიდს მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს მანდ, ბორჯომის მიჯნაზე თქვენი მამულის ყიდვა ძალიან მოუწადინებია".


წმინდანად შერაცხული მამის ხელშენახები ნივთები, რაც ისტორიას შემორჩა, ამ სახლშია განთავსებული.


"კარიბჭე" მუზეუმში არსებულ პრობლემებზე რამენიმე წლის წინ წერდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ უცვლელია - ამის შესახებ "ხაშური ნიუსი" გვამცნობს.


თანამედროვე მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევების, ტექნოლოგიური პროგრესისა და კულტურული აღმავლობის ეპოქაში, მსოფლიოში არც ერთ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს არ ავიწყდება, რომ ამ მიღწევებს მნიშვნელოვნად ალამაზებს და ზრდის სულიერება, კულტურა და მისით ტკბობა. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ეს კულტურა დაფასებული და განვითარებულია. ეს კი მუზეუმების სიმრავლეში, იქ არსებულ ხელსაყრელ გარემოსა და ექსპონატთა დაცულობაში გამოიხატება. ამ ყველაფერს მნახველთა რაოდენობაც ემატება და იქმნება და ყალიბდება საზოგადოება, რომლის მსოფლმხედველობა და კულტურული მრწამსი გაცილებით მრავალფეროვანია იმ საზოგადოებასთან შედარებით, სადაც არ ექცევა ყურადღება სულიერ, ესთეტიკურ ღირებულებებს.


საქართველოში ამ მხრივ ძალზედ ცუდი სიტუაციაა, კერძოდ, მუზეუმებში მოუწესრიგებელი გარემო, მნახველთა სიმწირე მუზეუმთა თანამშრომლების  წუხილს იწვევს, ყველაზე იშვიათად კი მუზეუმებს ახალგაზრდები სტუმრობენ, ალბათ ეს ინტერნეტიზაციით აიხსნება, რადგან აქ ხომ ყველაფერს ნახავ ნებისმიერ ექსპონატზე და პიროვნებაზე, თუმცა ვერ ჩასწვდები ორიგინალთა სიდიადესა და სიღრმეს.


განსაკუთრებული მწუხარებით უნდა წარმოგიდგინოთ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში არსებული ქართველი თანამედროვე წმიდანის, XIX საუკუნის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ყიფიანის (1814-1887 წ.წ.) სააგარაკოდ აგებული სახლ-მუზეუმი.  მუზეუმის ფონდებში დაცულია დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, ხელნაწერები, წერილები, ფოტომასალა, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.


ამას გარდა ეს სასახლე წლების მანძილზე ქართველ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, აქ იწერებოდა და იქმნებოდა ქართული კლასიკური ლიტერატურა ჩვენი სახელოვანი მწერლების მიერ, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებდნენ ქვიშხეთში. მუზეუმი, როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი 1990 წელს გაიხსნა, თუმცა დღეს მისი მდგომარეობა მეტად სავალალოა.


რჩება შთაბეჭდილება, თითქოს აქ ყოველივეს ყველამ ზურგი აქცია და დღემდე არავის მოუცლია, ალბათ სხვა პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და მუზეუმის არსებობა არარსებობის საკითხი მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ, მცირე ჯგუფს თუ ადარდებს. წლის დასაწყისში სახლ-მუზეუმს ვესტუმრე სადაც ჩვენთან საუბარში მუზეუმის თანამშრომელმა გივი გელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ახალი ხელისუფლების პირობებში მუზეუმი პირვანდელ სახეს დაიბრუნებდა.


ამ სახლში დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე ყიფიანი მეუღლესთან ერთად და  უფროსი ვაჟის ქალიშვილები. შემდეგ ქალიშვილები გადავიდნენ ცოტა მოშორებით. აქ კი კოტეს ოჯახი დარჩა. კოტე 1921 წელს გარდაიცვალა და დარჩა მეუღლე ნინო ყიფიანი, რომელიც 1937 წლამდე ცხოვრობდა.  კომუნისტური წყობის დროს ფაქტობრივად ართმევდნენ ამ სახლს  და ჯერ სკოლა გაიხსნა, შემდეგ ბაღი, ეს სახლი, რომ არ განადგურებულიყო და დაკარგულიყო, დიმიტრის რძალმა - ნინო ყიფიანმა - გადასცა მწერალთა კავშირს 1923 წელს. შემდეგ მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად ითვლებოდა, მოგვიანებით კი მხოლოდ მწერლებს ეკუთვნოდათ. მწერალთა კავშირმა ეს სახლი ფაქტობრივად გადააკეთა დასასვენებელ სახლად, დაიტიხრა და დაახლოებით 35-მდე ოთახი გაკეთდა.   ბევრი მემორიალური ნივთი მოუვლელობისა და უყურადღებობის გამო დაიკარგა და განადგურდა.


 

 

 

ჩამონგრეულია ჭერი, საშინელი ნესტია მუზეუმში. დიმიტრი ყიფინის სახლ-მუზეუმი ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებას ეკუთვნის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები 2013 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ რამდენიმე განცხადებაც გაკეთდა სხვადასხვა ტელევიზიის თუ პრესის საშუალებით, თუმცა აქ რესტავრაცია ჯერ არავის გაუკეთებია. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისათვის, ვინაიდან დღეს კულტურული კრიზისია ჩვენს საზოგადოებაში, მუზეუმთა მწირი დაფინანსება კი არ აძლევს საშუალებას მუზეუმის მუშაკებს ააღორძინონ სამუზეუმო საქმე.

 

 

 

იმედია დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი კიდევ ერთ ზამთარს გადაიტანს, მანამდე კი კვლავ იმედი ვიქონიოთ, რომ რაიმე შეიცვლება და უდიდესი საყვედური გამოვთქვათ იმ ორგანოების მიმართ, ვისაც შეუძლია მისი რესტავრაცია და სხვადასხვა გარემოებათა გამო აფერხებს ამ მადლიან და მნიშვნელოვან საქმეს.

 

 

 

 

 

( კარიბჭე, თეა ცაგურიშვილი)

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016