პროკურატურავ, იმოქმედე!
რუსულენოვანი საერთაშორისო გამოცემის „Совершенно секретно"-ს 2014 წლის 1-8 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული სკანდალური სტატიის - „იერიში ტვინებზე" - ქართული თარგმანის წაკითხვა „ასავალ-დასავალის" ამავე ნომერში შეგიძლიათ.
მე კი, წინამდებარე წერილში ყურადღებას გავამახვილებ ზემოხსენებული სტატიის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც საუბარია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა!
ალბათ, კარგად გემახსოვრებათ იმ ავბედით დღეს რუსთაველის გამზირზე მოშლიგინე პოლიციის „პიკაპები", რომლებზეც უცნაური აპარატურა იყო დამაგრებული.
იმ დღეებშმი ყველა ბჭობდა, თუ რა აპარატურა იყო ეს და რისთვის დასჭირდათ მისი გამოტანა რუსთაველის გამზირზე, როცა მშვიდობიანი აქცია რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ისედაც დაშლილი იყო.
როგორ „Совершенно секретно"-ს სტატიაში ვკითხულობთ, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ის „უცნაური აპარატურა" სპეციალური აკუსტიკური იარაღი - Medium Range Acoustic Device - იყო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებისგან მიიღო და რომელიც ამერიკელებმა მანამდე ერაყელი ბოევიკების წინააღმდეგ გამოსცადეს.
მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას რეზინის ხელკეტებით დაბეგვა, რეზინის ტყვიებით დაცხრილვა და გაზით დაწამვლა არ აკმარა და მათ წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღიც გამოიყენა!
ძვირფსო მკითხველო, ეს ძალიან დიდი სკანდალია!
ამ სკანდალის გამო საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ და დამატებითი ბრალი წაუყენოს ვანო მერაბიშვილს!
დიახ, მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლით კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებამ სწორედ ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა!
ამის დეტალურ დასაბუთებას ქვემოთ შემოგთავაზებთ, თუმცა, მანამდე ნაცპროვოკატორების, ნაცლიბერასტებისა და ნაცმიდრეკილების გასაგონად ერთი რამ მინდა განვმარტო: რუსულენოვანი საერთაშორისო გამოცემა „Совершенно секретно" ნამდვილად არ გახლავთ რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი და კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი გაზეთი, პირიქით, ეს გახლავთ პროდასავლური გამოცემა, რომლის რედკოლეგიაშიც ცნობილი დისიდენტები და პუტინის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ინტელექტუალები შედიან!
ასე რომ, ვერავინ იტყვის, თითქოს ეს გაზეთი 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებაზე კრემლის დაკვეთით წერს და პუტინის დავალებით სააკაშვილის დისკრედიტაციას ეწევა.
ახლა კი გადავიდეთ მთავარზე:
სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ფსიქოტრონული იარაღის ხმარების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით.
კერძოდ, ჟენევის კონვენცია და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებას კრძალავენ არათუ მშვიდობიანი მანიფესტაციების, არამედ შეიარაღებული კონფლიქტების დროსაც კი, ვინაიდან ეს იარაღი იწვევს ადამიანის ფსიქიკის უმძიმეს დაზიანებას!
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ფსიქოტრონული, აკუსტიკური იარაღის გამოყენება ითვლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია (საქართველოში ძალაშია 1995 წლის 29 ივნისიდან, შესაბამისი კონვენციით).
კიდევ ვიმეორებ, 2007 წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებით, ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ!
ისე, საინტერესოა, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც რატომ არ დაინტერესდა საქართველოს მთავარი პროკურატურა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამოძიებით?!
რა, საქართველოს პროკურატურაში არ იციან, რომ სააკაშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლით აკრძალული ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა?!
ეს ხომ პირდაპირ საფუძველია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების პირველ პირთა განსასჯელის სკამზე დასასმელად?!
კი ბატონო, ვთქვათ, საქართველოს მთავარ პროკურატურას დღემდე არ ჰქონია ინფორმაცია 7 ნოემბერს აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების შესახებ, მაგრამ ახლა ხომ ეს ინფორმაცია საჯარო გახდა და პროკურატურა ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე!
დიახ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი პროკურორსა და გამომძიებელს პირდაპირ ავალდებულებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყონ გამოძიება!
იმავე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლში კი შავით თეთრზე წერია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულ იქნა გამოძიების პროცესში ან გამოქვეყნდა მასმედიაში.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებ - ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა „Совершенно секретно"-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა, გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია.
უფრო მეტიც, საქართველოს პროკურატურას არათუ საფუძველი აქვს, არამედ კანონის ძალით რაის ვალდებული დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელთა ბრძანების გარეშეც 7 ნოემბრის აქციის დარბევა და, მითუმეტეს, აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება, ვერანაირად ვერ მოხდებოდა!
ამ საქმემ სააკაშვილი, როგორც საერთაშორისო დამნაშავე, განსასჯელის სკამზე უნდა დასვას!
პროკურატურავ, იმოქმედე!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"