reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა განმეორებით არჩევნებს 12 ივლისს წააგებს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:55
ინტერვიუ
ლევან ბერძენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა განმეორებით არჩევნებს 12 ივლისს წააგებს!“
ავტორი:
10 ივლისი, 2014. 20:21


ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ვერანაირი მობილიზება ნაციონალებს სასწაულებს ვერ მოახდენინებს და ისინი განმეორებით არჩევნებში პირწმინდად დამარცხდებიან. დედაქალაქის გადაყენებული მერი როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარტიას დამატებით პროცენტებს ვერ მოუტანს. შესაბამისად, 12 რიცხვს „ქართული ოცნება" მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების საზეიმოდ ელოდება. რაც შეეხება მორატორიუმს, მმართველ გუნდში სულაც არ მიაჩნიათ პრობლემად მისი დარღვევა, რადგან უგულავას შემთხვევაში დანაშაული ბევრად აღემატებოდა მორატორიუმის შინაარსს...


ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი:


- რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა, ეს იყო დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება. რაც შეეხება პროვოკაციას, ეს შეიძლება წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალებს არ სურთ, სასამართლოს გადაწყვეტილლებას დაემორჩილონ. სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგწონს თუ არა ის, მაინც უნდა დაემორჩილო. ასეთია დემოკრატიულ ქვეყნებში აღიარებული წესი. მე კარგად მახსოვს, რომ სასამართლოსთან დაუმორჩილებლობის გამო რუსთაველის გამზირზე სულ ცემა-ტყეპით შეყარეს ხალხი და უამრავი ადამიანი დააპატიმრეს და უბედურება დაატრიალეს ნაციონალებმა არც ისე დიდი ხნის წინათ. გასაკვირია მათგან ასეთი საქციელი, რადგან თითქოს ამკვიდრებენ სასამართლოსადმი პატივისცემას, შემდეგ კი ასეთ დამოკიდებულებას იჩენენ. ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, მიუხედავად იმისა, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რა კულტურის პატრონია და სხვა, მაინც ძალიან შემაშფოთებად გამოიყურებოდა, რადგან მათი საქციელით საერთო საზოგადოების სახე გამოიხატა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი რეალური სახე აჩვენა და ძალიან სამწუხაროა, საერთოდ ასეთი ამბები რომ ხდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. ვერც გიგი უგულავა, ვერც ყოფილი რომელიმე ელჩი და ვერც პარლამენტარი. ამიტომ, მგონი, პროცესიც სრულიად გასაგებია.


- რაც შეეხება გამოცხადებულ მორატორიუმს, თანაც არჩევნების მეორე ტურამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო უგულავას დაჭერა?

 

- გამოცხადებული მორატორიუმის დროს, არჩევნების მეორე ტურამდე ქვეყნიდან მიდიოდა კაცი, რომელიც დაბარებული იყო დაკითხვაზე.


- ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ გიგი უგულავა საქართველოში არ ჩამოვიდოდა?

 

- ეს ჩემი პრობლემა არარის, დარწმუნებული პროკურატურა უნდა ყოფილიყო, რომელიც არ იყო დარწმუნებული. სწორედ ამიტომ დააკავეს უგულავა. მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას. კაცი რომ მოეკლა, ასეთ შემთხვევაში რას ვიზამდით? ვიტყოდით, მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული და ვერ დავიჭერთ და უნდა მოვითმინოთო? მორატორიუმი ნიშნავს, რომ არავის არ დავიჭერთ არჩევნებთან დაკავშირებით და ვეცდებით, რომ პატარა დანაშაულზე, გადაცდომაზე თვალი დავხუჭოთ, მაგრამ დანაშაულზე, რომელზეც ძიება ორი წელია, მიმდინარეობს, სადაც მრავალი მილიონი იკვეთება და ამ დროს ეს ადამიანი აშკარად აპირებდა ქვეყნის დატოვებას. პროკურატურას რა უნდა გაეკეთებინა? ბუნებრივია, შემდეგ სასამართლოს უნდა დაედგინა. სხვათა შორის, პროკურატურამ სთხოვა სასამართლოს, რომ უგულავა საზღვარგარეთ არ გაეშვა, მაგრამ სასამართლომ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. მორატორიუმს აცხადებს ერთი მხარე და პროკურატურა არის მეორე მხარე. მე ვერ გეტყვით, რომ მორატორიუმი არის ისეთი რამ, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. თუ დანაშაულის სიმძიმე აღემატება იმას, რაც მორატორიუმში იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, ასეც მოხდებოდა. ჩვენ, პარლამენტის წევრებს, ბევრი რამის უფლება გვაქვს, მაგრამ მე რომ ქუჩაში ქალი გავაუპატიურო, თქვენ რა გგონიათ, მაცლიან და იტყვიან, რომ პარლამენტის წევრია და ისიამოვნოსო? კარგად არ მესმის იმ ადამიანების ლოგიკა, ვინც მორატორიუმზე საუბრობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ და დავიცავთ კიდეც ყველას უფლებას.


- გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ უგულავას დაპატიმრებაში შეთქმულების თეორიას ხედავს, რადგან წინასაარჩევნოდ ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალებისთვის იმუშავებს...

 

- ხუხაშვილის კომენტარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი, რა ვთქვა. მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა გავაანალიზო ხუხაშვილის კომენტარი.


- მაშინ მითხარით, როგორ ფიქრობთ, უგულავას დაპატიმრება ნაციონალების მხარდამჭერების მობილიზებას მოახდენს საარჩევნოდ?

 

- „ნაციონალურ მოძრაობას" მაქსიმალური მობილიზება ჰქონდა ახლაც და ექნება მეორე ტურისთვისაც, გიგი უგულავასთან ერთად თუ გიგი უგულავას გარეშე ისინი მხოლოდ მობილიზებით აღწევენ პროცენტებს. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის. უგულავას დაჭერა კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას თუ გამოიწვევს, ჩვენ ამის მაინც არ გვეშინია, რადგან მაინც მოვუგებთ. ეს გადაეცით ბატონ გია ხუხაშვილსაც და მომავალ წაგებულ ბატონ ნიკანორ მელიასაც და მთლიან „ნაციონალურ მოძრაობასაც". „ნაციონალური მოძრაობა" ყველა განმეორებით არჩევნებს 12 ივლისს წააგებს, ყველას.


- როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა დაკავებები?

 

- კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი. თუ კანონი და პროკურატურა იპოვის იმდენ საბუთს, რამდენიც საჭიროა, რომელიც 100 %-ით და მყარად დაასაბუთებს, რომ ბატონი სააკაშვილი, ან კიდევ სხვა დამნაშავეა, მაშინ ყველა დამნაშავეა, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად აგებს პასუხს. სააკაშვილმა შევარდნაძისდროინდელი არც ერთი დანაშაული რომ არ გამოიძია, ჩვენ იგივეს ვერ გავაკეთებთ, ასე ვერ დავტოვებთ. მაპატიეთ, მაგრამ ხალხს ჯიბიდან ჰპარავდნენ ფულს და ამ ფულით იგებდნენ არჩევნებს. ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რა მოხდა მერე, ასე რომ ვაკეთებდით, მოითმინეთო. წინა ხელისუფლება ხალხს ფულს ჰპარავდა, თუ ისინი არ დაისჯებიან, დღევანდელი ხელისუფლებაც ასე მოიქცევა და ეს არ დასრულდება არასოდეს. ჩვენ იმით, რომ ამ დამნაშავეებს ვებრძვით, რეალურად დამნაშავე სისტემას ვებრძვით, რომ ფული არ მოიპაროს, არ მოხდეს პოლიტიკური კორუფცია და შემდეგ ამ მოპარული ფულით არ მოვიდეს ვინმე ხელისუფლებაში. ყველა უნდა გულშემატკივრობდეს ამ პროცესს, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ გაიყო საზოგადოებრივი აზრი? იმწუთას გამოჩნდა ნაწილი, რომლებმაც თქვეს, რომ გიგი კარგი ბიჭია, მე დამაფინანსაო... იცით, ჰიტლერმა რამდენი ადამიანი დააფინანსა და რამდენი აქვს გადახდილი მუზეუმებისთვის? საქართველოში ერთად არ გადაუხდია არავის იმდენი, რამდენიც ჰიტლერმა მარტო ნიცშეს მუზეუმს გადაუხადა, მაგრამ რა მერე? ჰიტლერმა გზებიც ააშენა და ამიტომ უნდა ეპატიებინათ მრავალი მილიონი ებრაელის ამოხოცვა, ან მთელი მსოფლიოს უბედურებაში გახვევა? გიგი უგულავას კარგი კაცობა და კაცური საქციელები, თუ არის ასეთები, ვერ წაშლის დანაშაულებს. ამიტომ ნუ გვიყვებიან ზღაპრებს და, საერთოდ, ძალიან გთხოვთ, სტეფანეს ნათქვამზე ნუ მატირებთ. აქ არის კანონი და გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. კანონის მიმართ ყველა იქნება თანასწორი, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ქიბროწაშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.


- ოდნავ განსხვავებულ თემას მინდა შევეხო, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები" ადრეც და ახლაც აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების პოლიტიკის მომხრეები იყვნენ და არიან...

 

- გიორგი ახვლედიანსა და კიდევ სხვა ჩამოწერილ ხალხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაპატიეთ, მაგრამ ასეთ ადამიანებზე ნუ მალაპარაკებთ. გიორგი ახვლედიანი თუ ოდესმე იქნება პარლამენტში, იქ დაველაპარაკები. ეს არის უბრალოდ ბოროტი და უვიცი განცხადება, აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს და ამაზე რა პასუხი უნდა გავცე? დებილობას ლაპარაკობს. „რესპუბლიკურ პარტიაზე" სალაპარაკო ნამდვილად არ აქვს გიორგი ახვლედიანს. ახვლედიანზე პასუხი გასცეს ნინო ბურჯანაძემ და სხვებმა, რომლებიც იქ არ არიან, სადაც უნდათ, რომ იყვნენ. ჩვენ ვართ რეალურ საქმესთან, ამიტომ ჩვენ, ან ჩვენი პარტნიორები, ვინც პარლამენტში არიან, ყველა მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დისკუსიისთვის, ახვლედიანთან და დანარჩენ წარსულის პოლიტიკოსებთან რა საკითხზე უნდა გავმართოთ დიალოგი? „რესპუბლიკურ პარტიას" დოკუმენტი აქვს გამოქვეყნებული აფხაზეთზე, სჯობს, ჯერ წაიკითხოს ეს დოკუმენტი ახვლედიანმა და თუ კითხვა მას ეზარება მაშინ საზოგადოებამ წაიკითხოს. რაზე მახარჯვინებთ დროს? ნულოვან პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელიც არსად არ არის, არც საკრებულოში, არც პარლამენტში და მის სისულელეებზე მალაპარაკებთ.


ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016