შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1976 წელს დაბადებული ლევან გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 26 აგვისტოს, თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალს ლევან გ. თავს დაესხა და ბანკიდან სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა გაიტაცა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ინფორმაციით, ბანკიდან გატაცებული თანხა ეროვნულ ვალუტაში 8 400 ლარია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1 სექტემბერს ლევან გ. რუსთავში, წითელი ხიდის გზატკეცილზე გადაადგილებისას დააკავეს. თბილისში, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ბანკიდან გატაცებული თანხა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).