„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გზას უხსნის არა მხოლოდ საქართველოს ბიზნესს ევროპისკენ და აძლევს მას ახალ პერსპექტივებს, არამედ იგი ქმნის, ასევე ძალიან ხელსაყრელ პირობებს უცხოური ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში" - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბათუმში გააკეთა. ფანჯიკიძე კონფერენციას - "საქართველოს ევროპული გზა" ესწრება.
როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, უცხოური ბიზნესიდან არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი და ეს მათთვისაც ახალი შესაძლებლობებია.
"პირველ რიგში მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან მესიჯზე, რომელიც გააჟღერა დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა თავის გამოსვლაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს არა კონფრონტაციის, არამედ თანამშრომლობის ადგილი. ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები გადაითარგმნოს შესაძლებლობებში. უცხოური ბიზნესიდან არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი პირიქით, ეს არის მათთვისაც ახალი შესაძლებლობები. ამიტომ ,აი ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მისამართით.
რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება გართულდეს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ,ჯერჯერობით ამის ნიშნებს საბედნიეროდ ვერ ვხედავ და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც დარჩება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 7 ივლისს პარაღაში გამართული შეხვედრა, რომ ჩვენ, ჩვენის მხრივ, განგვემარტა რუსი კოლეგებისთვის თუ რას ნიშნავდა ახალი პირობები საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის, მოგვესმინა მათი აზრი, გვეპასუხა შეკითხვებზე და აღმოგვეფხვრა ყველანაირი გაუგებრობა, რაც შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ორმხრივი ინტერესი არსებობს ამ თემის მიმართ და იმედი მაქვს, რომ სწორედ ის მოხდება, რაც პრემიერმა თქვა, რომ ახალი გამოწვევები გადაიზრდება და გადაითარგმნება ახალ შესაძლებლობებში. საქართველოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ევროკავშირთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.