reportiori.ge - დაზამთრებამდე ჯერ კიდევ შორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:56
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დაზამთრებამდე ჯერ კიდევ შორია
11 ივლისი, 2014. 16:10


ეს პუბლიკაცია გადმოცემული ამბითა  და განცხადებებითაა გამორჩეული.

წაიკითხავთ? დარწმუნდებით.


 

„დააკაკუნეთ და გაგეღებათ"


ძვირი სანახავი გახდა ამ ბოლო დროს ედუარდ შევარდნაძე: აქეთ -საზაფხულო არდადეგებზე და შვებულებით თბილისში ჩამოსული მისი ოჯახის წევრები (მე შენ გეტყვი, ცოტანი არიან), იქით - რიგში ჩამდგარი მასმედიის ჟურნალისტები (იმათზე მეტნი) და აღარ დარჩა დრო მასთან შეხვედრის მსურველი „რიგითი მოქალაქეებისთვის".


ოღონდ - არა ჩვენი სამეულისთვის, რომლის შემადგენლობა უცვლელია: ჯანსუღ ჩარკვიანი, ნუგზარ ფოფხაძე და თქვენი მონა-მორჩილი ამ სტრიქონების ავტორი. ბიბლიური  პრინციპი „დააკაკუნეთ და გაგეღებათ" (მათ. 7,7) ჩვენთვის მუშაობს - ყოველთვის სიხარულით გვიღებენ კარს.


ახლაც ასეა.


გაგვიღეს ჭიშკარი და უკვე კრწანისის, ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ერთ, ცალკე აღებულ ეზოში ვართ, რომელიც, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიად ითვლება.


დანარჩენი გაყიდულია.


კავკასიური ნაგაზები, რომლებიც უცხო ადამიანის დანახვაზე ისე აბუხუნდებიან, როგორც ზიმბაბვეს ნაციონალურ პარკში მშიერი ლომები, ახლა მოვალეობის მოხდის მიზნით ერთი-ორჯერ წამოიყეფებენ და მიყუჩდებიან.


- ხომ არ დაგვიბერდნენ?

- გცნობენ. მიგეჩვივნენ, - გვიპასუხებენ დაცვის ბიჭები.

„ცნობადი სახეები"...


მასპინძელი კიბის თავზე შეგვეგებება. ძალიან თბილად გვხვდება, თუმცა ასეა ყოველთვის, და კაბინეტისკენ გაგვიძღვება, სადაც ტრადიციისამებრ მივუსხდებით საჩვენოდ განწყობილ ტაბლას: ცოტა ხილი, ცოტა ტკბილეული, კიდევ რაღაც სასუსნავი და, რა თქმა უნდა, ხაჭაპური, რომლის გარეშე სუფრა სუფრად არ მიაჩნია ნუგზარ ფოფხაძეს.


იცის მასპინძელმა ეს.

- ყველი ბლომად აქვს და ცომი თხელია, - ერთი შეხედვით აფასებს თვითნაბადი ექსპერტი.


კონიაკი არ ელევა შევარდნაძეს, თუმცა რომელი დიდი მსმელები ჩვენg ვართ: მასპინძელს დავლოცავთ, ქალბატონ ნანულის გავიხსენებთ, სადღეგრძელოს იტყვის ბატონი ედუარდი: ღმერთმა სამშობლო ნუ მოგვიშალოსო!


დანარჩენი დრო საუბარს მიაქვს. ვერ გეტყვით, მარტო მოგონებებს-მეთქი. აქტუალური თემატიკა ზომიერი დოზით დღის წესრიგშია ყოველთვის.


პირველი საკითხიც აქედან მოდის.


- ბატონო ედუარდ, ამასწინათ პოპულარულმა მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა „კავკასიის" თუ „მაესტროს" ეთერში გამოსვლისას, ჩვენ ხელისუფლებაზე რომ ლაპარაკობდა, პირადად თქვენ ასეთი შეკითხვით მოგმართათ: „ბატონო ედუარდ, თუ იცოდით, თქვენ შემდეგ ესენი რომ მოდიოდნენ, რატომ „წახვედით სახლში"?


რატომ წახვედითო...

პასუხად იცინის შევარდნაძე, გულიანად იცინის.


- პაპუაშვილი შესანიშნავი მსახიობია, - ამბობს ჩარკვიანი, - განათლებული და გონიერი კაცია.


- კიო, - უდასტურებს მასპინძელი.


 

„გაძევებულის" აღზევება


- უგუნურება დაატრიალეს თეატრთან დაკავშირებით, - სიტყვამ მოიტანა და აგრძელებს თემას ნუგზარ ფოფხაძე, - რობიკო სტურუას წინააღმდეგ შეთითხნილ სკანდალზე ვამბობ.


- დომინიკ სტროს-კანსაც აუგორეს, მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობიდან რომ მოეცილებინათ.


- მოიცილეს და ახლა „აღმოაჩინეს", რომ ბინძური პროვოკაცია იყო.


საინტერესო ამბავს მოჰყვა ნუგზარ ფოფხაძე რობერტ სტურუასთან დაკავშირებით:


- თერთმეტი წელიწადი ვიყავი სამხატვრო საბჭოს წევრი. ეს ის დროა, როცა რობიკოს „ყვარყვარე" და სხვა გახმაურებული სპექტაკლები იდგმებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. რა თქმა უნდა, იყვნენ მოწინააღმდეგეებიც, დაეჭვებულებიც, მაგრამ ძირითადად ფანტასტიკური კეთილგანწყობა და აღფრთოვანება დომინირებდა. არც სამხატვრო საბჭოზე, არც პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, სადაც მიმესვლებოდა (ნუგზარ ფოფხაძე ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე იყო. - ა.ს.), არ მახსოვს მის მიმართ კატეგორიულად საწინააღმდეგო პოზიცია გამოეთქვას ვინმეს. დაეჭვება - კი, ბატონო: ვაითუ ხელმძღვანელობიდან ვინმემ ისე ვერ გაიგოს, როგორც რეჟისორს აქვს ჩაფიქრებულიო.


გაიხსენეთო, წინადადებით მოგვმართავს ნუგზარი, რობიკოს რომელ სპექტაკლს წინ არ უსწრებდა ასეთი „სიფრთხილის ნოტი"?


ვერ ვიხსენებთ, რადგან დაეჭვებული საშუალო რანგის ჩინოვნიკობა თანმდევი ჭირია ყველა ხელისუფლების - ამით ამართლებენ თავიანთ არსებობას. ისიც ვთქვათ, რომ თავის დაზღვევის მცდელობა უფრო კულტურის სამინისტროს მხრიდან მოდიოდა - ჩვენ გვითქვამს და დანარჩენი თქვენ იცითო.


- გულწრფელად ვამბობ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ - ვინ არ იზღვევს თავს.


აკრძალავ სპექტაკლს - სიფხიზლეში ჩაგეთვლება, იდეოლოგიის ერთგულებაში და დაგიფასდება.


- ახლა რა, თეატრალური ფესტივალის პროგრამიდან არ ამოიღეს რობერტ სტურუას ახალი დადგმა, რომელსაც ასე ელოდა ჩვენი საზოგადოებრიობა?

- აკრძალეს!


- ჩემს დროსაც იყო რამდენიმე სპექტაკლის აკრძალვის მცდელობა, - იხსენებს ედუარდ შევარდნაძე, - პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერსა" და ბრეჰტის „კავკასიური ცარცის წრეს" ვგულისხმობ, უწინარეს ყოვლისა. ჩამაწვეთეს, ყვარყვარეში თქვენზეა მინიშნებაო. რატომ უნდა ვეგულისხმეთ მაინც და მაინც მე, აბსოლუტურად გაუგებარი იყო. დავესწარი გენერალურ რეპეტიციას და, პირდაპირ გეტყვით, შედევრის დაბადება ვნახე! გენიალური იყო! სცენაზე ავედი და მივულოცე მთელ დასს, რობიკოს ხელმძღვანელობით, ეს გამარჯვება.


- ბატონი ედუარდი „ყვარყვარეს" მეორე „პრაგონზე" მივიდა „რუსთაველში", - აგრძელებს ფოფხაძე, - პირველს ძირითადად თეატრალური ელიტა და პარტიულ-საბჭოთა დიდმოხელეები დაესწრნენ. აღფრთოვანებას არავინ მალავდა, მაგრამ, მაინც იცქირებოდნენ იქითკენ - ზევით: ის რას იტყვისო. ბატონო ედუარდ, თქვენ თქვით, რომ ყვარყვარეზე მიგანიშნებდნენ. ზოგიერთი მართლაც ასე მიიჩნევდა, მაგრამ რეალურად ასე არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან, ჯერ ერთი, რესპუბლიკის ხელმძღვანელად თქვენ სულ ახალი მოსული იყავით, მეორეც, მოსული იყავით საყოველთაო მხარდაჭერის ფონზე, ამიტომ ყვარყვარეობის დაბრალება ყურით მოთრეული იყო.


ტრადიციაა: ხელმძღვანელი საქართველოში საყოველთაო სიყვარულისა და მხარდაჭერის ფონზე მოდის, მერე აირევა ხოლმე მონასტერი...


ყვარყვარეში სხვა იდეა იყო ჩადებული: არა კონკრეტულ პიროვნებაზე მინიშნება, არამედ ზოგადად ყვარყვარიზმის ბუნების წარმოჩენა - დაუნდობლად და მაღალმხატვრული ძალით. სტურუას დიდოსტატურ ხედვას პერსონალიზაცია არ სჭირდება.


ახლა ზოგიერთი ცდზილობს, დევი სტურუასა და ვიქტორია სირაძეს შეაწმინდოს ხელი - ცეკას ეს მდივნები იყვნენ წინააღმდეგიო. მაგრამ, ჯერ ერთი: დევი უკვე გადასული იყო იმელის დირექტორად და თავის დროზე ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული რობიკოსთვის, და მეორე: დევიც და ვიქტორიაც სტურუების ნათესავები იყვნენ და შემოქმედებითი გზის გადაკეტვა ახალგაზრდა რეჟისორისთვის, თუნდაც ამის გამო, გამორიცხული იყო.


- ხაზგასმით ვამბობ, - კატეგორიულად აცხადებს ფოფხაძე, - რომ შესაძლებელია, ყველაფრის საფუძველი იყო სიფრთხილე, რათა ვინმეს იგივე „ყვარყვარე" რობიკოს წინააღმდეგ არ გამოეყენებინა... სპექტაკლი რომ დამთავრდა, შევარდნაძე დემონსტრაციულად ავიდა სცენაზე და ყველა მონაწილეს პერსონალურად მიულოცა წარმატება.


„ასე იყო ეს".

იქ ვინ გაბედავდა აკრძალვაზე კრინტის დაძვრას!


ედუარდ შევარდნაძის თანდასწრებით შეიძლება არც უნდა გვეთქვა, ვაითუ პირში ქებად აღქმულიყო, მაგრამ მაინც ვიხსენებთ, რომ მისი პირველკაცობის პერიოდში იდეოლოგიური მოტივით არ აკრძალულა არც ერთი სპექტაკლი, არც ერთი კინოფილმი, არც ერთი წიგნის გამოცემა.


ვთქვით იმიტომ, რომ ეს იმ ისტორიული პერიოდის ობიექტური დახასიათებისთვის არის აუცილებელი.


თორემ შევარდნაძე ქლესაობას უწინაც ვერ იტანდა, ახლა ხომ სულ არ სჭირდება.


„ახლების" ავადმყოფობაა.


ახლა ხშირა-ხშირად გვიხსენებენ „ბოლშევიკურ პერიოდს", მაგრამ ჭკუათმყოფელი კაცი გასული საუკუნის 70-80-იან წლებს არ გააიგივებს ზაკბიუროს დროინდელ სიტუაციასთან.


ეს ორი, განსხვავებული განზომილებაა.


ჭკუათმყოფელთათვის.


და მით უფრო თვალშისაცემია, რომ ისტორიის თავგადაკლული მაგინებლები დიდ შემოქმედს დღეს იმავე მეთოდით უსწორდებიან, როგორითაც ავადსასხენებელი რეპრესიების წლებში: „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა".


- სამწუხარო რეციდივია.

- და საშიში.


- ვინ, თუ არა დიდმა მაესტრომ, რობერტ სტურუამ იცის, როგორი ხელშეწყობა ჰქონდა მას რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხრიდან, ხელისგულზე როგორ ატარებდა ქართული (და არა მარტო) საზოგადოებრიობა, - ამბობს ნუგზარ ფოფხაძე და იხსენებს, რომ „რუსთაველის" თეატრის ყველა საგასტროლო მოგზაურობას საქართველოს რადიო და ტელევიზია ყოველთვის ფართოდ აშუქებდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობებით ამის გაკეთება წარმოუდგენლად ძნელი იყო, ზოგჯერ შეუძლებელიც კი.


- რატომ ვაკეთებდით ამას? იმიტომ, რომ საქართველო ზიარებულიყო რობიკოს საერთაშორისო წარმატების სიხარულს. ვახერხებდით ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით.



კალც-ლექსები, როგორც ჯანდაცვის საშუალება


ხანდაზმულთა თანმდევი საკითხი - ჯანმრთელობის პრობლემა ჯანსუღ ჩარკვიანმა იმასთან დაკავშირებით წამოჭრა, რომ ჩვენი მეგობრის, ვალერი ასათიანის დედის დაკრძალვაზე ქუთაისში ვერ წავიდა ფეხის აუტანელი ტკივილის გამო.


- ერთი მეუბნება, ვენების გაგანიერება გაქვსო, მეორე მიმტკიცებს, მარილების დაგროვების ბრალიაო.


- ამიტომ შენ თვითონ უნდა დაადგინო, რა გჭირს, - მოძღვრავს ფოფხაძე.


- მაგიტომაც დავიდევი ფეხზე გაჭრილი პომიდორი. გავსინჯე და სულაც არიყო მარილიანი, - უნიკალური სამედიცინო ექსპერიმენტის შედეგს გვამცნობს ჩარკვიანი.


- კიტრიც უნდა დაგედო, - იმავე ტონალობაში უსწორებს შევარდნაძე, - დაიგნოზის დასაზუსტებლად.


საუბარში ისე გავერთეთ, რომ დაგვავიწყდა ხაჭაპურიც კი.


- მიირთვით, მიირთვით! - გვეპატიჟება ბატონ ედუარდის რეფერენტი მარინა დავითაშვილი, - თორემ გაცივდება და სანებლიძე დაწერს, ერთი ცივი ხაჭაპური გამოგვიტანესო.


- და ისიც ფოფხაძემ მიირთვაო, - აზუსტებს თავად ფოფხაძე.


საერთო ძალით შევუტიეთ და ჯანდაცვისა და კიტრი-პომიდორის სალათის ურთიერთკავშირის საკითხზე გამართულ მიკროკონფერენციაზე დახარჯული დროის ნახევარი საკმარისი აღმოჩნდა ხაჭაპურის რაოდენობის გასანახევრებლად.


გარგანტუას სტუმრობას არ მოჰყოლია ეს შედეგი - ხაჭაპური იყო „ნამეტნავად" გემრიელი.


- ვიცოდით, სადაც მოვდიოდით, - აცხადებს ფოფხაძე.


- გამახარეთ თქვენი მოსვლით, - ჭიქას იღებს ბატონი ედუარდი, - თქვენი მოსვლისა იყოს.

მოსვლისო.

სიტყვა დაიჭირა ჯანსუღმა:


- „დიქტატურა მოდისო", გახსოვთ ბატონმა ედუარდმა ქვეყნის გასაგონად რომ თქვა?

ცხადია, გვახსოვდა.


და ექსპრომტად შემოგვთავაზა:

 

საბჭოთა ქვეყნის დანგრევაში წვლილი გაქვს დიდი,

სწორედ ამიტომ გემტერება სუყველა ფლიდი.

ავღანეთიდან ჯარები რომ გამოიყვანე,

დღეს შენზე ჯავრი სწორედ ამის გამო იყარეს.

ბერლინის კედელს რომ ანგრევდი გითხრეს: - ერიჰა,

„აბრეშუმის გზა" მიუმატე ბაქო-ჯეიჰანს?

რაც გააკეთე, რად გინდოდა, ეგ რად ინებე?

ალიევს ძეგლი დაუდგეს და შენ გაგინებენ.

თქვი მივდივარო, რადგან მოდის დიქტატურაო,

დემოკრატია დღეს შენს გულში ზის სამკურნალოდ!

 

ექსპრომტად თქმულს „ექსპრომტი შეფასებები" მოჰყვა:


- ზოგადფილოსოფიურია და, რაც მართალია, მართალია, ძალიან კარგია.


- დღევანდელი ქართულით რომ ვთქვათ, მაგარია.


- უფრო დღევანდელით, - ძალიან მაგარია. აბა, მარტო მიშა კი არ არის მაგარი...


გადადგომიდან რვა წლის შემდეგ შევარდნაძე იღებს ჯილდოს ადრინდელი დამსახურებისთვის. ორიოდ დღის წინათ ისტორიული „აბრეშუმის გზის" აღდგენის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის გენერალურმა მდივანმა მარტინ მანიმ ამ კავშირის უმაღლესი ჯილდო შინ მიუტანა, რადგან ოფიციალურ ცერემონიაზე შევარდნაძემ უარი თქვა. ჯილდოს გადაცემას ესწრებოდა აღორძინებულ „აბრეშუმის გზაზე" გადაღებული ფილმის ავტორი ბორის რუნოვი.


ეს იყო და ეს.

- ბატონო ედუარდ, თქვენ ერთხელ თქვით, რომ არც ერთ თქვენს ჯილდოზე უარს არ ამბობთ. ახლაც იმავე აზრზე ხართ?


- რა თქმა უნდა!

ამის დასტურად გერმანელ სტუმართან შეხვედრისთვის სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი და გფრ-ის დიდი ჯვრის ორდენი ერთად დაიბნია პიჯაკის ლაცკანზე.


- ყველა ჯილდო დამსახურებულად მაქვს მიღებული. რატომ უნდა უარვყო?! იმდენი მაქვს, გულზე არ მეტევა, - ამბობს და ეღიმება.


ჭეშმარიტად, არ აქვს შენდობა წინასწარმეტყველს საკუთარ სამშობლოში.


- ჩვენთან ისეთი დაბოღმილები მართავენ ქვეყანას, თითქოს მშობლები არ ჰყოლიათ, - აღშფოთებულია ჯანსუღ ჩარკვიანი და კალც-ლექსების გამოსაქვეყნებელი ციკლის ნიმუშებს დუშაშივით გააგორებს „სამღერელად":

 

ტანკი ტანკია, რუსულიც,

აშშ-ს ტანკიც ტანკია,

თქვენ ვის ტანკშიაც მიძვრებით,

ტანკი კი არა... და ასე შემდეგ.


ეს ტალღაც გადაგორდება და საუბარი სერიოზული კალაპოტით წარიმართება.


 

გვიღალატა თუ არა ამერიკამ?

 

თემა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას შეეხება, კერძოდ, ამ პროცესის ერთ ასპექტს, რომელზეც ნუგზარ ფოფხაძე პირველად ალაპარაკდება „მთავარი მოწმის" - ედუარდ შევარდნაძის თანდასწრებით.


- ჩვენს მეგობარ ამერიკელებს ხელი რომ არ შეეშალათ, - იტყვის იგი, - აფხაზეთის საკითხი ისე, როგორც დღეს დგას, დიდი ხნის წინათ გადაწყვეტილი იქნებოდა. როცა შევარდნაძემ სახელმწიფოს კონფედერაციული მოწყობის წინადადება წამოაყენა, ამერიკელები კატეგორიულად წინააღმდეგი წავიდნენ.


პირველად ვამბობ: დეპუტატ ზურაბ აჩბას მეშვეობით არძინბასთან საიდუმლო მოლაპარაკება მიმდინარეობდა მოსკოვში, კერძოდ, ჩემს მოსკოვურ ბინაში. ამ „ფარულ დიპლომატიაში" ბატონ ედუარდის დავალებით ვიყავი ჩართული. მოლაპარაკება მიმდინარეობდა არა მარტო რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, პოლიტიკოსებთან, სამხედროებთან, არამედ აფხაზების წარმომადგენლებთანაც. უნდა გამოვტყდე, რომ არძინბა არა მარტო ხელს არ უშლიდა მოლაპარაკებას, არამედ მისი ნდობით აღჭურვილი პირები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში.


- შედეგად რა მივიღეთ?

- შედეგი იყო ის, რომ ერთი მხრიდან ჩვენ, მეორე მხრიდან აფხაზეთის მმართველი ელიტა, ისევე, როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისაც ხელეწიფებოდა ამ პრობლემების მოგვარება, მივედით დასკვნამდე, რომ რეალური გამოსავალი ქვეყნის კონფედერაციული მოწყობა იქნებოდა. ამ შემთხვევაში ლტოლვილები უპირობოდ და უსაფრთხოების სრული გარანტიით ბრუნდებოდნენ აფხაზეთში (გარდა გუდაუთისა და ოჩამჩირესი, სადაც, როგორც აფხაზებს მიაჩნდათ, საჭირო იყო ვითარების მოსაგვარებლად წინასწარი მუშაობის ჩატარება, რადგან ქართველების სახლებში შეჭრილები იყვნენ ან ჩამოსულები, ან ადგილობრივები, რაც შეიძლება მწვავე დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო); ქართული საჯარისო შენაერთი უპრობლემოდ მივიდოდა ფსოუმდე და აფხაზებთან ერთად დაიცავდა საზღვარს. აფხაზეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა ფართო ავტონომიით.


ბატონ ედუარდს სერიოზულად აწუხებდა ის გარემოება, რომ ქართული საზოგადოებრივი აზრი მზად არ იყო კონფედერაციული იდეის მისაღებად. ამ იდეის მოუმზადებლად მიწოდებას შეიძლება გამოეწვია ვითარების არასასურველი განვითარება, დაპირისპირების ესკალაციაც კი.


მას აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა ამ პრობლემაზე მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან და, განსაკუთრებით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რომლებსაც გარანტორების როლი უნდა ეკისრათ.


რუსები ამ გზას, პრინციპში, დადებითად აფასებდნენ, მაშინ ურთიერთობები ჩვენ შორის გაცილებით გულწრფელი იყო, ყოველ შემთხვევაში, ამ პრობლემასთან დაკავშირებით. საჭირო იყო ამერიკელების დაყოლიება, რაც ძნელი აღმოჩნდა. გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებულმა შევარდნაძემ მითხრა: რა ვქნათ, ამერიკელების პოზიციას ანგარიში უნდა გავუწიოთო.


- რა პოზიცია ჰქონდათ ასეთი?


- უმაღლეს დონეზე განაცხადეს, რომ სამ-ოთხ თვეში შევეცდებით აფხაზეთის დაბრუნებასო. ამერიკელებმა მაშინ გაგვაჩერეს.


ეს არ ნიშნავს, რომ მათ გვიღალატესო, ასკვნის ნუგზარ ფოფხაძე, და მიიჩნევს, რომ მაშინ ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს. მათი ნაქები ანალიტიკა მცდარი გამოდგა.


ამ „აღსარებას" რომ უსმენდა, შევამჩნიე, - ედუარდ შევარდნაძემ თანხმობის ნიშნად რამდენიმეჯერ თავი დაუქნია, უთუოდ თანხმობის ნიშნად, მაგრამ კომენტარისგან თავი შეიკავა.


მთხრობელმაც, ეტყობა, ბოლომდე არ გახსნა კარტი, რამაც შეკითხვები გააჩინა. მაგრამ კითხვა-პასუხის საღამოს ვერ გავმართავდით - არ იყო საამისო ადგილი. მეორეც, ნუგზარ ფოფხაძემ იმდენჯერ გაუსვა ხაზი ყველაფრის თქმის შეუძლებლობას, რომ ზოგიერთი მომენტის დასაზუსტებლად შეკითხვის დასმა აშკარად არ ღირდა, რადგან თქმულზეც შეიძლებოდა ხელი აეღო და პერიპეტიები „სრულიადაც საიდუმლო" გრიფის შავ ყუთში ჩაიკეტებოდა.


მოვა დრო, იტყვის.


 

ღიმილის აუცილებელი დოზა

 

ჯანსუღისა და მისი პოეზიის სადღეგრძელოს შემდეგ პოეტებზე რომ ჩამოვარდა საუბარი, ბუნებრივი იყო.


- ვგიჟდები ამ 26 წლის ბიჭებზე - ბარათაშვილიდან მოყოლებული ლადო ასათიანის და მირზა გელოვანის თაობამდე - სად წავიდნენ, რა სიმაღლეებზე ავიდნენ!.. - გულწრფელადაა აღფრთოვანებული ჯანსუღ ჩარკვიანი.


ედუარდ შევარდნაძე გურამ რჩეულიშვილს იხსენებს, მისი ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს. იმ დროს გაგრაში ვიყავიო. როგორც კი შეიტყო, სასწრაფოდ აცნობა პარტიის ცეკას პირველ მდივან ვასილ მჟავანაძეს.


- მაშინ კომკავშირის ცეკას პირველ მდივნად ვმუშაობდი. გურამს, რა თქმა უნდა, ვიცნობდი. მჟავანაძეს ვუთხარი, რომ ცნობილი მწერალი და უნიჭიერესი შემოქმედი იყო გურამი. ახალგაზრდობა იცნობს და პატივს სცემს-მეთქი. - კარგი, კარგიო, - სასხვათაშორისოდ მიპასუხა ვასილ პავლოვიჩმა. ეტყობოდა, რომ არ იცოდა, ვისზე ველაპარაკებოდი.


- მე და ნოდარ დუმბაძე გურამის მამასთან მივედით, - აგრძელებს ჯანსუღ ჩარკვიანი, - ნოდარი მწერალთა კავშირის თავმჯდომარეა, მე პირველი მდივანი ვარ. ვუთხარით, რომ გვაქვს ამის უფლება, და, თუ ოჯახი თანახმა იქნება, შეგვიძლია გურამი ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოვასვენოთ. ჩაფიქრდა და იცით,რა გვიპასუხა? - ბიჭებო, გურამი სადაც ასვენია, იქაა მისი პანთეონიო. გავგიჟდი კინაღამ - რა მართალი თქვა! ერთი პატარა ლექსი მქონდა დაწერილი: „ქართველს სიკვდილი ფეხზე ჰკიდია, მისთვის მთავარი პანთეონია"... რა კონტრასტია, რა კეთილშობილებაა!


კონტექსტში ჩაჯდა ჯანსუღის წარმოთქმული სადღეგრძელო:


- ჩემია და ბევრმა თამადამ აიტაცა: ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც ჩვენთან იყო და სიცოხლეს გვიადვილებდა, წავიდა ჩვენგან და სიკვდილს გვიადვილებს!


- გაუმარჯოს! - ვთქვით ჩვენ.

გაიშალა პოეზიისა და მწერლობის თემა: რაც იყო და რაც აღარ არის, მოგონებამ გააცოცხლა:


- მოსკოვში ვართ ქართველი მწერლები და დაგვპატიჟეს რუსმა კოლეგებმა, - იხსენებს ჯანსუღ ჩარკვიანი, - შესანიშნავი სუფრა გაშალეს რესტორანში. კარგი პური ვჭამეთ და კარგადაც შევზარხოშდით.


იმავე დღეს და იმავე საათებში მოსკოველ ქართველებთანაც ვიყავით მიპატიჟებულები, ამიტომ ცოტა ადრე ავიშალეთ ქართველი სტუმრები. გამოვდივართ და ევგენი ევტუშენკომ მოგვაძახა ლერმონტოვის ერთი ცნობილი სტრიქონი: „Бежали робкие грузины". ნოდარ დუმბაძემ იმავ წამს დაუბრუნა ლერმონტოვისავე სტრიქონი: „Прощай, немытая Россия!".


იქ ამბავი ატყდა, ნუ იტყვი...


ნუ იტყვი კი არა, ნუგზარ ფოფხაძემ გაიხსენა, როგორ უყვებოდა შევარდნაძეს ანეკდოტებს მის შესახებ. ერთი ასეთი იყო:


შევარდნაძე ყოველთვის გვიანობამდე რჩებოდა სამსახურში. მუშაობდა. ერთხელ გურულისთვის უკითხავს:


- ამდენ სისულელეს რომ აკეთებ, როგორ ასწრებ?

- ადრე ვდგები!


- გვიანაც ვწვებით, - უპასუხია ცეკას პირველ მდივანს.


ჩარკვიანმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და „ახალი" ანეკდოტი მოგვასაღა, ცხადია, სვანზე:


- ჯარში მიჰყავთ სვანი. არ წახვიდეო, ურჩევს ძმაკაცი. რატომ? იმიტომ, რომ დედას მოგიკლავენო. - არ მიმყავს და...


- სვანმა ტელეფონის ახალი აპარატი იყიდა და ნომრების ასაღებად პატრულში წავიდა, - ამას ფოფხაძე ყვება.


- სულ ახალი ანეკდოტია, - აგრძელებს ჯანსუღი, - სვანი გაეკიდა შეყვარებულს. ხალხი უყურებს,რა მოხდებაო.


- მერე?

- გაასწრო...


გურულს დიდი ხნის უნახავი ახლობელი შეხვდა და ეკითხება, როგორ ხარო? - დავდგე ახლა და მოგიყვე?


იმ გურულისა არ იყოს, ყველაფერს ამ ჯერზე არ მოგიყვებით. ზოგი რამ სხვა დროისთვის გადავდოთ, მით უფრო, რომ მასპინძლის გულიც და სახლის კარიც სასურველი სტუმრისთვის ყოველთვის ღიაა და ამ სიკეთით ჩვენ კვლავაც ვისარგებლებთ.

 

არმაზ სანებლიძე

წიგნიდან „ერთი წლის მონაგარი"

 

P. S. ის იმედი დამთავრდა...

დღეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ მიხეილ დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ, როინ მეტრეველის წინადადებით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას.

ზეგ, 13 ივლისს ედუარდ შევარდნაძეს დაკრძალავენ მის სახლის ეზოში, სადაც ყოველთვის სიხარულით გვმასპინძლობდა.

ღმერთმა გაანათლოს.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016