reportiori.ge - იმედია, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გეგმას - პროვოკაციების მოწყობის შესახებ, ფლობს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:34
პრეს-დაიჯესტი
იმედია, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გეგმას - პროვოკაციების მოწყობის შესახებ, ფლობს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს
ავტორი:
11 ივლისი, 2014. 22:11



პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს  კუთხიდან პოლიტიკოსები და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ჩამოვლენ. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის დღეს, რომელიც 12 ივლისს, 15.00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, ხალხმრავლობა და უამრავი სიურპრიზია მოსალოდნელი.

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალების ფაქტის გამოყენებას, ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, სათავისოდ ცდილობენ.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უშიშროების ექს-მინისტრი, იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლას და ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს.

 

იგორ გიორგაძემ "რეგნუმთან" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალებაზე ისაუბრა:

“მე არაერთხელ შევაფასე შევარდნაძე, როგორც პოლიტიკოსი, მისი გარდაცვალება, მისდამი ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის. როგორც მართლმადიდებელი ტრადიციების ადამიანი, მის კუბოზე ცეკვას არ ვაპირებ. ის ხომ მისი ახლობლებისთვის საყვარელი მამა და ბაბუა იყო“, - განაცხადა  გიორგაძემ და დასძინა, რომ თუ, საქართველოს ხელისუფლება სამშობლოში დაბრუნების ნებას მისცემს, მზად არის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე ჩამოვიდეს.

 

იგორ გიორგაძის ეს პროვოკაციული განცხადება, საზოგადოებამ რატომღაც არაადეკვატურად აღიქვა. რადგან ცნობილია, რომ იგორ გიორგაძემ საქართველო 1995 წლის სექტემბერში, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის გამო დატოვა. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალი გიორგაძეს დაედო. რის გამოც იგი “ინტერპოლის“ მიერ იძებნება.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით გავრცელებული იგორ გიორგაძის ეს განცხადება, ხელისუფლებისთვის გამოწვევაა, რადგან იგორ გიორგაძის ბრალეულობის შესახებ, საბოლოო ვერდიქტი - დადებითი თუ უარყოფითი - გამოტანილი არ არის. უცნაურია, იგორ გიორგაძის ყოფნა თავის დაუძინებელი მტრის დაკრძალვაზე, რა აუცილებლობით არის განპირობებული?

 

იგორ გიორგაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს: ახალ ხელისუფლებას ტესტი ჩაუტაროს. ის ექსპრეზიდენტის გარდაცვალებით აპელირებს. თუკი სასწაული მოხდა და იგორ გიორგაძეს საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს, თანაც შევარდნაძის დაკრძალვაზე დასწრების მიზეზით, მაშინ სავარაუდოდ, ხელისუფლება დამნაშავის, ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის ნება-სურვილზე ცეკვავს და სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე საზოგადოება ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად შეიძულებს და ნიჰილიზმი შეიპყრობს.

იმედია, ხელისუფლება ამ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს და გაურკვეველი პოლიტიკური შეხედულებებისა და საეჭვო წარსულის მქონე იგორ გიორგაძეს, ქვეყანაში არ შემოუშვებს.

 

ცნობილია ის ფაქტიც, რომ იგორ გიორგაძესა და მიხეილ სააკაშვილს “ვარდების რევოლუციამდე” შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. იმდენად ახლო, რომ მიხეილ სააკაშვილს წინასაარჩევნო პერიოდშიც და მის შემდეგაც, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, რამდენიმე თვის განმავლობაში უშიშროების ყოფილი მინისტრის კორტეჟი დაჰყვებოდა და მას იგორ გიორგაძის ხალხი იცავდა.

ამის შესახებ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა. ამ საკითხზე ინტერვიუ კი სწორედ იმ ადამიანმა მისცა, ვინც გიორგაძის დავალებით უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის დაცვას. გიორგაძე, “ნაციონალურ მოძრაობას” ავტომობილებით და ფინანსურადაც დაეხმარა.

 

...მიხეილ სააკაშვილს აგრეთვე, კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი 2 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარა და ეს თანხა ერთ-ერთ რესტორანში, ქეშად გადასცა. ამის შესახებ ბადრი ბიწაძემ პრესითა და ტელევიზიით თავის დროზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა იგორ გიორგაძეც და ტარიელ ონიანიც „გადააგდო“, მათ ჯერ დახმარება გამოსძალა, შემდეგ მათთან დაახლოებული ყველა ადამიანი დააკავა. მოკლედ, “ვარდების რევოლუციის” დროს შექმნილი სააკაშვილი-ონიანი-გიორგაძის ტანდემი დაიშალა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისა და იგორ გიორგაძის გზები, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კვლავ გადაიკვეთა.

 

„ექსკლუზივ ნიუსის“ ინფორმაციით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი და იგორ გიორგაძე კვლავ დამეგობრნენ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს, მათი შეხვედრა ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა უზრუნველყო. იგორ გიორგაძემ მიხეილ სააკაშვილს დახმარება შესთავაზა და რუს პოლიტ-ელიტასთან შეხვედრებს დაპირდა. ამ შეხვედრების ნაწილი შედგა და სააკაშვილმა საქართველოში პოლიტიკური პროცესებისთვის ფინანსური მხარდაჭერის პირობაც მიიღო.

 

მიხეილ სააკაშვილისა და იგორ გიორგაძის ბინძური მიზნებისთვის, პრეზიდენტ შევარდნაძის დაკრძალვაზე გიორგაძის ჩამოსვლა, პოლიტიკური ხასიათის ვიზიტად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა პრეცედენტი და იგორ გიორგაძეს შესაძლებლობა მისცა, ქვეყნის საზღვარი გადმოლახოს. ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებამ გიორგაძე უნდა დააკავოს. დაკავების შემთხვევაში, ხელისუფლებას მისი შემოტყუება დაბრალდება, ხოლო თუ გიორგაძეს შემოუშვებს და არ დააკავებს, მაშინ ძებნილ გიორგაძესთან თანამშრომლობა.  ყველა ამაზე ალაპარაკდება და სამართლიანადაც. თუკი დამნაშავე გიორგაძეს აქვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, მიხეილ სააკაშვილმა რა დააშავაო?

ჰოდა, რადგანაც მიხეილ სააკაშვილს „არაფერი დაუშავებია“, ცნობილი ხდება, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე, შესაძლოა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დელეგაციას ჩამოყვეს. ევროპელი ლობისტების ფრთებქვეშ შეყუჟული მიხეილ სააკაშვილი, ჩვეულებისამებრ, პოლიტიკურ სპექტაკლს აეროპორტში დადგამს, შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში განაგრძობს და კრწანისის რეზიდენციაში დაასრულებს. ევროპელებით გარშემორტყმული სააკაშვილი ყველა წუთს გამოიყენებს და მთელი 9 წლის განმავლობაში, პირზე სულ შევარდნაძის გვარი რომ ეკერა, ახლა გამოხტება და ევროპელებისა და ტელეკამერების წინაშე იტყვის: მსგავსი დემოკრატი და გენიოსი საქართველოს არ ჰყოლიაო. არადა, ყველამ ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სააკაშვილს მისი წინამორბედის მიმართ.

 

თუ ეს ინფორმაცია ნამდვილი აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა და თავისი წინამორბედის „დატირება“ უსაფრთხოდ მოახერხა, თუ სამართალდამცავებმა ეს ფაქტი უყურადღებოდ დატოვეს და ის მშვიდობიანად დაუბრუნდა თავის „დისლოკაციის ადგილს“, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხეილ სააკაშვილმა ეს ერთობლივად დაგეგმეს, რადგანაც სცენარის ასე განვითარება, მიხეილ სააკაშვილს უშიშარს და მამაცს გამოაჩენს. მსგავსი „გმირობა“ კი ხელისუფლებას, ხელს არ აძლევს...

 

დავუშვათ, საქართველოს ხელისუფლებამ გარისკა და მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტ შევარდნაძის დაკრძალვამდე, ანდა დაკრძალვის შემდეგ დააკავა, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე ჩაიდინა - პრეზიდენტ შევარდნაძის მეუღლის, ნანული ცაგარეიშვილის დაკრძალვის დღეს, ყოფილი შს მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი დააპატიმრა. თუმცა მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მოქმედებები არც ერთ ევროპელ პოლიტიკოსს არ გაუპროტესტებია. პირიქით, ისინი ხმის ჩახლეჩვამდე აქებდნენ ნაციონალურ ხელისუფლებას. დიახ, მათთვის სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა მეხის გავარდნის ტოლფასი იყო. რადგან ნაციონალური “სარგო” იმდენად დიდი იყო, რომ ევროპელმა პოლიტიკურმა ელიტამ, რეალობის შეგრძნება დაკარგა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ყველა უზნეობა და უკანონობა ხახვივით შერჩა, რაც 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. რადგან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი მხარდამჭერები სწორედ ევროპელი პოლიტიკოსები იყვნენ. ჰოდა, მისი დაკავება, სავარაუდოდ, საქართველოს იმიჯს მიწასთან გაასწორებს. დიახ, მიხეილ სააკაშვილს, ქვეყანაში რომ უსაფრთხოდ შემოვიდეს და გავიდეს, სასათბურე პირობები აქვს. მისი გამოჩენა კი ნაციონალებს კიდევ მეტად გაახარებს და იმ ბიზნესმენებსაც იმედი მიეცემათ, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში დიდძალი თანხები ჩადეს. ნაციონალები პირველ ტურში რომ დამარცხდნენ, ის ბიზნესმენები თავიანთ ფულს ითხოვდნენ. მეორე ტურის წაგება, პრაქტიკულად, “ნაციონალურ მოძრაობას” გარანტირებული აქვს. თბილისის მერად ნიკა მელიას რომ არავინ აირჩევს, ესეც ცნობილია...

 

P.შ. იმედია, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გეგმას - პროვოკაციების მოწყობის შესახებ, ფლობს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. მოვლენები ქვეყნის საზიანოდ და “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ რომ არ განვითარდეს.

იმედია, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის დღე მშვიდობიანად ჩაივლის და მსოფლიოს პოლიტიკოს ლიდერებს, რომლებიც საქართველოში შევარდნაძისთვის პატივის მისაგებად ჩამოდიან, ღირსეულად ვუმასპინძლებთ.


დარეჯან ლიპარტელიანი (exclusivenews.ge)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016