reportiori.ge - რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:26
პრეს-დაიჯესტი
რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს?
ავტორი:
11 ივლისი, 2014. 22:19



რა პოსტი ეკავა თბილისის მერიაში და რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს

სახელმწიფო აუდიტმა გამოძიებას სკანდალური დასკვნა გადაუგზავნა

,,ვერსია’‘ განაგრძობს იმ მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურას გადასცა. ამჯერად, თბილისის მერიის მიერ, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებული ქალაქგაფორმების ღონისძიებებისთვის, 2006-2010 წლებში, თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენების შესაბამისობის ანგარიშს გთავაზობთ. თბილისის კულტურული ღონისძიებების, განსაკუთრებით, საახალწლო კონცერტების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებში ქალაქის განათება და ყველა საახალწლო აქსესუარის უზრუნველყოფა გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის კომპეტენციაში შედიოდა 2009 წლიდან ლელა კილაძე თბილისის მერიის ადმინისტრაციაში სწორედ კულტურულ ღონისძიებებს კურირებდა; მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში, სააკაშვილის მრჩეველის პოსტი დაიკავა, 2006-2010 წლები კი ის პერიოდია, როცა თბილისში (ბათუმშიც) არც ისე მაღალი დონის საახალწლო კონცერტები იმართებოდა. ბევრს საუბრობდნენ და ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტების სკანდალური დასკვნითაც დასტურდება, რომ თბილისის მერიის მიერ, საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერები ფორმალურად ცხადდებოდა. აუდიტის დასკვნაში არაერთი შესყიდვის ფაქტია განხილული, როდესაც ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს. ხშირია შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს. ამ ფონზე, საინტერესოა, დადგება თუ არა გიგი უგულავას მეუღლის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოძიების პროცესში, მოუწევს თუ არა ლელა კილაძეს დაკითხვებზე სიარული. ,,ვერსია’‘ დეტალურად განიხილავს დასკვნას, რომელიც ნათელს მოჰფენს, როგორ და რა პრინციპით იგეგმებოდა საახალწლო ღონისძიებები, რატომ ყიდულობდნენ კომპანიები უხარისხო გირლანდებს, რატომ იხდიდა თბილისის მერია სხვადასხვა ფასს დეკორატიულ ნაძვისხეებში და რა მიზეზით იმართებოდა თბილისში მდარე ხარისხის კონცერტები.   

დარღვევები საახალწლო ილუმინაციების შესყიდვაში

აუდიტით დადგინდა, რომ 2006-2010 წლების ქალაქგაფორმების წლიური ბიუჯეტის მიზნობრივ პროგრამებსა და ღონისძიებებს დაგეგმვისას პრობლემებია. პარალელურად, დამტკიცებულ მაჩვენებლებში ხშირად შეჰქონდათ ცვლილებები და საბიუჯეტო ასიგნებების ხშირი შიდაკვარტალური გადანაწილება ხდებოდა. 2006-2010 წლებში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ილუმინაციებისა და სხვა აქსესუარების შესყიდვებში, ძირითადად, შუამავალი ფირმები (მომწოდებლები) მონაწილეობდნენ. ცალკეულ შემთხვევებში, გამოცხადებულ ტენდერებში, ერთმანეთთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები მონაწილეობდნენ. ამის გამო, არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, მიწოდებული საქონლისა და სამუშაოების ფასების მაღალ დონეზე ხელოვნურად შენარჩუნებისა და ფირმებს შორის წინასწარი გარიგებების შესაძლებლობებისთვის მომეტებული რისკი შეიქმნა. 2006-2010 წლებში, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვებზე გამოცხადებულ ტენდერებში სატენდერო დოკუმენტაცია, ჩვეულებრივ, 2-3 პრეტენდენტს შეჰქონდა, მაგრამ რეალურად, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამის გამო, ტენდერით შესაძენი საქონლისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება, რომელიც შემსყიდველის მიერ, წინასწარ იყო განსაზღვრული, პრაქტიკულად, არ მცირდებოდა. 2007 წლის შობა- ახალი წლისთვის, დედაქალაქის ქუჩებისა და მოედნების მოსართავად, ილუმინაციების შესყიდვაზე, 2006 წლის დეკემბერში ჩატარებულ ტენდერში მონაწილეობა ,,არტ ლაინ თრეველმა’‘ მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. ამ კომპანიასთან 560 200 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. პარალელურად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად, დამდეგ 2007 წელს, შპს ,,არტ ლაინ თრეველს’‘ დამატებით 230 800 ლარის ღირებულების გასაბერი საახალწლო სათამაშოებისა და მოსართავი საშუალებების შესყიდვაც დაევალა. 2006 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებით, 227 900 ლარად, ამავე კომპანიისგან 25-მეტრიანი ნაძვისხე, თანმდევი მომსახურებით შეისყიდეს. ამ შესყიდვების მიხედვით, შპს ,,არტ ლაინ თრეველის’‘ მიერ იმპორტირებული საქონლის მიწოდების შედეგად მიღებულმა მოგების მარჟამ 15%-ს გადააჭარბა. 2008 წლის შობა- ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვაზე, 2007 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებულ ტენდერში, ორი პრეტენდენტი შპს ,,არტ ლაინ თრეველი’‘ და შპს ,,ოქსინო’‘ მონაწილეობდნენ. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად შპს ,,ოქსინო’‘ გამოცხადდა. 2007 წლის 1 ნოემბერს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შესყიდვის მიხედვით, იმპორტირებული საქონლის მიწოდების შედეგად, შპს ,,ოქსინოს’‘ მოგების მარჟამ 18.3% შეადგინა. 2009 წლის შობა- ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2008 წელს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია სამმა პრეტენდენტმა შპს ,,ჩიბიმ’‘, შპს ,,ოქსინომ’‘ და შპს ,,არტ ლაინ თრეველმა’‘ წარადგინეს, სატენდერო წინადადება კი მხოლოდ შპს ,,ჩიბიმ’‘ შეიტანა. შესაბამისად, 2008 წლის 11 ნოემბერს, ტენდერში გამარჯვებულად შპს ,,ჩიბი’‘ გამოცხადდა. ,,ჩიბიმ’‘ ტენდერის სავარაუდო ფასთან შედარებით, 112 400 ლარით ნაკლები დააფიქსირა და იმავე წლის 27 ნოემბერს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შპს ,,ჩიბიმ’‘ 1 214 100 ლარის ღირებულების საახალწლო ილუმინაციები საქართველოში, ამავე ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტისგან, შპს ,,არტ ლაინ თრეველისგან’‘ შეიძინა. სინამდვილეში, შპს ,,ჩიბიმ’‘ საახალწლო ილუმინაციები ,,არტ ლაინ თრეველისგან’‘ 1 126 500 ლარად იყიდა, მაგრამ თბილისის მერიას 1 241 100 ლარად მიაწოდა. აუდიტით დადგინდა, რომ ,,ჩიბის’‘ მიერ, მერიისთვის მიწოდებული 385 700 ლარის ღირებულების, 9 დასახელების, სხვადასხვა საახალწლო კონსტრუქციები თბილისში, ადგილობრივმა კომპანიებმა შპს ,,პროცესორმა’‘, შპს ,,მერწყული 7’‘-მა და ,,3 MG’‘-იმ დაამზადეს. ამ კომპანიებს ,,ჩიბიმ’‘ 105 700 ლარი გადაუხადა! ამ შესყიდვების შედეგად, ,,ჩიბის’‘ მოგების მარჟა 16.6% იყო. 2010 წლის შობა- ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2009 წლის 28 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ შპს ,,კრედომ’‘ და შპს ,,ნებიმ’‘ წარადგინა, სატენდერო წინადადება კი შპს ,,კრედომ’‘. 2009 წლის 19 აგვისტოს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტულებით, ტენდერში გამარჯვებულად შპს ,,კრედო’‘ გამოვლინდა, რომელმაც სავარაუდო ფასთან შედარებით, 800 ლარით ნაკლები ღირებულება დააფიქსირა. ამ შესყიდვის შედეგად, შპს ,,კრედოს’‘ მოგების მარჟა 26% იყო. 2011 წლის შობა- ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2010 წლის 13 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შპს ,,საქართველოს საფინანსო კომპანიამ’‘, შპს ,,თ.ფ’‘-მ, შპს ,,ბასიანმა’‘ და შპს ,,სითი ლაითმა’‘. ამ კომპანიებიდან სატენდერო წინადადება შპს ,,სითი ლაითმა’‘ წარადგინა, რომელიც 2010 წლის 10 აგვისტოს, ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,სითი ლაითი’‘ 2010 წლის 23 ივლისს, ანუ ტენდერის გამოცხადებიდან, 10 დღის შემდეგ დაფუძნდა, რაც ნიშნავს, რომ 13 ივლისს, სატენდერო წინადადება წარადგინა კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ დაფუძნებული არ ყოფილა! შესყიდვის შედეგად, შპს ,,სითი ლაითის’‘ მოგების მარჟა 21.4% იყო.             

უხარისხო გირლანდები და დეკორატიული ნაძვის ხეები

2006 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ა.ნ.ი’‘-მ, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში, ანუ 2006 წლის 25 დეკემბერს, დაამზადა და თბილისის მერიას მიაწოდა 415 200 ლარის ღირებულების 44 ცალი საშობაო პავილიონი (ერთი ცალი პავილიონის საშუალო ფასი 9 043 ლარი). 2007 წლის 24 დეკემბერს, შპს ,,ა.ნ.ი’‘-ს მიერ, მერიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით, 44 პავილიონიდან, მხოლოდ 29 ცალი პავილიონი აღადგინა. ამ პავილიონებიდან, 2008 წელს, 12 ერთეული შპს ,,ზოოლოგიურ პარკს’‘ გადასცეს. თბილისის მერიის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა, შპს ,,კომპაუდმა’‘, ეს პავილიონები 32 900 ლარად შეაფასა. ამავე კომპანიის ანგარიშის მიხედვით, 2008 წელს მოქმედი საბაზრო ფასებით, თითოეული ასეთი პავილიონის დამზადებას 4 100 ლარი დასჭირდებოდა. აუდიტორული კომპანიის მიერ შეფასებული ერთეული პავილიონის დამზადების ფასსა და მისი შესყიდვის ფასს შორის სხვაობა, 5 033 ლარი იყო. 2007 და 2009 წლებში შესყიდული 20 პავილიონიდან, თითოეული დამზადების ღირებულება, შესაბამისად, 20 300 ლარი და 21 300 ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტები ასკვნიან, რომ ყოველწლიურად, თბილისის მერია დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავდა და ამიტომ ფიქრობენ, რომ მერიას ასეთი შესყიდვები საერთოდ არ უნდა განეხორციელებინა; მეტიც ასეთი სახის სავაჭრო პავილიონები მერიის ბალანსზე არც კი უნდა ყოფილიყო, ამ ტიპის საქმიანობა კერძო სექტორს უნდა განეხორციელებინა, რადგან სწორედ კერძო სექტორია დაინტერესებული საკუთარი პროდუქციის რეკლამითა და რეალიზაციის მოცულობის გაზრდით. 2007 წელს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე დეკორატიული საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟზე, დემონტაჟსა და მხატვრული მინათების სამუშაოებზე, თბილისის მერიამ 453 300 ლარი, 2008 წელს 215 500 ლარი, 2009 წელს 144 200 ლარი, ხოლო 2010 წელს 131 800 ლარი დახარჯა. 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შპს ,,აპრიორისგან’‘, თბილისის მერიამ 189 300 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. ამ ფასად, შპს ,,აპრიორმა’‘, თავისუფლების მოედანზე, დეკორატიული ნაძვისხის მხატვრული მინათების სამუშაოები შეასრულა. მიღება- ჩაბარების აქტში დაფიქსირებული საქონლის ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ, შპს ,,აპრიორისგან’‘, 88 000 ლარის ღირებულების მანათობელი გირლანდები შეისყიდა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ გირლანდების საწყობში განთავსება არ ფიქსირდება და ისინი არც ბუღალტრულად აღურიცხავთ. გირლანდების მონტაჟის მიზნით, 5 დღის მანძილზე, მემონტაჟე მუშებს, მათ შორის, მთამსვლელების შრომის ჩათვლით, ხელფასის სახით, 32 000 ლარი გადაუხადეს, რაც დღეში 6 400 ლარი გამოდის. 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით, თბილისის მერიამ, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შპს ,,დავითი და კომპანიისგან’‘ 270 100 ლარის მომსახურება მიიღო. ამ კომპანიამ თავისუფლების მოედანზე, დეკორატიული საახალწლო ნაძვის ხის, ასევე საკონცერტო სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები შეასრულა. 2008 წელს, შობა- ახალი წლის ღონისძიებებისთვის, თბილისის მერიამ შპს ,,დავითი და კომპანიას’‘, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე დეკორატიული ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებში 24 000 ლარი გადაუხადა. მომდევნო წლებში, თბილისის მერია, შპს ,,თბილქალაქგანათებას’‘, ყველანაირ ტრანსპორტზე, მათ შორის ამწეზეც, რომლებითაც კომპანიას მონტაჟის, დემონტაჟისა და მხატვრული მინათების სამუშაოები უნდა შეესრულებინა, 9 000 ლარს უხდიდა. 2008 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულებით, თბილისის მერიამ შპს ,,თბილქალაქგანათებას’‘ 183 800 ლარი გადაუხადა. კომპანიამ თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე, დეკორატიული საახალწლო ნაძვის ხის კონსტრუქციებისა და მისი მხატვრული მინათების სამუშაოები შეასრულა. შპს ,,თბილქალაქგანათებამ’‘, თბილისის მერიას, 49 400 ლარის ღირებულების, 14 100 მეტრის უხარისხო გირლანდები მიაწოდა, რომლებიც დემონტაჟის შემდეგ ჩამოწერეს და გაანადგურეს! აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ 2008, 2009 და 2010 წლებში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე დეკორატიული ნაძვის ხის მონტაჟის, დემონტაჟისა და მხატვრული მინათების სამუშაოებს შპს ,,თბილქალაქგანათება ერთი და იგივე ფასად ასრულებდა.                

საახალწლო კონცერტები და განათება- გახმოვანება

2007 წლის 13 დეკემბერს, თბილისის მერიამ, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შპს ,,არტ ჯისთან’‘ სცენების განათება- გახმოვანებაზე ხელშეკრულება გააფორმა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,არტ ჯი’‘ 2007 წლის 5 დეკემბერს, ანუ მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 8 დღით ადრე დაფუძნდა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა. 2008 წლის საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად, შპს ,,არტ კომპანისა’‘ და შპს ,,არტ ჯისგან’‘, მერიამ საკონცერტო სცენების განათებისა და გახმოვანების (ცოცხალი შესრულება) მიზნით, 556 100 ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინა. ეს თანხა, 14 დღის მანძილზე, ოთხ სხვადასხვა ადგილზე კონცერტის განათება- გახმოვანებით უზრუნველყოფას მოიცავდა. გახმოვანების მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე, შპს ,,არტ კომპანიმ’‘, მის ხელთ არსებული, გახმოვანების აპარატურის მატერიალური ბაზა წარადგინა, რომელიც ამ კომპანიას ,,ინვალიდთა ლიგიდან’‘ უსასყიდლო იჯარით ჰქონდა აღებული. 2009 წლის 4 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 99 900 ლარი იყო, ორი კომპანია შპს ,,არტ ჯი’‘ და შპს ,,არტ კომპანი’‘ მონაწილეობდა. სხვათა შორის, ორივე კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს. მართალია, სატენდერო დოკუმენტაცია ორივე კომპანიამ შეიტანა ტენდერზე, მაგრამ შპს ,,არტ ჯის’‘ სატენდერო წინადადება აღარ წარუდგენია. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი შპს ,,არტ კომპანი’‘ დარჩა, რომელმაც ეს ტენდერი 99 500 ლარით მოიგო. აღსანიშნავია ფასთა კოტირებით განხორციელებული შესყიდვა, რომლის დროსაც, 2009 წლის 24 დეკემბერს, შესყიდვის მასალები სამ ფირმას შპს ,,საუნდ სითის’‘, შპს ,,არტ ჯისა’‘ და შპს ,,არტ კომპანის’‘ გაუგზავნეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორ კომპანიას ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდა. 2006-2010 წლებში, საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყენებული სასცენო კონსტრუქციებით მომსახურებაზე (სცენა, პლატფორმა, ტრიბუნა) განხორციელებული შესყიდვების მთლიანი ღირებულება 859 800 ლარი იყო. 2006-2009 წლებში, თბილისის მერია სასცენო კონსტრუქციის მომსახურებას მხოლოდ შპს ,,ა.ნ.ი’‘-სგან იძენდა, 2010 წელს კი შპს ,,ა.ნ.ი & ცო’‘-სგან, არადა, ორივე კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს. სასცენო კონსტრუქციის მომსახურების ღირებულება ფართობის მიხედვით იყო განსაზღვრული. ხელშეკრულების მიხედვით, 1 კვადრატული მეტრი სცენის და პლატფორმის ფასი 160 ლარიდან 410 ლარამდე მერყეობდა. 2007-2011 წლებში, შობა- ახალი წლის საახალწლო ილუმინაციების მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4 761 ლარი იყო, რომლის 94% შპს ,,თბილქალაქგანათებაზე’‘ მოდიოდა.                         

მატერიალური ფასეულობების მოვლა- პატრონობა და შენახვა

თბილისის მთავრობის დადგენილებების თანახმად, აუდიტის პერიოდში, მერიის მიერ თხოვების ფორმით, სხვადასხვა რაიონის მუნიციპალიტეტებსა და ორგანიზაციებზე, შესაბამისი ხელშეკრულებებით, 424 400 ლარის ღირებულების საახალწლო ილუმინაციებია გადაცემული. აუდიტით დადგინდა, რომ ზოგიერთ ხელშეკრულებას თხოვების ვადა გასული ჰქონდა და თბილისის მერიის მიერ, ამ ილუმინაციების დაბრუნების მოთხოვნით, წერილები იყო გაგზავნილი. მიუხედავად ამისა, აუდიტის პერიოდში, თხოვებით გადაცემული მატერიალური ფასეულობები ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული. 2007-2011 წლების საახალწლო ღონისძიებებისთვის, ილუმინაციების მონტაჟს შპს ,,თბილქალაქგანათება’‘ ახორციელებდა. 2009 წლიდან, მონტაჟსა და დემონტაჟზე გადაცემულ- დაბრუნებულ მატერიალურ ფასეულობებზე, მერიასა და ,,თბილქალაქგანათებას’‘ შორის, მიღება- ჩაბარების აქტები ფორმდებოდა. ამ აქტებიდან ირკვევა, რომ მერიის მიერ, დასამონტაჟებლად გადაცემული საახალწლო ილუმინაციები ამ კომპანიამ დანაკლისის გარეშე დაუბრუნა მერიის საწყობს. ქალაქის მთავრობის დადგენილებით, თბილისის მერიამ, თხოვების ფორმით, 2006 წელს შეძენილი საახალწლო ილუმინაციები, აფხაზეთის მთავრობას, ქუთაისის მერიას, საქართველოს საპატრიარქოს, ვანის, თერჯოლის, მცხეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს გადასცა, თუმცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, ილუმინაციების გადაცემის შესახებ მთავრობის დადგენილების დანართში, 25 600 ლარის ნაცვლად, 19 500 ლარია დაფიქსირებული. 2007 წელს, თხოვების ფორმით გადაცემული საახალწლო ილუმინაციების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მთავრობის დადგენილების დანართში, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციებზე ამ ილუმინაციების გადაცემის ფაქტებია ჩამოთვლილი, 19 400-ის ნაცვლად, 16 300 ლარია დაფიქსირებული. თბილისის მერიასა და შპს ,,თბილქალაქგანათებას’‘ შორის, 2007-2008 წლების საახალწლო ღონისძიებებისთვის, დასამონტაჟებლად გადაცემული და დემონტაჟის შემდეგ, საწყობში მიღებულ მატერიალურ ფასეულობებზე შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტები, აუდიტის ჯგუფს ვერ გადასცეს. მეტიც, თბილისის მერიის ბუღალტერია მატერიალურ ფასეულობებს სათანადოდ არ აღრიცხავდა. მერიამ აუდიტის ჯგუფს ვერც იმ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის (შემოწმების) აქტები წარუდგინა, რომლებიც აუდიტორულ შესწავლას ექვემდებარებოდა. თბილისის მერიის მონაცემებით, 2006-2010 წლებში შეძენილი ილუმინაციების 46% გამოუსადეგარი ანუ უხარისხო იყო. საახალწლო ილუმინაციების საწყობის დათვალიერებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტები მიიჩნევენ, რომ მატერიალური ფასეულობები სათანადო პირობებში არ ინახებოდა და მათი დიდი ოდენობით დაზიანების მიზეზი, შესაძლოა, ესეც იყო. მუნიციპალური ქონებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერების, მისი დაცვისა და აღრიცხვა- ანგარიშგების მოწესრიგების მიზნით, სახელმწიფო აუდიტები თბილისის მერიას ურჩევენ: განსაზღვრონ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, რომლებიც მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის ოპერაციებს გააკონტროლებენ; მერიამ არსებული მატერიალური ფასეულობების სრული ინვენტარიზაცია ჩაატაროს, რათა არსებული სასაქონლო ნაშთები სრულყოფილად განისაზღვროს და ამ ფასეულობების სწორი რაოდენობრივი, თუ თანხობრივი აღრიცხვა- ანგარიშგების საფუძველი შეიქმნას; შესაძლებლობის ფარგლებში, მერიამ სასაწყობო მეურნეობის რეაბილიტაცია განახორციელოს, რათა მატერიალური ფასეულობების დაზიანებისა და ქურდობის შემთხვევები თავიდან აიცილოს.    


exclusivenews.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016