მე და ედუარდ შევარდნაძე თითქმის თანატოლები ვიყავით. ის იანვარში დაიბადა,- მე აპრილში. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ჩვენი გზები ხშირად იკვეთებოდა, ხანდახან კი, უპირირისპირდებდა კიდეც. ჩვენი კლანები ერთმანეთს მტრობდნენ. ჩემი უმცროსი ძმა დევი, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მდივანი და ედუარდ ამბროსევიჩი საქართველოს „ტახტის" ძირითადი კონკურენტები იყვნენ. საბედნიეროდ, ამ ბრძოლაში შევარდნაძემ გაიმარჯვა. რატომ საბედნიეროდ? იმიტომ, რომ საქართველოს პირველი კაცის ტახტი ღმერთისგან იყო დაწყევლილი. გავიხსენოთ, თუნდაც მჟავანაძის მაგალითი, ზვიად გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილი და... შევარდნაძე. ბერიაზე უკვე აღარც ვლაპარაკობ.
დღეს, ქართული „სამეფო" კარის ინტრიგებში ქექვის არც დროა და არც ადგილი. ეს საქმე ალექსანდრე დიუმა-მამას და რომაელი იმპერატორების ჟამთააღმწერელ სვეტონიუსის კალამს უფრო ხელეწიფებოდა. ამიტომ შემოვიფარგლები შევადნაძის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდის გახსენებით, რომლებშიც თავადაც ვმონაწილეობდი...
იმ წელს აფხაზეთში ვითარება აირია. ბუნტის მიზეზი აფხაზური ენის სტატუსი გახდა, რომლის ცნობასაც მოსკოვი კატეგორიულად არ აპირებდა, რადგან პროცესის განვრცობის ეშინოდა. საკურორტო ქალაქ გაგრის ფეხბურთის მოედანზე სრულიად აფხაზთა თავყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებმა, შევარდნაძესთან შეხვედრა მოითხოვეს და ისიც გაგრაში ჩაფრინდა.
იმ დროს გაგრის პლაჟზე მზეს ვეფიცხებოდი, მაგრამ როგორც კი ეს ორომტრიალი ატყდა, ჩემში მაშინვე ჟურნალისტმა გაიღვიძა და ამ მორევში თავით გადავეშვი.
უსაფრთხოების სამსახური შევარდნაძეს ურჩევდა გაავებულ ხალხის ბრბოსთან მისვლისთვის თავი აერიდებინა და მათ წარმომადგენლებს ცალკე შეხვედროდა. შევარდნაძემ უარი განაცხადა.
მაშინ გაძლიერებული დაცვა შესთავაზეს, მაგრამ შევარდნაძემ ესეც იუარა და თავისი გაიტანა - თავყრილობაზე მარტო წავიდა, ერთი მცველისა და ერთი ჟურნალისტის (რა თქმა უნდა ეს ჟურნალისტი მე ვიყავი) თანხლებით.
ჩვენი სამეული მოედანზე შევიდა და გაავებული არმიის წინაშე აღმოჩნდა. ბრბომ მაშინვე ალყაში მოგვაქცია. წინა რიგებში შავოსანი მოხუცი ქალები, ჯერ კიდევ ბერიას დროს დაღუპული შვილების სურათებით ხელში და „ჩერკესკიანი" ხანდაზმული მამაკაცები იდგნენ, რომლებსაც მარჯვენა ხელით ხანჯლის ვადა ჩაებღუჯათ. ქალები მოთქვამდნენ და ხელისუფლების ლანძღვაში, თავიანთ შორეულ წინაპარ, კოლხთა დედოფალ მედეას არაფრით ჩამორჩებოდნენ.
შევარდნაძეს უკან მივყვებოდი და თვალს არ ვაშორებდი. სახეზე ერთი ნერვიც არ შეტოკებია. ისე იქცეოდა თითქოს გარს გაავებული ფანატიკოსები კი არა მხიარული ფანები ეხვიენ. დედაბრებს ხელზე ემთხვეოდა, მამაკაცებს მხარზე კოცნიდა. უკვე აღარ მახსოვს რას ეუბნებოდა, ერთი ის მახსოვს, რომ აღტყინებით და გაუჩერებლად საუბრობდა. თავიდან მტრული რეპლიკებით აწყვეტინებდნენ. შემდეგ ბრბო მიჩუმდა და ყურთასმენად იქცა. სულ მალე მოწონების შეძახილები გაისმა. საქმე გაკეთებული იყო, თამაში მოგებული, ყოველ შემთხვევაში, ფრედ დამთავრებული, რაც ასევე მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
ხალხის მართვა შეეძლო, იმიტომ, რომ მათ ელაპარაკებოდა, იმიტომ, რომ პატივს სცემდა და არ ეშინოდა.
როდესაც ალყას თავი დავაღწიეთ და სტადიონის გასასვლელისკენ წამოვედით, შევარდნაძემ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ღიმილით თქვა:
- ნეტავ ასე იოლად შემეძლოს პოლიტბიუროს დარწმუნებაც...
როდესაც მიხაილ გორბაჩოვმა, სმოლენსკის მოედანზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცათამბჯენის გასაღები გადასცა, ამან საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია. აქამდე, მთელი კარიერის მანძილზე, მილიციის ხელმძღვანელობიდან პარტიულ ბოსამდე, შევარდნაძე დიპლომატიასთან არ ასოცირდებოდა, თუმცა თავისი ბუნებით ჩამოყალიბებული დიპლომატი იყო. არა როგორც გრომიკო, უფრო როგორც ტალეირანი. არ იცოდა არც ერთი უცხო ენა, მაგრამ იყო ინტრიგების დიდოსტატი. დიპლომატიური პროტოკოლის გაგებაში არ იყო, მაგრამ ქართული სუფრის აკადემია ჰქონდა გავლილი. არასდროს უსწავლია დიპლომატიის ისტორია, სამაგიეროდ, ადამიანების ამოცნობის არაჩვეულებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ამიტომაც სმოლენსკის მოედანზე, ცათამბჯენის დაპყრობა არ გასჭირვებია და მალე, მსოფლიოს არენაზე გათამაშებული საგარეოპოლიტიკური სპექტაკლების უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ჩამოყალიბდა. „მძიმეწონოსნებმა" მაშინვე „თავისიანად" აღიარეს და „ვერცხლისფერი მელას" თიკუნი მიაწებეს. ბევრი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი მისი ჭაღარა თმა იყო, შესაძლოა, მაგრამ არა მარტო. საქმე იმაშია, რომ გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი ისაია ბერლინი ადამიანებს ყოფდა მელიებად და ზღარბებად. შევარდნაძე არასდროს იჩხვლიტებოდა, მასთან საქმის დაჭერა სიამოვნებას განიჭებდა. მელიასავით თავაზიანი იყო და ურთიერთობის შემდეგ კმაყოფილი რომ გამოხვიდოდი, ვერც კი ამჩნევდი რამდენი ხიჭვით „დაგაჯილდოვა" ვერცხლისფერ მელად გადაცმულმა ზღარბმა.
სწორედ ამიტომ, ჩემთვის შევარდნაძის დიპლომატიური მეტამორფოზა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. მანამდეც კარგად ვიცოდი, რომ იანუსივით ორსახიანს, შივასავით ბევრი ხელი ჰქონდა და ერთდროულად, პოლიტიკის რამდენიმე დაფაზე შეეძლო თამაში, თან მოწინააღმდეგისკენ ზურგით მდგარს. მისი „ბრმად" თამაშის ხელოვნების ერთ მაგალითს მოგიყვანთ (თუმცა „ბრმად" არაფერს აკეთებდა. „ბრმად" მხოლოდ თავისი ცხოვრების თანამგზავრი ნანული უყვარდა).
მოვლენები ისევ შავი ზღვის სანაპიროზე განვითარდა, ოღონდ ამჯერად ბიჭვინთაში. მაშინაც შვებულებაში ვიმყოფებოდი და მწერალთა სახლში ვისვენებდი. ერთხელაც აღელვებულმა დირეტორმა მითხრა, ტელეფონთან შევარდნაძე გიხმობთო (იმ დროს საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი იყო). რა თქმა უნდა მაშინვე მის ოთახს მივაშურე. შევარდნაძის ერთ-ერთმა თანაშემწემ მაცნობა, რომ მალე მანქანა მომაკითხავდა და სახელმწიფო აგარკზე „პირველს" უნდა ვხლებოდი.
შევარდნაძემ თბილად მიმიღო და მალე საქმეზე გადავიდა. ამავე აგარაკზე ისვენებდა საკავშირო ცკ-ს მდივანი ლეონიდ ფიოდოროვიჩ ილიჩოვი. შევარდნაძეს ერთი შეხედვით უცნაური იდეა მოუვიდა: გადაწყვიტა, საბჭოთა იდეოლოგიის შეფისა და ყველაზე ანტისაბჭოთა მწერალ, კონსტანტინე გამსახურდიას, შეხვედრა მოეწყო.
რა თქმა უნდა, შევარდნაძე ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა. გამსახურდიას სიძულვილი ყველაფერ საბჭოთასა და რუსულთან, ლამის ფიზიოლოგიურში გადადიოდა. პრინციპულად არ საუბრობდა რუსულად, თუმცა პუშკინის ენას სრულყოფილად ფლობდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „კრაველის" ქუდითა და მოვერცხლილი ხანჯლით ცხადდებოდა. ამით დარიალის ხეობიდან შემოჭრილ რუსებს თავის უპირატესობას აგრძნობინებდა.
შევარდნაძეს უნდოდა ილიჩოვისთვის ეჩვენებინა, რომ ყველაფერი არც ისე რთულად იყო, როგორც წარმოედგინათ და ქართულ ინტელიგენციას მოსკოვი არ სძულს, თვით გამსახურდიასაც კი, და რომ შევარდნაძე, ინტელიგენციას, სწორი მიმართულებით მიუძღვებოდა. რა თქმა უნდა, შევარდნაძეს შეეძლო ამ როლისთვის ნაკლებად ოდიოზური პიროვნება შეერჩია, მაგრამ მას ბოლომდე რისკი სჩვეოდა.
ჩემი პირველი ამოცანა იყო გამსახურდია ილიჩოვთან შეხვედრისთვის მომემზადებინა (გამსახურდიას ბიჭვინთაში საკუთარი აგარაკი ჰქონდა). დიდი ქართველი მწერლისგან მოითხოვდნენ სახელმწიფო აგარაკზე მისულიყო „ევროპელად" გამოწყობილი და ილიჩოვთან ლევ ტოლსტოის ენაზე ესაუბრა. ამისთვის შევარდნაძემ შეიმუშავა გეგმა, რომლისთვისაც მე უნდა მეხელმძღვანელა. რაც შეეხება კრაველის ქუდს, რადგან გაუსაძლისი სიცხე იდგა, უნდა დამერწმუნებინა ბატონი კონსტანტინე,რომ თეთრი შარვალი და სპორტული მაისური ჩაეცვა, ისე, როგორც ამას ევროპაში სწავლისას აკეთებდა. რუსულად საუბარზე შევარდნაძემ მითხრა: „უნდა დავარწმუნოთ ეს ბობოლა მოსკოველი, რომ ქართველი ინტელიგენცია რუსულად უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე მოსკოველი პარტოკრატები". ედუარდ შევარდნაძის გათვლა სწორი აღმოჩნდა: ქართული პროზის პატრიარქის დასაყოლიებლად დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია და ბატონი კონსტანტინეც სახელმწიფო აგარაკს ბერლინელი სტუდენტის ჩაცმულობით ესტუმრა. მისი გამართული რუსული შეჯერებული იყო გერმანული, ინგლისური, ლათინური ფრაზებით და სტუმარს მიანიშნებდა, ვიღაც მიყრუებული აზიელი არ გეგონო, ევროპული ცივილიზაციის კავკასიული ფესვების წარმომადგენელი ვარო.
შევარდნაძემ ჩაიფიქრა და ყველაფერი ზუსტად გათვალა, მათ შორის ჩემი ფუნქციაც. ერთის მხრივ ძალიან ახლოს ვიყავი გამსახურდიასთან. ბავშვობიდან მიცნობდა, რადგან ოჯახებით ვმეგობრობდით და მამაჩემზე ამბობდა: „გიორგი ერთადერთი კომუნისტია, ვისთანაც ნარდის თამაში შეიძლება". ხშირად ვსტუმრობდით „კოლხურ კოშკს", რომლის ეზოშიც მე და ზვიადი ფეხბურთს ვთამაშობდით. მეორეს მხრივ ჩემი ვაჟი დაქორწინებული იყო ყოვლისშემძლე სუსლოვის შვილიშვილზე და ილიჩოვმა ეს კარგად იცოდა.
სადილმა დიდებულად ჩაიარა. შევარდნაძის გეგმამ გაამართლა. ქართველ დისიდენტსა და საბჭოთა პარტბიუროკრატს ლამის შეუყვარდათ ერთმანეთი, რასაც ქართულმა ღვინომაც შეუწყო ხელი და რა თქმა უნდა, შევარდნაძემ, რომელსაც გამოცდილი შკიპერივით საჭირო მიმართულებით მიჰყავდა სუფრა.
როდესაც სტუმრები გავაცილეთ, შევარდნაძემ მითხრა: „ცოტაც და ბატონი კონსტანტინე კომუნისტივით ალაპარაკდებოდა, ილიჩოვი კი დისიდენტივით".
თქვენ კი ამბობთ ედუარდ ამბროსევიჩი დიპლომატიური კარიერისთვის მზად არ იყოო!
80-იანი წლების ბოლოს, - ახლა უკვე გასული, XX საუკუნის, - შევარდნაძე უკვე მერამდენედ ჩამოფრინდა ვაშინგტონში უფროს ბუშთან და ბეიკერთან მოსალაპარაკებლად. შევარდნაძე გაჩერდა არა საბჭოთა საელჩოში, საიდანაც თეთრ სახლამდე ორი ნაბიჯი იყო, არამედ სასტუმრო „ოთხ დროში". სასტუმრო გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის" შენობის პირდაპირ მდებარეობდა და აქედან პრეზიდენტის რეზიდენციამდე მისვლას, ნახევარი საათი სჭირდებოდა.
მე სასტუმროს ვესტიბიულში ვიდექი, როცა შევარდნაძე, თანაშემწეებთან და დაცვასთან ერთად დათქმულ დროზე ადრე ჩამოვიდა, რადგან ედუარდ ამბროსევიჩს გადაუწყვეტია თეთრ სახლამდე ფეხით მისულიყო, რამაც ორივე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების უკმაყოფილება გამოიწვია. სასტუმროდან პირველი შევარდნაძე გამოვიდა, უკან რანგის მიხედვით, დიპლომატები მოსდევდნენ. პოლიცია და საიდუმლო სამსახურის აგენტები გზას უსუფთავებდნენ.
შევარდნაძე სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ და მიმყოლებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. რაზე ფირობდა ამერიკის დედაქალაქის ქუჩაში? ჟურნალი „ნიუ ლიდერი" წერდა, რომ მისი ღვაწლი ახალი დიპლომატიის შექმნაში რეიგანისა და გორბაჩოვისას უტოლდებოდა. ბეიკერი საოცრად აფასებდა, „შევი"-ს ეძახდა და ხშირად უმღეროდა: „Georgia on my mind", რა თქმა უნდა, მხედველობაში არა ამერიკის შტატი, არამედ საქართველო ჰქონდა.
იქნებ სმოლენსკის მოედანზე მდებარე ცათამბჯენში გატარებულ პირველ დღეს იხსენებდა? სამინისტროს თანამშრომლებს მაშინ ასე მიმართა: „მსოფლიო პოლიტიკის დიდოსტატ, გრამიკოსთან შედარებით, მე ერთი მოტორიანი ნავი ვარ". ახლა კი ვაშინგტონის ქუჩაზე მიაბიჯებდა ახლებური აზროვნებით დამუხტული დიდი პოლიტიკოსი, რომლის ერთ სიტყვასაც მსოფლიოს რუკის შეცვლა შეეძლო.
მე მახსოვს შევარდნაძე ძლევამოსილების ზენიტში, მახსოვს ვნუკოვოს აეროდრომზე, გორბაჩოვთან შესახვედრად წასული იმ დღეს, როცა თბილისში მის თანამოძმეებს ნიჩბებით უმასპინძლდებოდნენ. მახსოვს ბოლო დღე საქართველოს პარლამენტში, როცა მისივე გამოზრდილები უყვიროდნენ გადადექიო, მაგრამ ახლა, ამ სამგლოვიარო დღეს მინდა გავიხსენო ვაშინგტონის მე-16 ქუჩაზე, თეთრი სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მიმავალი დიდი პოლიტიკოსი. ის უყვარდათ გერმანელებს და ვერ იტანდნენ საბჭოთა გენშტაბში, რადგან სამშობლოს მოღალატედ მიიჩნევდნენ. აფასებდნენ ავღანელები, მაგრამ სძულდა პოლიტბიუროს „ულტრას" ლიგაჩოვის მეთაურობით. ცხოვრობდა სარკებიან დარბაზში, ოღონდ არა ლუის კეროლის ზღაპრებიდან, არამედ ატრაქციონების დაბრეცილსარკეებიან დარბაზში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდამ რჩებოდა ედუარდ შევარდნაძედ და სწორედ ისეთზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც წარსდგა უფლის წინაშე, იღლიაში ამოდებული თენგიზ აბულაძის „მონანიებით". მონანიებით, რომელიც ჯერ არ არის განწმენდა.
მელორ სტურუა
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ