საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია.
სვეტიცხოველი, რომელიც XI საუკუნეში საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში IV საუკუნის ქართული ეკლესიის ადგილზე აშენდა, 12 მოციქულის ტაძარს წარმოადგენს. გადმოცემით, ამ ადგილას, სადაც ტაძარი აიგო, პირველი აღსარება წმინდა ნინომ წარმოთქვა.
დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.
დღეს ასევე კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე აღავლენს.