ქართველი მეღვინეები ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებით კმაყოფილები არიან. ღვინოზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება რუსეთის დედაქალაქშია. ალკოჰოლური სასმელის გარდა, მინერალური წყლებიც კარგად იყიდება. ამის შესახებ გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ზაზა დუგლაძე საუბრობს. „ის რაოდენობა, რასაც ვაწვდით, ქსელში შესვლისთანავე იყიდება. გვეუბნებიან, რომ მოსკოვის მაღაზიებში რიგი დგება და ჩვენი ღვინო მალევე ქრება ქსელდან. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ერთი თვეა გამჩნდა. ამ ეტაპზე პროდუქცია შეიტანეს კომპანიებმა: „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“, „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ და „თბილღვინომ“, უახლოეს მომავალში ამ კომპანიებს კიდევ რამდენიმე დაემატება. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე შვიდწლიანი პაუზის შემდეგ 2013 წლის ივნისის დასაწყისში დაბრუნდა.