შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დღეს დაიწყო. სწავლებაში სამთო მომზადების სკოლის მომავალ ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ჩეხი, სომეხი და უნგრელი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
„პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PFP) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ოთკვირიანი სწავლება 4 ფაზისგან შედგება. პირველ ეტაპზე კურსში მონაწილე სამხედროები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საბაზისო ზაფხულის კურსის განმავლობაში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ და მყინვარწვერზე გადაადგილებისთვის მოემზადებიან.
მეორე ეტაპი ყაზბეგის რაიონში მყინვარწვერზე გადაადგილებასა და ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრას დაეთმობა. მესამე ეტაპზე კი, მონაწილეები აბულის სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევებს დახვეწენ. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ.
ოთხკვირიანი შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 27 სექტემბერს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დასრულდება.