„კვირის ქრონიკა" ესაუბრება „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის"" მერობის ყოფილ კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს:
- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წლევანდელი არჩევნები, ორგანიზების თვალსაზრისით, საუკეთესო იყო. ოპოზიცია კი ხელისუფლებას ადგილებზე სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ არჩევნებს?
- ვაცხადებ ხმამაღლა - ხელისუფლებამ არჩევნები გამიყალბა! ყველა ღონე გამოიყენეს, რომ მეორე ადგილი არ დაგვეკავებინა.
- წინასაარჩევნოდ ამტკიცებდით, რომ თქვენს ხმებს ყველა მეთოდით დაიცავდით. როგორ ეცადეთ ხმების დაცვა?
- ყველანაირად ვეცადე! სასამართლო პროცესებზე, მერობის კანდიდატებიდან, ჩემ გარდა არავინ დადიოდა, მაგრამ ერთი შემთხვევის გარდა, არ დაკმაყოფილდა არც ერთი მოთხოვნა.
- „მწვანეთა პარტიის" ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე გსაყვედურობთ, რომ საერთო პოზიცია არ გაქვთ გაერთიანებაში და შემოგითვალათ: „გაერკვიეთ, რა გინდათ ზოგადად პოლიტიკაში, ვისთან ხართ და როგორ ხართ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციას რაღაც პრინციპი უნდა ჰქონდეს!" - რას უპასუხებთ გაჩეჩილაძეს?
- სრული აბსურდია! „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" მთლიანად ემიჯნება ამ არჩევნების შედეგებს, ვინაიდან ვთვლით, რომ არჩევნები გაყალბებულია და საბოლოო შედეგები დაიდო ისეთი, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" აწყობდათ. მე პირადად, „ნაციონალურ მოძრაობას" მივიჩნევ დანაშაულებრივ სინდიკატად და არ განვიხილავ საქართველოს იურიდიულ სივრცეში რეგისტრირებულ გაერთიანებად.
- თქვენს ერთ-ერთ კანდიდატზე, ილია არჩემაშვილზე რას იტყვით? ცნობილია, რომ არჩემაშვილი 2003-2008 წლების მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, ხოლო უფლებამოსილების დასრულების შემდეგ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის მარჯვენა ხელი და ნდობით აღჭურვილი პირი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი „ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ე.წ. ვანოს ბიჭი, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" გამგებლობის კანდიდატი როგორ გახდა?
- შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 4 თვითმმართველ ქალაქში გვყავს გამგებლობისა და მერობის კანდიდატები, ილია არჩემაშვილი - თიანეთში, ზურაბ გელაშვილი - ახმეტაში, ტყიბულში - ბატონი ჭიქაბერიძე... ამ ადამიანებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ საზოგადოებაში და ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურში.
- ილია არჩემაშვილზე გკითხეთ.
- ვერ დაგეთანხმებით! მე არ მახსოვს, რომ ილია არჩემაშვილი ხელისუფლებაში ყოფილიყო. ვერაფერს გიპასუხებთ, გარდა იმისა, რომ თიანეთში მისი მხარდამჭერების სია საკმაოდ დიდია. ამიტომ, როგორც მინიმუმ, პატივი უნდა ვცეთ ამომრჩევლის დამოკიდებულებას.
- რუსთავის ფაქტზე რას იტყვით? რუსთავის მერობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურამდე სპეციალური განცხადება გააკეთეს და განმარტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, მამუკა ჩიქოვანის გამარჯვების შემთხვევაში, მასთან ითანამშრომლებენ. აღნიშნული, ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენლებმა „პოლიტიკურ პროსტიტუციად" შეაფასეს...
- ვერაფერს ვიტყვი, გუშინ ჩამოვფრინდი გერმანიიდან.
- გერმანიაში რა გინდოდათ?
- შევისწავლე, რა დადებით შედეგებს გვაძლევს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო-ეკონომიკური ნაწილი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სერიოზული პრობლემები გვექნება ამ მხრივ. ევროკავშირმა, ფაქტობრივად, შეისწავლა ჩვენი ბაზარი. 28 სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, შეზღუდვები გვაქვს. ვერც ერთ ქართულ პროდუქტს ვერ დამისახელებთ, რომელიც შეძლებს თავი დაიმკვიდროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ბაზარზე. მე და ლევან ჩაჩუამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური წერილით მივწერეთ, რომ ევროკავშირის პარაფირებული დოკუმენტის დეტალური ანალიზი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გაკეთებულიყო. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა. ვალდებული იყო, ერთი თვის ვადაში გაეცა ჩვენთვის პასუხი, მაგრამ ეს პასუხი დღესაც არ მიგვიღია. ჩვენი შანსი, რომ ევროპის ბაზარზე ფეხს მოვიკიდებთ, არის ნული!
- თქვენი ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია არჩევნების პირველ ტურამდე გვპირდებოდა, რომ, თუ შედეგები გაყალბდებოდა, ქუჩის გამოსვლებს დაიწყებდით. თქვენ უკვე დადასტურებულად საუბრობთ გაყალბებულ არჩევნებზე...
- ჩვენი თვითმიზანი არ არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა, მაგრამ, როგორც არ უნდა გვაყარონ ნაცარი თვალში, ფაქტია, მე მომპარეს ჩემი ამომრჩევლის არჩევანი.
- არჩევნები დასრულებულია. ახლა რას აპირებთ?
- საზოგადოებში მომწიფებულია მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის შესახებ. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია", სრული შემადგენლობით, საზოგადოების ამ დაკვეთაზე იმუშავებს.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"