„ჩვენი შანსი, რომ ევროპის ბაზარზე ფეხს მოვიკიდებთ, არის ნული“, - განაცხადა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ გერმანიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, სადაც შეისწავლა, რა დადებითი შედეგების მომტანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის.
„შევისწავლე, რა დადებით შედეგებს გვაძლევს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო-ეკონომიკური ნაწილი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სერიოზული პრობლემები გვექნება ამ მხრივ. ევროკავშირმა, ფაქტობრივად, შეისწავლა ჩვენი ბაზარი. 28 სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, შეზღუდვები გვაქვს. ვერც ერთ ქართულ პროდუქტს ვერ დამისახელებთ, რომელიც შეძლებს თავი დაიმკვიდროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ბაზარზე. მე და ლევან ჩაჩუამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური წერილით მივწერეთ, რომ ევროკავშირის პარაფირებული დოკუმენტის დეტალური ანალიზი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გაკეთებულიყო. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა. ვალდებული იყო, ერთი თვის ვადაში გაეცა ჩვენთვის პასუხი, მაგრამ ეს პასუხი დღესაც არ მიგვიღია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა“