იშხანზე განხორციელებული სამუშაოების მოსანახულებლად თურქეთში საქართველოდან ექვსკაციანი დელეგაცია გემგზავრა. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დელეგაცია ტაძარზე ჩატარებულ სამუშაოებს შეაფასებს. იშხანში დელეგაციის წევრები დღეს ჩავლენ, შეხვდებიან ადგილობრივ კოლეგებს, გაუზიარებენ რეკომენდაციებს, შენიშვნებს და მათთან ერთად სამომავლო სამუშაოებს დაგეგმავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოშკის ტაძრის მონახულებაც. ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი საქართველოში ხვალ დაბრუნდება. ჯგუფის შემადგენლობაში კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე საპატრიარქოდან ერთი რესტავრატორი იმყოფება. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პრესმდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი: „როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, აქვთ უფლება სარესტავრაციო საკითხებში ქართველმა არქიტექტორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა თავიანთი კორეკტივები შეიტანონ. მივესალმებით თუ ასე მოხდება. თუ მხოლოდ სანახავად ჩავიდნენ, ეს შედეგს არ მოიტანს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იშხანის სარესტავრაციო სამუშაოები ისე არ ტარდება, როგორც საჭიროა. დაველოდებით დელეგაციის დაბრუნებას და მათ ინფორმაციას, თუ რა და როგორ ხდება ამჟამად იშხანზე. მათ, ალბათ, ექნებათ შენიშვნები და შესწორებები, სწორედ ამის საფუძველზე უნდა მოხდეს შემდეგი შეთანხმება. თურქული მხარე ვალდებულია, ეს შენიშნვები გაითვალისწინოს“,-აღნიშნა მამა მიქაელმა.