პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური ჟურნალისტ ვახო სანაიას და ია ანთაძეს დისკუსიაში იწვევს. „რეპორტიორი" გიორგი უძილაურის ვრცელ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღევანდელ "საერთო გაზეთში" ვნახე სარედაქციო წერილი "ქართული ჟურნალისტიკის "დედა" ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიას ასწავლის". მანამდე კი ვნახე ია ანთაძის ერთ-ერთი სტატუსი, სადაც მას საუბარი აქვს ქართულ პოლიტიკაში სიღრმისეული შეფასებისა და ანალიზის დეფიციტზე. ამ ორი თემის გაერთიანება გადავწყვიტე ორი მიზეზით _ 1. ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა უზარმაზარი დემოკრატიული რეფორმები დაიწყო 2. ვფიქრობ რომ საზოგადოებას სიღრმისეული და საფუძვლიანი ანალიზი აკლია და 3. დროა მედიაც, არასამთავრობო სექტორიც, პოლიტიკაც და მთლიანად საზოგადოებაც გადავიდეს ახალ, არასასეირო, არაზედაპირულ, ყველასთვის მნიშვნელოვან დისკურსებში. მითუმეტეს, რომ შემდეგ არჩევნებამდე 2 წელია, კარგი პერიოდია ახალი საზოგადოებრივი დისკურსების დასაწყებად facebook-შიც გაზეთებშიც და ტელევიზიაშიც.
ჩემთვის პირადად საუკეთესო საშუალება facebook-ია, საუკეთესო ფორმა კი ღია დისკუსია და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება.
მოკლედ დავიწყოთ:
„საერთო გაზეთის" ემოციური წერილი ეხება რამდენიმე დღის წინ მაესტროში "ვახო სანაიას რეპორტაჟში მიწვეული სტუმრის _ ია ანთაძის ფრაზას "ივანიშვილმა ცუდად იცის _ რა არის დემოკრატია" და ასევე გადაცემის წამყვანს _ ვახო სანაიას, რომელიც არ შეეპასუხა და არ გააპროტესტა ანთაძის ეს განცხადება. თუმცა, ყველაფერი თანმიმდევრულად
არ მოვყვები საბერძნეთიდან:) უბრალოდ თავიდანვე მოკლედ განვსაზღვროთ დასავლური ტიპის დემოკრატიის ძირითადი არსი: ვისაუბროთ დემოკრატიაზე, როგორც გარკვეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის როგორც ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყაროს მმართველობაზე, რაც მოწოდებულია შექმნას საზოგადო სიკეთეები და დააკმაყოფილოს საზოგადო ინტერესები, ისე რომ ამ პროცესში არ შეილახოს საზოგადოების წევრთა ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები. ადამიანთა თანასწორობას, უფლებებს და თავისუფლებებს უზრუნველყოფს კონსტიტუცია და კანონი. ამ მიზნების განხორციელებისთვის ხალხი იყენებს თავისი ძაუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც ირჩევს და გადაირჩევს. დელეგირებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად ხელისუფლება დაყოფილია სამ(საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ) ხელისუფლებად, რომლებიც აბალანსებენ ერთმანეთს და ამავდროულად ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე...
ეს არის დემოკრატიის ზოგადი საფუძველი. ამ ბაზაზე ყალიბდება სხვადასხვა ვარიაციები. მაგრამ მთავარია, არ უნდა დაირღვეს უმთავრესი ზოგადი პრინციპები. შესაბამისად დემოკრატიის ეტალონური და იდეალური ფორმა არ არსებობს, სამაგიეროდ შეიძლება განისაზღვროს დემოკრატიის ხარისხი:
რაც უფრო მაღალია ხალხის ჩართულობა ქვეყნის მმართველობასა და მისგან უფლებადელეგირებულ მმართველთა კონტროლი, მით უფრო მყარია დემოკრატიაც და დემოკრატიის გამტარებელი ინსტიტუციები. ამ ხარისხის ზრდას უზრუნველყოფს დემოკრატიზაციის პროცესი. დავსვათ კითხვა _ დაიწყო თუ არა დემოკრატიზაციის პროცესი ბიძინა ივანიშვილმა?
გავიხსენოთ სულ სამიოდე წლის წინ საქართველოში არსებული რეალობა. ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი წყარო იყო არა ხალხი, არამედ ნაციონალური მოძრაობის ვიწრო გუნდი მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. ნაციონალების ძალაუფლებას არ ჰქონდა არც საზღვარი და არც არანაირი კავშირი ადამიანის უფლებებთან. ფეხქვეშ იყო გათელილი სიცოცხლის, თავისუფლების, აზრის გამოხატვის და კერძო საკუთრების უფლებები. ქვეყნის კონსტიტუცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში ხალხის დაუკითხავად დაგაკეთდა და მორგებულ იქნა კონკრეტულად სააკაშვილზე, კანონი მოქმედებდა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების შესაბამისად, შეიზღუდა მედიის თავისუფლება და ინფორმაციის გაცემა. ნულზე დავიდა საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლის უფლებაც და შესაძლებლობაც, რადგან ამგვარი სურვილის გამოხატვა საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მისი ოჯახის წევრების მომავალს, ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და სიცოცხლეს. არ არსებობდა არანარი ძალთა განაწილება სახელისუფლებო შტოებს შორის. პარლამენტი და სასამართლო უსიტყვოდ ემორჩილებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაწილებულ მმართველ გუნდს. ოპოზიციის ყოველ მცდელობას გაეპროტესტებინა ჩამოყალიბებული დიქტატურა წინ ხვდებოდა რეპრესიები, რომლებიც ხშირად წამებით, გაუპატიურებებითა და განადგურებით სრულდებოდა. ასეთ ვითარებაში შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი.
ერთ წელიწადში ივანიშვილმა მოახერხა არათუ კოალიციის ჩამოყალიბება, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილში შიშის გადალახვა, ხალხის პოლიტიკური გააქტიურება და მათი მოტივირება _ ებრძოლათ უსამართლობის, ძალადობისა და ტერორის მანქანის წინააღმდეგ.
ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა არჩევნებში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველად, საქართველოში სამართლებრივი გზით შეიცვალა ხელისუფლება და ამით გადაიდგა უდიდესი ნაბიჯი დემოკრატიზაციისკენ.
ივანიშვილმა არ დაუშვა ჯალათების მსხვერპლთა მხრიდან ანგარიშსწორება დამარცხებული ნაციონალების მიმართ, რაც იყო მეორე და ერთ ერთი ურთულესი ნაბიჯი დემოკრატიისკენ. იმ პერიოდში საზოგადოება არა მხოლოდ ბუნებრივად მიიჩნევდა გამარჯვებული ძალის მხრიდან დამარცხებულის დასჯას, არამედ დაჟინებით ითხოვდა კიდეც ამას. თუმცა, ივანიშვილმა გადალახა ეს მოთხოვნა და მართლმსაჯულების განხორციელების უფლება მისცა მხოლოდ კონსტიტუციას და სასამართოლს. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრემიერ მინისტრობისას განხორციელდა ფართო ამნისტია. რადიკალიზმითა და აგრესიით სავსე ქვეყანაში ერთმანეთის გვერდით დაიწყეს თანაცხოვრება ყოფილმა ჯალათმა და მისმა ყოფილმა მსხვერპლმა. დღესაც, სამართლიანობის აღდგენა ხდება არა ერთბაშად და ქაოსურად, არამედ ეტაპობრივად, კანონის მიხედვით. პასუხისგებაში ეძლევიან ესათუ ის პირები და მათ ბედს წყვეტს სასამართლო.
ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რთულად, ნელა, შესაძლოა მმართველი კოალიციისთვის ნეგატიურადაც, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებელი გასავლელია,ერთგვარი სახადია მთელი საზოგადოებისთვის. უნდა მივეჩვიოთ _ ქვეყანაში კანონის და კონსტიტუციის უზენაესობის დამკვიდრება მოხდება მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის პატივისცემით.
დემოკრატიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დამკვიდრება და ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო ტერორისგან. დღეს ბიზნესი თავისუფალია და ნელნელა, ახალშობილი ბავშვივით ცდილობს მიეჩვიოს თავისუფლების ჰაერით სუნთქვას. როგორც მთელი საზოგადოება, ბიზნესიც გადაჩვეული იყო თავისუფლებას.
კედევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიზაციისკენ _ თავისუფალი არჩევნები. ამ მცირე პერიოდში ჩატარდა სამი თავისუფალი არჩევნები, გაყალბების, ტერორისა და ზეწოლის გარეშე. დღეს ქართული საზოგადოება უკვე ბუნებრივად მიიჩნევს ამგვარ არჩევნებს, მაშინ როცა სამი წლის წინ არჩევნებში ამომრჩევლის თავისუფალი ნება რისკად ითვლებოდა.
კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიისკენ _ სასამართლოების გათავისუფლება სახელისუფლებო წნეხისგან. ათწლეულის განმავლობაში სასამართლო წარმოადგენდა მმართველი პარტიის მორჩილ მონას. იმ პერიოდის სიმახინჯეს ასახავს მხოლოდ ერთი სტატისტიკური მონაცემიც კი _ 99.9% გამამტყუნებელი განაჩენები. დღეს არავინ იცის რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგითაა დაინტერესებული მმართველი ძალა.
ამ შემთხვევაშიც, სასამართლოს დამოუკიდებლობა შესაძლოა გარკვეულ წრეებში აზარალებს ხელისუფლების იმიჯს, რადგან საზოგადოების ზოგიერთ ფენაში ეს აღიქმება ხელისუფლების სისუსტედ, რადგან ბევრისთვის დღემდე წარმოუდგენელია _ როგორ შეიძლება მმართველი ძალა არ აკონტროლებდეს სასამართლოს.
ივანიშვილის დემოკრატიზაციის პროცესმა დაიწყო ამგვარი სტერეოტიპების დანგრევა და ეს უზარმაზარი ნაბიჯია დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებისკენ. მედიის და ინფორმაციის გათავისუფლება, ხელისუფლების გახსნილობა და გამჭვირვალობა ასევე აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუციებს.
სწორედ დემოკრატიის ინსტიტუციების გაძლიერებამ უზრუნველყო "ანტიდისკრიმინაციული კანონის" მიღება. ეს კანონი მიღებულ იქნა იმისდა მიხედვით თუ რა კონიუნქტურა იყო ქვეყანაში.
ის ფაქტიც, რომ ცესკო სრულიად დამოუკიდებელი იყო და დანიშნა მეორე ტური, მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია პირველივე ტურის დამთავრებას ზეიმობდა, მიანიშნებს მხოლოდ ერთზე _ დემოკრატიული ინსტიტუციები რეალურად იწყებენ მუშაობას. დემოკრატიული სისტემა მყარდება.
საზოგადოება იწყებს გათავისუფლებას მახინჯი სტერეოტიპებისგან, სწავლობს განსხვავებული აზრის თმენას, საკუთარი ინტერესების გატარებას არჩევნებით ან ხელისუფლების ამა თუ იმ ნაბიჯის გაპროტესტებას, ქმნის აზრს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ და ეს საზოგადოებრივი აზრი ახდენს გავლენას ხელისუფლებაზე.
ყბადაღებული ჯიპების და პრემიების თემა სწორედ საზოგადოებამ წამოსწია. ხალხმა მოითხოვა შეცვლილიყო სააკაშვილის დროინდელი კანონი რათა დღევანდელი ჩინოსნები კანონს შეეზღუდა. ხალხის აქტიურობამ შედეგი გამოიღო _ ავტომანქანებიც და პრემიებიც მკაცრ რეგულაციაში მოექცა.
უფრო ადრე, საზოგადოებამ გამოთქვა უკმაყოფილება ერთ ერთი მინისტრობის კანდიდატის მიმართ, პროტესტმა შედეგი გამოიღო, ის ადამიანი აღარ დაინიშნა.
ახლახანს მოხდა ნასვამ პოლიციელთა ჩხუბი, რომელიც გადაიღო ნაციონალების ორბიტაზე მყოფმა ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ. ამის მიუხედავად შსს-ს რეაქცია იყო ოპერატიული _ იმავე დღეს პოლიციელები დაითხოვეს სამსახურიდან...
საზოგადოების გააქტიურების და ქმედუნარიანობის ზრდის მსგავსი მაგალითები უამრავია. საზოგადოება ნელნელა იბრუნებს რეალურ ძალაუფლებას_ ის გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე!
ხდება სწორედ ის, რასაც ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე აცხადებდა ივანიშვილი _ "ხალხმა უნდა აკონტროლოს ხელისუფლება!" "ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იყოს ხალხი!" "ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის მსახური!". არასრულ 2 წელიწადში ის სიტყვები არათუ შესრულდა არამედ უკვე ბუნებრიობადაც იქცა. ასეთი პროგრესი არ შეიძლება არ დაინახოს დემოკრატიზაცის პროცესით დაინტერესებულმა პირმა. ისევე როგორც შეუძლებელია ასეთ პროგრესს მიაღწიოს პოლიტიკოსმა, რომელმაც "არ იცის რა არის დემოკრატია".
საერთოდ რა საჭირო იყო ივანიშვილს ამდენი ეზრუნა დემოკრატიულ რეფორმებზე? ვინ თხოვდა ამას? მოვიდოდა, ერთ თვეში დაფერთხავდა ქვეყანას ნაციონალებისგან, გაავსებდა ციხეებს მათი ლიდერებით. თავის კონტროლქვეშ გადაიყვანდა იმ არხებს, რომლებსაც არ ეზარებათ არც ივანიშვილის და არც დღევანდელი მთავრობის ყოველდღიური მოთხრა, დაუძახებდა ბიზნესს და ეტყოდა _ ეხლა რასაც დაგავალებთ ის უნდა აშენოთო თუ არადა ციხეშიო, დახურულს დატოვებდა სახელმწიფო ხარჯებს და ვერც ვერავინ გაიგებდა _ ვის რა ჯიპი ყავს და მორჩა! რა უშლიდა ხელს? პოპულარობა დააკლდებოდა?
სააკაშვილი გაპრეზიდენტებამდე სხვადასხვა ენაზე ბევრს მაუწყებლობდა დემოკრატიაზე და მის აუცილებლობაზე, მას ზედმიწევნით ესმოდა დემოკრატიის არსი. მაგრამ რა გააკეთა გაპრეზიდენტების შემდეგ? მოკლა დემოკრატია!
დღევანდელი საზოგადოება დუღს, ითხოვს მეტ რეფორმას, მეტ დინამიკას, მეტ ოპერატიულობას! სულ ახლახანს რუსულ-ქართული ომის გმირის _ გიორგი ანწუხელიძის ოჯახს სტიქიამ სახურავი დაუზიანა. როგორც კი ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, იმავე დღეს მუნიციპალიტეტმა მიაკითხა ოჯახს, მაგრამ ფეისბუკ საზოგადოება ითხოვს უფრო მეტს _ რატომ არ დაასწრო ხელისუფლებამ მედიას! შესაძლოა ასეთი ოპერატიულობის მიღწევა ჯერ კიდევ შორია, მაგრამ საზოგადოების აქტიურობა სახეზეა.
2 წელიწადში საზოგადოებრივი აქტიურობის ამგვარი ზრდაც და ივანიშვილის დაწყებული რეფორმებიც მიანიშნებს მხოლოდ ერთზე _ მას უნდოდა მაინცდამაინც დემოკრატიის დამყარება, თან სწრაფ ტემპებში. წინასწარ ქონდა გათვლილი დემოკრატიზაციის პროცესის თანმიმდევრობა და ის მომავალი გადაცემაც, (რომლის განხილვაც მიდიოდა მაესტროზე) ასევე დემოკრატიზაციის პროცესის გეგმაში უზის.
დიდი ანალიზი არაა საჭირო იმის დასანახად, რომ სტერეოტიპები დასანგრევია არა მხოლოდ მოქალაქისა და ხელისუფების ან მოქალაქისა და მოქალაქის ურთიერთობებში, არამედ მათ მედიატორებშიც _ მედიაში და არასამთავრობო სექტორში. მედია ხშირად აკრიტიკებს ივანიშვილს მედიის კრიტიკისთვის, თუმცა ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს სხვა _ ივანიშვილზე ნაკლებგავლენიანი მოქალაქეებს კრტიტიკაზე. კრიტიკა კი ეხება მხოლოდ ერთს _ მედიის მეტ პასუხისმგებლობას და მეტ პროფესიონალიზმს, რადგანაც მედია მედიატორია.
დროა მედია დაეწიოს საზოგადოების პროგრესს და თავადაც აწიოს ხარისხი. აქ არაა საუბარი იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს მედიის ხარისხზე ივანიშვილის ის მედია პროექტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს მედიაში და მათ შორის მაესტროზე ვახო სანაიას და ია ანთაძის საუბარში. საუბარია იმაზე, რისთვისაც წლებია იბრძვის ია ანთაძე _ მედიის მეტ პროფესიონალიზმზე, ეთიკაზე, საკითხების სიღრმისეულ წვდომაზე, ხარისხიან გამოძიებებზე და იმ თემებისთვის მეტი ყურადღების დათმობაზე, რომლებიც ცდება ჭორაობას, მარჩიელობას და სეირის ყურებას _ ადამიანების ცხოვრებაზე, გადასახადებზე, ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, დასაქმებაზე, სოფელზე და ა.შ. შოუების გაკეთება ამ თემებითაც შეიძლება. და არაა საუბარი განსხვავებულ აზრზე და კრიტიკაზე. იგივე ია ანთაძეს აქვს უფლება _ ფიქრობდეს, რომ ივანიშვილს არ ესმის დემოკრატია, თუმცა ივანიშვილსაც ან სხვა პირსაც აქვს უფლება კითხოს მას _ რა არგუმენტებით ამყარებს ამ აზრს. ასევე კითხოს ვახო სანაიას _ თუ რატომ არ კითხა სანაიამ ანთაძეს _ რა არგუმენტებით ამყარებს ანთაძე თავის აზრს. ხვალ მაგალითად ივანიშვილმა რომელიმე გადაცემაში რომ თქვას _ სანაია არაა პროფესიონალიო, ჟურნალისტი წესით აუცილებლად კითხავს ივანიშვილს ამგვარი დასკვნის არგუმენტს და ეს ბუნებრივია. ყოველ შემთხვევაში თავად სანაიას გაუკვირდებოდა თუ ასეთი კითხვა არ იქნებოდა დასმული. რაც მთავარია, ასეთი ურთიერთობები და დამოკიდებულება, არათუ ჯდება, არამედ ამყარებს დემოკრატიას.
მედიაუნდა ცდილობდეს არსის გარკვევას, სხვა შემთხვევაში ტელეშოუ იქნება მხოლოდ პოზიციების დაფიქსირება, რაც არაა საკმარისი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და განვითარებისთვის, ეს ეხება სანაიასაც, "საერთო გაზეთსაც" და ყველა, პოლიტიკურ თემაზე მომუშავემედია საშუალებას. მედიას აქვს ძალა, შესაბამისად აქვს პასუხისმგებლობაც.
კიდევ ერთი საკითხია დემოკრატიზაცია არასამთავრობო სექტორში. მიუხედავად სექტორის პროგრესისა, აშკარაა, რომ გასულ ოც წელიწადში რაც არასამთავრობო სექტორზე უცხოურიგრანტები გამოიყო, საზოგადოების გახსნილობა განუზომლად მაღალი უნდა ყოფილიყო. ასობითარასამთავრობო ორგანიზაციის არსებობისა და მოღვაწეობის პირობებში აყვავდა და წარმატებითმოღვაწეობდა ნაციონალური მოძრაობის ანტიდემოკრატიული რეჟიმი. დემოკრატიზაცია უნდა შეეხოსამ სფეროსაც. ეს სექტორი უნდა გახდეს უფრო ღია სხვა, ახალი ორგანიზაციებისთვის. უნდაჩამოიშალოს ენჯეოშნიკური კარტელები, რომლებიც თავისი არსით არათუ ხელს უწყობდნენ, არამედებრძოდნენ საზოგადოების გახსნილობას, მათი ხელმძღვანელები კი ხშირ შემთხვევაში ენჯეოშნიკურ მანტიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ან საერთოდ პოლიტიკაში მოხვედრისთვის იყენებდნენ. საზოგადოება კი რჩებოდა იმ სარგებლის გარეშე, რისთვისაც არის მოწოდებული არასამთავრობო სექტორი. დემოკრატიზაცია უნდა შეეხოს ამ სექტორსაც და ამ შემთხვევაშიც საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა
და ბოლოს, დემოკრატიზაციის ერთ ერთი უნიკალური თვისებაა მისი მუდმივობა. ამ პროცესს აქვს მხოლოდ დასაწყისი, მაგრამ არ გააჩნია საბოლოო დანიშნულების წერტილი რადგანაც დემოკრატიზაცია არის მუდმივი მოძრაობა პროგრესისკენ, საზოგადოების აქტიურობისკენ, სოლიდარობისკენ და თავისუფლებისკენ. ეს სვლა სულ უფრო აჩქარდება საზოგადოების მეტი გააქტიურებით, შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობით, არა მარტო ქვეყნის, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. იმედს გამოვთქვამ, რომ დისკუსიის კულტურა შენარჩუნებული იქნება. ნაკლები ადგილი დაეთმობა ზედაპირულობას და მეტი ძირითად არსს, მითუმეტეს, რომ დემოკრატია, მისი ხარისხი და მასზე გავლენა თითოეულ ჩვენთაგანს ეხება.
ვთავაზობ ქალბატონ იას, ბატონ ვახოს და "საერთო გაზეთს" აქ, ფეისბუკზე ჩერთონ დემოკრატიის თემის განხილვაში:) იმედი მაქვს, დისკუსიების კულტურა ნელნელა დამკვიდრდება ქართულ საზოგადოებაში და ჩაანაცვლებს იმ ზედაპირულ, ლოზუნგურ სპარინგებს, რომლებმაც ფაქტიურად სრულად მოიცვეს ქართული მედიასივრცე. თემის სწორ კალაპოტში შესანარჩუნებლად კი ვტოვებ კითხვას ქალბატონ იასთან _ შეეძლო ივანიშვილს, ამ მოკლე პერიოდში, ამ მოცემულობაში დემოკრატიის არცოდნით გაეტარებინა ამ მასშტაბის დემოკრატიზაცია?", - წერს გიორგი უძილაური.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)