reportiori.ge - საქართველო უშევარდნაძეოდ: დამშვიდობება ეპოქასთან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:26
პრეს-დაიჯესტი
საქართველო უშევარდნაძეოდ: დამშვიდობება ეპოქასთან?
ავტორი:
10 ივლისი, 2014. 16:04


წავიდა ჩვენგან ედუარდ შევარდნაძე, მასთან ერთად კი წარსულს ჩაბარდა მთელი ეპოქა საქართველოს თანამედროვე ცხოვრებაში. სხვათა შორის, ბევრისთვის ეს არის არა ისტორია, არამედ სიცოცხლის ნაწილი, თანაც, საკმაოდ ხანგრძლივი.



მახსენდება ჩემი უკანასკნელი შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან - მისი დაბადების 85 წლისთავის დღეს. საზეიმო სუფრაზე შეიკრიბნენ მისი ყველაზე ახლობელი ადამიანები: შვილები პაატა, მანანა ოჯახებით, ნათესავები, მეგობართა ვიწრო წრე. მაგიდის ცენტრში ადგილი თავად ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა. მაგრამ, ყველანაირად იგრძნობოდა, რომ წლებმა ბევრი რამ წაიღო, შეარყია პრეზიდენტის ჯანმრთელობაც. ის თითქმის არ ერთვებოდა გაცხოველებულ საუბარში, დუმილით ღებულობდა სადღეგრძელოებს თავისი მისამართით.



მოგვიანებით მქონდა მასთან რამდენიმე სატელოფონო საუბარი. დაახლოებით ათი თვის შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში მივიღეთ მილოცვა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ გამოგვიგზავნა ჩვენი გაზეთის, „ვეჩერნი ტბილისის" პირველი ნომრის გამოსვლიდან 90-წლისთავთან დაკავშირებით. თბილი, გულში ჩამწვდომი მილოცვა ადამიანისა, რომელმაც შესანიშნავად იცის მართალი სიტყვის ფასი და შეუძლია მკაფიოდ და ნათლად გამოხატოს თავისი აზრები. დიახ, შევარდნაძე იყო უკიდურესად ყურადღებიანი როგორც საზეიმო, ისე სამწუხარო თარიღებისადმი.



მემუარებიც, დღიურებიც დამეხმარნენ გამეგო ბევრი ახალი და საინტერესო ამბავი ადამიანზე, რომელსაც ყოველთვის პატივს ვცემდი. შევარდნაძე ხომ განასახიერებდა თანამედროვე საქართველოს, მის მდიდარ შესაძლებლობებსა და ძლიერ პოტენციალს... უფლებას, დაეკავებინა ღირსეული ადგილი იმ დროის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყოველივე ამასთან დაკავშირებით გამემრავალფეროვნებინა შთაბეჭდილებები,  რომლებიც დამიგროვდა პირადი შეხვედრების, ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებში მონაწილეობის, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის, საბჭოთა და ამჟამად საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შემუშავების კომისიის მუშაობაში მონაწილეობის, მრავალი ინტერვიუს, შევარდნაძის ჟურნალისტური ჯგუფის შემადგენლობაში უცხოეთში მოგზაურობის, და, რასაკვირველია, წაკითხული მემუარების, დღიურების წყალობით, რის შედეგადაც ჩემს შემეცნებაში ყალიბდებოდა სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის, იმ ადამიანის სახე, ვის შესახებაც მინდა დღეს ვისაუბრო.



დიახ, მქონდა შესაძლებლობა მემუშავა მასთან საქართველოში, თვალყური მედევნებინა მისი მოღვაწეობისთვის მოსკოვსა და უცხოეთში, მესმინა მისი გამოსვლებისთვის მოსკოვსა და უცხოეთში, და, რა თქმა უნდა, წიგნები... შთაბეჭდილებათა უამრავი რაოდენობა, დაკვირვებანი, საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირის ისეთ თანამოსაუბრეთა და პარტნიორთა პოლიტიკური პორტრეტების ბრწყინვალე აღწერა, როგორებიც არიან და იყვნენ დენ სიაო პინი, რეიგანი, კოლი, ჰონეკერი, ჩაუშესკუ, სადამ ჰუსეინი, კიმ ირ სენი, კიმ ჩენ ირი... ყველა ეს პერსონაჟი დანახულია და აღქმული ლიტერატურულად ლამაზად და მკაფიოდ.  პოლიტიკური სახეების ამ ბრწყინვალე გალერეაში, თანაბარი თანაბართა შორის არის თავად ედუარდ შევარდნაძე.



ერთი, ჩემი შეხედვით, ერთობ საინტერესო დეტალიც. თავისი საქმიანობა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფის პოსტზე ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო 1985 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი ძლიერ სუპერსახელმწიფოს წარმოადგენდა და დაამთავრა 1991 წელს, მოახლოებული ქაოსისა და სსრ კავშირის მომავალი დაშლის ვითარებაში. ბუნებრივია, მანევრის შესაძლებლობანი იმ საგარეოპოლიტიკური უწყებისა, რომელსაც შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, ამ დროისათვის მკვეთრად შეზღუდული აღმოჩნდა, ოპონენტებსა და პარტნიორებზე პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტები პრაქტიკულად მინიმუმამდე იყო დაყვანილი. მიუხედავად ამისა, სამინისტროც, მისი შეფიც არ ანელებენ აქტიურობას და ძველებურად დაბეჯითებით ცდილობენ განახორციელონ: ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ გამომუშავებული საგარეოპოლიტიკური კურსი.



ამჟამად, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ემშვიდობება თავის უკანასკნელ ამქვეყნიურ გზას, ძნელია, გვერდი აუარო საუბარს მის როლზე თანამედროვე ისტორიაში. ზოგჯერ გესმის, აიო, ის არ იყო მზად მისთვის ბედისგან განწესებული მნიშვნელოვანი მისიისთვის სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფის პოსტზე, ვინაიდან არ გააჩნდა სათანადო დიპლომატიური გამოცდილებაო. ასე იყო ეს განა?



ჩემი მხრიდან  ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი: ედუარდ შევარდნაძეს დიდხანს ეკავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი. შეიძლება დაასახელო რომელიმე სხვა სარბიელი მაშინდელ სსრ კავშირში, სადაც ადამიანს შეეძლებოდა შეეძინა მეტი დიპლომატიური გრძნობა და მოეპოვებინა მეტი დიპლომატიური გამოცდილება, ვიდრე ის, სადაც შევარდნაძე მოქმედებდა. და მართლაც, შეეძლოთ განა რეიგანს შულცთან ერთად რაიმეთი გაეოცებინათ ადამიანი, რომელიც აგებდა ურთიერთობას, ზოგჯერ მეტად რთულსაც, ბრეჟნევთან, კოსიგინთან, ანდროპოვთან, სუსლოვთან?!.



დიახ, ჩვენ სხვა დროს ვცხოვრობთ და, ალბათ, ბევრს აღარც ახსოვს ამჟამად ის, რომ სწორედ ედუარდ შევარდნაძის წყალობით 1978 წლის გაზაფხულზე შევძელით დაგვეცვა საქართველოში მშობლიური ენის სტატუსი. შეგახსენებთ: საკითხი შეეხებოდა მცდელობას ამოეღოთ ენის სტატუსის ხსენება საქართველოს ახალი კონსტიტუციიდან. ინიციატივა, ბუნებრივია, მოდიოდა ზევიდან, კრემლიდან, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს იდეოლოგიური სეგმენტიდან, კონკრეტულად კი - მიხეილ სუსლოვისგან, დიდგავლენიანი ხელმღვანელისაგან, რომელიც კურირებას უწევდა იდეოლოგიის საკითხებს მაშინდელი სსრ კავშირის მთელ სივრცეში.



რასაკვირველია, ქართველი საზოგადოებრიობის ყველაზე ფართო წრეებში ამ იდეამ უსიამოვნება და აღშფოთება გამოიწვია: რა უფლებით და რის საფუძველზე იღებდნენ კონსტიტუციიდან პუნქტს სტატუსის შესახებ,  რომელიც შენარჩუნებული იყო რესპუბლიკის წინა ძირითად კანონში ორმოცზე მეტი წლის განმავლობაში?



1978 წლის 14 აპრილის უნიკალობა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არის ის, რომ ამ დღეს ქართველი საზოგადოების ყველა ფენა გაერთიანდა ერთი საერთო მიზნით. დაე თუნდაც დროებით, მაგრამ გვერდზე გადადეს დაპირისპირება მამებსა და შვილებს შორის, მაძღრებსა და მშივრებს შორის, მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მუშებსა და ინტელიგენციას შორის, პარტიულ ნომენკლატურასა და ოპოზიციას შორის. სკოლის პედაგოგები მოდიოდნენ დემოსნტრაციების კოლონებში თავიანთი მოსწავლეების გვერდით, პროფესურა იდგა სტუდენტების გვერდით. მაღალი რანგის პარტიული და სახელმწიფო ჩინოვნიკები, თითქოს დაივიწყესო მომავალი საფრთხე თანამდებობებიდან გადაყენების შესახებ, აშკარად გამოხატავდნენ აღშფოთებას პოლიტბიუროს იდეოლოგების ჩანაფიქრის გამო. თანაც ყველა ეს, თითქოსდა უმართავი აქცია კოორდინირებული იყო ერთიანი ცენტრისგან, რისი ადგილმდებარეობის შესახებაც შეიძლებოდა მხოლოდ გემკითხავა. მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორი სერიოზული ადამიანები იყვნენ ჩართული ყველა ამ აქციაში, ნათელი ხდებოდა: ხალხის პროტესტს ჰყავს გაუხმაურებელი მხარდაჭერა ადგილობრივი ქართული ხელისუფლების უმაღლესი ინსტანციებიდან.



მოვლენათა საკვანძო ფიგურა, რასაკვირველია, იყო ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მაშინდელი ხელძმღვანელი, ვისი გადაწყვეტილებაც (ეს, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა, მისი გადაწყვეტილება იყო) ახალ კონსტიტუციაში დარჩეს ძველი პუნქტი ქართული ენის სტატუსის შესახებ - დიდ სიმამაცეს მოითხოვდა.



რასაკვირველია, ახლაც, მომავალშიც, ედუარდ შევარდნაძეს შეადარებენ საქართველოს სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს. ამასთან დაკავშირებით ასე ვიტყოდი: ნებისმიერი ამგვარი შედარება - არაკორექტულია. გავავლოთ პარალელი თუნდაც ფეხბურთთან. შეიძლება განა შევადაროთ ერმანეთს პელე და მესხი, რომლებიც მოედანზე, რასაც ფეხბურთი ეწოდება, სხვადასხვა ეპოქებს ქმნიდნენ? სასაცილო შეკითხვაა. ანდა დავსვათ ეს შეკითხვა სხვაგვარად: ქართულ ფეხბურთელთაგან ვინ უფრო წარმატებული იყო - ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი თუ კახი კალაძე? თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ბორის პაიჭაძე, არც მიხეილ მესხი საქართველოს არც ერთ მთავრობაში არასოდეს ყოფილან, კახი კალაძე კი - არა უბრალოდ მინისტრი და ვიცე-პრემიერია, არამედ საქართველოს მთავრობის მეტად შეძლებული წევრიც. პასუხი თავისთავად ნაცნობია. მაგრამ ყველაფერი, როგორც კარგად გესმით კიდეც, არც ისე მარტივია.



ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ხელმძღვანელი 44 წლისა გახდა. და უკვე მისი განმასხვავებელი ნიშნები იყო დიდი ქარიზმა, საფუძვლიანობა, სიმყარე. მას ჰქონდა რეპუტაცია ადამიანისა, რომელიც უბრალოდ არ ისვრის სიტყვებს ბანზე, ვინაც იცის, თუ რას აკეთებს და რას ამბობს. რესპუბლიკის იმ თაობას მოსწონდა, რომ პირველი პირის დაპირებებს აქვს წონა და ძალაც. მისგან არასოდეს მოუსმენიათ, რომ, როგორც ხალხში იტყვიან, „წამოროშაო". მახსოვს, თბილისში რომ ჩამოვიდა უკვე მაშინ დისიდენტი ეგორ იაკოვლევი, სახელგანთქმული „მოსკოვსკიე ნოვოსტის" მომავალი რედაქტორი, იმ დროს კი გაზეთ „იზვესტიის" მიმომხილველი, ჩემი თანაკურსელი და კოლეგა ტატიანა ჭანტურია, რომელიც „იზვესტიას" წარმოადგენდა საქართველოში, შემდეგ მიყვებოდა, როგორი სკეფსისით მიდიოდა იაკოვლევი შევარდნაძესთან შეხვედრაზე და როგორ აღფრთოვანებული დაბრუნდა ამ შეხვედრიდან. მეშინია, რომ ბევრი ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს მოახდინოს თანამოსაურეზე ისეთივე შთაბჭედილება ღრმა ერუდიციით, დარწმუნების უნარით.



გავიხსენებ კიდევ ორ ჩანაწერს - ამჯერად საკუთარი ბლოკნოტიდან. ეს ჩანაწერები გაკეთდა თბილისში ირანის საელჩოში - შევარდნაძის მემუარების „აზრები წარსულსა და მომავალზე" პრეზენტაციაზე ფარსის ენაზე 2010 წელს. ერთი მათგანი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის:


„ედუარდთან ვმეგობრობ ნახევარ საუკუნეზე მეტია, მაგრამ ის მიყვარს არა იმისთვის, რომ ის ჩემი მეგობარია, არამედ იმისთვის, თუ რა გააკეთა მან საქართველოსთვის: კულტურის სფეროშიც, განათლების სფეროშიც, ადამიანის უფლებათა სფეროშიც, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების სფეროშიც. ედუარდ შევარდნაძისადმი პატივისცემას გამოხატავდა ჩვენი პლანეტის ბევრი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე. ამიტომ ვაკეთებ მარტივ დასკვნას. თუ ადამიანს პატივს სცემს დენ სიაო პინი, თუ მას პატივს სცემენ რეიგანი, კოლი, ტეტჩერი, გენშერი, ჰომეინი, ბეიკერი, მაგრამ არ სცემ პატივს შენ, მაშასადამე, ეს არის არა მისი, არამედ შენი უბედურება!"



მეორე გამონათქვამის ავტორი პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძეა, რომელმაც 1992 წლის მარტის დღეები გაიხსენა, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა საქართველოში: „ქვეყანას ანგრევდა შინაომები. იმ დროს ყოველი თვითნაზარდი ე.წ. „პოლიტიკური" მოღვაწის უკან იდგა დიდი ან პატარა შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც მზად იყვნენ პირველივე ბრძანებაზე გაეხსნათ ცეცხლი მოპირდაპირე ბანდისთვის. შევარდნაძეს კი არაფერი გააჩნდა, გარდა სიყვარულისა თავისი ქვეყნისადმი, შეშფოთება მისი ბედის გამო. ცოტა ვინმე თუ ელოდებოდა, რომ ისეთი ქაოსიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა, შეიძლებოდა ამომძვრალიყავი, მაგრამ დრო მიდიოდა და ცხოვრება თანდათან ლაგდებოდა. ძალიან მინდოდა მეცოცხლა იმ დღემდე, როდესაც ედუარდ შევარდნაძის დამსახურებანი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ღირსეულად იქნება შეფასებული".



რასაკვირველია, სასაცილოა ილაპარაკო იმაზე, რომ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ მოღვაწეობაში ყველაფერი და ყოველთვის წარმატებით მიმდინარეობდა. ვაი რომ, ეს ასე არაა. მაგრამ ამის გახსენებას და ამაზე საუბარს დღეს ძნელად რომ ჰქონდეს აზრი. ამასთან დაკავშირებით ვიტყოდი ტრადიციულად: საბოლოო ვერდიქტს შევარდნაძის ადგილსა და როლზე გასული ათწლეულების ყველა პერიპეტიაზე, ისტორია გამოიტანს.



მე კი ერთს დავუმატებდი: 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძე რომ ყოფილიყო არა 75 წლის, არამედ თუნდაც 10-15 წლით ახალგაზრდა, იგი, რა თქმა უნდა, „ბეჭებზე დასცემდა" ყველა თავის ყოფილ „აღზრდილებს", ვინც მას გამოწვევა გაუგზავნა პოლიტიკურ სარბიელზე საქართველოში. და ჩვენ, თქვენთან ერთად, ალბათ, ვერასოდეს ვერ გავიგებდით ვერანაირ „ვარდების რევოლუციაზე". იგი უბრალოდ არც მოხდებოდა!



ხოლო თუ არ დაველოდებით ისტორიის ვერდიქტს და ამჟამად მოკლედ ორი სიტყვით შევაფასებდით მას? პასუხი, ალბათ, ასეთი იქნება. მომავლისათვის როგორც არ უნდა აეწყოს საქართველოს ბედი, ვინც უნდა იდგეს ამ ქვეყნის საჭესთან, მისი საძირკველი იქნება ერთი -იგი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ედუარდ შევარდნაძემ და რომელიც იყო ედუარდ შევარდნაძის დროს.





(ვადიმ ანასტასიადი, „საქართველოს რესპულიკა")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016