ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
საბჭოს წევრები სხდომაზე იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებს, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საგადასახადო შემოსავლების კუთხით, 6 თვეში არსებულ დინამიკას გაეცნობიან.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრები ასევე განიხილავენ იმ რეფორმებს, რომელთა გატარება, როგორც უწყებაში აცხადებენ, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურმა 6 თვის გეგმა 250 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა, რაც სამსახურის მიერ არჩეული სტრატეგიის სისწორესა და მართებულობას ადასტურებს.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, წარმატებით სრულდება დაუბეგრავი მინიმუმის პროექტი, რომლის ფარგლებში, კანონით განსაზღვრული 3 თვის განმავლობაში 400 ათასზე მეტ მოქალაქეს საერთო ანგარიშით 125 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდა.