უჩა ნანუაშვილის განცხადებით მერაბიშვილს მისთვის რაიმე სახის დარღვევებთან დაკავშირებით არ მიუმართავს. რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა საჭირო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისიძიების სახით პატიმრობის შეფარდება, უჩა ნანუაშვილმა გამნარტა, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადასტუროს, რამდენად მტკიცეა მიღებული გადაწყვეტილება. "გასათვალისწინებელია, რომ ვანო მერაბიშვილს თავიდან ერთი ბრალდება ჰქონდა, შემდეგ სხვა მუხლებით მოხდა მისთვის ბრალის წაყენება. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება დარღვევის ფაქტებს, ოჯახის წევრებს არსებული კანონმდებლობით უფლება არ აქვთ განახორციელონ ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თავად ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოუნახულებია, თუმცა მისი წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილთან იმყოფებოდნენ.