„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი „რეპორტიორთან" ინტერვიუში საყდრისის თემაზე, არჩევნების მოერე ტურზე და გიგი უგულავას დაკავებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, საყდრისისადმი თანამდებობრივი გულგრილობის გამო კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია უნდა გადადგეს და პასუხი აგოს.
- ქალბატონო ირმა, ცნობილი გახდა რომ „RMJ gold"-ის მრჩევლად ერთ-ერთ შეხვედრაზე არჩილ კბილაშვილი იყო წარდგენილი, ფლობთ თუ არა ინფორმაციას და როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
- ჩემმა კოლეგამ ნინო მიქიაშვილმა, რომელიც აქტიურად იბრძვის საყდრისის გადასარჩენად, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაიმართა დახურული შეხვედრა, რომელზეც „RMJ gold"-ის მრჩევლად წარმოდგენილი იყო ყოფილი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი. ეს ბადებს ბევრ კითხვას. არჩილ კბილაშვილი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის „მოქალაქის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. საიდან და რატომ გაჩნდა კბილაშვილი „RMJ gold"-ში, იმ კომპანიაში რომელიც აქტიურად იბრძვის საყდრისის დასანგრევად?!
ამ უნიკალური ოქროს საბადოს დახლოებით 10 % უკვე აფეთქებული და განადგურებულია. საყდრისი უნიკალური ძეგლია, აუცილებლად უნდა აღუდგეს მას ისტორიული უძრავი ძეგლის სტატუსი და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს! ხოლო ის, ვინც ააფეთქა და დაანგრია საყდრისის მნიშნველოვანი ნაწილი, უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს!
უნდა გადადგეს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია! რომელმაც, თანამდებობრივი გულგრილობა გამოავლინა ამ შემთხვევაში. კულტურის მინისტრის პრეროგატივაში შედის სწორედ საქართველოს კულტურული ძეგლების დაცვა. როდესაც ასეთი მაღალი დონის გერმანელი სპეციალისტები წუხან, რომ საყდრისის უნიკალური ოქროს საბადო გადარჩეს და შენ ამბობ, რომ არაფერი ფასეული იქ არ არის და ერთი უბრალო მიწის ნაკვეთია, ეს დანაშაულია. შენი ქვეყანა და შენი უნიკალური ძელგები პირველ რიგში შენი გადასარჩენია და არა გერმანელების. მარტო კი არ უნდა გადადგეს ოდიშარია, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად!
საყდრისს არ დავთმობთ! ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან. არც ნინო მიქიაშვილს აქვს ოქრო- ვერცხლისადმი მიდრეკილება და არც საყრდისის სხვა მცველებს. კბილაშვილს კი, ურჩევნია საყრდისის ოქროს მაღაროზე ცოდნა ახლავე აიმაღლოს და თავი დაანებოს იმის მტკიცებას, თითქოს ეს ოქროს უძველესი საბადო არ არის.
- თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა და თითქმის ყველა ოლქში „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, თქვენ განაცხადეთ, რომ როცა ყველა ოლქში ერთპიროვნულად იმარჯვებ, როცა ერთი ადგილიც ვერ გემეტება კონკურენტისთვის და დემოკრატია გგონია, ეს სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტიზე მეტყველებს.
- ამაში არ ვგულისხმობ რაღაც კულუარულ გარიგებებს. ძალიან ცუდად და ბოროტად იყო გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი მეორე ტურშიც და პირველ ტურშიც. „ქართული ოცნების" წარმომადგენლები იდგნენ საარჩევნო უბნებთან და პირდაპირ ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის".
ხულოში ჩვენ ხმების 40%-ზე მეტი მივიღეთ და ხელისუფლების კანდიდატმა სულ რამდენიმე ასეული ხმით მოგვიგო. ბატონ ხაბაძეს, აჭარის რეგიონის პირველ პირს რომ არ განეცხადებინა,- ხულოში ოპოზიციურმა კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს, მასთან თანამშრომლობა გამიჭირდებაო, ამ რამდენიმე ასეულ ხმას ხელისუფლების კანდიდატი მიიღებდა? მინდა ვკითხო ბატონ ხაბაძეს, „ნაცებთან" კოჰაბიტაცია არ გაგიჭირდა და პატრიოტებთან მუშაობა რატომ გაგიჭირდებოდა?!
თუნდაც, ხულოს გამგეობაში მომუშავე ადამიანებისთვის რომ არ ეთქვათ,- რადგან გამგეობაში მუშაობთ, გინდა, თუ არ გინდა, მხოლოდ „ქართულ ოცნებას" უნდა მისცეთ ხმა, თანაც, შენი ოჯახის წევრებიანადო, მიიღებდა ხელისუფლების კანდიდატი ამ რამდენიმე ასეულ ხმას?!
აი, ამას ჰქვია უბრალო ენაზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. როცა ვამბობ: ხელისუფლებას ოპოზიციის გამარჯვებისთვის (და აქ ნაცისტებს, ცხადია, არ ვგულისხმობ) საშუალება უნდა მიეცა-თქო, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ადმინისტრაციული რესურსი ამ ფორმით არ უნდა გამოეყენებინათ და ამ გზით ის გადამწყვეტი რამდენიმე ასეული ხმა არ უნდა მოეპოვებინათ. რომ არ ყოფილიყო ადმინისტრაციული რესურსის ასეთი გამოყენება, ჩვენი კანდიდატები ოთხივე ოლქში გაიმარჯვებდნენ.
პოლიტიკაში უნისონი დამღუპველია. ერთი ძალის დომინანტობა ეს ავტოკრატიისკენ და დიქტატურისკენ მიმავალი გზაა. ჩვენ ასეთი გზა უკვე გავიარეთ საკაშვილის რეჟიმის პირობებში და აღარ გვინდა.
- თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებს დიდი გამოხამურება მოჰყვა საზოგადოებაში. რაღაც ნაწილმა სოლიდარობაც გამოუცხადა და ვიდეო მიმართვებიც გაავრცელა, თქვენ გიგი უგულავას დაკავებას სამართლიანად მიიჩნევთ?
- ახლა მე და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე, დავით თარხან მოურავი მივემგზავრებით აშშ-ში. გვექნება ძალიან მნიშნველოვანი შეხვედრები ვაშინგტონში, კონგრესა და სენატში. იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ ჩაშალოს ეს შეხვედრები, კონკრეტულ პირებს შეგნებულად არ ვასახელებთ. ჩვენ ჩავიტანთ ინფორმაციას ამერიკაში, რომ საქართველოში გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური რეპრესიები კი არ ხორციელდება, არამედ ხორციელდება სისხლის სამართლის დამნაშავის გასამართლება! დიახ, ეს არის კანონის ფარგლებში მოქმედება და სამართლიანობის აღდგენის პროცესი!
გიგი უგულავა სამართლიანად დააპატიმრეს. აბსოლუტურად კონკრეტული ბრალდებებია და კონკრეტული მტკიცებულებები. კიდევ არაერთი ბრალი იქნება წაყენებული როგორც უგულავას ასევე „ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერების მიმართ. პროკურატურა ძალიან ეფექტურად მუშაობს. ყველა ის საქმე, რაც თაროზე იყო შემოდებული, ჩამოღებულია და დაწყებულია ძიება.
თუ ჩვენ ქვეყანაში დავუშვებთ უსამართლობას და დამნაშავის დაუსჯელობას, ამით დემოკრატიული სახელმწიფო ვერ აშენდება.
რაც შეეხება სოლიდარობას და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეორგოლებს, თითქოს გიგი უგულავა არის უდანაშალო კრავი და უსამრთლოდ ზის ციხეში - სამარცხვინოა! ეს მიუღებელია ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა, უგულავამ, ბოკერიამ, მერაბიშვილმა შვილები მოუკლეს და გაუუპატიურეს, ქონება წაართვეს... სამარცხვინოა იმ ცნობილი ადამიანების სენტიმენტალური ვიდეოები, რომლებიც გვაცოდებენ უგულავას. მეტსაც გეტყვით: მას, შესაძლოა, სულ მალე უვადო პატიმრობა მიესაჯოს! ამიტომ მისი „ფანები" მორიგი სენტიმენტალური ვიდეოებისთვის მოემზადნონ...
- საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დაკავების შემდეგ, კიდევ ერთხელ წამოიწია მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის და გასამართლების თემამ... თქვენი აზრით, უნდა დაიკითხოს და გასამართლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი?
- მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გასამართლდეს! და, გასამართლდება კიდეც! არ ვიცი, დროის რა მონაკვეთში მოხდება ეს, თუმცა, რეალისტი ვარ და ვხვდები, რომ ამ ეტპზე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება გაცილებით რთულია, ვიდრე 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც ციხის კადრები გავრცელდა. მან თავად განაცხადა, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. თუნდაც ციხეებში წამების კადრების გამო უნდა გასამართლდეს სააკაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ აგვისტოს ომზე და სხვა უამრავ დანაშაულზე, რომელიც მის მიერ და მისი რეჟიმის მიერ იყო ჩადენილი!
ამ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლა რომ არ დაეშვა, მაშინ გაცილებით ადვილი იქნებოდა მისი დაკავება...
დღეს მიხეილ სააკაშვილი იმიჯის კორექციაზე ზრუნავს. დაშალა უკრაინა და ახლა ალბანეთსაც რაღაც საფრთხეს უმზადებს. ის დემოკრატიის მანტიით სარგებლობს და ფიქრობს, როგორ გამოასწოროს დაზიანებული პოლიტიკური „ფეისი". ცხადია, ამ ვითარებაში სააკაშვილის დაპტიმრება უფრო რთულია.