„რეპორტიორს" ესაუბრება „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:
- ხალხს ატყუებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით უკეთ იქნება. ამ დაპირებებით ხალხს აცდუნებენ და ეს არ ვარგა. ხალხი ისედაც თავგზააბნეულია, არ იცის საით წავიდეს. რას გვთავაზობს ევროპა დღეს ჩვენ? ალაპარაკდნენ, დემოკრატიული კანონი მივიღეთ, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი დავამტკიცეთო. ჩემი ახალგაზრდობის დროს იყვნენ „ტუზიკა" და „ქიშვარდა", აკორდეონს წელავდნენ, მშვენივრად უკრავდნენ, მაგრამ მათ ჩვენ არ ვერჩოდით, მათი ორიენტაციის გამო. დღეს, შენ რომ მოდიხარ ჩემს ოჯახში, მეუბნები, შვილი ისე აღზარდე, რომ ლგბტ მისთვის ჩვეულებრივი იყოსო, მე სახლში არ შემოგიშვებ. ტელეეკრანები კი ამას ქადაგებენ. შვილიშვილები მყავს, ხომ არ ვდევ, რომ ამ გადაცემებს არ უყურონ. მე ევროპის კულტურის მომხრე ვარ, მაგრამ ჩვენ ნამდვილი ევროპული კულტურისკენ არ ვილტვით.
- თქვენი აზრით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებაზე ხელმოწერით, რა პერსპექტივა აქვს? რას უნდა ელოდოს საზოგადოება?
- პერსპექტივა, რასაც ხელისუფლება გვეუბნება, ეს შეიძლება მოხდეს 50 წლის შემდეგ. მთავარი, კი ისაა, რომ საქართველო 50 წელიწადში აღარ იქნება, თუ ეს სისტემა გაგრძელდა. სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დააფუძნა, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება.
- ეკონომიკურ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება; საქართველოსთვის ევროპული სავაჭრო ზონა იხსნება. როგორ ფიქრობთ, საქართველო მზად არის ამისთვის? გვაქვს ჩვენ რესურსი, რომ ევროპას მისივე მოთხოვნების შესაბამისი პროდუქცია შევთავაზოთ?
- საინტერესო კითხვაა. საქართველოს რომც ჰქონდეს მაღალი სტანდარტების პროდუქცია, ევროპის ბაზარზე დამკვიდრება მაინც შეუძლებლად მიმაჩნია. ევროპის ბაზარი მთლიანად გაჯერებულია და იქ პატარა კუნჭულს ვერ მონახავ. რაღაც 10 ბოთლ ღვინოს რომ გაყიდი, ეს სასაცილოა.
- მთავრობის მეთაურის საქმიანობას როგორ შეაფასებთ?
- მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სწორი კაცია! ის გუნდში ფაქტიურად მარტოა, მხოლოდ რამდენიმე კაცი ჰყავს გვერდით.
- ჰყავს მას გუნდში „მოღალატე მინისტრები"?
- მოღალატეს მე პირადად ვეძახი მას, ვინც ამერიკის ინტერესებს ემსახურება. მაგალითად, ირაკლი ალასანია არის ამერიკის „შობილი", ამერიკაში გამოწრთობილი კაცი. როდესაც მან თქვა, რომ საქართველოში განთავსებულიყო სარაკეტო თავდაცვითი სისტემები, ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას. მას ეს სიტყვები ჰაერიდან არ უსვრია, ვიღაცამ უკარნახა და ეს თქვა. ეს მოღალატეობაზე უფრო მეტია!
- პრეზიდენტზე რას ფიქრობთ?
- 2001 წელს ჟურნალმა „დრო მშვიდობისა" გამოაქვეყნა გიორგი მარგველაშვილის მცირე ფილოსოფიური ტრაქტატი „ნიჩურტა, მე ქართველი ვარ". მარგველაშვილი არის კაცი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ეზიზღება ქართველი ერი და მას მოიხსენიებს, როგორც ავადმყოფს და განუვითარებელ ერს. მარგველაშვილი, რომელიც თვლის, რომ ქართველი ერი ავადმყოფია, როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს?!
P.S. ელიზბარ ჯაველიძის გაფრთხილება ხელისუფლებას:
„ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ სამართალს პურს არ აჭმევენ, დიდი დღე არ უწერიათ!"