ამერიკაში მცხოვრები ქართველები საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს, გიორგი სიგუას ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ. როგორც შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ვაჟა აპშინაშვილი „ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, სიგუა არის სააკაშვილი ნომერი ორი - „ეს კაცი თვალის დახამხამებაში ცრუობს. ერთ სიტყვასაც არ იტყვის, თუ ფული არ გადაუხადე. მას ამერიკაში ხელფასი ჰქონდა, თუმცა სიგუაზე მეტი გააკეთეს ადამიანებმა, ვისაც ხელფასი არ ჰქონდათ, პირიქით თავიანთი ფული დახარჯეს. ჰკითხე ერთი, ეცოდინება, მაგ საქმეზე შეგროვებულ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი სად წავიდა? ეს ფული იყო შეგროვებული საარჩევნო ხარჯებისთვის აქ, ამერიკაში... სამხილი უამრავია, სიგუაზე სისხლის სამართლის საქმეა აქ აღძრული და მაგას მანდ ტურიზმის დეპარტამენტს აბარებენ?" -აცხადებს აპშინაშვილი.
ტურიზმის დეპარტამენტის ახლად დანიშნული უფროსი, გიორგი სიგუა, ბრალდებას უარყოფს - „ესე იგი, მიშას რომ შეკითხვა დავუსვი ამაში ფული ავიღე? მაგას მარტო ვაჟა არ ამბობს, ეგ მიშამაც თქვა იქვე. რა ვქნა ახლა, ვამტკიცო, რომ აქლემი არ ვარ? პირადად მე იმისთვის არ ვიბრძოდი, რომ ვინმეს ამ თანამდებობაზე დავენიშნე. 9 წელი ვერ ჩამოვდიოდი საქართველოში იმიტომ, რომ პოლიტიკური დევნილი ვიყავი და ჩემზე ამბობენ სააკაშვილის კაციაო?!" - აცხადებს სიგუა.
გიორგი სიგუა ქართულმა საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტში ჩავიდა და სიგუას ორგანიზებით შეკრებილი ქართველი ემიგრანტები სტვენა-შეძახილებით დახვდნენ.