საქართველოს მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი აშშ -ში ვიზიტს აგრძელებს. ქართული სახელმწიფო დელეგაცია, რომლის წევრი თავად კბილაშვილია იუსტიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდება. ვაშინგტონში, კონგრესმენებთან და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებთან საუბარი საქართველოს განვითარებისა და მართლმსაჯულების პროექტების განხორციელებაზე იქნება.
არჩილ კბილაშვილმა რადიო „ამერიკის ხმის" ჟურნალისტთან შეხვედრის ფარგლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. კბილაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი კომისია სამართლებრივ პროცესებს სწავლობს.
„კომისია, რომელიც ომთან დაკავშირებით შეიქმნა, მხოლოდ სამართლებრივ პროცესებს სწავლობს. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ქონდა თუ არა ადგილი ომში დანაშაულებს, ვინ ჩაიდინა ის და პასუხისგებაში მივცეთ. განიხილება ფაქტობრივი მასალა, რონმელიც დიდი რაოდენობით დაგროვდა. ამის შემდეგ განსახორციელებელი ნაბიჯების დასახვა მოხდება და სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა. ასე რომ, საქმიანობა თავის ფორმატში მიმდინარეობს. რაც შეეხება დაკითხვას, ჯერ-ჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, მსგავსი საჭიროება არ წარმოშობილა."- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.