(საქართველო უცხოურ მასმედიაში, 14-20 ივლისი)
შინაარსი:
„უოლ სტრიტ ჯორნალი" (აშშ): „ქართული ოცნება" თბილისში სახელისუფლო ფესვებს იმაგრებს"
„ეკონომისტი" (დიდი ბრიტანეთი): „ოცნების სრული გამარჯვება"
„თუდეი ზამან" (თურქეთი): ევროკავშირი - საქართველოს ოცნება
„ოდნაკო" (რუსეთი): „სამშობლოს დაგირავება ევროკავშირში"
„კომერსანტი" (რუსეთი): „ამერიკა პოსტსაბჭოურ ქვეყნებისათვის ნატოს როლს შეასრულებს"
„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი): გადაჭარბებული მოლოდინი ამერიკისგან
„პოლიტკომი" (რუსეთი): ირანი და საქართველო ამერიკის ჩრდილქვეშ
„ფაინენშელ თაიმსი" (დიდი ბრიტანეთი): საქართველო და რუსეთი: საინვესტიციო კლიმატის თავისებურებანი
„ტრენდი" (აზერბაიჯანი): „საქართველო როგორც ფარისევლური პოლიტიკის გამტარებელი"
რუსული მასმედია: ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის შესახებ
------------------
გასულ კვირას უცხოურ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში საქართველო ძირითადად რამდენიმე სერიოზული თემით გამოჩნდა: დასავლურ პრესაში საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) არჩევნების შედეგები, კვლავ პოპულარულია საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი, რუსულ პრესაში ყურადღება დაეთმო
ამერიკელი სენატორების ინიციატივას „მიენიჭოს საქართველოს აშშ-ის მოკავშირის სტატუსი" და ბოლოს, რას წერდა უცხოური პრესა საქართველოს მთავარი მოვლენის - ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის თაობაზე.
რასაკვირველია, მასმედიით გავრცელდა აგრეთვე სხვა ცალკეული მასალები, რომლებიც განსაკუთრებით საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსს ეხება. თუ რატომაა შეფასებული უარყოფითად ქართული დიპლომატია ბაქოელი პოლიტოლოგის მიერ, ანდა რას წერს ერევნელი პოლიტოლოგი საქართველო-ირანის ურთიერთობის შესახებ, ამას ქვემოთ გავეცნობით. მანამდე კი არჩევნების შედეგებით დავიწყოთ...
„ქართული ოცნების" ტრიუმფი და „მედლის მეორე მხარე"
საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები სერიოზულ უცხოური მედიიდან უმეტესად დასავლურ პრესაში აისახა. სტატიებში დაფიქსირდა, რომ რეგიონებში და თბილისში „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, თუმცა იმავდროულად პუბლიკაციებში ყურადღება მიექცა „მედლის მეორე მხარესაც": არჩევნების მიმდინარეობის შუქ-ჩრდილებს, პოლიტიკოსთა ქცევის ეთიკურ მომენტებს და სხვა გარემოებებს.
ა) „უოლ სტრიტ ჯორნალი" (აშშ)
აშშ-ის გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებული სტატიაში „ქართული ოცნება" თბილისში სახელისუფლო ფესვებს იმაგრებს", ავტორი ირა იოსებაშვილი) აქცენტი გადატანილია საქართველოს დედაქალაქის მერის კანდიდატების დავით ნარმანიას და ნიკანორ მელიას საარჩევნო დაპირებათა რეალურობის ხარისხზე. ჟურნალისტი ირონიულად აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ხეების საკითხი იყო, რამაც საბოლოო ჯამში მერის ბედიც გადაწყვიტა: „მმართველი პარტიის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იგი მილიონ ხეს დარგავს, თავის მხრივ, ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა მელია ხალხს მეტი ავტოსადგომების გაკეთებას დაპირდა, რაც, ბუნებრივია, ხეების გარკვეული რაოდენობით გაკაფვას გამოიწვევს. საბოლოოდ, ხეებმა გაიმარჯვეს - ნარმანიამ ხმების 72,5%, ხოლო მელიამ - 27,5% მიიღო".
არჩევნებს დაემთხვა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება და, ალბათ, ამიტომაც მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, არჩევნებმა აჩვენა „ქართული ოცნების" წარმატება და მისი ხელისუფლება განამტკიცა, საბოლოოდ ჩამოიშორა მიხეილ სააკაშვილის პარტია კონკურენციიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნებს თან სდევდა შური და ბოღმა, რაც, პრინციპში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, ტელედებატებში „ნაციონალი" ნიკა მელია ფაქტიურად დასცინოდა და ქირდავდა თავის „მეოცნებე" ოპონენტს დავით ნარმანიას, რომელიც თბილისში დაბადებულ-გაზრდილი არ არის. „ნაციონალები" „ქართულ ოცნებას" ასევე აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება არჩევნების მეორე ტურში წარმატების მისაღწევად გამოიყენა, ანუ ოპოზიციის აზრით, უგულავას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული. დასასრულს, გადმოცემულია Frontier Strategy Group-ის ევროპული კვლევების განყოფილების უფროსის მარტინა ბოზაჯიევას შეფასება: „ასეა თუ ისე, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული პოლიტიკა წინააღმდეგობრივი და უპროგნოზო იქნება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს დემოკრატიულობის მაჩვენებელიცაა".
ბ) „ეკონომისტი" (დიდი ბრიტანეთი)
ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის" სტატიაში „ოცნების სრული გამარჯვება" აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები მმართველი კოალიციის სრული გამარჯვებით დასრულდა - უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება" ქვეყანას უკვე ხელისუფლების ყველა დონეზე მართავს. ამასთან სტატიაში ყურადღება ექცევა არჩევნების პროცესში გამოვლენილ ჩრდილოვან მომენტებს: ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას, პარტიათა ურთიერთბრალდებებს, ამომრჩეველთა აქტიურობის დაბალ დონეს და განსაკუთრებით ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემდგომ ბედს. ამ კონტექსტით პუბლიკაციის ცენტრალურ დებულებად შეიძლება მივიჩნიოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თვალსაზრისი, რომელმაც, სტატიის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მრისხანედ, წარბშეკრულმა განაცხადა, რომ „ნაციონალები" რადარებიდან უნდა გამქრალიყვნენ". თუმცა, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ" პირველ ტურში ხმების 22% მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მათი გადარჩენა იმით ახსნა, რომ ამით საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთი დაამშვიდა.
არჩევნების დროს მართლმადიდებელი ეკლესიაც ხელისუფლების მხარეზე დადგა: მეორე ტურის წინ ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა თავის ქადაგებაში ამომრჩევლებს მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ „ნაცმოძრაობისათვის", რომელიც დამნაშავეა ძალადობასა და მკვლელობებში: „როცა არ ხარ ღირსი სათავეში ყოფნის და უფალი გადაგწევს, ადგილი სხვებს უნდა დაუთმოთ", - თქვა მან. ამომრჩეველთა თვალსაზრისი კიდევ უფრო განამტკიცა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ექს-მერისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „მარჯვენა ხელის" გიგი უგულავის დაჭერა-დაპატიმრების ფაქტმა, რომელსაც უკვე წაუყენეს ბრალი რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის საბიუჯეტო თანხების არადანიშნულებით ხარჯვასა და „ფულის გათეთრებაში".
საერთოდ, გიგი უგულავას დაკავებამ მწვავე დავა გამოიწვია, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - პროკურატურის მტკიცებით, გიგი უგულავა რომ არ დაეპატიმრებინათ, იგი ქვეყნიდან გაიქცეოდა, მაგრამ ექს-მერმა უარყო, რომ ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა: მან აჩვენა იმავე დღის უკანდასაბრუნებელი ბილეთი და განაცხადა, რომ ბრალდების წაყენების შემდეგ საზღვარგარეთ ადრეც წასულა, თუმცა უკან ყოველთვის ბრუნდებოდა. გიგი უგულავას დაპატიმრება რომ გაემართლებინათ, პრემიერმა კანონის უზენაესობის პრინციპი დაიმოწმა, ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა კი გაიხსენა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც ამჟამად დაკავებულია და ბრალი აქვს წაყენებული.
გიგი უგულავას მომხრეებმა კი მათი ლიდერის დაპატიმრება მთავრობის მხრიდან „ჭინკებზე ნადირობის" მორიგ გამოვლინებად მონათლეს და „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასეს. მართლაცდა, გიგი უგულავას დაკავებისათვის დროის შერჩევა ყველანაირი სტანდარტით არასწორად მოხდა, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, - ის, რომ პრემიერ-მინისტრმა მუნიციპალური ორგანოების საარჩევნო პროცესში სამართლებრივი დევნის მიმართ მორატორიუმი გამოაცხადა, თეორიულად, ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავასაც უნდა შეხებოდა, რადგან იგი „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო. თუმცა, როგორც სტატიიდან გამოსჭვივის, „ნაციონალებს" მათ მიერ თავის დროზე ჩადენილი უკანონობა და პოლიტიკური დევნა უკან უბრუნდებათ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი საჩივარია შესული პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების თაობაზე: ქონების იძულებითი ჩამორთმევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა [არჩადენილი] დანაშაულის აღიარების მიზნით. როგორც თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, მთავრობამ ამ ბრალდებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის უნდა იფიქროს უსამართლობის მსხვერლთათვის კომპენსაციის გადახდაზეც. „ქართული ოცნება" უკვე ხელისუფლების ბატონ-პატრონია და მან უკვე ბევრი რამ უნდა გააკეთოს, - ნათქვამია სტატიაში.
უნდა დავეთანხმოთ „ეკონომისტის" პუბლიკაციის ავტორს: თომას ჰამარბერგის ბაგეთაგან ჭეშმარიტება ღაღადებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი პირველი დასავლელი დიპლომატია, რომელმაც ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითა: დროა რეალურად დაიწყოთ სამართლიანობის აღდგენა - იფიქრეთ უსამართლობის მსხვერლთა ბედზე, მათ მდგომარეობაზე, იფიქრეთ მათთვის კომპენსაციის გადახდაზე.
საქართველო და დასავლეთი:
ევროკავშირში ასოცირებიდან ამერიკის მოკავშირეობამდე
გასული კვირის განმავლობაში უცხოურ მედიაში გრძელდებოდა საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორების განხილვა და რასაკვირველია, ამ თემაზე გამოქვეყნებულ მასალებში კვლავ ცენტრალური ადგილი ეკავა უკვე ტრადიციულ თემას - საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების შეთანხმების პლიუსებისა და მინუსების განხილვას. თუმცა ინფორმაციის ნაკადში ახალი პოლიტიკური ტერმინი გაჩნდა: „საქართველო - აშშ-ის მოკავშირე"....
ა) „თუდეი ზამან" (თურქეთი): ევროკავშირი - საქართველოს ოცნება
თურქეთის გაზეთ „თუდეი ზამან"-ში 15 ივლისს გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოს ევროპული კურსი, ევროინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში წამოჭრილი პრობლემები (ავტორი - ამანდა პოლი).
თუ გავიხსენეთ, რომ თურქეთი უკვე თითქმის 20 წელზე მეტია ევროკავშირში შესვლას ცდილობს (თუმცა წარუმატებლად), თურქ ექსპერტთა თვალსაზრისი საქართველოსთან მიმართებით ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მიუხედავად ევროკავშირში მიმდინარე კრიზისული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 81%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს: „მაგრამ ამ სურვილის რეალიზება ევერესტზე ასვლის ტოლფასია. ეს ძალიან რთული და მკაცრი გამოცდა იქნება. გზაზე უამრავი ბარიერი და დაბრკოლებაა, რომლის გადალახვისა და მწვერვალზე ასვლის გარანტიები ძალიან მცირეა. ევროკავშირის გზაზე სიარული კარგად გათვლილ სტრატეგიას, გაბედულობასა და მოთმინებას მოითხოვს".
საქართველო „მთაზე ასვლას" საკმაოდ წარმატებით იწყებს. 27 ივნისს თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმსაც გულისხმობს. გასულ კვირას ბათუმში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების პროცესის დასაწყისია. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია: „დიახ, რაც კი საქართველომ დღემდე გააკეთა, ეს მართლაც მხოლოდ დასაწყისია ძალიან რთული პროცესის, რთული ტრანსფორმაციისა. თბილისი საკუთარ თავზე ღებულობს ევროკავშირის წევრი ვალდებულებათა 80%-ს, მაგრამ გაწევრიანების მტკიცე პერსპექტივისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს არ აქვს ისეთი გარანტიები, როგორიც, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ".
და ბოლოს, რუსეთის ფაქტორი: მოსკოვი არ მალავს თავის უკმაყოფილებას საქართველოს დასავლური დრეიფის გამო. კრემლმა უკვე დააგდო [მძიმე ლოდი] საქართველოს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე და, ალბათ, იგივეს გააკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის ჩასაშლელად.
ცხადია, საქართველოსთვის რუსული ზეწოლა და აგრესია უცხო არ არის, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თბილისს ამგვარი ქმედებები ბევრჯერ აქვს გამოცდილი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში. დღეს რუსეთი საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს, იქ კრემლს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ჰყავს კონცენტრირებული. რუსეთი ცდილობს, რომ „შეუძლებელიც კი შეძლოს", რათა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს ან გავლენის სფეროში ჰყავდეს მოქცეული. ამ ტენდენციას ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კრიზისში ჩარევის ფაქტიც ადასტურებს. რუსეთი არამარტო ტერიტორიას იკავებს, არამედ ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა გონებაზეც: თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ავრცელებს რაღაც ზღაპრებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირები მის საწინააღმდეგოდაა მიმართული.
მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც განსაზღვრა თავისი ევროპული კურსი, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ბოლო წლებში დემოკრატიული არჩევნები ტარდება, ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანად ხდება, პლურალიზმი ვითარდება და კორუფციის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროექტის წარმატებული მაგალითია. ევროკავშირმა ეს ყველაფერი უნდა აღიაროს და საქართველოს ადექვატური პოლიტიკური და ეკონომიკური მმხარდაჭერა უნდა გაუწიოს, მათ შორის უვიზო რეჟიმის დაჩქარებული შემოღების საკითხშიც, როგორც კი თბილისი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. უვიზო რეჟიმი ქართული საზოგადოებისათვის ერთობ საგრძნობი [ტკბილი] ნაყოფი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმს თავისი სამომავლო პოტენციალიც აქვს: ქართულ პასპორტი უფრო მიმზიდველი იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის", - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
საინტერესოა ავტორის დასკვნა: „საქართველო კიდევ ბევრ პრობლემას წააწყდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამიტომ მხარდაჭერა სჭირდება რთული და ძვირადღირებული რეფორმების გასატარებლად. ალბათ, საჭირო იქნება რაღაც ძლიერი, ფორმალური სიგნალის გაგზავნა, რომ ევროკავშირი მთლიანად აღიარებს საქართველოს გეოსტრატეგიულ არჩევანს და გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისს მხარში ამოუდგება. თუმცა ასეთ დროს, როცა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების გავლენა მატულობს, [როცა ისინი ლოიალურად არიან განწყობილნი] რუსეთის მზარდი მტრობის მიმართ, სამწუხაროდ, განწყობა მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად არ არსებობს".
როგორც ვხედავთ, თურქი ანალიტიკოსი პოზიტიურად აფასებს საქართველოს კურსს, მაგრამ საბოლოო ჯამში პერსპექტივას მაინც სკეპტიკურად უყურებს. ვინ-ვინ და ამანდა პოლმა, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტოლოგია, თურქეთის ევროინტეგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, მართლაც კარგად იცის, როგორ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდ ევროკავშირში, რა წყალქვეშა დინებები და კლდეებია ევროპულ გზაზე...
ბ) „ოდნაკო" (რუსეთი): „სამშობლოს დაგირავება ევროკავშირში"
რუსულ ჟურნალ „ოდნაკოში" გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „იძულებითი ქაოსი": პრელიუდია ევრაზიული ომისათვის" ევრაზიული თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ლეპეხინი მსჯელობს იმ საგარეოპოლიტიკური არჩევანის შესახებ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა გააკეთეს ევროკავშირთან და ევრაზიულ კავშირთან მიმართებით. მხედველობაშია ერთი მხრივ - რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი, რომლებმაც 29 მაისს ასტანაში ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას და მეორე მხრივ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა (რომლებმაც 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოაწერეს ასოცირების შეთახმებას ევროკავშირთან).
რუსი პოლიტოლოგის აზრით, „ასტანაში ხელმოწერილი შეთანხმებით უზრუნველყოფილი იქნა და განმტკიცდა სამი ქვეყნის - რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტი. რაც შეეხება ბრიუსელში ხელმოწერილ დოკუმენტს, ის თავისი არსით მოლდოვას, უკრაინის და საქართველო მმართველი ჯგუფების კაპიტულაციას წარმოადგენს. მათ თავიანთი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემების გასაღებები გადასცეს ევროჩინოვნიკებს და მათ ზურგს უკან მდგომ მსოფლიოს ბანკირებს. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნა - ესაა ევრაზიული ქვეყნების ხალხთა თვითორგანიზების ფაქტი, მათი თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანი, ხოლო „სამეულის" მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება - ბრიუსელური კომბოსტოსადმი სიყვარულის აღიარების აქტი. ეს არის „იძულებითი ქაოსის" პოლიტიკა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ყოფილმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების მთავრობებმა დაადასტურეს, რომ ისინი ფაქტიურად უღონონი, სუსტნი არიან და თავიანთი ქვეყნების მართვა არ ძალუძთ. მათ საკუთარი სამშობლო დააგირავეს პირადი კეთილდღეობისა და ევროპა-ამერიკაში თავისუფლად სიარულის სანაცვლოდ.
დღეს სამივე ქვეყანა ფაქტიურად დაშლილ-დაქუცმაცებულია. მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს და ნაწილობრივ - გაგაუზეთს, საქართველო - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, უკრაინა - დონბასს და მით უმეტეს ყირიმს, რომელიც უკვე დაკარგა. ევროკავშირს და დასავლეთს, როგორც ჩანს, ქართული ელიტის დაქვემდებარებით სოხუმისა და ცხინვალის გაკონტროლება სურთ, შემდეგ იგივე პროექტი განახორციელონ მოლდოვაში და უკრაინაში", - ამბობს ვლადიმერ ლეპეხინი ჟურნალ „ოდნაკოს" ჟურნალისტთან საუბარში.
ამერიკის მოკავშირეობა - მითები თუ სინამდვილე?
ახლა კი შევეხოთ „ამერიკის მოკავშირეობის" თემას, რომელმაც ქართულ მასმედიაში ერთობ გადაჭარბებული ყურადღება გამოიწვია, უცხოურში კი ფაქტიურად არავითარი, თუ არ ჩავთვლით რუსულ პრესას.
ა) „კომერსანტი" (რუსეთი): „ისტორიული კანონი" საქართველოსთვის
რუსული „კომერსანტი" გამოეხმაურა აშშ-ის სენატის კანონპროექტს, რომლის თანახმად, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ღებულობენ „ამერიკის მოკავშირის" ოფიციალურ სტატუსს, თანაც ნატოში გაწევრიანების გარეშე (სტატიის სათაური: „ამერიკა პოსტსაბჭოურ ქვეყნებისათვის ნატოს როლს შეასრულებს").
„კანონი, რომელიც ორი მოსმენითაა მიღებული, ფართო შესაძლებლობებს ქმნის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებისათვის: გამოსაცდელი ვადის დროს ამ ქვეყნებმა უნდა განახორციელონ სამხედრო სფეროს რეფორმები და მზად უნდა იყვნენ ამერიკასთან მჭიდრო სამხედრო ინტეგრირებისათვის, განსაკუთრებით სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით. კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს რეკომენდაციას აძლევენ დაუყონებლივ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ სახელმწიფოებთან მიმართებით - არაუგვიანეს 90 დღისა დაიწყონ მოლაპარაკებები თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით კიბერნეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია სტატიაში.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და კონგრესის პროფილურ კომიტეტს აქვს გადაცემული შესაძლო შესწორების შესატანად, ამ ფაქტმა საქართველოში სიხარულის ემოციები გამოიწვია: გუშინ ყველა ტელეკომპანია თავისი ახალი ამბების გადაცემებს ამ „ისტორიული კანონით" იწყებდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს ნატოს უელსის სამიტის წინ ღებულობენ, - უთხრა „კომერსანტს" ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ, - ამით ამერიკასთან ჩვენი თანამშრომლობის სამხედრო კომპონენტი ძლიერდება".
ქართველი ექსპერტები კი შეფასებებში ცოტა თავს იკავებენ: „ჯერ-ჯერობით პრაქტიკული თვალსაზრისით ეს კანონი არაფერს იძლევა, - ამბობს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, - „ამით კონგრესი თეთრ სახლს მხოლოდ ანიშნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო წინააღმდეგი არ იქნება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ეს საჭიროა". როგორც ექსპერტმა „კომერსანტს" განუმარტა, თანამშრომლობის რეალური განვითარებისათვის აუცილებელია დამატებითი იურიდიული ინსტრუმენტების შექმნა, მთავარი კი ამ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტის ნებაა... თუმცა, ჩვენთვის ისაა სასარგებლო, რომ ამ კანონით კონგრესი მოსკოვს სიგნალს აძლევს საქართველოსთან მიმართებით".
„კონგრესმენების გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, - ამბობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, - მათი მიღება იმითაა გამოწვეული, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა საქართველოსადმი „მაპ"-ის მიცემას ბლოკავს, რაც კაპიტოლუმის ბორცვზე [კონგრესში] მყოფ საქართველოს მეგობრებს არ მოსწონთ".
კანონპროექტის შეფასებებში უფრო სერიოზული მიდგომა აქვს ნეზავისამია გაზეტას".
ბ) „ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი): გადაჭარბებული მოლოდინი ამერიკისგან
უკრაინაში ეჭვი ეპარებათ, რომ ეს კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული. ამ ინიციატივით რესპუბლიკელი სენატორი ტენესის შტატიდან ბობ კორკერი ჯერ კიდევ მაისში გამოვიდა. ამავე დროს კიევში უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ ვაშინგტონი ამით ცდილობს რუსეთის საზღვართან თავისი მოკავშირეები იყოლიოს, - აღნიშნავს გაზეთი.
სტატიაში ნათქვამია, რომ თუ სუამი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით პროდასავლური ეკონომიკური „სარტყელის" შექმნის მცდელობა იყო, ახლა უკვე სამხედრო ხასიათის ბლოკის ჩამოყალიბებაა განზრახული, რომელსაც შეიძლება პოლონეთი და ლიტვა მიუერთდნენ.
მართალია, უკრაინის მასმედია სიტუაციას მაჟორულ ტონებში ხატავს (ქვეყნის მთავრობას შეუძლია, რომ ამერიკას ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის შესაძენად მიმართოსო), მაგრამ საქმე არც ისეა, როგორც კიევში ჰგონიათ:
ჯერ ერთი, რომ აშშ-ის კონგრესს კანონპროექტი არ განუხილავს. როგორც „ამერიკის ხმის" უკრაინელი ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე ამბობს, კანონპროექტი ამ ეტაპზე სენატის (კონგრესის ქვედა პალატის) საერთაშორისო საქმეების კომიტეტშია განსახილველად, შემდეგ კი წარმომადგენლობათა პალატას (კონგრესის ზედა პალატას) გადაეცემა, შემდეგ გაიმართება ორი კენჭისყრა - სენატში და პალატაში ცალ-ცალკე. შემდეგ ამ სტრუქტურებში მოხდება დოკუმენტის ყველა დებულების შეთანხმება და ბოლოს ისევ კენჭისყრა კონგრესის საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით. აი, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად. ეს არცთუ ისე სწრაფად მოხდება, - აღნიშნავს მიროსლავა ღონღაძე.
მეორე - მხედველობაშია მისაღები, რომ კანონპროექტი რესპუბლიკელების მიერაა შემუშავებული, რომლებიც ბარაკ ობამას დემოკრატიული პარტიის კონკურენტები არიან, - განმარტავს უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კიეველი პოლიტოლოგი კონსტანტინე ბონდარენკო, - სენატში ათასგვარი ინიციატივებით გამოდიან ხოლმე. მაგალითად, ამას წინათ რომელიღაც სენატორი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ მას განვითარება არ მოჰყოლია. ბობ კორკერის კანონპროექტს სუფთა დეკლარაციული ხასიათი აქვს, რომელიც არავის არაფრით არ ავალდებულებს. ნატოსთან უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას თანამშრომლობის საკითხებს, როგორ და რა ფორმით, ალიანსი რეკომენდაციების გარეშე თვითონ წყვეტს. რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, საგარეო საკითხები სახელმწიფო დეპარტამენტის პრეროგატივაა და არა კონგრესისა. სახელმწიფო დეპარტამენტში მსგავსი რაღაც რეკომენდაციები და მათ საქმეებში ჩარევები ტრადიციულად არ მოსწონთ. ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ ტენესელი სენატორის ინიციატივა სადღაც შეჩერდეს".
კონსტანტინე ბონდარენკო თვლის, რომ უკრაინის მასმედიამ და პოლიტიკოსებმა იჩქარეს, როცა სუამ-ის საფუძველზე „მცირე ნატოს" შექმნა იწინასწარმეტყველეს.
„როცა სუამი ჩამოყალიბდა, იმის შემდეგ ათი წელი გავიდა. ამ ათ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა: აზერბაიჯანს ახლა თავისი პოლიტიკა აქვს, მათ შორის ენერგეტიკულ სფეროში. ბაქომ და მოსკოვმა მხოლოდ ახლახანს მოახერხეს ურთიერთობის დარეგულირება. არამარტო აზერბაიჯანი, არამედ საქართველოც, სადაც დღემდე სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მიმდინარეობს, საეჭვოა, რომ რუსეთს მტრად მიიჩნევდეს. მოლდოვასაც თავისი პრობლემა აქვს დნესტრისპირეთის სახით... უკრაინისთვის სამხედრო საკითხები კი მხოლოდ წვეთია იმ პრობლემების ფონზე, რაც ამჟამად ეკონომიკაში ხდება", - ხაზს უსვამს ბონდარენკო.
ირანი და საქართველო ამერიკის ჩრდილქვეშ
გასულ კვირას ერთ-ერთმა რუსულმა ანალიტიკურმა გამოცემამ „პოლიტკომ"-მა გამოაქვეყნა სომეხი პოლიტოლოგის სერგეი მინასიანი სტატია სათაურით „ირანი და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები: ახალი შესაძლებლობები და ტრადიციული შეზღუდვები".
პუბლიკაციაში გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა ირანთან.
საქართველოს შესახებ სტატიაში ნათქვამია: „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველო, ითვალისწინებდა რა აშშ-ისა და ევროკავშირის რიგი ქვეყნების რთულ დამოკიდებულებას ირანთან, ცდილობდა თეირანთან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია დაეცვა და ძირითადად მხოლოდ ეკონომიკური კონტაქტები ჰქონოდა, მაგრამ „ხუთდღიანი ომისა" და განსაკუთრებით რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დემოკრატებით შეცვლის შემდგომ, 2009 წლის იანვარში, საქართველოს ხელისუფლებაში შეინიშნება იმედგაცრუება, რომ დასავლეთს არ აქვს შესაძლებლობა ჯეროვნად უზრუნველყოს საქართველოს უაფრთხოების დაცვა. ამ პერიოდიდან თბილისმა ირანთან კონტაქტები გააქტიურა.
ამასთან, საქართველო მაინც ცდილობდა არ დაერღვია ის „წითელი ზოლი", რომელიც ვაშინგტონის გაღიზიანებას გამოიწვევდა და აშშ-სტან სტრატეგიულ თანამშრომლობას ჩრდილს მიაყენებდა. „წიტელი ზოლი" გულისხმობდა რადიოაქტიური ნივთიერების და მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებელი ნედლეულის საქართველოს გავლით გატანის აკრძალვას, მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საგნების ტრანზიტს. 2008 წელს ირან-საქართველოს ურთიერთობები გაყინული იყო იმ მიზეზით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ვაშინგტონის მოთხოვნით, ქვეყნიდან გააძევა ფულის გათეთრებასა და კონტრაბანდაში დადანაშაულებული ირანელი მოქალაქეები. სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა მხოლოდ 2010 წლის დასაწყისისათვის, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირანის მაშინდელ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს შეხვდა.
დღეისათვის ირან-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა მნიშვნელოვან გადაულახავ ბარიერებს აწყდება, რომელიც თეირანისა და თბილისის განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ორიენტირებითაა განპირობებული. საქართველოს, რომელიც ევროკავშირთან და ნატოსთან თავისი ურთიერთობის ინსტიტუტიონალიზებას ცდილობს, არ შეუძლია უფრო მეტად დაუახლოვდეს ირანს, რომელსაც ასევე გააჩნია შემზღუდავი ბარიერები ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურ საქართველოსთან ურთიერთობაში. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროსაც.
რასაკვირველია, დასავლეთის მიერ სანქციების შერბილების შემთხვევაში ირანს საშუალება მიეცემა მეტი დინამიკა მისცეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობას (ეკონომიკური მიმართულებით), მაგრამ აზერბაიჯანტან დამოკიდებულება ისევ შედარებით შეზღუდული იქნება, რადგან ბაქო ხელს უწყობს სუნიტებისა და სალაფიტების გაძლიერებას.
თუ ეკონომიკურ მიზანშეწონილობას გავითვალისწინებთ, უახლოეს პერსპექტივაში საეჭვოა სამხრეთ კავკასიაში რაიმე მნიშვნელოვანი ეკენომიკური პროექტი განხორციელდეს ირანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით, მაგალითად, ირან-სომხეთ-საქართველოს გაზსადენის მშენებლობის თეირანული იდეა, რომელიც ევროპის მიმართულებით შავი ზღვის ფსკერზე შეიძლება ჩაიდოს. ექსპერტების აზრით, ჯერ ერთი, რომ პროექტი ძალიან ძვირადღირებული იქნება, მეორე - საქართველოში კონფლიქტების გამო მილსადენის უსაფრთხოება რისკისქვეშ მოექცევა (მას ემატება ყირიმის ფაქტორიც). მაინც და მაინც მომგებიანად გაზსადენის არც თურქული მიმართულება არ გამოიყურება, რომლის მიახლოებული ხარჯთაღრიცხვა და ინვესტირება ჯერ არ არსებობს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ირანისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობა, აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების შერბილების შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული შეზღუდვებით იქნება დამუხრუჭებული. ამის მიუხედავად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირანთან ეკონომიკური კონტაქტების გასაღრმავებლად უნდა იზრუნონ, მაქსიმალურად გამოიყენონ უკვე არსებული და ახლად გაჩენილი შესაძლებლობები", - აღნიშნულია სტატიაში.
საქართველო და რუსეთი: საინვესტიციო კლიმატის თავისებურებანი
გასულ კვირას ბრიტანული პრესაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სკანდალური მასალა საქართველოსაც ეხებოდა. მხედველობაში გვაქვს „ფაინენშელ თაიმსში" გამოქვეყნებული სტატია თავდაპირველი სათაურით „რუსეთის წამყვანი მეწარმე ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს".
რუსეთის ერთ-ერთმა წარმატებულმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა გადაწყვიტა „მეტი ინვესტირება განახორციელოს მშობლიური საქართველოს ეკონომიკაში". დავით იაკობაშვილს ამ ნაბიჯისაკენ ვლადიმერ პუტინის პოზიციამ უბიძგა: რუსეთის პრეზიდენტმა კურსი ოფშორული კომპანიების შეზღუდვისაკენ აიღო, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
„დავით იაკობაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს გაყიდა თავისი რძისა და წვენების კომპანია „ვიმ-ბილ-დანი", განაცხადა, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობის შეზღუდვა რუსეთის ეკონომიკას უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავისი სიმდიდრის დაბანდებას საქართველოს ეკონომიკაში გეგმავს - სამშობლოში, რომელიც მან 1980-იან წლებში დატოვა და რუსეთში ბედნიერების საძიებლად გაემგზავრა („ფორბს"-ის შეფასებით, დავით იაკობაშვილი 1,3 მილიარდი დოლარის მფლობელია).
გაზეთის ჟურნალისტებთან ერთად სადილობისას („მაგიდა მისი პირადი მზარეულის მიერ მომზადებული დელიკატესებით იყო სავსე: „ქმარი სამეგრელოდან ჰყავს, ქართული კულინარული ცენტრიდან", - შენიშნა მასპინძელმა) დავით იაკობაშვილმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი შეაქო და განაცხადა, რომ „საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულ რესპუბლიკად ითვლებოდა, მაგრამ ახლა შედარებით უფრო მიმზიდველია ინვესტიციების ჩასადებად, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები".
გასულ თვეში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართულ ბიზნესს „ახალ სტიმულს" მისცემს. იმავდროულად საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიყინა, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თანდათან უმჯობესდება.
ბატონი დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ მან საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანისა და მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების" მფარველის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ექვსმილიარდდოლარიან კერძო საინვესტიციო ფონდში „მილიონები" შეიტანა. მან პრემიერ-მინისტრს ასევე უთხრა, რომ მზადაა ქვეყნის ეკონომიკაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეტანილი ყოველწლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია.
დავით იაკობაშვილის თქმით, საქართველოს აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები ჰიდრორესურსებით სარგებლობის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ტურიზმის დარგში: „რაც შეეხება გემრიელ საჭმელს, ღვინოს, ხილს და მზეს, საქართველო ამ სიმდიდრით ოდითგანვეა ცნობილი". როგორც ბიზნესმენი ამბობს, მან სთხოვა ქვეყნის მთავრობას, რომ არ შეაჩეროს ის რეფორმები, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ამჟამად ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების და გარემოცვის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მათ კორუფციასა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. „მიხეილ სააკაშვილის [გარემოცვასთან] დაკავშირებით მართლაც არის რაღაც პოლიტიკური საკითხები გასარკვევი, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ ძალიან ბევრი სიახლე განახორციელეს, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, - ამბობს ბატონი დავით იაკობაშვილი, - ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაწყებული განაგრძოს, პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადოს და უფრო ლმობიერი იყოს".
ბატონმა დავით იაკობაშვილმა, სანამ იგი წვენების კომპანია „ვიმ-ბილ-დანს" შექმნიდა, 1990-იანი წლების დასაწყისში თავისი ბიზნესი რუსეთში ნახმარი ავტომობილების იმპორტით დაიწყო. 2010 წელს მან თავისი კომპანია გაყიდა - აქციები „პეპსიკომ" შეიძინა 10,5 მილიარდ დოლარად. შემდეგ მან კაპიტალი დააბანდა რიტეილერ-კომპანია „პეტროგაზ"-ში, რომელიც ნავთობითა და სხვა რესურსებით ვაჭრობის ოპერაციებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახორციელებს, - ნათქვამია სტატიაში.
სხვათა შორის, ამ სტატიას საინტერესო გაგრძელება მოჰყვა:
როგორც გაზეთმა „ვედომოსტ"-მა ამცნო საზოგადოებას, რუს ბიზნესმენს, კომპანია „ვიმ-ბილ-დან"-ის დამაარსებელს და მის ყოფილი მფლობელს დავით იაკობაშვილს ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმს"-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
სარჩელი დაკავშირებულია ბიზნესმენის ინტერვიუსთან, რომელიც ამ დღეებში „ფაინენშელ თაიმს"-ში გამოქვეყნდა სათაურით „Leading Russian entrepreneur blasts Kremlin`s offshore crackdown". ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამ სტატიაში მისი განცხადებების აზრი დამახინჯებულია. „ეს მასალა უხეშად არღვევს ეთიკურ ნორმებს: ჩემი სიტყვები და ნათქვამის აზრი მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული.. ხოლო ის ფორმულირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეხება, უბრალოდ, სიცრუეა"', - განაცხადა დავით იაკობაშვილმა.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ გაზეთმა უარი თქვა ფორმულირების შესწორებაზე, რომელიც მის ნათქვამს ამახინჯებს და სათაურში სიტყვები „ვლადიმერ პუტინი" „კრემლით" შეცვალა.
დავით იაკობაშვილის თქმით, ინტერვიუს მთავარი თემა იყო საქართველოს ინვესტკლიმატის მდგომარეობა. „არავითარი შედარებები რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური სიტუაციების შესახებ მე არ გამიკეთებია", - ხაზი გაუსვა ბიზნესმენმა. „ამჟამად ადვოკატები სარჩელს ამზადებენ სასამართლოში შესატანად", - თქვა დავით იაკობაშვილმა.
„ფაინენშელ თაიმს"-ში გამოქვეყნებულ მასალაში დავით იაკობაშვილი ვლადიმერ პუტინს ოფშორული ზონების კრიტიკის გამო საყვედურობს და ამბობს, რომ „ოფშორული კომპანიების საქმიანობის შეზღუდვა რუსეთის ეკონომიკას უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები". ამასთან დაკავშირებით გაზეთ „ვედომოსტის" კორესპონდენტს დავით იაკობაშვილმა განუმარტა, რომ მას მხედველობაში ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის შერბილება. „ვინ ვარ მე, რომ [ვლადიმერ პუტინი] გავაკრიტიკო და წინააღმდეგობა გავუწიო? მე მხოლოდ სხვა ბიზნესმენებთან ერთად კანონპროექტის შერბილებას ვცდილობ".
რა იმალება ბიზნესმენის ამ სიტყვებში - კრემლის მიერ განხორციელებული ზეწოლა, უკანდახევა, მონანიების მცდელობა თუ სხვა რამ, ჯერ-ჯერობით ეს გაურკვეველია, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლების კომპეტენტური სპეცსამსახურების „მუშაობის" შედეგი იყოს.
„საქართველო როგორც ფარისევლური პოლიტიკის გამტარებელი"
არის ბაქოში ერთი ცნობილი, მაგრამ სკანდალური აზრების მქონე აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი, სახელად მუბარიზი, გვარად აჰმედოღლუ. იგი რეგულარულად ატარებს ყოველკვირეულ ბრიფინგებს და ძალიან ხშირად საქართველოს შესახებაც საუბრობს. მან მეზობელი 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზეც არ დაივიწყა და განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყება საქართველოზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს.
„მთიან ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში შეიძლება საქართველოში სიტუაციის განვითარების მოდელირება მოვახდინოთ: სრულიად აშკარაა, რომ ასეთ სიტუაციაში ჯავახეთის სომხები ქართულ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. გამორიცხული არაა, რომ სომხების დასამშვიდებლად მათ ფარულად ნება მიეცემათ მეზობელი რაიონი გააკონტროლონ. ასეთ ვითარებაში სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყება. რუსეთი ისარგებლებს შექმნილი სიტუაციით და საქართველოში თავის ჯარებს შეიყვანს. სომხეთი ტერორისტულ აქტების მოწყობას შეეცდება, რომლებიც საქართველოს შიდა ინფრასტრუქტურის დანგრევისკენ იქნება მიმართული. ცნობილია, რომ სომხეთის ოფიციალური პირები თავს უფლებას აძლევდნენ მსგავსი განცხადებები გაეკეთებინათ...
თუ სამხრეთ კავკასიაში ქაოსური ვითარება შეიქმნება, ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით მთიან ყარაბაღში სხვადასხვა დაჯგუფებების შესვლაა მოსალოდნელი. დაიწყება ომი, რომელიც სომხეთის და აზერბაიჯანის [ძირითადი ტერიტორიისაგან] საკმაოდ შორს იქნება, თბილისი კი ტრანზიტულ საკომუნიკაციო ცენტრად ითვლება როგორც სომხეთისათვის, ასევე აზერბაიჯანისათვის", - განაცხადა პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველომ უარი უნდა თქვას პირმოთნე და ფარისევლური, ყალბი პოლიტიკის გატარებაზე, რომელსაც თბილისი მთიანი ყარაბაღის მიმართ ახორციელებს. „საქართველო ცდილობს მანიპულირებას აგრესორ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია ისევე, როგორც თვითონ საქართველოსიც. თბილისს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიცვას თავისი ინტერესები მოსალოდნელი საფრთხის წინაშე", - განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ.
„ამ მიმართულებით გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია პარიზში დაგეგმილ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრას. არჩევანი საქართველოს პრემიერ-მინისტრზე და პრეზიდენტზეა. ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების „სომხური ვერსია" არასწორია. იგი საფრანგეთის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ეს პრობლემა განიხილა არამარტო ერევანსა და ბაქოში, არამედ თბილისშიც", - აღნიშნა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა.
„სხვათა შორის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად ბევრ ქვეყანაში იმართება, ჩვენს მეზობელ საქართველოში კი არასდროს ჩატარებულა. ამრიგად, ლოგიკურია, რომ საქართველო და საფრანგეთი ინიციატივით გამოვიდნენ ასეთი შეხვედრის თბილისში გამართვის მიზნით. თუ ორივე მხარე სერიოზულად დაინტერესდება ამ წინადადებით, მაშინ შეიძლება რეალური შედეგი მივიღოთ. ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს ხომ მოხერხდა საქართველოს ნაწილობრივ გადარჩენა. ფრანსუა ოლანდსაც შეუძლია საქართველოს გადარჩენა ომის საფრთხისაგან, მაგრამ ეს თვითონ საქართველომ უნდა მოისურვოს", - განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგისათვის მსგავსი განცხადებების გაკეთება უკვე ტრადიციად იქცა. არადა, ზოგიერთი მისი მოსაზრება აშკარად არასასიამოვნოა, არასწორია და კონტრმოქმედებას ითხოვს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მუბარიზ აჰმედოღლუს კომენტარები ტირაჟირდება და გარკვეულ ანტიქართულ ფონს ქმნის. ფაქტია, რომ ქართველი კოლეგები მას არ პასუხობენ.
ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის შესახებ
საინტერესოა, რომ დასავლურ მედიაში საქართველოში მომხდარ მთავარ მოვლენას - ბიზნესმენისა და დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას თითქმის არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია: გავრცელდა მხოლოდ „როიტერის" მასალა მისი სიკვდილის ფაქტის შესახებ.
რაც შეეხება რუსულ მასმედიას - პრესა, რადიო-ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტოები ამ ტრაგიკულ ფაქტს აქტიურად აშუქებდნენ.
რასაკვირველია, რუსული მასმედისს ამ ფაქტით დაინტერესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რომ გარდაცვლილი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა, თანაც მეტად მნიშვნელოვან პერიოდში - რუსეთ-საქართველოს 2008 წლის „აგვისტოს ხუთდღიანი ომის" წინ. გარდა ამისა, ეროსი კიწმარიშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ტელეკომპანიის - „რუსთავი-2"-ის დამაარსებელი და მფლობელიც იყო, „ვარდების რევოლუციის" აქტიური შემოქმედი.
რუსული პრესის წამყვან გაზეთებში - „ნეზავისიმაია გაზეტაში", „"კომერსანტში", „მოსკოვსკიი კომსომოლეცში" და სხვებში დაიბეჭდა მრავალრიცხოვანი სტატიები, რომლებშიც გადმოცემულია როგორც ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები, ასევე პოლიტიკოსების, ექსპერტების, მისი მეგობრების კომენტარები (მაია ნიკოლეიშვილის, ბადრი ნანიტაშვილის, ვალერი გელბახიანის, ხათუნა ხოფერიას და სხვების მიერ). ვრცელდება ყოფილი ელჩის სიკვდილის სხვადასხვა ვერსიები და თვალსაზრისები, გამოთქმულია აზრი, რომ ეროსი კიწმარიშვილი არ იყო ისეთი პიროვნება, რომელიც რაღაც მიზეზის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა: მას პრობლემების არ ეშინოდა, იგი მებრძოლი და ენერგიული ადამიანი იყო.
როგორც გაზეთ „კომერსანტს" პოლიტოლოგმა გიორგი ხუხაშვილმა განუცხადა, „ისეთი ტიპის ადამიანი, როგორიც კიწმარიშვილი იყო, გულზე ხელებს არანაირად არ დაიკრებდა და თავს არ მოიკლავდა. უმძიმეს მდგომარეობაშიც კი იგი გამოსავალს ყოველთვის პოულობდა, მებრძოლის სულს და ფორმას ინარჩუნებდა". განსხვავებული აზრი აქვს მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს, რომლის თქმით, ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკოსი არ იყო და აქედან გამომდინარე, ტრაგედია დაკავშირებულია მედიაბაზარზე მის ბიზნესაქტიურობასთან: „მიზეზები ბიზნესის სფეროში უნდა ვეძებოთ. ალბათ, უნდა დაზუსტდეს ეროსი კიწმარიშვილის ბიზნესკავშირები და კონტაქტები".
როგორც „კომერსანტს" სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ"-ის ექსპერტმა გელა კალანდაძემ განუცხადა, კიწმარიშვილის სიკვდილმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობები მმართველ კოალიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის: „ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აშკარად სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ გააკონტროლებს ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ს... გამორიცხული არაა, რომ მითი „კიწმარიშვილის იდუმალი მკვლელობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებად იქცეს, ზურაბ ჟვანიას ასეთივე იდუმალი მკვლელობის მსგავსად".
„ნეზავისიმაია გაზეტაში" დაბეჭდილი მასალის თანახმად, ბიზნესში ფინანსური ვალები ეროსი კიწმარიშვილს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ იგი ისეთი სუსტი პარტნიორი ნამდვილად არ იყო, რომ სიცოცხლე ფულის გამო დაესრულებინა. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ასახელებნ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ მან რუსთავის მერის არჩევნები წააგო, მაგრამ ვერც ეს გარემოება ვერ ახსნის ტრაგედიას, რადგან ბოლო ინტერვიუების თანახმად, კიწმარიშვილი სამომავლოდ ფართო მიზნებს ისახავდა. გაზეთი აღნიშნავს, რომ როგორი შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ფაქტია, რომ საქართველომ კიდევ ერთი ტალანტიური ადამიანის საიდუმლო მკვლელობა მიიღო, რომელიც საკმაო ხნის განმავლობაში საზოგადოებისათვის სალაპარაკო თემა იქნება.
„მოსკოვსკიი კომსომოლეცის" თანახმად, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, რომელმა საიდუმლომ მიიყვანა კიწმარიშვილი მკვლელობამდე. „შესაძლოა ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ. თბილისში ეს პირველი უცნაური მკვლელობა არ არის და, ალბათ, არც უკანასკნელი არ იქნება. ის, რომ რევოლუციები საკუთარ შვილებს ჭამენ, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი, საქართველოს მაგალითიც ამას ადასტურებს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყაროები:
„უოლ სტრიტ ჯორნალი" (აშშ): http://blogs.wsj.com/frontiers/2014/07/16/georgian-dream-party-takes-root-in-tbilisi/
„ეკონომისტი" (დიდი ბრიტანეთი):http://www.economist.com/blogs/easternapproaches/-2014/07/georgian-politics
„თუდეი ზამან" (თურქეთი): http://www.todayszaman.com/columnist/amanda-paul/georgias-eu-dream_353080.html
„ოდნაკო" (რუსეთი): http://www.odnako.org/blogs/soglashenie-ob-associacii-s-es-kak-prinuzhdenie-k-haosu-o-prelyudii-k-bolshoy-evraziyskoy-voyne/
„კომერსანტი" (რუსეთი): http://www.kommersant.ru/doc/2527315
„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი): http://www.ng.ru/cis/2014-07-18/1_unian.html
„პოლიტკომი" (რუსეთი): http://www.politcom.ru/17846.html
„ფაინენშელ თაიმსი" (დიდი ბრიტანეთი): http://www.ft.com/intl/cms/s/0/078bc6f2-0a7d-11e4-ac2a-00144feabdc0.html?siteedition=intl#axzz37UwpZKUp
„ტრენდი" (აზერბაიჯანი): http://www.trend.az/news/karabakh/2293931.html
„კომერსანტი" (რუსეთი): http://www.kommersant.ru/doc/2526713
„მოსკოვსკიი კომსომოლეცი" (რუსეთი): http://www.mk.ru/politics/2014/07/16/opponent-saakashvili-pokonchil-s-zhiznyu-pri-strannykh-obstoyatelstvakh.html