თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნული განცხადება, შიდა ქართლში ჟურნალისტებთან საუბრისას, საოკუპაციო ზოლის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან გაგადმული პოზიტიური ნაბიჯების ფონზე რუსეთის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებას აქვს ადგილი.
"ის რაც ხდება, ყველა ცივილიზებულ ნორმას და ქცევას სცდება. ახალი ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთიერთდათმობის გზები მოგვენახა. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეზობლები ხვალვე გავხდებით, მაგრამ ვცდილობთ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, საერთო ენა გამოვნახოთ. ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით პოზიტიურ ნაბიჯების ფონზე, ეს დესტრუქციული ქმედებები ურთიერთობის დალაგებას ხელს უშლის. ასევე აზიანებს რუსეთის იმიჯს, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს აქვს ადგილი. შესაბამისად, ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსებს არა თუ გაევლო მავთულხლართები, არამედ რაც აქამდე ღობეები ააგო, ისიც დაენგრია", - აღნიშნა სესიაშვილმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების როლს და იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი ქართულ მხარეს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.