საქართველოში, ჩვეულებრივი მოქალაქის ხმის ხელისუფლებამდე მიტანა, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მოქალაქეთა იდეების, აზრების გაზიარება, რიგი ბიუროკრატიული მიზეზების გამო რომ ძალიან რთულია, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა.
არსებობენ სახელმწიფო უწყებები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა მოქალაქეების ინიციატივების მიღება და ამ ინიციატივების ხელშეწყობა. მათ შორის ერთ-ერთია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი." აღნიშნული ფონდი, საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის ძირითადი ფუნქციაც საგრანტო კონკურსების ფარგლებში ახალგაზრდული იდეების მიღება, კონკურსის წესით გამარჯვებულთა გამოვლენა და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაა.
რამდენად ობიექტურად ხორციელდება კონკურსები, ვინ გამოავლენს გამარჯებულებს, როგორ იხარჯება სახელმწიფო თანხები ფონდში, რას ჰყვებიან ის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებსაც მიუღიათ ფონდის კონკურსებში მონაწილეობა, ხელმისაწვდომია თუ არა ფონდის ფინანსური, თუ ნარატიული საქმიანობის ამსახველი მასალები ფართო საზოგადოებისთვის - საზოგადოებაში არსებულ ამ საინტერესო კითხვებისთვის პასუხების გაცემას „რეპორტიორი" შეეცადა.
ფონდის საქმიანობის სპეციფიკა ასეთია - ყოველწლიურად ახალგაზრდების ინტერესების, საქართველოს მთავრობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის გათვალისწინებით, ხდება პროგრამული მიმართულებების შემუშავება. სწორედ, აღნიშნული მიმართულებების შესაბამისად ხდება წლის განმავლობაში რამდენიმე საგრანტო კონკურსის გამოცხადება და ახალგაზრდული პროექტების მიღება, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მიღებული პროექტები კონკურსის წესით ფინანსდება, პროექტებში ჩართული ახალგაზრდები იღებენ შესაბამის ანაზღაურებას და სამუშაო გამოცდილებას. პროექტების დაფინანსების საკითხს წყვეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს, სათათბიროს შემადგენლობაში კი სამინისტროსა და ფონდის წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც არიან.
ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წლებში ახალგაზრდული პროექტები, სხვადასხვა პროგრამული მიმართულების შესაბამისად განხორციელდა. შედეგად, 2013 წელს სამი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა და 60 პროექტი დაფინანსდა, ხოლო მიმდინარე წელს პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 35 პროექტი, მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების განხილვა ახლახანს დასრულდა და გამარჯვებულ პროექტებს, როგორც ფონდში გვიდასტურებენ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.
2013 წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დასაქმდა, ხოლო 12 000-მდე ბენეფიციარი უშუალოდ იყო ჩართული პროექტების განხორციელების პროცესში.
„რეპორტიორი" დაინტერესდა, როგორი იყო სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის დაფინანსებული პროექტების საერთო ბიუჯეტთან შედარებით თავად ფონდის ადმინისტრაციული ხარჯი. საჯარო ინფორმაცია ასეთია: 2013 წელს, ფონდის საერთო სახელმწიფო სუბსიდიის მხოლოდ 16.9 % შეადგინა ფონდში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივმა სარგომ; 3.5 % პრემიების რაოდენობამ; 1.2 % არაფინანსურმა აქტივებმა; 13.2 % დაიხარჯა სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაში, ხოლო 65.2 % შეადგინა პროგრამულმა ხარჯმა ანუ ახალგაზრდული იდეების დასაფინანსებლად გამოყოფილმა თანხამ.
რაც შეეხება 2014 წელს, ივნისის თვის მონაცემებით, რაც ფონდის ვებ-გვერდზეა განთავსებული - საერთო სახელმწიფო სუბსიდიის 20% შეადგინა ფონდში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივმა სარგომ; 1.9 % პრემიების რაოდენობამ; 1.3 % არაფინანსურმა აქტივებმა; 11.7 % დაიხარჯა სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაში, ხოლო 0.8 % სამივლინებო ხარჯში, პროგრამულმა ხარჯმა, კერძოდ, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროექტისა და მის ფარგლებში დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურების დასაფინანსებლად გამოყოფილმა თანხამ მხოლოდ პირველი საგრანტო კონკურსის მონაცემებით 64.3 % შეადგინა;
ამრიგად, ცხადი გახდა, რომ ყოველწლიური 1 მილიონიანი ბიუჯეტის 65% იხარჯება სხვადასხვა ახალგაზრდული იდეის დასაფინანსებლად, ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პროექტის განსახორციელებლად. დანარჩენ თანხაში კი, ყველა სხვა ორგანიზაციულ თუ ადმინისტრაციულ ხარჯია გაერთიანებული - დასაქმებულ პირთა ხელფასებისა და პრემიების ჩათვლით.
ვინაიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების დასაფინანსებლად იხარჯება, ჩვენც ამ საკითხით დავინტერესდით და შევეცადეთ გაგვერკვია - რამდენად ობიექტურია კონკურსების პროცედურები, ვინ გამოავლენს გამარჯვებულ ორგანიზაციებს და რას ჰყვებიან ის ახალგაზრდები, რომელთა პროექტებიც ფონდში ვერ დაფინანსდა.
ვინ გამოავლენს გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს?
საგრანტო კონკურსებში წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს არა „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი," არამედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო, რომელსაც მინისტრი - ლევან ყიფიანი ხელმძღვანელობს.
სათათბირო 9 წევრისგან შედგება: აქ, მინისტრთან ერთად, ფონდისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებიც არიან. მთავარი სხვა რამაა: სათათბიროს შემადგენლობაშია 3 სხვადასხვა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც. მათ შორის ერთ-ერთია უსინათლოთა ასოციაციის წარმომადგენელი - ლაშა ცაიშვილიც. კითხვაზე, თუ როგორ შეარჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ფონდში გვპასუხობენ, რომ ისინი მინისტრის მიერ 1 წლის ვადით ინიშნებიან და ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობის გამოცდილების მიხედვით შეირჩევიან.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - სათათბიროს წევრს აქვს უფლება მისი ორგანიზაციის სახელითაც წარადგინოს პროექტი! აღნიშნულიდან გამომდინარე - ჩვენ ფონდის დირექტორს, ირაკლი ჟორჟოლიანს ვესაუბრეთ:
- ირაკლი, გამოდის, რომ არსებობენ პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ფლობენ გაცილებით მეტ ინფორმაციას ვიდრე ჩვეულებრივი, ვთქვათ, რომელიმე რეგიონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში, რამდენად ობიექტური გამოდის კონკურსი და რამდენად უზრუნველყოფს ფონდი თანაბარი პირობების შექმნას ყველა კონკურსანტისთვის?
- გეთანხმებით, რომ სათათბიროს წევრის წარმომდგენ არასამთავრობო ორგანიზაციასაც აქვს ჩვენს კონკურსებში მონაწილეობის უფლება, მას ამის უფლებას კანონი აძლევს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში თავად ეს წევრი კენჭისყრაში არ მონაწილეობს, რაც შეეხება ობიექტურობას, ვინაიდან, ეს წევრი კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობს, ვფიქრობ, პრობლემაც არ დგას.
იმაშიც გეთანხმებით, რომ ყველა ორგანიზაციას არ აქვს კომუნიკაციის თანაბარი შესაძლებლობა ფონდთან, თუმცა ეს არ ხდება ფონდის მიზეზით. ამას სხვა ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს: თუნდაც ის, რომ, ვთქვათ, ზემო აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ისეთი ინტენსივობით დაესწრონ წინასაკონკურსოდ თუ კონკურსის მიმდინარეობის დროს ფონდში ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრებს, როგორც ამას მოახერხებს დედაქალაქში მოქმედი ორგანიზაცია. რადგან ფონდი პროექტის დაფინანსებამდე, ყველა დაინტერესებული პირის რეგიონებიდან ტრანსპორტირების ხარჯებს ფიზიკურად ვერ აანაზღაურებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ წლის მანძილზე პროექტების დასაფინანსებლადაც არ გვეყოფა თანხები, ადმინისტრაციული ხარჯი ხომ ისედაც მიზერულია ჩვენი უწყების შემთხვევაში. ფაქტობრივად, ორგანიზაციის ,,შენახვა'', ხელფასების გაცემა, მომსახურების შესყიდვა, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო თუ კომუნალური ხარჯები 30-35 პროცენტია, რაც იშვიათად დაბალი მაჩვენებელია ნებისმიერი სახელმწიფო უწყებისთვის, ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფოს მიერ ფონდისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მაქსიმალურად მოვახმაროთ ახალგაზრდების განვითარებას და მათი პროექტების მხარდაჭერას.
იმისთვის, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობები შექმნილიყო ჩვენ რამდენიმე ღონისძიებას ვახორციელებთ:
1.ფონდში წინა წლებისგან განსხვავებით პროექტების წარდგენა ხდება ელექტრონულად, ანუ, აღარ არის აუცილებელი რეგიონიდან წარმოდგენილი პროექტი დედაქალაქში ხელით ჩამოიტანოთ და ფონდში მოიტანოთ. ამან ბევრი რამ გაამარტივა: ნებისმიერი რეგიონიდან პროექტის შევსება ხდება ფონდის ვებ-გვერდზე და ის ისევე შემოდის, როგორც დედაქალაქიდან წარმოდგენილი პროექტები. სწორედ ამ მეთოდით მაგალითად 2014 წლის პირველ კონკურსში პროექტები მივიღეთ ისტორიული ჰერეთიდან, სტეფანწმინდიდან, გურიიდან, კახეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და ა.შ. რა თქმა უნდა, მივიღეთ თბილისიდანაც.
2.ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია გავავრცელოთ თანაბრად. კონსულტაციებს ვუწევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით: გვაქვს ადგილზე, ფონდში საკონსულტაციო საათები, ვინც აქ მოსვლას ვერ ახერხებს მათთვის გვაქვს სატელეფონო ან ონლაინ (სკაიპი, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა) საკონსულტაციო საათები. რამდენიმე თვის წინ ფონდმა საქართველოს აბსოლიტურად ყველა მუნიციპალიტეტში გამართა ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრები. ინფორმაციას აქტიურად ვავრცელებთ მედიითაც. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ: ფონდი 2000 წლიდან ფუნქციონირებს, ამ დროს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფონდის საგრანტო კონკურსების შესახებ იმდენი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მინიმუმ 100 პროცენტით აჭარბებს მთელი დანარჩენი 12 წლის მანძილზე მედიაში ფონდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ფონდი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა გაშუქების სიხშირის მიხედვით.
აქედან გამომდინარე, ყველაფერი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება - დიდი რაოდენობით ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვება დაინტერესებული ახალგაზრდების ზრდა, დაინტერესების გაზრდა ხელს უწყობს ფონდში წარმოდგენილი პროექტების ზრდასაც, აქ ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ფონდი ყველა წარმოდგენილ პროექტს ვერ დააფინანსებს და კმაყოფილებასთან ერთად ბევრი იქნება ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც დაფინანსებას ვერ მიიღებს, რადგან ყველაფერი შედარებითია და საუკეთესო პროექტები იმარჯვებს, ამიტომ იქნებიან ისეთებიც, რომლებსაც გული დასწყდებათ ან დამარცხების გამო, იქნებიან უკმაყოფილონი. ასეთ ორგანიზაციებს გვინდა მოვუწოდოთ, რომ 1 დამარცხების გამო ნუ დაასრულებენ ჩვენთან ურთიერთობას, რადგან პროექტების წარმოდგენა მომდევნო კონკურსებშიც შეუძლიათ, ასეთი შემთხვევა ბევრი ყოფილა, როცა მეორედ ან მესამედ მონაწილეობის დროს გაუმარჯვია ორგანიზაციას კონკურსში.
- უკმაყოფილებაზე საუბრობდით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც საგრანტო კონკურსებში ვერ გაიმარჯვა აღნიშნავს, რომ ფონდი არ ასაბუთებს პასუხს, თუ რატომ არ მიენიჭა უპირატესობა მათ პროექტს.
-ეს მეც მომისმენია... როდესაც საგრანტო კონკურსი სრულდება, ფონდი მონაწილე ორგანიზაციებს უგზავნის წერილს, რომ მათ გაიმარჯვეს ან ვერ გაიმარჯვეს კონკურსში. თქვენ თუ მოიძიებთ ინფორმაციას სხვა ფონდების შემთხვევაშიც, ძირითადად, ასე ხდება ხოლმე. ისინი ატყობინებენ მონაწილეებს კონკურსის რეზულტატს, ჩვენ შემთხვევაში კი მათ ვწერთ, რომ თუ მათ სჭირდებათ დეტალური ინფორმაცია უნდა მისწერონ სამინისტროს სათათბიროს აპარატს, სწორედ სათათბირო იღებს გადაწყვეტილებას პროექტების დაფინანსების შესახებ, სათათბიროს ერთ-ერთი წევრი მეც ვარ და მეც ვინაწილებ ამ პასუხისმგებლობას. განხილვის პროცესში ჩვენ სათითაოდ ვმსჯელობთ თითოეული პროექტის დადებით ან უარყოფით მხარეებზე და ეს იწერება სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მისი ნახვა. თუ ორგანიზაცია დაინტერესდება ამ ინფორმაციით მას შეუძლია თავად წაიკითხოს ოქმი ან მისწეროს სათათბიროს, რომელიც კანონით განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს თითოეული ორგანიზაციისთვის ინდივიდუალურ და ოფიციალურ პასუხს - თუ რატომ ვერ დაფინანსდა მათი პროექტი.
მინდა აღვნიშნო, რომ ფონდი გამჭვირვალე დაწესებულებაა და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პასუხი გავცეთ დაინტერესებული საზოგადოების შეკითხვებს, ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, IDFI-ის ანგარიშით, ფონდი სამინისტროს სხვა უწყებებთებ ერთად ლიდერია საჯარო ინფორმაციის გავრცელებისა და გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ფონდი არის დაწესებულება, სადაც ყოველგვარი ჩაწერის და ბიუროკრატიის გარეშე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შემოსვლა. ჩვენ სპეციალურად მოვხსენით ყოველგვარი ბარიერი და სამუშაო საათებში ყველას, ვისაც ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია პირადად მოგვმართოს. ისინი დაუბრკოლებლად აიღებენ საშვს სამინისტროს შენობაში.
,,რეპორტიორმა" ფონდის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა. ჩვენ წარმოგიდგენთ ფონდის პასუხებს, რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ეგზავნება, პროექტის დაწუნების შემთხვევაში და შედარებისთვის ასევე წარმოგიდგენთ სხვა ფონდების მიერ გაგზავნილ პასუხებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ბუნებრივია, პირადი მონაცემების დაფარვით:
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ფონდის კონკურსებში მონაწილე რამდენიმე ორგანიზაციას, შევარჩიეთ არა გამარჯვებული (რომლებიც, ისედაც კმაყოფილნი იქნებიან ფონდთან თანამშრომლობით), არამედ ძირითადად, დამარცხებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თამთა გრიგოლია - „ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის" ხელმძღვანელია. მის მიერ წარდგენილმა პროექტმა 2014 წლის პირველ საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, მეორე საგრანტო კონკურსში, ცალკეული კორექტივების შეტანის შემდეგ დაფინანსდა.
„მე კარგად მესმის, რომ ეს არის კონკურსი და ყველა ვერ ხდება გამარჯვებული, თუმცა, მიმაჩნდა, რომ ჩემი პროექტი იყო საინტერესო, ვნახე სათათბიროს სხდომის ოქმიც, რომლის საფუძველზეც ჩემი პროექტი ვერ დაფინანსდა, როდესაც კონკურსი მეორედ გამოცხადდა, ისევ ვცადე ბედი. მაგრამ ამჯერად გავიარე კონსულტაციები ფონდის წარმომადგენლებთან და შევეცადე ყველა ის ხარვეზი გამომესწორებინა, რომელიც შესაძლოა პროექტის დაწუნების საბაბი გამხდარიყო. მიხარია, რომ პროექტი დაფინანსდა. მართალია, მოთხოვნილი თანხა დაკორექტირდა, მაგრამ ეს ჩემთან და პროექტის ფინანსისტთან კონსულტაციის და შეთანხმების საფუძველზე მოხდა, იყო ხარჯები, რომელიც სათათბირომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ეს ხარჯები შემცირდა და საბოლოოდ, მივიღეთ პროექტის ოპტიმალური სახე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა. ჩვენი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო",-აღნიშნა თამთა გრიგოლიამ.
ქეთი ლომინეიშვილი, ასევე, ერთ-ერთი კონკურსანტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელმაც პროექტი მეორე საგრანტო კონკურსზე სოციალური მეწარმეობის მიმართულებით შეიტანა. პროექტი არ დაფინანსდა.
„პროექტის წარდგენამდე გავიარე დეტალური კონსულტაცია, პროექტი მაქსიმალურად სრულყოფილად დავწერე, რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რომ ვერ დაფინანსდა. სასურველი იქნებოდა, უფრო სრულყოფილი პასუხი მიმეღო, თუ რა კრიტერიუმებით დაიწუნეს პროექტი, თუმცა, ვაპირებ წერილობით მივმართო სათათბიროს და მივიღო საჯარო ინფორმაცია ჩემი პროექტის უარყოფითი მხარეების შესახებ, რადგან მე ისევ ვაპირებ პროექტის წარდგენას და მინდა, წელს დაშვებული შეცდომები გავითვალისწინო",- განაცხადა ქეთი ლომინეიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.
არასამთავრობო ორგანიზაციას „ადამიანი, კანონი, თავისუფლება", ფონდმა პროექტი პირველ ჯერზე დაუფინანსა, ხოლო შემდგომ ეტაპზე ორგანიზაციამ ფონდისგან დაფინანსება ვერ მიიღო.
„ფონდმა, ერთი პროექტი დაგვიფინანსა, თუმცა, შემდეგ შეტანილი პროექტი არ დააფინანსა, თუმცა, ფონდთან იდეალური კომუნიკაცია გვქონდა და გვაქვს. პროქტის მიმდინარეობისას, გამოყოფილი იყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გვამოწმებდა - როგორ ვახორციელებდით აღნიშნულ პროექტს. ასევე, ყოველთვის, კანონით დადგენილ ვადებში გვაწვდიდნენ საჯარო ინფორმაციას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ობიექტურად ტარდება კონკურსები და მთლიანად ახალგაზრდებზე არიან ორიენტირებულნი",-აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭულუხაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.
ლენტეხის მკვიდრმა, ლაშა ონიანმა, საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით შეიტყო. პროექტი ელექტრონულად გამოაგზავნა და პირველივე ჯერზე გაიმარჯვა.
,,გამოვაგზავნე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ლენტეხში ქარსაფარი ზოლის გაშენებას. ყველა აქაური ახალგაზრდა თანახმა იყო, პროექტში დაგვხმარებოდა. მართლაც დიდი და პატარა ერთად ვაშენებდით ლენტეხის ხეივანს. ღონისძიებაზე მინისტრი ლევან ყიფიანი და ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანიც გვეწვია. არ ველოდით არც გამარჯვებას, მითუმეტეს, არც ამხელა ყურადღებას. პროექტის განხორციელების პროცესში ფონდის თანამშრომლები გვეხმარებოდნენ, რომ ანგარიშები სწორად დაგვეწერა. ჩვენ პროექტის განხორციელების გამოცდილება აქამდე არ გვქონია და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა",-აცხადებს ონიანი.
„თავისუფალი ასოციაციის" ჟურნალისტი ლალი შენგელია „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ფონდთნ ურთიერთობისას, საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შექმნია.
„ფონდში არსებულ ვაკანსიებზე მაინტერესებდა ინფორმაცია, რაც მარტივად მივიღე. პიარის სამსახურთან ვურთიერთობდი და ყველა პასუხი უპრობლემოდ მომაწოდეს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კითხვები საკმაოდ მწვავე იყო, თუმცა ყველა კითხვაზე ამომწურავად გაგვცეს პასუხი. არანაირი პრობლემა მათთან უერთიერთობაში არ შეგვქმნია",- განაცხადა ლალი შენგელიამ.
P.S. ამრიგად, მასალის მზადებისას, ცხადი გახდა, რომ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებისა და ხელისუფლების იდეების გაერთიანების შედეგად სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისთვის. ალბათ ამიტომაცაა ფონდის საქმიანობის მიმართ საზოგადოების მხრიდან, განსაკუთრებით, კი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ასე მკვეთრი და მზარდი ინტერესი.
2013 წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში 300-მდე ახალგაზრდა დასაქმდა, რაც საქართველოს შრომის ბაზრის პრობლემების გათვალისწინებით, უდავოდ დიდი რიცხვია.
ჩვენი გამოცდილებით, ისიც დავადგინეთ, რომ ფონდიდან ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხის განხილვა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. იმედია, ფონდის ღია მუშაობის ეს პრინციპი გაზრდილი ინტერესის შესაბამისად არ შეიცვლება.
ალბათ, ზემოთაღნიშნული მიზეზთა ჩამონათვალის გამო მაინც უნდა მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების დიფერენცირება და ძველი ქართული გამოთქმისა არ იყოს - ,,ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს".