reportiori.ge - ბრაზილიის პრეზიდეტის ყოფილი მრჩეველი - საქართველო ტურისტულ პოტენციალს ჯეროვნად ვერ იყენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:43
პრეს-დაიჯესტი
ბრაზილიის პრეზიდეტის ყოფილი მრჩეველი - საქართველო ტურისტულ პოტენციალს ჯეროვნად ვერ იყენებს
ავტორი:
23 ივლისი, 2014. 10:51


ინტერვიუ კლაუდიო სოარეს როშასთან - ბრაზილიის ფედერაციული  რესპუბლიკის პრეზიდეტის ყოფილი მრჩეველი  და ამჟამინდელი მისი პირადი არქივარიუსი.



-მოგესალმებით,  ჩემთვის ცნობილია, რომ  სამუშაო ვიზიტით არ იმყოფებით საქართველოში, ისიც ვიცი, რომ პირველად არ ხართ ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ, რომ გვითხრათ.



-პირველად  საქართველოში  ჩამოვედი გასული წლის აგვისტოში,  მერე ვიყავი ზამთარში, ახლა მესამედ ვარ უკვე თქვენს ქვეყანაში. საქართველოთი ჩემი დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ ბრაზილიაში გავიცანი ქართული ოჯახი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი და დავმეგობრდით.პირველი შთაბეჭდილება მათმა ნაამბობმა მოახდინა ჩემზე. მერე უკვე  გუგლში  ვნახე  ინფორმაცია  თქვენს ქვეყანაზე და სურვილი გამიჩნდა, რაც შეიძლება ჩქარა ჩამოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა ყოველივე ის, რაც საქართველოზე გავიგე. როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედი  აბსოლუტურად გაოცებული დავრჩი. გაოცებული ვარ თქვენი ქვეყნის სილამაზით. არაფერს ვიტვი  მის ისტორიულ და კულტურულ წარსულზე. დავათვალიერე საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. ვნახე ძველი და ახალი თბილისი. მაჩვენეს უამრავი ღირშესანიშნაობა, რითიც თქვენ ამაყობთ. ძალიან მიკვირს ასეთ პატარა ქვეყანას როგორი  და მრავალფეროვანი სილამაზე აქვს.



-როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს  საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა? საქართველოში ამ კუთხით პრიორიტეტული რა უნდა იყოს?



-მე გამოვყოფდი სამ მიმართულებას. ესენია: სოფლის მეურნეობა, არქიტექტურა-მშენებლობა და ტურიზმი.



-თუ გაეცანით ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში  განხორციელებულ რეფორმებს, რომელს გამოყოფდით?

 


-კი, მომიწია თქვენს იუსტიციის სახლში მისვლა. აღფრთოვანებული ვარ, ოც წუთში შესაძლებელია აიღო პასპორტი. თვალყურს ვადევნებდი და ყველა ოპერაციას ოპერატიულად ახორციელებენ. კითხვა დავუსვი და მაშინვე გამცეს სრულყოფილი პასუხი. როგორ შეიძლება ეს არ მოგეწონოს?



-თუ გქონდათ შეხება ქართულ ბანკებთან, როგორ შეაფასებდით მათ მუშაობას და შეადარეთ ბრაზილიის და საქართველოს საბანკო სექტორი ერთმანეთს?



-ბანკებთან არ მქონია შეხება, დეტალურად ვერაფერს გეტყვით,მაგრამ ჩანს, რომ ეს სფერო განვითარებულია. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს თქვენს ქუჩებში მდგარი ფეიბოქსები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არის.  ქუჩაში გასულმა  მარტივად  შეგიძლია გადაიხადო,  ჩაირიცხო,  ინტერნეტის გარეშე განახორციელო ოპერაცია. პრინციპი  მარტივია  და რაც მთავარია სწრაფი. ბრაზილიაში შეიძლება ითქვას, სხვებთან  შედარებით, საბანკო სექტორი ძალიან კარგად არის განვითარებული.



-ბრაზილია მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი და ექსპორტიორი უდიდესი ქვეყანაა, რა წილი  უკავია ბრაზილიის  ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას?



-ძალიან დიდი. ჩემი ქვეყანა ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა. მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების მქონე და დიდი სამრეწველო პოტენციალით. სოფლის მეურნეობა ბრაზილიის  ეკონომიკის  ერთ-ერთი  წამყვანი დარგია. მემცენარეობა არის ჩვენი სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგი.



ყავის მოყვანით პირველი ქვეყანაა ბრაზილია მსოფლიოში. აგრეთვე საექსპორტო კულტურებს წარმოადგენს: კაკაო, შაქარი, სოიო, ბრინჯი და სხვა. ჩვენი ქვეყნიდან პროდუქცია  ნედლი სახით გადის, რადგან არ გვაქვს საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები და ასე უფრო ადვილად გადის ექსპორტზე  ევროპის ქვეყნებში.



არაფერი არ მუშაობს მშრომელი კლასის გარეშე. ჩვენს ქვეყანაში მშრომელთა უფლებები დაფუძნებულია 1930 წელს და იგი დღემდე ვითარდება და იხვეწება. ჩვენსგან განსხვავებით, კარგი იქნება თუ შეძლებთ და თქვენს ნედლეულს თვითონვე აწარმოებთ. ეს მეტ  შემოსავალს მოგიტანთ. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება პროფკავშირების არსებობა, კოოპერატივები.



ციტრუსი მოდის თქვენს ქვეყანაში ხო? აჯობებს ამ ციტრუსით გაკეთდეს წვენი ან სხვა პროდუქცია  და ასე გავიდეს ექსპორტზე, ვიდრე თვითონ ნედლეული, რომლის ნახევარიც შესაძლოა გაფუჭდეს ტრანსპორტირებისას, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე.  იგივეს ვიტყოდი ყურძენზე. ჩვენც გვაქვს ყურძენი, მაგრამ ღვინოს ვერ ვაწარმოებთ. ექსპორტზე გადის ჩვენი მინერალებიც.



-როგორია ჯანდაცვის სისტემა ბრაზილიაში?



 -ჩვენს ქვეყანას საზოგადოებრივ მედიცინაზე დიდი პრობლემები აქვს. სახელმწიფო არ აფინანსებს მას. ექიმებს ხელფასი აქვთ ძალიან ცოტა.  უფრო კერძო კლინიკებს მივმართავთ.



-როგორ მოგეწონათ ქართული ღვინო და თუ შეადარებდით მას ბრაზილიურს?



-ბრწყინვალეა, არაჩვეულებრივი და განსხვავებული, რაც მთავარია-გემრიელი. ჩვენი ღვინო, როგორც ყველა ევროპული ერთმანეთის მსგავსია. თქვენ გაქვთ ღვინის დაყენების თქვენეული ტრადიცია. იგი არ არის დასავლური სტანდარტის მსგავსი. არაჩვეულებრივი რომ არის, იმიტომაც აღიარეს ის საერთაშორისო ბაზარზე.



სიამოვნებით მივირთმევ თქვენს ღვინოს. ბრზილიაში უმეტესად ევროპიდან შემოსულ ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას, მაგალითად იტლიურს. შეუძლებელია გულგრილი დარჩეს ქართული ღვინის მიმართ თქვენთან ჩამოსული უცხოელი.



-როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ შეაფასებდით ქართულ ტურიზმს? რითი იზიდავს ჩვენი ქვეყანა უცხოელებს?



-მომიწია თქვენს ტურისტულ სააგენტოებში ყოფნა. მტკივნეულია, რომ ასეთი ქვეყანა გაქვთ და არ გაგაჩნიათ კარგად შეფუთული პაკეტი,  ინფორმაცია,  რომლითაც დააინტერესებთ უცხოელებს. ჩვენამდე ვერ მოგაქვთ ის, რითიც შესაძლოა მიიქციოთ ჩვენი ყურადღება, მეტიც-გავოცდეთ.



ტურისტულმა სააგენტოებმა ამ ყველაფერს უნდა შეხედონ ტურისტის თვალით. განა საოცრება არ არის თურქეთს თქვენზე მეტი ტურისტი სტუმრობდეს? როგორი ისტორია გაქვთ, როგორი კლიმატი. გაოგნებული ვარ, გუშინ თბილისში სიცხისგან შეწუხებული ყაზბეგში წამიყვანეს და ვუყურებდი მთის მწვერვალებზე თოვლს და ვფიქრობდი სულ რაღაც ერთი საათის წინ მცხელოდა და ახლა კი თოვლიანი მთების მზერით ვტკბებითქო.


ასეთ რამეს სხვა ქვეყანაში ვერ ნახავ.  განსაკუთრებული კლიმატია თქვენთან, ულამაზესი ბუნებით. თქვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ხართ ტურიზმის კუთხით. გაქვთ მთიანი საკურორტო მხარე- სათხილამურო ზონა და ზღვაც-საზღვაო ზონა. გემრიელია თქვენს ნიადაგზე მოსული ხილიც. მომწონს თქვენი საკვებიც. თუ კი თურქებს შეუძლიათ თქვან, რომ ამა და ამ ადგილას კლეოპატრამ გაიარა, უბრალოდ ფეხი დადგა და ამით მიიზიდონ ტურისტების ურიცხვი ნაკადი, განა თქვენ არ შეგიძლიათ ახსენოთ ოქროს საწმისი და სხვა მრავალი რამ.



საქართველო არის უნიკალური ქვეყანა. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე საქართველო.ამაში ჩემი მეგობარი ქართული ოჯახი დამეხმარა. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გაქვთ, არ არის საკმარისი მხოლოდ  ეკლესია-მონასტრების დათვალიერება, თუმცა მათი სიძველეები თვალში საცემი, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.



უკეთ უნდა მიიტანოთ ტურისტამდე ინფორმაცია, უნდა მიიზიდოთ მისი ყურადღება.უნდა გაამრავალფეროვნოთ და დახვეწოთ ეს სფერო.უპირველეს ყოვლისა, მიმზიდველია თქვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა.



 აღარაფერს ვიტყვი თქვენს სტუმართმასპინძლობასა და მეგობრობაზე, თბილი ხალხი ხართ. ჩემი რეკომენდაციით აქ ჩამოვიდა ჩემი მეგობარი ბრაზილიიდან, რომელიც მსოფლიოს  ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, ძალიან მოეწონა საქართველო.,,რედისონ ბლუ ივერიაში'' მოთავსდა  და გამიკვირდა, რომ გაოცება გამოხატა სასტუმროში არსებული სპათი, სხვა ქვეყნების,,რედისონებში'' ასეთი კარგი არ მინახავსო, ვერ მალავდა გაოცებას. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა თავისი ხალხით. მაგრამ მეტი რამ შეიძლება გაკეთდეს ტურიზმში,უნდა განავითაროთ იგი. ტურიზმი-მოგზაურობის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს.



-როგორ ფიქრობთ რა იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტული?



-ბევრი რამ შეიძლება ჩამოთვალო დაწყებული ინფასტრუქტურით, განათლებით,  დამთავრებული სოფლის მეურნეობის განვითარებით, მაგრამ გამოვყოფ და დავაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ ყველაზე დიდი წარმატება ქვეყნის და ეკონომიკის არის გამართული კანონმდებლობის სისტემა.



იგი არა მხოლოდ გამართული უნდა იყოს, პატივი უნდა სცე და უნდა გჯეროდეს მისი. როდესაც კანონები თავის ადგილზე დგას ქვეყანა წინ მიიწევს.თქვენთან დავაკვირდი და ძალიან ცუდია, როცა დაწყებულ, აშენებულ საქმეს ერთი ხელისმოსმით ანგრევ.როდესაც აწყობილია საქმე, ერთი მიმართულებით მიიწევს  წინ, უცებ ვიღაცას მოუნდება ეს შეცვალოს და ყველაფერი ჩერდება და მიდის სხვა მიმართულებით. არ უნდა იყოს კანონების ხშირი სისტემით ცვლა.



რა გგონიათ, რა არის ევროპელების ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი? ისევ და ისევ იმ კრიზისებიდან გამომდინარე, რაც მათ  განიცადეს,  კანონმდებლობა იქ არის ისეთი სტაბილური და საკანონმდებლო ბაზა იმდენად მყარია, მათ ბევრი რამის ატანა შეუძლიათ. და რაც ყველაზე მთავარია, ხვალინდელი დღის იმედი აქვთ. ყურადღება უნდა გაამახვილოთ სამართლებრივი ნორმების დაცვაზე. სწორედ ის არეგულირებს ქვეყნის სტაბილურობას და ხელს უწყობს წინსვლას.


-კიდევ ჩამოხვალთ საქართველოში?

 

-რა თქმა უნდა, სიამოვნებით.





( თამუნა  მინჯია, commersant.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016