თბილისში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა გიორგი კვირიკაშვილმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, შპს „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა და დავით ნარმანიამ ჩადეს. კაფსულაში მოთავსებულ წერილს ყველა მოწვეულმა სტუმარმა მოაწერა ხელი.
ღონისძიებას აგრეთვე საქაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გულიკო ზუმბაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
მშენებლობის პროექტი 2012 წელს, შპს „ლებოს" მიერ შეიქმნა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ქართული სამშენებლო კომპანია „დაგი" ააშენებს. სამშენებლო სამუშაოები 23 ივლისიდან დაიწყება და გრაფიკის მიხედვით, 2 წელიწადში დასრულდება.
აღნიშნული პროექტი ხელს შუწყობს საქაერონავიგაციის ძირითადი საქმიანობის, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამშენებლო პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარი იქნება და მშენებლობაზე 200-მდე ადამიანი დასაქმდება.
„ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ საჰაერო მოძრაობის ახალი, მეორე ფლიგელის მშენებლობას, რომელიც ძალიან მნიშნელოვანია ევროკონტროლის მოთხოვნებთან მიმართებაში. ეს არის აერონავიგაციის ევროპული ორგანიზაცია, ეს იქნება ყველაზე თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ცენტრი, რომელიც იქნება სრულად იმ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, რომელსაც ევროკონტროლი აყენებს. მშენებლობაზე დაიხარჯება 7 მილიონი ლარი, ტენდერი მოიგო ქართულმა კომპანიამ. წლის ბოლოს კი გამოცხადდება ახალი ტენდერი 9 მილიონი ევროს ფარგლებში აპარატურის შესაძენად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
თბილისის მერი დავით ნარმანია კი იმედოვნებს, რომ სამუშაოები დროულად დასრულდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ აიღო ევროინტეგრაციის კურსი და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ნავიგაციის განახლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამშენებლო პროცესი დროულად დასრულდება და სამონტაჟო სამუშაოები დროულად იქნება განხორციელებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.