კიევში, ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გამოვიდა მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის რაულ ჩილაჩავას წიგნი "მაიდანზე, ეკლესიის ახლოს". წიგნი გამომცემლობა "კოლორმა" გამოსცა.
წიგნში თავმოყრილი დღიურები, წერილები, ინტერვიუები, კომენტარები, ქმნიან ერთ მთლიან მოზაიკას უკრაინის დედაქალაქში დატრიალებული იმ ეპოპეაზე, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო საშიში და რთულად გადასაწყვეტი გამოწვევების წინაშე დააყენა.
"მკითხველს საშუალება ეძლევა თვალი მიადევნოს და ჩასწვდეს პოსტსაბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის ძირისძირებს, გაიგოს თუ რატომ აუმხედრდა უკრაინელი ერი საკუთარ ხელისუფლებას, როგორ იქცა უზარმაზარ სახალხო ძალად თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მიტინგი, როგორ დახოცა საკუთარი მოქალაქეები მოღალატე პრეზიდენტმა, როგორ მოახდინა კრემლმა ყირიმის ანექსია და განახორციელა სამხედრო ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინაში. წიგნის ღირსება ისიცაა, რომ იგი დაწერილია თვითმხილველის მიერ, რომელიც შესანიშნავად იცნობს უკრაინელთა ისტორიას, კულტურას, ყოფას, ტრადიციებს, მენტალიტეტს და ამ ცოდნაზე დაყრდნობით აანალიზებს ფაქტებს, აკეთებს დასკვნებს. როგორც ნებისმიერი ინტიმური ხასიათის ტექსტში (დღიური უსათუოდ ასეთთა რიცხვს განეკუთვნება), აქაც უხვად გვხდება ემოციური პასაჟები, პირადი შეხედულებები თუ უკიდურესი აზრები, მაგრამ ისინი კონკრეტული მომენტის, ვითარების, სიტუაციის მიმართ გაღებული ხარკი უფროა, ვიდრე ჭეშმარიტების უარყოფა ან დამახინჯება", - ნათქვამია გამოცემის სარედაქციო წერილში.