reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: უცხოელი პროკურორების მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ პროკურატურა მთავრობის შემადგენლობიდან გამოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:35
პრეს-დაიჯესტი
შალვა ხაჭაპურიძე: უცხოელი პროკურორების მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ პროკურატურა მთავრობის შემადგენლობიდან გამოვა
ავტორი:
25 ივლისი, 2014. 15:03


მსოფლიოში ცნობილი პროკურორების ჩამოსვლის შემდეგ (ვისზეც უკვე ძალიან ბევრი დაიწერა), საქართველოში უკვე ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი სულ მალე გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. შეიძლება ეს ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენებია, შეიძლება ჩვენ ამ პროკურორებზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკონსულტაციო ჯგუფს დაეხმარონ და სააკაშვილის წინააღმდეგ დოკუმენტებიც გადასცენ. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ცნობილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. ალბათ, გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მან შექმნა საქმე სააკაშვილის დანაშაულების შესახებ და გადასცა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს. ვინაიდან, 2013 წლის ბოლომდე სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და ბუნებრივია, მისი გასამართლების პოლიტიკური ნება ვერ იარსებებდა, ამ საქმეზე არც ყოფილა შესაბამისი რეაგირება.


როგორც შალვა ხაჭაპურიძე ამბობს "ალიასთან" საუბარში, უკვე დადგა დრო, მიხეილ სააკაშვილი გასამართლდეს საკუთარ გარემოცვასთან ერთად:


- მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ მოხდეს სამართლის გამიჯვნა პოლიტიკისგან. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. როცა სამართალი და პოლიტიკა ერთმანეთშია არეული, რაც არ უნდა ობიექტური იყოს გამოძიება, მაინც ჩნდება კითხვები საზოგადოების მხრიდან.


-სხვათა შორის, როცა ბადრი პატარკაციშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა და მე ვიყავი მისი იურიდიული სამსახურის უფროსი, ჩვენ მაშინ ერთ-ერთ ადვოკატად ლონდონში ავიყვანეთ ინგლისის ყოფილი გენპროკურორი. მიუხედავად ამ კაცის პროფესიონალიზმისა, "ნაციონალებთან" ჭიდაობა როგორც დამთავრდა, ყველამ კარგად ვიცით. ალბათ, გახსოვს, ერთხელ ბადრი გამოვიდა და თქვა, ჩემი ჯიბიდან ბოლო თეთრს დავხარჯავ და ამ ხელისუფლებას დავასრულებო, მერე იყო საუბარი იმ პროექტებზე, რომელთა დაფინანსებასაც თავისი ფულით აპირებდა. ეს ჩანაწერი გადმოიგზავნა, სეიფში ჩავკეტეთ, იმ წუთში "სკაიპის" საშუალებით დავუკავშირდი ლონდონში და ვუთხარი, თუ ამას ეთერში გავუშვებთ, "ნაციონალები" სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და შეიძლება რეგისტრაციიდან მოგვხსნან, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, კანონმდებლობით აკრძალულია-მეთქი. აუ, რას ლაპარაკობო, აგერ მიზის ინგლისის ყოფილი გენპროკურორი, ყველაფერი მასთან არის გავლილი, პრობლემა არ არსებობსო. მერე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მართლაც იჩივლა, დღეს თავმჯდომარე რომ ჰყავთ, კოჟორიძე, ეგ გამოდიოდა სასამართლოში ბადრის წინააღმდეგ, ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილიო. მართალია, მაშინ ბადრის კანდიდატურა არ მოხსნეს, მაგრამ უარესი კი დამართეს. ეს ისტორია იმიტომ მოვყევი, რომ უცხოელი ექსპერტებისა და პროკურორების ჩამოყვანა კარგია, რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ თვითონაც თუ არ გავანძრიეთ ტვინი, მარტო ისინი ვერ გვიშველიან.

ერთი ქართველი პროფესორი იყო, თენგიზ სოლუაშვილი, რომელმაც სამოქალაქო კოდექსი დაგვიწერა და დღეს ამით ვხელმძღვანელობთ. სულ ამბობდა ხოლმე: ხანდახან რომ დამიჯერონ, ჩემს აზრს სხვას მივაწერ ხოლმე, ამა და ამ გერმანელმა პროფესორმა ასე თქვაო. სინამდვილეში ჩემი ნათქვამია, მაგრამ ასე უფრო მიჯერებენო. ახლაც ასეთ სიტუაციაში ვართ, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ევროპა და ამერიკა არ გიჯერებს. აი, ამიტომ გახდა საჭირო უცხოელი პროკურორების მოწვევა, მათ ძალიან კარგად იციან, სად მთავრდება პიარი, სად იწყება პოლიტიკა და სად არის ჩადენილი დანაშაული. კარგი იქნება, თუ მათ მიერ შექმნილ კომისიაში ქართველი იურისტები და მეცნიერებიც ჩაერთვებიან, უცხოური გამოცდილება კარგია, მაგრამ ეს საქართველოა, ჩვენ სხვა რეალობაში ვიმყოფებით. ახლა რომ ატეხეს ერთი ამბავი "ნაციონალებმა", ციხეები გადაშავდა, "კანონიერი ქურდები" "ბლატაობენო", მოიწვიონ ამერიკიდან სპეციალისტები, აქედანაც მიავლინონ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები და გადავიდეთ ამერიკულ მოდელზე, ევროპული მოდელი საქართველოში ვერ იმუშავებს, მე ასე მგონია.

 

- შალვა, არსებობს მოსაზრებები, რომ დასავლეთმა ჩვენს ხელისუფლებას მწვანე აუნთო, ანუ ვინც დასასჯელია, სააკაშვილის თამადობით, უნდა დაისაჯოს.


- ზოგიერთი იმასაც ლაპარაკობს, ეგენი "ნაციონალების" "გასაპრავებლად" ჩამოიყვანესო. ეს გამორიცხულია, თუ ასეთი რამ მოხდება, ეს იქნება კოალიციის საბოლოო კრახი, საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და "ქართული ოცნება" მიიღებს სავალალო შედეგებს. მე გეტყვი, რა მოხდება უახლოეს ხანში: უცხოელი პროკურორების მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ პროკურატურა გამოვა მთავრობის შემადგენლობიდან. უახლოეს ხანში კონსტიტუციაში შევა საამისო ცვლილება. იმ ადამიანებისგან, ვინც დანაშაული ჩაიდინა და აქვთ საეჭვო წარსული, პროკურატურის სისტემა გაიწმინდება და პროკურატურა დადგება ფეხზე. რაც შეეხება სააკაშვილის დასჯას, თუ ის პასუხს არ აგებს, მაშინ ეს ხელისუფლება შეეწირება მიშას. აქ სააკაშვილზეც იქნება ლაპარაკი და სხვებზეც. ალბათ, გახსოვს, მე სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მაქვს შეტანილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, აქამდე ურთიერთობა მქონდა პროკურორთან, ლუის მორინო ოგამბოსთან, ახლა სხვა პროკურორი დანიშნეს და უკვე მასთანაც მაქვს ურთიერთობა. ახლა მინდა, იგივე საქმე გადავცე საქართველოში მოწვეულ პროკურორებს. თუ მათ მართლაც უნდათ, რომ სწორი გზით წავიდნენ და ბოლოს ღუზა სააკაშვილთან ჩაუშვან, ჩემ მიერ შექმნილი საქმე ამისთვის ძალიან კარგი გზამკვლევია.

 

- ეს კარგი აზრია, თან გამოჩნდება, როგორი რეაგირება ექნებათ.


- ჩემ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ყველაფერი არის ასახული თანმიმდევრულად, თუ დაინტერესდებიან და კარგად ჩაიხედავენ, ექნებათ სრული სურათი. გარდა ამისა, მე მათ დავუდებ დიაგნოზს, რა ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში და რა ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა.

 

- გაქვს იმედი, რომ ამ საქმეს ყურადღებას მიაქცევენ? მაშინ გამოდის, რომ ჯერ მთავარმა პროკურატურამ უნდა მიიღოს.

- როგორც ვიცი, საკონსულტაციო ჯგუფი იმუშავებს მთავარ პროკურატურაში, რა წესებიც თვითონ ექნებათ, იმ წესების მიხედვით ჩავაბარებ და ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ, ან რა მსვლელობას მისცემენ. ამ შემთხვევაში ეს საქმე ჩვენმა პროკურორებმაც უნდა გადასინჯონ და ბევრ საინტერესო დეტალს იპოვიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მძივივით აკინძული საქმე და არა მხოლოდ ფაქტებია დაფიქსირებული დოკუმენტურად, არამედ კონკრეტული სამართლებრივი დარღვევებიც კი არის მითითებული მუხლობრივად.

 

- შალვა, სანამ ამ საქმეს ჰააგაში წაიღებდი, საქართველოში რამე პროცედურა გაიარე?


- არა, არავითარი პროცედურის გავლა არ არის საჭირო, ჩავიტანე და ჩავაბარე ჰააგის სასამართლოს პროკურორს. მე ჯერჯერობით არ ვიცი, აქ კონკრეტულად ვის უნდა ჩავაბარო, მაგრამ ეგ არ გამიჭირდება, ყველა დეტალს უახლოეს დღეებში გავარკვევ.   



გაზეთი "ალია", გელა ზედელაშვილი 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016