პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ცხელი ზაფხული იმაზე ცხელი აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით.
სამთავრობო ცვლილებების შემდგომ ჯერი პროკურატურის აქტიურობაზე მიდგა.
როგორც ჩანს, პროკურატურამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ გამოცხადებული მორატორიუმი დაასრულა და აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს იწყებს.
მთავარ პროკურატურაში უკვე მეორედ დაიბარეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უწყება მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში ორშაბათს, 28 ივლისს მოწმის სტატუსით არის დაბარებული. წინა უწყებიდან განსხვავებით, ამ უწყებაში ნათქვამია, რომ, თუ ექსპრეზიდენტი ნებაყოფლობით არ გამოცხადდება დაკითხვაზე, მოწმის მიმართ გამოყენებული იქნება დაკითხვაზე იძულებით მიყვანის წესი.
გავარკვიოთ, რას გულისხმობს მოწმის იძულებით გამოცხადების წესი?
თუ მოწმე არ ცხადდება პროკურატურაში დაკითხვაზე, უწყება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, სადაც მიუთითებს, რომ მოწმე უარს აცხადებს წარმოდგენაზე. პროკურატურა სასამართლოს წარუდგენს დასაბუთებულ ოქმებს, რომ პირი რამდენჯერმე იქნა დაბარებული პროკურატურაში და არ გამოცხადდა. ამის შემდგომ უკვე შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გასცემს ნებართვას, ავალებს პოლიციას, რომ მოწმე იძულებით იქნას წარმოდგენილი დაკითხვაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოწმე იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაშია, პროცედურები სხვაგვარად ხორციელდება. ამ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გასცემს ნებართვას უცხო ქვეყნის სამართალდამცავებზე, რომ მოწმე იძულების წესით იქნას წარმოდგენილი დაკითხვაზე. აქ ხდება შემდეგი მოქმედებები - მოწმეს, ანუ სააკაშვილს წარედგინება ბრალი და მასზე ცხადდება საერთაშორისო ძებნა „წითელი ცირკულარით". იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს დაკითხვაზე თავისი ნებით გამოცხადებაზე, არ არის გამორიცხული, პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლადაც წარუდგინოს.
პროკურატურა რომ აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებზე გადასვლას გეგმავდა, ეს გიორგი ბადაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული სისხლის სამართლის სპეციალისტების ჩამოსვლამაც დაადასტურა. 22 ივლისს თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი. მათ წარსულში ეკავათ მაღალი თანამდებობები საკუთარი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებში და უძღვებოდნენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს. ახლა თითოეულ მათგანს გაგაცნობთ:
სერ ჯეფრი ნაისი ერთ-ერთია, ვინც საქართველოს ეწვია, რათა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ნაისი 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია.
კიდევ ერთი კონსულტანტი, რომელიც ქართველ პროკურორებთან კონსულტანტად იმუშავებს, მოშე ლადორია. ის იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას ის ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის საქმეც. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის მთავარი პროკურორი.
პოლ კაფი კი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორია. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.
მოწვეული კონსულტანტების ბიოგრაფიის გადახედვისას ყველას ერთი აზრი გაუჩნდა, ჩამოიყვანა თუ არა გიორგი ბადაშვილის უწყებამ კონსულტანტები ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაპატიმრებლად? როგორც გაირკვა, ეს კითხვა სრულიად საფუძვლიანი იყო.
„ჩვენ ჩამოვედით საქართველოს მთავარი პროკურორის მოწვევით, იმისთვის, რომ ჩვენს განსხვავებულ ქვეყნებში მიღებული გამოცდილების მეშვეობით დავეხმაროთ საქართველოს პროკურატურას ამჟამად მიმდინარე საქმეების შეფასებაში...", - ამბობს მოშე ლადორი.
ეჭვს, რომ კონსულტანტები უმაღლესი პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დასახმარებლად ჩამოიყვანეს, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გარდა ისიც ამყარებს, რომ უწყების საშუალო და ქვედა რგოლმა არ იცის, კონკრეტულად რა სამუშაოებს შეასრულებენ კონსულტანტები.
„ქრონიკამ" პროკურატურის რამდენიმე წყაროსთან სცადა იმის გარკვევა, კონკრეტულად რა სამუშაოს ახორციელებს უკვე შექმნილი კონსულტანტთა ჯგუფი.
„ქვედა რგოლში არავინ საუბრობს მათ ნამდვილ საქმიანობაზე. ვიცით, რომ გამოცდილებას გაუზიარებენ პროკურორებს, თუმცა ეს რიგითი პროკურორების დონეზე არ ხდება".
კითხვაზე, სხვა დროს, გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოსული კონსულტანტებთან თუ ჰქონიათ მათ შეხვედრები? წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, კონსულტანტები სწორედ იმ ადამიანებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან, ვინც უშუალოდ არის ჩართული საქმის წარმოებაში, ვინც ხელმძღვანელობს და შედის საგამოძიებო ჯგუფში და დაკავებულია მტკიცებულებების მოძიებითა თუ გადამოწმებით".
ამ დრომდე კონსულტანტები მხოლოდ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს ხვდებიან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ სისხლის სამართლის სპეციალისტების ჩამოყვანის რეალური მიზანია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა და დახმარებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს შედეგი.
პროკურატურის კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, სპეციალისტების ჩამოყვანა სწორედ ერთადერთ მიზანს, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ემსახურება. „მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, პარლამენტში გაუქმდა მორატორიუმიც. გარდა ამისა, პროკურატურაში აქვთ ინფორმაცია, რომ დასავლეთის ლიდერებისგან „მწვანე შუქია" ანთებული ექსპრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ შემიძლია დაგისახელოთ პერიოდი, როდის დაიჭერენ მიხეილ სააკაშვილს, ეს პროკურატურის ქვედა და საშუალო რგოლმაც არ იცის, იცის მხოლოდ გიორგი ბადაშვილმა. მთავარ პროკურატურაში არავინ საუბრობს იმაზე, რომ კონსულტანტების მოწვევას სხვა მიზანი აქვს, ყველას აქვს ინფორმაცია, რომ ეს ჯგუფი დაეხმარება ქართველ პროკურორებს, ინტენსიურ რეჟიმში გადაიყვანონ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე და დასრულდეს ლოგიკური შედეგით - სააკაშვილის დაპატიმრებით", - ამბობს წყარო.
იმის გამო, რომ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ვერ ვიღებთ კონკრეტულ პასუხებს შეკითხვებზე, ჟურნალისტებს გვიწევს პირადი კონტაქტებით მოვიძიოთ ის ინფორმაცია, რაც მკითხველისთვის საჭირო და საინტერესოა.
ის, რომ პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის ხელისბიჭებით არის სავსე, არახალია. ერთ-ერთი წყარო ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსულტანტების მოწვევის რეალური მიზანი სწორედ იმიტომ არის გასაიდუმლოებული, რომ არ მოხდეს უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვა.
კითხვაზე როგორ მოახერხებს უწყება ამას, სადაც საგამოძიებოს ხაზის ხელმძღვანელი სწორედ ადეიშვილის დროინდელი კადრია პასუხად ვიღებთ, რომ უწყებაში იმდენი ინფორმაცია ვრცელდება, რთულია, გაარკვიო, რა არის სიმართლე და რა - ტყუილი.
„კონსულტანტების მოწვევაზეც კი არაფერი იცოდა პროკურატურის თანამშრომელთა უმრავლესობამ. ვიდრე სისხლის სამართლის სპეციალისტები ჩამოვიდოდნენ, ჩვენც ორი-სამი დღით ადრე გავიგეთ. აქ ჭორი და მართალი ერთმანეთში ირევა და ძალიან რთულია, გაარკვიო, რა არის სიმართლე და რა - არა. ვგულისხმობ იმ ინფორმაციას, რაც პროკურატურის გეგმებთან დაკავშირებით ვრცელდება. სააკაშვილის საქმეზე აქტიური ძიება მიმდინარეობს. მეტსაც გეტყვით, პროკურატურაში მოწვეულ კონსულტანტებს ოპერატიულ (ზეპირად, რადგან საქმეების გადათარგმნა ახლაც მიმდინარეობს) დონეზე მიაწოდეს ინფორმაცია, რა მტკიცებულებები დევს იმ საქმეებში, რომელზეც სააკაშვილი მოწმის სტატუსით არის დაბარებული, ზეპირი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ერთ-ერთმა კონსულტანტმა გაკვირვებულმა იკითხა, აქამდე რას აკეთებდითო?" - ამბობს წყარო. კითხვაზე იქნება თუ არა საბოლოო შედეგი მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, პასუხად ვიღებთ: „აუცილებლად იქნება. დროის ამბავია. ახლაც არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება უწყებაში, რომლითაც შეიძლება, რომ ექსპრეზიდენტი დააკავონ იმ ქვეყნის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, რომელშიც ის იმყოფება. სხვაზე რომ ამდენი მტკიცებულება ყოფილიყო, აქამდე დააკავებდნენ, რადგან საქმე სააკაშვილს ეხება ეს იქნება რეზონანსული, ამიტომ საჭიროა ყველა დეტალის გათვლა. ეს კონსულტანტებიც ამისთვის არიან ჩამოყვანილი, რომ არავის სალაპარაკო არ ჰქონდეს. ხალხს ეჩქარება, ჩვენ - არა. მთავარია შედეგი და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდის იქნება", - ამბობს წყარო, რომელიც დავით კეზერაშვილის ერთ-ერთ საქმეზე მუშაობდა.
შორენა გოგოლაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"