26 ივლისს გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა... 13-წლიანი სასჯელი მოიხადა მისმა მკვლელმა გრიგოლ ხურცილავამ, იგივე „გრიცკომ"... პირველი, საბურთალოს სასაფლაოს პანთეონში განისვენებს, მეორე ცოცხალი და თავისუფალია.
საბურთალოს სასაფლაოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გიორგი სანაია ცნობილი მომღერლის ქეთი ჯაფარიძის გვერდით და ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის სიახლოვეს განისვენებს. იქვეა დაკრძალული ედუარდ შევარდნაძის მძახალი - გია ჯოხთაბერიძის მამა გობრონ ჯოხთაბერიძე და ცნობილი ექიმი აბელ მამარდაშვილი. გიორგი სანაია აქ 26 წლის ასაკში დაიკრძალა, დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი. დღეს ის უკვე 17 წლისაა. მამის მკვლელობის შემდეგ ამ ოჯახს ტელეკომპანია „რუსთავი-2"-მა საჩუქრად გადასაცა სამოთახიანი ბინა ვერის უბანში (გიორგი ნაქირავებ ბინაში მოკლეს). გიორგის მეუღლემ ხათუნა ჩხეიძემ ბინა ახალი ნივთებით გააწყო, მაგრამ ბავშვის ოთახში, მისივე თხოვნით, ნაქირავები ბინიდან ის ტახტი გადმოიტანა, სადაც გიორგის ეძინა. არ ვიცი, 17 წლის სანდრო სანაიას დღემდე მამის ნაქონ ტახტზე სძინავს თუ არა, მაგრამ, კარგად მახსოვს, წლების წინათ, როდესაც ხათუნა ჩხეიძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, პატარა სანდრომ თავის ოთახში როგორი სიამაყით მაჩვენა მამისეული ტახტი. სწორედ ეს ტახტი ჩანდა იმ კადრებშიც, სადაც ასახული იყო გიორგი სანაიას მკვლელობის ადგილი.
შეგახსენებთ: ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს ღამის საათებში სანაიასვე ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში, როდესაც მისი ცოლ-შვილი ბაკურიანში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი სანაიამ იმ საღამოს გაცნობილი მამაკაცი გრიგოლ ხურცილავა თავის ბინაში მიიყვანა, ხოლო შელაპარაკების ნიადაგზე სტუმარმა მასპინძელი მოკლა.
მას შემდეგ 13 წელი გავიდა. მიცვალებული დაიკრძალა, მკვლელი დააკავეს, მაგრამ, ერთი შეხედვით, მარტივად გახსნილი დანაშაულის უკან მრავალი კითხვა დარჩა.
და აი, მკვლელობიდან 13 წლისთავზე გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს:
„13 წელი გავიდა პოლიტიკური მკვლელობიდან. ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ მკვლელობის სრულფასოვანი შეფასება. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს. უკვე მესამე ხელისუფლების პირობებში პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, დაინტერესდეს, რა განცხადებით მიმართა გიორგი სანაიას ოჯახმა საგამოძიებო უწყებას. ამ მკვლელობის მთავარი ფიგურანტები, დამკვეთები, შემსრულებლები და დამხმარეები დაუსჯელები არიან. არსებობს ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომ საქმის ხელახალი განხილვა მოხდეს".
გიორგი სანაიას ოჯახმა საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით არჩილ კბილაშვილსაც მიმართა, მაგრამ მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„განაჩენი გამოსულია და შემდგომი ძიება ამ შემთხვევაში შეუძლებელია. ჩვენ უნდა დავიწყოთ გამოძიება იმის მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - არა მკვლელობა, არამედ, ვინც დანაშაული ჩაიდინა გამოძიების პროცესში, სხვა სამართლებრივი გამოსავალი აქაც არ იკვეთება. თუ ოჯახი მოგვმართავს დასაბუთებული განცხადებით, სადაც მითითებული იქნება იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც გამოძიების დროს იქნა ჩადენილი, დავიწყებთ გამოძიებას".
ვახო სანაია: „არსებობს ყველა საფუძველი, რომ დაიწყოს გამოძიება, ძიება დარღვეული იყო, ფალსიფიცირებული იყო ძალიან ბევრი ნივთმტკიცება, პროცესებზე სპექტაკლები დაიდგა. 12 წელია, ვითხოვთ, რომ ამ საქმეზე ინფორმაცია მოიძიონ ოჯახის წევრებთან, დაინტერესდნენ, რა ინფორმაციას ვფლობთ".
გიორგი სანაიას ოჯახისა და „რუსთავი-2"-ის იმჟამინდელი ადვოკატი ვლადიმერ გაბრიჩიძე საუბრობს გამოძიების პროცესში არსებულ იმ დარღვევებზე, რომელიც არ გაუთვალისწინებიათ სანაიას საქმის მოკვლევის დროს.
- ბატონო ვლადიმერ, გაირკვა თუ არა, მკვლელობის დღეს, 2001 წლის 26 ივლისს, სად დაკარგა გიორგი სანაიამ ბინის გასაღები?
- გამოძიება რატომღაც ამის მოკვლევით არ დაინტერესდა. ამას გარდა, დაფიქსირებული გვქონდა გასაღების პოვნის ფაქტიც - რამდენად შეიძლებოდა ორი-სამი თვის შემდეგ ნაპოვნი გასაღები ყოფილიყო ისეთი გაპრიალებული, როგორც ის აჩვენეს? გამოძიება არ დაინტერესდა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ვინ და რატომ უთვალთვალებდა გიორგი სანაიას. ყურადღება არ მიაქციეს პურის გამყიდველ ქალბატონს ნათელა ქართველიშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაიას ბინაში სინათლე მაშინ აინთო, როდესაც გიორგი ჯერ კიდევ არ იყო სახლში დაბრუნებული. ქართველიშვილი დაკითხეს, ხან ერთ ფაქტზე გაამახვილებინეს ყურადღება, ხან - მეორეზე, შემდეგ, მისი ნაამბობიდან ურთიერთსაპირისპირო აზრები ამოკრიფეს და დაასკვნეს, რომ მას ბინაში სინათლის ანთების დრო აერია. ამ ქალბატონის ცალკე დაკითხვა ვერ მოვახერხეთ, რადგან კანონმდებლობით გვქონდა აკრძალული. სად არის დღეს ეს ქალბატონი, არ ვიცი.
- 13 წლის შემდეგ შეგიძლიათ, დაასახელოთ, ვინ და რატომ გატეხა გიორგი სანაიას მანქანა მის მკვლელობამდ რამდენჯერმე, ან სად დაკარგა მან პირადი დოკუმენტაცია?
- ვერ დავადგინეთ. თუ მანქანაში რაიმე იყო დამონტაჟებული, მკვლელობის შემდეგ იქ აღარც ეს მოწყობილობა იქნებოდა. იმ დროისთვის მანქანა უკვე შემოწმებულიც ჰყავდათ და საეჭვო არაფერი დაუფიქსირებიათ. რაც შეეხება დოკუმენტაციას, გიორგიმ ის ჯერ კიდევ 2001 წლის მარტში დაკარგა, მაგრამ ამ საქმეზე ძიება არ დაწყებულა.
გიორგის მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზები მოპოვებული იყო არაუფლებამოსილი და არაკვალიფიციური პირების მიერ. დადგენილებებიც იმ პირებმა გამოიტანეს, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ.
იყო ისეთი დეტალები, რითაც საქმე მთლიანად ინგრეოდა. სანაიას საქმეზე პირველად დააკავეს დავით გელაშვილი, შემდეგ დამნაშავედ ცნეს გრიგოლ ხურცილავა. გამოდის, რომ გამოძიებას ვიღაცის დაპატიმრება უნდოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა ეს პიროვნება. საგულისხმოა ერთი ფაქტიც - თავიდან მოწმეები ხელს ადებდნენ გელაშვილს, მერე ხელი დაადეს ხურცილავას. საქმის მასალების მიხედვით, დამნაშავე ხურცილავა იყო (გიორგი სანაია მისი ტაბელური იარაღით გახლდათ მოკლული). სადავოა მთავარი ფაქტორი - დანაშაულის მოტივი. გელაშვილი გაათავისუფლეს ხურცილავას დაკავების შემდეგ, მაგრამ უკანონოდ მისი დაკავების გამო ვინმემ პასუხი აგო თუ არა , არ ვცი.
- 13 წლის შემდეგ გაქვთ პასუხი, რატომ მოკლეს გიორგი სანაია?
- საქმის მასალების მიხედვით, პასუხი არსებობს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ჩემი მხრიდან საუბარი არ შეიძლება. ვიმეორებ, ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია: გიორგის ბინის გასაღების დაკარგვა, სახლში დაბრუნების დრო, თვალთვალი, მანქანის გატეხვა, დოკუმენტაციის დაკარგვა და სხვა. ეს ყველაფერი ერთად უნდა გამოეძიათ, მაგრამ მათ ერთი მიმართულება აირჩიეს. სასამართლო დასრულდა 2003 წლის ივნისში, დანაშაული კვალიფიცირებულ იქნა, როგორც მკვლელობა მოტივის გარეშე.
- შესაძლებელია თუ არა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის თავიდან გადახედვა?
- მოწმეების მოძებნა გაჭირდება, თანაც, შესაძლოა, ფაქტები დღეს სულ სხვაგვარად გაიხსენონ და გამოძიება შეცდომაში შევიდეს. კარგად მახსოვს, მოწმეები არ გვეკარებოდნენ, ერთი მათგანი საერთოდ ვეღარ ვიპოვეთ... ავტომანქანების სადგომის დარაჯი - ჯერ კიდევ ძიების პროცესში გარდაიცვალა. მაგრამ, მიუხედავად ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზისა, თუ იქნება გიორგი სანაიას საქმის ხელახალი გამოძიების ნება, სიმართლე აუცილებლად დადგინდება!
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"