reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი – გიორგი სანაიას, ზურაბ ჟვანიას, ნუგზარ საჯაიას და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:44
ინტერვიუ
მაია ნიკოლეიშვილი – გიორგი სანაიას, ზურაბ ჟვანიას, ნუგზარ საჯაიას და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე...
ავტორი:
29 ივლისი, 2014. 17:51


დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც ოჯახის ინიციატივით ეროსი კიწმარიშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზას დაესწრო, ჯერჯერობით მნივშნელოვანი დეტალების გამომზეურებისგან თავს იკავებს, თუმცა, ბოლო წლებში გახმაურებული სისხლიანი ქრონიკების შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმციას გვიმხელს.


- ზურაბ ჟვანიასა და გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზეც გიწევთ მუშაობა...

 

- ეს არ არის იმ დონის საქმე, როგორც იტყვიან, წმინდა ინგლისური მკვლელობა,რომ არ გაიხსნას. ბევრი ნიუანსია, საიდანაც თავისუფლად შეიძლება, გამოძიება სწორი გზით წარიმართოს და სწორ შედეგამდე მივიდეს. ბოლო წლების მანძილზე ასეთი მიზნობრივი და სწორად წარმოებული კვლევა არცერთ საქმეზე არ ჩატარებულა.


და მაინც, ვიდრე გამოძიება არ დაადგენს, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, ვცდილობ, არ ვიყო სუბიექტური... მეტსაც გეტყვით, ეროსი კიწმარიშვილის პანაშვიდზეც არ წავედი, რადგან, როცა ექსპერტი ხარ და კვლევას ატარებ, პანაშვიდზე მეუღლისა და ბავშვების ემოციებმა, შესაძლოა, მოძალებული გრძნობები გაგიჩინოს და შეცდომა დაგაშვებინოს.


ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე მუშაობისას უამრავჯერ ავმდგარვარ გვიან ღამით და მიფიქრია კონკრეტულ დეტალებსა თუ ნიუანსებზე. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, რომ ეროსი საკუთარი ხელით ასეთ დაზიანებებს ვერ მიიყენებდა, მტკიცებულებების საფუძველზე ბევრად მცირდება იმის ალბათობა, რომ მან თავი მოიკლა.


- სხვათა შორის, როდესაც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რატომღაც ყველას გიორგი სანაიასა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გაახსენდა...

 

- გიორგი სანაიას მკვლელობის შემთხვევაში ორი პოლიტიკური ძალა დაეჯახა ერთმანეთს - კახა თარგამაძე და მიხეილ სააკაშვილი. ამ უკანასკნელს რაღაც ეტაპზე ნამდვილად აინტერესებდა საქმის გამოძიება. სწორედ მისი პირადი ინიციატივით პირველივე წუთიდან ჩავერთე სანაიას საქმის ექსპერტიზაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასალები შეგროვდა, ეს საქმე თვალითაც აღარ მინახავს. ცალსახაა, რომ საქმეს ჩამომაცილეს. მიშამ, რომელიც მაშინ იუსტიციის მინისტრი გახლდათ, ამერიკაში გამიშვა მივლინებით. ერთი თვის შემდეგ დაბრუნებულს კი, სულ სხვა პოლიტიკური რეალობა დამხვდა, მიშა იუსტიციის მინისტრი აღარ იყო.


სხვათა შორის, ამ მოვლენებს წინ ერთი საინტერესო დეტალი უძღოდა: გიორგი სანაიასთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციის წინ მიშამ გამაფრთხილა, მხოლოდ იმ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხე, ვისაც მარიკა ვერულაშვილი აირჩევსო. არადა, ჟურნალისტები პრესკონფერენციის დაწყებამდე ყურში ჩამჩურჩულებდნენ, ქალბატონო მაია, მართალია ის, რაზეც კულუარებში საუბრობენო? - მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საჯაროდ განვაცხადე - ის, რაზეც მთელი ქვეყანა ჩურჩულით ლაპარაკობს, კატეგორიულად გამორიცხულია-მეთქი. როგორც ჩანს, ეს არ ესიამოვნა მიშას, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მისგან დადებითი შეფასება ვერ მოვისმინე.


ზურაბ ჟვანიას შემთხვევაში კი, პირიქით მოხდა. არავის მოუთხოვია ექსპერტიზაში მიმეღო მონაწილეობა, არც შემთხვევის ადგილზე ვყოფილვარ, სამაგიეროდ, ბოლოს ყველა დასკვნა ჩემს ხელში აღმოჩნდა - ვახო კომახიძემ მომაწოდა. მართალია, მასალები სხვისი აღებული და ნაკლებად სანდო იყო (მით უფრო, რომ იმთავითვე ცდილობდნენ საქმის გაყალბებას), მაგრამ ამ შემთხვევაში, ძირითადად, საქმეში დაშვებულ შეცდომებზე ვიმუშავე.


სხვათაშორის, ვახო კომახიძის ფილმის გამოსვლის შემდეგ ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მალევე მოკლეს. ვფიქრობ, მას ექსპერტიზაში დაშვებული შეცდომების გამო აგებინეს პასუხი. როგორც ექსპერტი, დარწმუნებული ვარ, რომ სამხარაულის მკვლელი მჭედლიშვილი ვერ მოიკლავდა თავს ერთდროულად ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლით... ერთი სიტყვით, ზურაბ ჟვანიას საქმემ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა - სამხარაულის, მჭედლიშვილის და უსუპოვის. გარდა ამისა, ჩემი პირადი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთიც სერიოზულად დაზარალდა ჟვანიას საქმის გამო.


- თქვენს გარშემო დატრიალებულ ბატალიებს გულისხმობთ?

 

- ფორმალურად, ეს სხვა მიზეზით მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ სწორედ ჟვანიას საქმეს უკავშირდება. როცა საქმე ეხება შენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, როგორც დედა, ყველაფერს გააკეთებ! შევარდნაძის პერიოდისგან განსხვავებით, სააკაშვილის დროს ოჯახის წევრებს კი არა, მოგვარეებსაც აშინებდნენ. არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ შემაშინეს, დიახ, ის, რაც ვაღიარე, შიშით იყო ნათქვამი. სააკაშვილმა საკმაოდ ოსტატურად იძია ჩემზე შური. დღეს უკვე ძალიან კარგად ვხვდები, როგორ აღმოვჩნდი ჩათრეული ძალიან ცუდ პოლიტიკაში...


- რამდენადაც მახსოვს, ნუგზარ საჯაიას უცნაური გარდაცვალების დროს ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი იყავით და დასკვნაზე თქვენი ხელმოწერაცაა...

 

- იმ პერიოდში იუსტიციის სამინისტროში მართლაც ვმუშაობდი, თუმცა, მინისტრი როლანდ გილიგაშვილი იყო. ჩემთვის არავის მოუმართავს ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. როცა გილიგაშვილმა დამირეკა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი, გარდაცვლილის თავი უკვე გაკერილი იყო, სხეული კი არ იყო გამოკვლეული. როცა ვიკითხე, მხოლოდ ხელის მოსაწერად დამიბარეთ-მეთქი? - თავის ქალა ხელახლა გახსნეს და მარცხენა მხარეს, ქალა-სარქველის გახერხვის ადგილას, მრგვალი ამოტეხილობა ვნახე. ყველა იქ მყოფმა დამიდასტურა, ბრმა დაზიანება იყო და ტყვიის ამოღების დროს ქალა სანიტარს ამოუტყდაო. ტყვიაც მაჩვენეს... თუმცა, დღემდე მაქვს უკმარისობის შეგრძნება, მით უფრო, რომ ნუგზარ საჯაიას უცნაურ ვითარებაში დაღუპვის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეიცვალა...


- დავუბრუნდეთ ეროსი კიწმარიშვილის თემას...

 

- ეროსი, ზურაბ ჟვანიასგან განსხვავებით, კულუარული ფიგურა გახლდათ, დიდი ინფორმაციის მატარებელი და, სავარაუდოდ, უზარმაზარი კომპრომატების მფლობელი! შესაძლებელია, ის თავისი ინფორმაციით ხელს უშლიდა რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას ან კერძო პიროვნებას. არ არის გამორიცხული, შურისძიების მსხვერპლი იყოს და, როგორც არასასურველი, ხელისშემშლელი ფიგურა, თავიდან მოიშორეს.


- ზურაბ ჟვანიასა და გიორგი სანაიას საქმეებისგან განსხვავებით, რამდენად დიდი შანსია, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმე დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული?

 

- არ არის რთული საქმე, მაგრამ დავინახე, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის კიწმარიშვილის საქმის გამოყენებაც სურთ. საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია იყრის თავს და თუ სწორად შეფასდება, ადვილი შესაძლებელია, მალევე გაიხსნას. მართალია, ბოლო რამდენიმე დღეა, არ მაქვს ინფორმაცია ექსპერტიზის შედეგების შესახებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეც ხდებოდეს, რადგან, აქამდე ხელისუფლების მხრიდან სრული ხელშეწყობა იყო! ლაფანყურის ცნობილი ინციდენტისგან განსხვავებით, ხელისუფლება არაფერს მალავდა არც ოჯახის და არც ჩემს წინაშე. არავის აფარებდა ხელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლების ინტერესებში, ამ ეტაპზე, ეროსი კიწმარიშვილის საქმის გაჭედვა, გაფუჭება-დამალვა არ უნდა შედიოდეს. თუ ერთ მშვენიერ დღეს „მივლინებით" ამერიკაში გამიშვებენ, ყველაფერი გასაგები გახდება.


- როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ჟვანიას საქმეს, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს?

 

- გარედან ჩანს, რომ საქმე გაიყინა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, შიგნით რა ხდება?! ის, რომ ბევრი დრო გავიდა და ძნელია საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, - სატყუარაა. დრომ, შეიძლება, პომიდორი დაალპოს, მაგრამ ეს არ ეხება გახმაურებული საქმეების გამოძიებას. თუ ჟვანიას საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, ამის შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას.


ნიშანდობლივია, რომ მსოფლიო დონის საუკეთესო პროკურორები მოიწვია ხელისუფლებამ. საერთოდ, პროკურორი იმ ეტაპზე ერთვება გამოძიებაში, როდესაც საქმე უნდა დალაგდეს, ანუ მასალების შეფასება უნდა მოხდეს. ვფქრობ, ისინი სწორედ დაგროვებული მასალების შესაფასებლად ჩამოვიდნენ საქართველოში. მინდა, იმედი ვიქონიო, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან ერთად ბევრ გახმაურებულ საქმეს აეხდება ფარდა და ე.წ. კოჰაბიტაცია მორატორიუმთან ერთად საბოლოოდ დასრულდება.


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016