რომელი ქვეყანა მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს ყოფილ პრეზიდენტს?
კრიმინალებს არ ელაპარაკებიან, მათ ასამართლებენ! ორშაბათი ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდება მიხეილ სააკაშვილისთვის, ამ დღეს ატომური ბომბის ეფექტი ექნება, ეს დღე იქნება პასუხი ბოროტების იმპერიის შემოქმედებისთვის. მიხეილ სააკაშვილი უკვე დაბარებულია პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პროკურატურა მკაცრად ასაიდუმლოებს, კონკრეტულად რომელ საქმეზე აპირებს სააკაშვილის დაკითხვას. თუ ის ნებით არ გამოცხადდება პროკურატურაში, მას იძულების წესით ჩამოიყვანენ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს 10 საქმეზე იბარებდა პროკურატურა, თუმცა ირკვევა, რომ დაემატა ახალი გარემოება, სადაც მან საგამოძიებო მოქმედებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. რა არის ეს საქმე, რაც ჯერ არ გასაჯაროებულა? „სიკვდილის ანგელოზად" წოდებული სააკაშვილი ჯოჯოხეთისკენ კეთილი სურვილებით მოკირწყლული გზით რომ გვატარებდა, ამას ფაქტები მოწმობს და, შესაბამისად, რთულია მისი როლის გამორიცხვა სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილ კრიმინალში. ქვეყანას მაფიოზური კლანი რომ მართავდა და ეს არ იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჯგუფი, ამაზე ტომეულები დაიწერა. ქვეყანას რომ 300 000 პრობაციონერი ჰყავდა და მათი დიდი პროცენტი უსამართლოდ იყო გასამართლებული და სააკაშვილს რომ ბევრი მომჩივანი ჰყავს, ესეც ვიცით. არც ისაა დამალული,რომ სახელმწიფოში არსებობდა „სიკვდილის ესკადრონები", ხდებოდა ადამიანების გატაცება, ბევრი მათგანი გამქრალია დედამიწის ორბიტიდან და მათ კვალს ვერავინ აგნებს, ამაზე თვით პრემიერიც საუბრობდა. სააკაშვილის ნებართვის გარეშე რომ დამლაგებელი არ ინიშნებოდა და თითოეული დეტალი მასთან თანხმდებოდა, ამას მისივე გუნდის წევრები გიდასტურებენ პირად საუბრებში. არც ერთი პოლიტიკური დაპატიმრება თუ მკვლელობა მასთან შეუთანხმებლად არ იგეგმებოდა, ეს რამდენიმე ჩანაწერიდან იკვეთება, მათ შორისაა ე.წ. „ჯაშუშების საქმე". საზოგადოებამ საკუთარი ყურით მოისმინა, შს მაშინდელი მინისტრი სააკაშვილს ფოტორეპორტიორების საქმეზე დეტალურ ინფორმაციას რომ აწვდის. შესაბამისად, სააკაშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ყველა იმ დანაშაულსა და გადაცდომაზე, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საფარქვეშ სჩადიოდა. მაგრამ საინტერესოა, რა არის ახალი საგამოძიებო მოქმედება, სადაც ექსპრეზიდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს?
დედუქციის პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ და ახალ გარემოებებს გავიხსენებთ, სულ ახლახან, „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანადამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - კიწმარიშვილი მოკლეს თუ თავი მოიკლა? ბოლო ერთი კვირაა, ეს თემა პროკურატურამ მკაცრად გაასაიდუმლოვა. თემა საზოგადოებისთვის დაიხურა და არა მარტო ჩვენთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც კი „აბსაიტში" დატოვეს, დაანონსებული ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია და ამ დრომდე მისი ოჯახის წევრებიც დუმილს ინარჩუნებენ. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში მოხდა, ისაა, რომ მთავარმა პროკურატურამ ასევე მოულოდნელად მოიწვია მსოფლიოში აღიარებული და წამყვანი სისხლის სამართლის სპეციალისტთა ჯგუფი. ამ ჯგუფში შემავალი სპეციალისტების ბეგრაუნდებით თუ ვიმსჯელებთ, თითოეულ მათგანს გამოძიებული აქვს მსოფლიოში რეზონანსული საქმეები, რაც პოლიტიკური ლიდერების გადაცდომებს უკავშირდება, პოლიტიკოსების მკვლელობებსა და ომის დაწყების მიზეზებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერების გასამართლების პროცესში საქართველოს პროკურატურა პასუხისმგებლობის თანამონაწილედ ხდის მსოფლიოში აღიარებულ სისხლის სამართლის სპეციალისტებს. ამ გზით კი შესაძლებელი ხდება, მსოფლიო დაარწმუნო, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი თანამზრახველები პოლიტიკური ნიშნით არ სამართლდებიან. და მაინც, რატომ დაემთხვა დროში ასე უცნაურად მათი ჩამოსვლა ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას და ხომ არ შეიძლება, რომ სააკაშვილს სწორედ ამ საქმის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისთვის იბარებენ? თუ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუს გავიხსენებთ, სადაც ის ეროსი კიწმარიშვილის ლიკვიდაციის ნიშნებზე საუბრობდა, მის გარდაცვალებაში ირიბად ბიძინა ივანიშვილს სდებდა ბრალს და აცხადებდა, რომ სწორედ ივანიშვილი იყო დაინტერესებული მისი მოცილებით, არაა გამორიცხული, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს საქმეც იყოს პროკურატურის მისით დაინტერესების მიზეზი. სულ რამდენიმე საათში, დღეს, 28 ივლისს, ყველაფერი ნათელი გახდება. ცხადია, დღეს სააკაშვილი პროკურატურაში არ გამოცხადდება, თუმცა საბოლოოდ ის ვერ ასცდება პასუხისმგებლობას, მას ძალიან მძიმე და პოლიტიკურად ცხელი ზაფხული ელოდება, უცნაური კი ამ ყველაფერში ერთი რამაა, სააკაშვილი მისი მოქმედებებით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მას აქვს პრიმიტიული კრიმინალის აზროვნება. თუ შეუძლია, რომ სკაიპით პრესკონფერენცია გამართოს, რატომ გაურბის კანონს და რატომ თქვა უარი ამავე მეთოდით ჯერ კიდევ მარტში პროკურატურასთან თანამშრომლობაზე? როცა პრეზიდენტი გქვია და ბიუჯეტის ფულს პირადი მიზნებისთვის იყენებ, ფავორიტ ქალებს ხალხის ფულით საჩუქრებს უკეთებ, რეკეტიორის ფუნქციებს ითავსებ, შემდეგ ამას საიდუმლო ხარჯებში ატარებ, რით განსხვავდები მსოფლიოში აღიარებული მაფიოზებისგან? ისინი გადასახდებს მალავდნენ, მოწინააღმდეგეების ლიკვიდაციას უკვეთდნენ, ხალხს ბიზნესწილებს ახევდნენ და ასამართლებდნენ და რატომ უნდა იყოს დაუსჯელი მოდერნიზებული ექსპრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტის მანტიას იყო წლების მანძილზე ამოფარებული? აბა, ვინმეს გაებედა და სააკაშვილ-ადეიშვილის პროკურატურაში არ გამოცხადებულიყო, წარმოდგენაც კი შემზარავია, რა დაემართებოდა მსხვერპლს. სააკაშვილი დღეს იქცევა, როგორც უკანასკნელი კრიმინალი. რას ნიშნავს, უარს აცხადებ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, ქურდი ხარ? სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, დაეხმაროს ხელისუფლებას სიმართლის დადგენაში და თუ სააკაშვილი ემიჯნება კრიმინალს, მკვლელობებს, ძალადობას და დაუნდობელი რეჟიმის შექმნას, მაშ, რატომ გაურბის, როგორც უკანასკნელი ნაძირალა, კანონს? მისი ნაბიჯები ამტკიცებს, რომ სწორედ ის იყო ამ სადისტური რეჟიმის მთავარი არქიტექტორი, რომელმაც ფასადური დემოკრატიის მიღმა, ქვეყანაში ბოროტების იმპერია შექმნა. „ბოროტი ბიჭების" თამაში დასრულებულია, მათი ადგილი ციხეშია, პოლიტიკის საფარქვეშ მათ დიდხანს იბოგინეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ სახელით 2016 წელს ისტორიას ჩაბარდება, როგორც ბოროტებისა და სადისტური რეჟიმის სექტა. სიმბოლო, დასრულდება. ხვალიდან ის ძებნილი ექსპრეზიდენტი გახდება, ვერსიები აქ უკვე უადგილოა, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, რა მოხდება, თუ არ ჩამოვა და ასე შემდეგ, ეს უსაგნო მსჯელობა შორს წაგვიყვანს, გარანტირებულად აქ შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე არ ჩამოვა. ამის შემდეგ ის ძებნაზე გადაეცემა, ძებნილის სტატუსის მიღების შემდეგ კი ბევრს იწივლებს, იპანიკიორებს, იბაქიბუქებს, მაგრამ რეალურად ის არის მშიშარა ნაძირალა, რომელიც თავის ცხოვრებას უცხო მიწაზე დაასრულებს. მას, ალბათ, რომელიმე ქვეყანა პოლიტიკური დევნილის სტატუსს მიანიჭებს და ძალიან დიდი ხნით თავისი პოლიტიკური გეგმებით დასამარდება.
გზავნილების კვირაში, 7 გადაყენებული მინისტრის შემდეგ, კიდევ ერთი გზავნილი მიხეილ სააკაშვილს - ქვეყანას მართავს ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომლის ამბიციაც არის სამართლიანობის აღდგენა, დაუსჯელობის სინდრომის აღკვეთა, პრინციპული გუნდის ჩამოყალიბება და შედეგზე ორიენტირებული აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნა. პრემიერ-მინისტრმა წინა კვირას საკადრო წმენდით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თამაშის წესებს სწორედ ის ადგენს და ამით ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, წინ მინისტრთცვენის მორიგი სერია გველოდება. ღარიბაშვილი დაუნდობელია უსამართლობის მიმართ, გუნდის შიგნით თუ გუნდის გარეთ! „ნაციონალურ მოძრაობას" მთავრობის დამტკიცების დროს ვერ გაუვიდა ბოროტი ხუმრობების დემაგოგია, პრემიერის პასუხი იყო მარტივი და გასაგები, - მე რომ თქვენ აგყვეთ, ისეთივე უტიფარი და ნაძირალა უნდა ვიყო, როგორებიც თქვენ ხართ, კრიმინალებს კი არ ელაპარაკებიან, მათ ასამართლებენ!
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"