reportiori.ge - ვინ იდგა ცხრაწლიანი მედიატერორის უკან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:42
პრეს-დაიჯესტი
ვინ იდგა ცხრაწლიანი მედიატერორის უკან?
ავტორი:
29 ივლისი, 2014. 19:31


ვის კისერზეა დარბეული ტელევიზიები, დახურული გაზეთები და ინტერნეტგამოცემები?


ჩვენი სტატიის მიზეზი გიგი უგულავას განცხადება გახდა, რომელიც მან სასამართლო პროცესზე გააკეთა და რომლის შინაარსსაც თუ დავუჯერებთ, ივანიშვილი მალე მედიაზე კონტროლს გაამკაცრებს.


არადა, მედიას კარგად ახსოვს, რომ სწორედ გიგი უგულავას ხელისუფლების პირობებში, როგორც იტყვიან, მის თავზე წისქვილის ქვაც კი დაატრიალეს. მით უმეტეს, ცინიკურად ეს განცხადება მაშინ ჟღერს, როდესაც ის კეთდება პროცესიდან, რომელიც ტელეკომპანია „იმედს" შეეხება და თანაც იმ პირის მიერ, რომელიც ამ პროცესში ბრალდებულის რანგში გვევლინება. რატომღაც გვიკიჟინებენ, რომ აღარ უნდა გავიხსენოთ ის წლები, როდესაც ქვეყანას უგულავა და მისი თანაგუნდელები მართავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, დროდადრო ეს მაინც საჭიროა თანაც ისე ზედმიწევნით, როგორც ახლა „პრაიმტაიმი" წარმოუდგენს თავის მკითხველს.


2003 წლის რევოლუციამდე სააკაშვილი და მისი გუნდი მედიის ყველაზე დიდი მეგობარი იყო. მაშინ სულაც არ არჩევდნენ ერთმანეთისგან პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ფავორიტი ჟურნალისტებიც ჰყავდათ ყველა მედიასაშუალებაში. დაპირება ჰქონდათ უხვი და ულევი - მედიის განთავისუფლება გადასახადებისგან და რაღა თქმა უნდა, შეუზღუდავი თავისუფლება. რატომღაც მაშინ ამ დაპირებაში ეჭვიც არავის ეპარებოდა. თუმცა ხელისუფლების სადავეების ხელში აღებისთანავე ყველაზე სასტიკი ბრძოლა სწორედ ამ სეგმენტს გამოუცხადეს, რადგან ყველაზე კარგად მათ იცოდნენ მისი ფასი.


ქართულ მედიაზე შეტევა სააკაშვილმა პრეზიდენტად არჩევისთანავე დაიწყო. 2004 წელს ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა - ტელეკომპანია „იბერია", გაზეთი „ახალი ეპოქა", „დილის გაზეთი", „მთავარი გაზეთი", ჟურნალი „ომეგა", საინფორაციო სააგენტო „ინტერ-პრესი"; დაიხურა გადაცემები - „ღამის კურიერი", „ღამის მზერა", „რა ხდება?", „ტაიმ-აუტი", „ცაიტნოტი" და „60 წუთი". ეთერიდან იხსნებოდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი სიუჟეტები. „გადახალისდა" მედიაბაზარიც - ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდა რევოლუციაში, სახელისუფლებო რგოლებში გადაინაცვლა, ხოლო დაუმორჩილებლებისთვის ასპარეზი ვიწროვდებოდა, რაც ლოგიკურად მათ გაქრობას იწვევდა მედიასივრციდან. თავისუფლების ინსტიტუტის ე.წ. გათვლილი პოლიტიკა ყველა მედიასაშუალებას შეეხო. დავიწყოთ ტელევიზიებით:


ტელეკომპანია „იბერია", რომელსაც ზაზა ოქრუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია „ომეგაში" სპეცრაზმი შევიდა. „იბერიის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ტელეკომპანიას სამაუწყებლო ლიცენზია (№ B106) ზეწოლით ჩამოერთვა და ტელეკომპანია „აისს" გადაეცა, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა. „იბერიის" კუთვნილი სამაუწყებლო სიხშირის ამჟამინდელი მფლობელი ტელეკომპანია „აისი", გიორგი არველაძის გენერალური დირექტორობის პერიოდში, „იმედის" მედიაჰოლდინგის მფლობელობაში შევიდა, ხოლო როდესაც მან „იმედი" პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა, ზემოხსენებული სიხშირეც გადასცა. შესაბამისად, აღნიშნული სიხშირე „იმედის" მმართველ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" მფლობელობაში აღმოჩნდა.


მაშინ როდესაც ტელეკომპანიაში სპეცრაზმი იარაღის ჟღარუნით შევიდა, კომპანიის ხელმძღვანელობა კოლეგებისგან და საზოგადოებისგან შველას ითხოვდა, მაგრამ ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მოტრფიალე იყო და მის ყველა ნაბიჯს იწონედა, დაუშვეს, რომ ასეც უნდა მომხდარიყო, ხოლო მეორე ნაწილს, უბრალოდ შეეშინდა. ეს იყო ის პირველი ყინული, რომელიც დაიძრა და მერე უკვე ვეღარაფერმა შეაჩერა...


იმ დროისთვის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ტელეარხმა „მზემ", რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკა, 2005 წელს მთავრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად დახურა საინფორმაციო გადაცემები - იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მკაცრად გასართობი არხი და რომ მოსახლეობას არ უნდოდა ზედმეტი ინფორმაცია. ამას კი წინ უძღოდა მისი იმჟამინდელი პატრონის, ვანო ჩხარტიშვილის მხრიდან აქციების მიყიდვა სააკაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენზე, დავით ბეჟუაშვილზე. იმ დროისთვის ჩხარტიშვილი სააკაშვილის მთავრობისთვის სასურველი პირი აღარ იყო და მას სურდა, თავიდან აეცილებინა დაპატიმრება ფინანსური დარღვევების ბრალდებით. ცოტა ხანში „მზე" „რუსთავი 2"-ის მფლობელობაში გადავიდა და მაუწყებლობა მხოლოდ გასართობ ფოტრმატში განაგრძო. არხზე შეწყდა ყველა საინფორმაციო გამოშვება.


ტელეკომპანიის სამაუწყებლო დამოუკიდებლობაში ჩარევა 2004 წლიდან დაიწყო. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა „მზეზე" და „რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური ტოქშოუების ერთდროულად დახურვის გამო განგაში ატეხეს. სხვათა შორის, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ამ ფაქტებთან ხელისუფლების კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ტელევიზიებმა ეს გადაცემები ახალი პროექტების დაწყების მიზნით დახურეს.


2005 წელს გადაცემა „არჩევანის ზღვარზე"-ს სტუდიაში მიწვეულმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა საეჭვოდ მიიჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაღუპვის ოფიციალური ვერსია, რის შემდეგაც, გადაცემა დროებით შეაჩერეს. ხოლო მოგვიანებით, რამდენიმე თვეში, როდესაც ეს გადაცემა განახლდა, წამყვანმა, ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ 8 ივლისს მისი ბოლო გადაცემა გავიდოდა ეთერში. გადაცემის დახურვა მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სპიკერის აქტიურობას, რომელმაც ჟურნალისტები თბილისის ცენტრში სამოქალაქო არეულობის პირდაპირი ეთერით გაშუქების გამო გააკრიტიკა. სხვათა შორის, 2005 წლის 1-ელ დეკემბერს, ტელეკომპანია „რიონის" პირდაპირ ეთერში, აკაკი ბობოხიძემ, რომელიც მაშინ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელსაც ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო. ამ ფაქტისთვის არავის მიუცია სამართლებრივი შეფასება, სააკაშვილმა კი თავისი სურვილით თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორი რამდენიმე კვირაში საქართველოს ევრონული გვარდიის სარდლად დანიშნა. იმნაიშვილი კი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და ინგლისში წავიდა.


2005 წლის ივლისში მაშინდელ პარლამენტარ კობა ბექაურის მიმართ თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს სააკაშვილის პიარქმედებების მენეჯერი, ტელეკომპანია „202"-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ხოლო არხი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდებოდა მთავრობის მოქმედებების კრიტიკოსი, ასევე დაიხურა.


2006 წ. 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგული გადაცემის „თავისუფალი თემის" ავტორმა და წამყვანმა, ამავდროულად საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ხოფერიამ პირდაპირ ეთერში სანდრო გირგვლიანის შესახებ გადაცემის წაყვანის დროს სკანდალური განცხადება გააკეთა, მისი თქმით, მან „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისგან, გიგა ბოკერიასგან მიიღო ინსტრუქციები იმის შესახებ, რა უნდა ეთქვა და რა - არა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან წამოსულმა ასეთა „რჩევებმა" უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, ამიტომაც ის პროტესტის ნიშნად ტოვებდა ტელევიზიას. ამ ფაქტს გამოძიება არ მოჰყოლია.


ამ ეტაპისთვის უკვე სახეზე იყო, რომ ხელისუფლება უკვე თავისი გემოვნების მიხედვით ასუფთავებდა მედიასივრცეს და ყველაფერს აკეთებდა მისი კონტროლისთვის. შესაბამისად, მწიფდებოდა სტრატეგია „7 ნოემბრისთვის". მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით ტელეკომპანია შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დაისაჯა, 2007 წლის 7 ნოემბრამდე გაცილებით ადრე ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ მას აუცილებლად შეუტევდა ხელისუფლება, ვინაიდან მასში რევოლუციამდელ „რუსთავი 2"-ს ხედავდნენ და ვარაუდობდნენ, რომ „იმედი" კონტრრევოლუციას მოამწიფებდა. ასეც მოხდა და ყველამ საკუთარ თავზე გადავიტანეთ 2007 წლის 7 ნოემბერი - სპეცრაზმით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, ფეხქვეშგაგდებული ადამიანებით და რაღა თქმა უნდა, დახურული თავისუფალი სიტყვით. ტელეკომპანია ეთერიდან მაშინვე გაითიშა, განახლებული ეთერით კი ის მაყურებლის  წინაშე 2008 წლის აგვისტოს ომის ჩავლის შემდეგ წარდგა. ტელეკომპანიის მაშინდელ კულუარებში მითქმა-მოთქმის საგანი იყო საინფორმაციოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, მანანა მანჯგალაძის თათბირები, რომელიც ყოფილ კოლეგებთან უკვე უფროსის რანგში გიგი უგულავას დამსახურებით წარსდგა და ისიც თავის მხრიდან ნაციონალური ხელისუფლების გამხმოვანებლად მოევლინა ყოფილ კოლეგებს. ამ თათბირების შინაარსი ლევან ბერძენიშვილმა თავის დროზე ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც მანჯგალაძე თანამშრომლებს უკრძალავდა კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ჩაწერას და უხსნიდა ახალ სტრატეგიას, რომ მათ უნდა „შეექმნათ" ახალი ექსპერტები... მაშინ „იმედის" თანამშრომლები მას მეტსახელად „გიგიმ წერილი მომწერას" ეძახდნენ. მოგვიანებით კი „კლიჩკა" შეეცვალა და მასაც და მოგვიანებით ტელეკომპანიაში „მზიდან" გადმობარგებულ ალეკო ფარულავასაც „ხო გიგიიიიიი!" დაერქვათ. სხვათა შორის, „იმედის" ყოფილ ჟურნალისტებს ისიც კარგად ახსოვთ, რატომ დაამტვრია ტელეფონი ალეკო ფარულავამ 2008 წლის 7 ნოემბერს. იმ დროს ეთერში ძველი იმედელების სიუჟეტი გადიოდა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიის დარბევასთან დაკავშირებით. ფარულავას ტელეფონზე კი, რაღა თქმა უნდა, უგულავას ზარი გაისმა, რომელიც მას სიუჟეტის ეთერიდან გათიშვას ავალდებულებდა. დირექტორმა ეს არ გააკეთა და ემოციები ტელეფონის მოსროლით გამოხატა. რაღა თქმა უნდა, დღის წესრიგში იმ შემადგენლობისგან განთავისუფლება დადგა, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო მსგავსი სიუჟეტების კეთება. ამის მიზეზიც გამოჩნდა:  2009 წლის აქციების დროს რამდენიმე ჟურნალისტმა - თეა სიჭინავამ, დიანა ტრაპაიძემ, ნინი საყვარელიძემ, ანა გოჩაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი. ამ დღეს თეა სიჭინავა „პრაიმტაიმთან" საუბარში იხსენებს:


- „იმედის" ახალი მმართველისა და ხელმძღვანელობის პირობებში 8 თვის განმავლობაში მოგვიწია მუშაობა. ასე თუ ისე, რაღაცას ვახერხებდით, ხან თხოვნით, ხან კამათით.


- რას გულისხმობთ?

 

- რეპორტაჟის გაკეთებისას მათი მხრიდან იყო რაღაც თხოვნები, ჩემი კოლეგების რამდენიმე სიუჟეტი დაიბლოკა, ეთერში არ გავიდა. ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებდი გარკვეულწილად თავისუფლების შენარჩუნებას. მაგრამ მერე საინფორმაციოს ახალი უფროსი მოვიდა. 2009 წლის აქციების დროს პატრიარქმა მიმართა ჯარს, მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენოთ იარაღიო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. არ ვიცი, ვინ და რატომ, მაგრამ მოვიდა გადაწყვეტილება, რომ ეს კომენტარი არ უნდა გასულიყო, როდესაც დავსვი კითხვა,  რატომ იბლოკებოდა ეს ნაწილი, ასეთი პასუხი მივიღე: შენი საქმე არ არისო.


- ვისგან?

 

- „იმედის" საინფორმაციოს მაშინდელი უფროსის, ნანა ინწკირველისგან. მივხვდით, რომ მომავალშიც, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენის ობიექტურად გაშუქება მოგვინდებოდა, ასეთ პასუხს მივიღებდით.


- ეს იყო პირველი გამოხატული ჩარევა სარედაქციო პოლიტიკიდან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში?

 

- ჩვენ 7 ნოემბერიც გავაშუქეთ წლისთავზე და მართლა შემიძლია ვთქვა, რომ სრულყოფილად იყო გაშუქებული.


- მაგრამ ამას ალეკო ფარულავას ტელეფონი ემსხვერპლა...

 

- მე არ ვიყავი მაშინ საეთეროში, თუმც ვიცი, რომ ასეთი ფაქტი მოხდა... ამის მერე უფრო ქმედითი და ხისტი გადაწყვეტილებები იყო მიღებული და შედეგიც გამოიღო, ჩვენ წამოვედით.


ერთი სიტყვით, 2008 წლიდან ნაციონალური მასშტაბის სამივე ტელეარხის („საზოგადოებრივი არხი", „რუსთავი 2", „იმედი") სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ცენზურა დაიწყო. კონტროლს კი „ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ლიდერები - გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი არველაძე ახორციელებდნენ. მეტიც, ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ 2008 წელს ტელეკომპანია „იმედის" სახელფასო ხარჯებს თბილისის მერია ფარავდა.


რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, 2004 წლიდან მოყოლებული არხის ხელმძღვანელობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მოდიოდნენ მთავრობის მიერ დანიშნული პირები. რამდენად ყურებადი იყო იმ დროისთვის ეს არხი, ამას ჩვენი მკითხველი თავად გაიხსენებს...


იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ჩამოყალიბდა, რომელ ტელეკომპანიებზე უნდა გაეკეთებინათ გათვლა, დანარჩენებზე, რომლებმაც მოახერხეს და გადაურჩნენ ტყვიების ზუზუნს, სულ სხვა სტრატეგია შემუშავდა: 2011 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მაესტროს" საკაბელო კომპანიებთან შეექმნა პრობლემა, თელავში, რუსთავში, ახმეტაში და ბევრ სხვა ქალაქში „მაესტროს" გავრცელება შეიზღუდა. ხშირად საკაბელო კომპანიების თანამშრომლები კერძო საუბრებში აღიარებდნენ, რომ მათ ამ სახის დავალება სახელისუფლებო წრეებისგან მიიღეს.


და ბოლოს, 2011 წლის 30 ნოემბერს დილის 07:15-ზე ტელეკომპანია „მაესტროს" მმართველი კომპანიის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი, 10 დაუდგენელ პირთან ერთად, შეიჭრა დამოუკიდებელი კომპანიის ტერიტორიაზე და ჟურნალისტებსაც კი არ მისცა იქ შესვლის საშუალება.ეს მოხდა მაშინ, როდესაც წინა დღეს ამ ტელეკომპანიის ეთერში პირველად გავიდა ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ხელისუფლებაში დიდი ამბიციებით აპირებდა მოსვლას. ექსპერტებმა ამ დამთხვევის შემთხვევითობაში ეჭვი შეიტანეს.


რაც შეეხება ტელეკომპანია „კავკასიას", შეიძლება ითქვას, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში მას არსებობისთვის ბრძოლა უხდებოდა, რადგან იქ რეკლამის განთავსება ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენებს პრაქტიკულად აკრძალული ჰქონდათ.


გიგი უგულავას გავლენა მედიასივრცეზე დღითი დღე ძლიერდებოდა. ალბათ, ეს კარგად დაინახა მიხეილ სააკაშვილმა და დაახლოებით 2009 წლიდან ის ამ საქმეში ირმა ნადირაშვილმა და დავით ტყეშელაშვილმა ჩაანაცვლეს. ტელევიზიების მიმართ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ომი მაინც ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა. მერე კი, ცხადია, მას „პრესისთვისაც" უნდა მიეხედა:


2005 წლის დეკემბერში გაზეთებში თავისი თავის მიმართ მზარდი კრიტიკით გაღიზიანებულმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ქართულ პრესას თითქმის არ კითხულობს. მანვე გასცა არაოფიციალური ზეპირი ბრძანება, რომლითაც სამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად ხარჯების გაწევა. ეს სერიოზული ფინანსური წნეხი იყო, რის შედეგადაც ქართული გაზეთების ტირაჟმა სერიოზული დარტყმა მიიღო...


განსაკუთრებული შეტევა ბეჭდურ მედიაზე კი 2010 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ დროს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ჟურნალ-გაზეთებითა და წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა, თუნდაც სტელაჟებიდან, გარე ვაჭრობად ჩაითვალა და აიკრძალა. გარად იმისა, რომ უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, გაზეთების დისტრიბუციას ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა. გიგი უგულავას განკარგულებით თბილისში რამდენიმე ასეული პრესის ჯიხური ჩაიდგა, რომელსაც კეზერაშვილის ლატარიის კომპანია აკონტროლებდა. ჟურნალ-გაზეთების გაყიდვაზე ამ ჯიხურების შემოსავლები სულაც არ იყო დამოკიდებული და შესაბამისად, თუ ხელისუფლებას მოუნდებოდა, ისინი უბრალოდ უარს იტყოდნენ კონკრეტული გამოცემის გაყიდვაზე. გათვლამ ვერ გაამართლა და გაზეთები კვლავაც განაგრძობდნენ მწვავე სტატიების ტირაჟირებას. საჭირო გახდა ქმედით ზომებზე გადასვლა: 2011 წელს საგადასახადო პოლიციამ მედია ჰოლდინგ „პალიტრას" მიაკითხა. ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა გამხდარიყო სხვებისთვისაც, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოების სოლიდარობამ უკვე ბეჭდურ მედიაზე გადაინაცვლა და ჩანაფიქრმა აქაც ჩაყვინთა.


პრესაზე ზეწოლის ფაქტებს „პრაიმტაიმთან" საუბრისას დღეს „რეზონანსის" რედაქტორი, ლაშა ტუღუში იხსენებს:

 

- დამოკიდებულება პრესის მიმართ საკმაოდ ცუდი იყო. მთავარი პრობლემები იყო დისტრიბუციასთან დაკავშირებით. სხვა პრობლემებიც არსებოდა, ცხადია, მაგრამ ძირითადი დისტრიბუცია იყო. პირველ რიგში, მოიშალა ხელმოწერების სისტემა. ეს განსაკუთრებულად პრობლემური იყო ყოველდღიური გაზეთებისთვის. პრობლემა გახდა გაზეთის გავრცელება. წინა ხელისუფლების პერიოდში პერიოდულად სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ გავრცელების სამსახურებს, უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მძიმე პირობებში ყიდდნენ მას. მათ ყრიდნენ ქუჩებიდან, ან გადაჰყავდათ ისეთ ადგილებზე, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვინმეს გაზეთი ეყიდა. პოლიციელები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ამბობდნენ, რომ ამ „კრიკუნებს" ცუდი შესახედაობა ჰქონდათ და ქალაქის იერსახეს აფუჭებდნენ. ასეთი ცინიკური მიდგომა ჰქონდათ. უარესი იყო სიტუაცია, როდესაც ძალიან მოკლე პერიოდში, ფაქტობრივად, გაწმინდეს ქალაქი პრესის ჯიხურებისგან. ერთდროულად დაიწყეს თბილისში და შემდეგ ეს პროცესი რაიონებშიც გადავიდა... ძალიან ოპერატიულად და მობილურად, მაშინდელმა ხელისუფლებამ მედიაბაზრის დიდი ნაწილის დანგრევა მოახერხა. ამის აწყობას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ძალიან რთულია.


- სააკაშვილი ამბობდა, რომ პრესას არ კითხულობდა. რატომ უნდოდათ გაზეთებისთვის სასიცოცხლო არტერიის გადაჭრა?

 

- პრესა ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. ამიტომაც არ უყვარდათ ის.


მაშინდელი ხელისუფლების ხელი ფოტოჟურნალისტებსაც მისწვდა. სხვათა შორის, ამასწინანდელ ინტერვიუში სააკაშვილმა აღიარა, რომ „ჯაშუში ფოტოგრაფების საქმეში" ეჭვობს,რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც საქმე წარიმართა. თუმცა, ფაქტს ვერსად წავუვალთ - 2011 წლის 7 ივლისს იმ ხელისუფლების პირობებში 4 ფოტოჟურნალისტი დაიჭირეს და ჯაშუშობაც დააბრალეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამის რეალური მიზეზი მათ მიერ 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევის გადაღებული კადრები გახდა...


მედიის სრულად გაკონტროლების წყურვილმა ინტერნეტსივრცეც მოიცვა. 2011 წლის აგვისტოში სააკაშვილის ხელისუფლების დახმარებით მაშინდელი ფავორიტი ბიზნესმენების, ძმები შარანგიების ხელში აღმოჩნდა ორი ინტერნეტპორტალი - „სილქნეტი" და „კავკასუს ონლაინი". ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ITV.ge და presa.ge კი „რეალ-ტივის" გადაეცა, რომლის პატრონადაც ვანო მერაბიშვილს მოიაზრებდნენ.


მაშ ასე, სახეზეა სურათი 9-წლიანი  მედიატერორისა. ამ ყველაფრის შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ძალიან გვიკვირს გიგი უგულავას ის განცხადება, რომლითაც სტატია დავიწყეთ... და მაინც, საინტერესოა, აპირებს თუ არა არსებული ხელისუფლება კონტროლის გამკაცრებას მედიაზე? მართალია, რაღაც რომ გამკაცრდეს, ის უნდა არსებობდეს, თუმცა ამის ყველაზე კარგი პასუხი დღეს არსებული მედიაგარემოა. რაც შეეეხება ბოლოს დასმულ კითხვას, ამის შესახებ „პრაიმტაიმს" უმრავლესობის წევრი, პროფესიით ჟურნალისტი ანი მიროტაძე ესაუბრება:


- ვინ ვინ და უგულავა არ უნდა ლაპარაკობდეს ამაზე. იმიტომ რომ არის „იმედის" სცენარის ავტორი და „მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი თანაავტორი, ვინაიდან, მათი ხელისუფლების პირობებში როგორი ხმალამოღებული ბრძოლა მიდიოდა მედიის წინააღმდეგ, ყველამ კარგად ვიცით... ამას ისინი აკეთებდნენ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდნენ მედიის ფასი. ჩვენც ძალიან კარად ვიცით მედიის ფასი. მაგრამ ჯიბეში ჩასმული მედიის კი არა, თავისუფალი მედიის. მე მესმის, რომ თავისუფალ მედიას შეიძლება ხელისუფლებისთვის რისკები ახლდეს, იმიტომ რომ თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში, პროცესები უფრო გამჭვირვალე ხდება, ზოგადად. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და ამან ხელი უნდა შეგვიშალოს შეცდომების დაშვებაში. და ეს უფრო მეტად მოითხოვს, რაკი ობიექტური ხარ, უფრო ყურადღებით იყო. მედიის ჯიბეში ჩასმა არ ნიშნავს მედიის განაჩენს, ნიშნავს იმ ხელისუფლების განაჩენს, რომელიც ამაზე მიდის და ამ გადაწყვეტილებას იღებს. მთელი ამ ხნის მანძილზე მე ამ სივრცეში ვიყავი და ეს პრობლემები ჩემს თავზე გადავიტანე, მართლა მიდიოდა მიზანმიმართული მოკვდინება მედიის.


- დღეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" მედიის დაცვას ცდილობს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მედიაში მხოლოდ „რუსთავი 2"-ს გულისხმობენ. მაგრამ ამის მიუხედავად, თუნდაც ამ ტელეკომპანიას რა საშიშროება შეიძლება შეექმნეს თქვენი ხელისუფლების მხრიდან?

 

- „ნაციონალური მოძრაობა" დღესაც ისე ხედავს მედიას, როგორც ყოველთვის. მათთვის მედია ყოველთვის იყო და არის მხოლოდ „რუსთავი 2"...


- თქვენ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება,რომ „რუსთავი 2" ერთგვარ პრევენციას ახორციელებდა, როდესაც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ტელეკომპანიის დევნად აღიქვამდა?

 

- არადა ამ ცოტა ხნის წინ ეროსი კიწმარიშვილი „რუსთავი 2"-თვის მიუღებელი იყო. მეტიც, ის იბლოკებოდა ამ არხზე და ეს ვიცი თვითონ ეროსისგან. შესაბამისად, ის პარალელი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. რაც შეეხება ხელისუფლების კონტროლს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან დადგება დრო და ადამიანები, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ამ არხზე, მალე საერთოდ აღარ იქნებიან საინტერესო მაყურებლებისთვის. მე კი ჩემი მხრიდან პირობას ვდებ, რომ თუ დავინახავ რაიმე ფორმის ზეწოლას ნებისმიერ მედიასაშუალებაზე, პირველი ჩავერთვები მის აღსაკვეთად, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ დაიცვას მედიასაშუალება, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.


მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016