ბავშვობაში ძალიან მიყვარდა დოკუმენტური ფილმების ყურება გამოჩენილ ისტორიულ პირებზე. განსაკუთრებით ქართველებზე, სადაც, საბჭოთა რეპრესიების დროს გადასახლებულთა მიერ, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისადმი გამოგზავნილ წერილებს რომანტიკული ხმა, გულისამაჩუყებელი მუსიკის ფონზე კითხულობდა. ვუყურებდი, ვუსმენდი და მჯეროდა - მე ხომ 30-იანებიდან არ ვყოფილვარ, არც ნანახის კრიტიკული შეფასება მომეთხოვებოდა.
მოკლე ისტორიული მეხსიერების გამო, ქართველები საკუთარ თავს ხშირად ვაკრიტიკებთ. თუმცა ჩვენი მეხსიერება არც ისეთი მოკლეა, რომ ბოლო წლების პათეტიკურად და ყალბად გადმოცემულ ისტორიას 30-იანების ემოციით უყურო და თვალზე ცრემლი მოგადგეს. მით უმეტეს, როდესაც მოტივი ცხადია - მაყურებელმა გადაცემის სულ სხვანაირი გმირი დაინახოს.
საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური და აპოლიტიკური გადაცემა. აქ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. საჭიროების შემთხვევაში, გასართობ ფორმატში პოლიტიკაც მშვენივრად თავსდება, რა თქმა უნდა, აპოლიტიკურ ჭრილში. აკი, გიგი უგულავას მშობლებთან მისულმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც სწორად აღნიშნა - ჩემი გადაცემის ფორმატი ხომ იცით, პოლიტიკაზე კითხვებს არ ვსვამო.
თბილისის ყოფილი მერის ისტორია დაბადებიდან დღემდე - ჟურნალისტის კითხვებზე ციხიდან გამოგზავნილი წერილობითი პასუხით, ოჯახის წევრებით, შვილებით და მათთვის განკუთვნილი, პირადისათვის ზედმეტად ზოგადსაკაცობრიო და ხელოვნური თემებით სავსე გზავნილით, პოლიტიკური წარსულით, თბილისით, შეცდომებითა და წარმატებებით, ეკლესიით, სასულიერო აკადემიითა და პატრიოტიზმით... გადაცემის ყურება სენტიმენტების გარეშე ძნელია. იმდენად ძნელი, რომ გული გწყდება, ამბავი გასული საუკუნის 30-იან წლებს რომ არ განეკუთვნება - ასე რომ ყოფილიყო ყალბ პათეტიკას, ცოცხალი ადამიანისათვის შეუფერებელ მუსიკასა და წერილის გამხმოვანებლის მრავალტანჯულ ტემბრსაც აიტანდა კაცი.
მთლად პოზიტიური რომ არ გამოსვლოდა, წარმატებებთან ერთად, გადაცემის ავტორი ყოფილი მერის შეცდომებზეც საუბრობს. მაგალითად თაბუკაშვილის კორპუსი მოაქვს, თუმცა სასწრაფოდ საყვედურს აყოლებს: როგორ დაავიწყდა ხალხს ბინები, რომლებიც მობინადრეებმა პარლამენტის უკან, ახალ შენობაში მიიღეს.
არაფერს ამბობს თაბუკაშვილის სიახლოვეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 2010 წელს გაჩეხილ კორტებზე, თუმცა გვაჩვენებს ხელოვანებს, რომლებსაც ყოფილი მერის დაკავება უსამართლობად მიაჩნიათ და ოჯახის წევრებს, მის მტკიცე და შეუპოვარ ხასიათზე რომ საუბრობენ. ასეთ დროს ძნელია არ გაბრაზდე ავტორზე, გადაცემაზე, ტელევიზიასა და თავად გმირზეც კი, რომლის რეაბილიტაციასაც იდეაში ამ პროგრამით გეგმავდნენ.
ადრე ჩემი მეგობარი მომიყვა ძველ ამბავს ბათუმში ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორზე. ჟურნალისტზე, რომელმაც მედიაში საქმიანობას თავი იმიტომ დაანება, რომ ქმარმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. უთქვამს, არაეთიკური იქნება ჩემი გაზეთში მუშაობა, ჩემს მიუკერძოებლობაში ხალხს ეჭვი შეეპარება და გაზეთსაც სანდოობის ხარისხი დაეკარგებაო.
თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკისათვის ეს ფაქტი უცხოა. აქ პირიქით ხდება. კრიტიკის შემთხვევაში, ოპონენტები არგუმენტებად დასავლეთის ქვეყნებიდან რამდენიმე ტელევიზიის გამოცდილებას მომიტანენ და ამიხსნიან, რომ აპოლიტიკური გადაცემის წაყვანა ცოდვა არაა და რომ პოლიტიკაში ჩართულ პირთა ახლობლობა არ ნიშნავს იზოლაციას გარესამყაროსთან. არადა ღრმად ვარ დარწმუნებული, მათი სამაგალითო პოლიტიკოსების ჟურნალისტი ცოლები და ახლობლები მსგავს გადაცემებს არ და ვერ გააკეთებდნენ. ამის ნებას მინიმუმ ტელევიზია არ მისცემდათ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გიგი უგულავას ბრალეულობასა თუ უდანაშაულობას არ ეხება. საქმე ნანუკა ჟორჟოლიანის აპოლიტიკურ გადაცემას ეხება, რომელიც დროსთან ერთად, უფრო და უფრო ემსგავსება ერთი კონკრეტული სეგმენტისა და ჯგუფის ინტერესებისათვის გათვლილ გასართობს ისე, თითქოს სამმილიონიანი აუდიტორია არც არსებობს. მისი ბოლო ნაწილი კი მაყურებლისათვის, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი გამოვიდა.
P.შ. გადაცემის არსებობის მანძილზე, ნანუკას მიერ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახისათვის სახლის ჩუქების, მისი და მისი ქმრის სიყვარულის ისტორიის მოყოლის, კარგი ქართული ჯგუფების წარდგენისა თუ ზედმეტი უშუალობის, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის მიუხედავად, გადაცემის ყურებისას, ყოველ ჯერზე, გამუდმებით მახსენდება სვანეთის სპეცოპერაციისა და იმ ბიჭების ამბავი, ნანუკასთან შემთხვევით თუ გამიზნულად გაშვებული ზარი, ძვირად რომ დაუჯდათ.
ავტორი თამარ კარელიძე
http://blogs.liberali.ge/ge/blog/1862/119463/
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)