გამოცემა „ობოზრევატელ“ (უკრაინა), კიევში მიწვეულ ქართველ „სპეციალისტებზე“, „ნაციონალური“ მთავრობის ყოფილ იმ ჩინოვნიკებზე წერს, რომლებიც უკრაინის ახალ ხელისუფლებას რეფორმების გატარებაში ეხმარებიან.
მასალას გთავაზობთ მცირე შემოკლებით:
„ამას წინათ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად კი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კახა ბენდუქიძემ ეკონომიკური რეფორმების დაგვიანების გამო ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი გააკრიტიკა. „ჩვენ საქართველოში ასე და ასე გავაკეთეთ და წარმატებებსაც მივაღწიეთო“, ამბობს.
ვეკითხები კახა ბენდუქიძეს:
მეგობარო, შენ [...] სიტუაციას სწორად აფასებ? არ ფიქრობ, რომ თქვენს მიერ მითოლოგირებული „ქართული სასწაული“ ცოტა გადაჭარბებულია?
ჰო, მოსიყვარულე და უსაქმური მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ცხრა წლის განმავლობაში რაღაც შედეგს მართლაც მიაღწია, მაგრამ გუბეშიც არაერთხელ ჩავარდნილან. შესაბამისად, ხალხმაც არ დაუფასა „ისტორიული წარმატებები“ და არჩევნებზე მხარი აღარ დაუჭირა. „ნაციონალების“ ლიდერი ახლა იმ ქვეყნებში ხეტიალობს და ბედს დაეძებს, რომლებიც დასავლური სამყაროს ნაწილად გადაქცევას ცდილობენ.
ქართველებმა სააკაშვილი ვერ დააფასეს, სამაგიეროდ უკრაინელები გიჟდებიან...
დაფიქრდით და მიხვდებით, რომ პატარა საქართველოსთან უკრაინის შედარება უადგილოა. საქართველოში ეკონომიკურად წარმატებული მოდელი არ აშენებულა, უბრალოდ, იქ ფული დასავლური ფასეულობების მხარდაჭერის გამო მიიღეს... ფულის გამოძალვა სავალუტო ფონდისაგან „კავკასიელი გაბღენძილი ბიჭუნასათვის“ უფრო იოლი იყო, ვიდრე 45 მილიონიანი უკრაინისთვის.
მეტყვიან, უკრაინაში კორუფცია არისო...
რა, მიშა არ იჯიბავდა ფულს?
აბა, ვისი იყო თბილისის ცენტრში წამოჭიმული სასტუმრო „რედისონის“ 25%, სადაც ბოლო წლებში ექს-პრეზიდენტის უცხოელი „მეგობრების“ მთელი ამალა ცხოვრობდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე ესოდენ შეყვარებული უკრაინელი ივანა მელაი?
აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ არ მსურს, რომ ყალბი გზით ვიაროთ. უკრაინა საქართველო არ არის და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე მოხდეს. უკრაინა სინგაპურია. ჩვენ ლი კვანიუ დაგვეხმარება. ეს აუცილებლად მოხდება“.