reportiori.ge - საქართველო უცხოურ მედიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:25
პრეს-დაიჯესტი
საქართველო უცხოურ მედიაში
ავტორი:
01 აგვისტო, 2014. 18:29

„დეილი ბისთ“ (აშშ), 1 აგვისტო, 2014 წელი

http://www.thedailybeast.com/articles/2014/07/31/georgian-ex-president-faces-criminal-charges-blames-putin-cronies.html

 

მიხეილ სააკაშვილისთვის უმჯობესი იქნება ჩუმად იყოს და მის ნაცვლად სხვებმა ილაპარაკონ

ამერიკულ პოპულარულ გამოცემა «The Daily Beast»-ში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელშიც საუბარია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძვრის მიზეზებზე (ავტორი - უილ კეტკარტი).

პუბლიკაციის შინაარსი:

გასული ათწლეულის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ „მიშა“ სააკაშვილი მთელი პოსტსაბჭოური რეფორმებისა და ანტიკორუფციული ბრძოლის სიმბოლო გახდა როგორტც საკუთარ ქვეყანაში, ისე მთელ რეგიონში. მაღალი, თითქმის მუდამ მომღიმარე, დემოკრატიული იდეალების პოპულარიზატორი, იგი ამერიკულ ნეოკონსერვატორულ ჯგუფებში კვლავ პატივცემულ პიროვნებად რჩება. მას გავლენიანი კავშირები აქვს შეერთებულ შტატებში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა, ახლა კი სადაც ფაქტიურად ქვეყნიდან გაძევებულის სტატუსით ცხოვრობს.

მიხეილ სააკაშვილის არაკეთილისმსურველები ამტკიცებენ, რომ მაკიაველის ტაქტიკა და აგრესიული ფიარ-ტექნოლოგიები გამოიყენა იმ ვითომდა დემოკრატიული სისტემის შესაქმნელად, რაც მხოლოდ დასავლეთის დასანახად იყო გათვლილი, სინამდვილეში კი მან რეპრესიული რეჟიმი ჩამოაყალიბა.

 

მიხეილ სააკაშვილის მიმზიდველობა ვაშინგტონისათვის იმით იყო განპირობებული, რომ იგი რაინდივით, ენთუზიაზმით მიისწრაფოდა ნატოში გაწევრიანებისაკენ. მაგრამ 2008 წელს, როცა რუსეთი პატარა საქართველოს ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონში შეიჭრა, ორივე მხარის მიერ დაშვებული პროვოკაციების შემდეგ, მისი ხელისუფლება გამოცდის წინაშე დადგა. მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ ნატო დაეხმარებოდა, მაგრამ ამაოდ. საქართველო უფრო მეტად დაშლილი დარჩა, ვიდრე ადრე იყო.

 

სისხლის სამართლის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული ხელისუფლების ბოროტად სარგებლობაში, რაც მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში გამოიხატა. ამასთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქში ჩანაწერი გამოაქვეყნა და თავი გაიმართლა, რომ ანტისამთავრობო მიტინგებს რუსეთი აწყობდა ადგილობრივი პოლიტიკოსების დახმა-რებითო, თუმცა „ამის მიუხედავად, ჩვენ არცერთი პოლიტიკოსი არ დაგვიპატიმრებია“ (ბევრ ქართველს ამგვარ თავისმართლებაზე გაეცინებოდა).

 

ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილი უკვე ძებნილ ადამიანად გადაიქცა. ბიძინა ივანიშვილი მანევრირებს, რომ მასზე საბოლოო გამარჯვებას მიაღწიოს (...). როგორც ექსპერტი მარკ მალენი ამბობს, „პროკურატურა ფრთხილად მოქმედებს, რაც სააკაშვილს აძლევს იმის უფლებას, რომ თქვას - ამ ყველაფერს მოსკოვი ხელმძღვანელობსო. ალბათ, მის მტკიცებას აქვს რაღაც მოტივი, რადგან თუ ვინმეს უნდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, მათგან ერთ-ერთი ვლადიმერ პუტინია... მაგრამ არც ისაა სწორი, რომ სულ მუდამ რუსეთისა და პუტინის ხელზე ილაპარაკო, ან ამტკიცო ის, რომ ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების უმეტესობა. ამიტომაც ფეისბუქში გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა მიხეილ სააკაშვილის უფრო მეტად ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებლობა. ექს-პრეზიდენტისათვის ახლა უფრო კარგი იქნება ჩუმად იყოს და მის ნაცვლად მისმა პოლიტიკურმა მხარდამჭერებმა ილაპარაკონ.

 

სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოს ირგვლივ ხდებოდა, საქართველოშიც აისახა: მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისას ათასობით პოლიტიკური მოწინააღმდეგე საპყრობილეში გამოკეტა იმ მოტივით, რომ მათ თითქოსდა მაფიასთან ჰქონდათ კავშირი. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა მსოფლიოში პატიმართა რაოდენობის მხრივ, მას წინ მხოლოდ ამერიკა უსწრებდა. ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველა უდანაშაულოდ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ბევრის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებით იყო განხორციელებული. თუმცა ისიც აშკარაა, რომ საქართველოს დამხობილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ყველამ კარგად იცოდა, რომ კორუმპირებული იყო, დაკავებული ან დაპატიმრებული არ ყოფილა. ამ მიმართებით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გამყოფი ხაზი გაავლეს. ედუარდ შევარდნაძემ მშვიდად დაასრულა თავისი სიცოცხლის დღეები და გასულ თვეში გარდაიცვალა. ამ ფაქტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის პრეცედენტია, როცა სახელმწიფოში უმაღლეს თანამდებობის სტატუსს პატივს სცემენ, ეს სიგნალი იყო მსოფლიოსათვის, რომ საქართველო ცივილიზებული და დემოკრატიული ყოფილიყო.

მართალია, საქართველოს ახალ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებას“ ჯერ აქამდე [დემოკრატიამდე] ჯერ ვერ მიუღწევიათ, რადგან, შეიძლება ითქვას, ისინი ჯერ კიდევ გამოსაცდელ პერიოდში არიან. თუ როგორ წარიმართება მოვლენები, როგორი არჩევანი იქნება გაკეთებული - პოლიტიკური ანგარიშსწორება და საქართველოს მომავალი - ამით, საბოლოო ჯამში, ისინი საკუთარ ბედს თვითონვე გადაწყვეტენ.

 

 

 

„ნოვაია პოლიტიკა“ (რუსეთი), 1 აგვისტო, 2014 წელი

http://www.novopol.ru/-zapad-ne-usvoil-uroki-pyatidnevnoy-voynyi--text167380.html

„შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ აი, უკვე ექს-პრეზიდენტის რიგიც მოვიდა და მას დაიჭერენო...“

სტატია, რომლის სათაურია „დასავლეთმა „ხუთდღიანი ომის“ გაკვეთილიდან დასკვნები ვერ გააკეთა“ ეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე (ავტორი სერგეი მარკედონოვი, პოლიტოლოგი).

პუბლიკაციის შინაარსი:

„საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს სისხლისსამართლის ბრალდებები წაუყენა. ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა - ვერც მისი მოწინააღმდეგეები და ვერც მხარდამჭერები. მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტომდე დასავლეთი პრაქტიკულად აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებდა. მისმა აპოლოგეტებმა მხოლოდ „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ დაიწყეს იმის გაცნობიერება, თუ რა საფრთხეს გადარჩნენ, თუმცა სააკაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, იგი მაინც ინარჩუნებს ტივტივს ზოგიერთი დასავლელი მფარველის ზრუნვით.

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ბევრი თანამოაზრე და თანაგუნდელი ან დაპატიმრებულია, ან მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოს სხდომებზე იხილება. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ აი, უკვე ექს-პრეზიდენტის რიგიც მოვიდაო, მაგრამ ისმება კითხვა: რამდენად შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი ფრონტალური შეტევა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებას ნიშნავს?

 

ვფიქრობ, რომ დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მემკვიდრეობასთან კავშირის გაწყვეტა, პირველ რიგში ეხება საკვანძო ფიგურების განლაგებას შიდაპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე: წინა ხელისუფლების „რჩეულნი“ პოლიტიკური სივრციდან ერთი მეორის მიყოლებით კი მიდიან, არამედ მათი პირდაპირი გაძევების პროცესი მიდის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით საქართველოს პრიორიტეტები იცვლება, რომ თბილისი უახლოეს ხანში რაიმე ახლით გააკვირვებს მსოფლიოს ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ან შეიცვლება საქართველოს ევროატლანტიკური კურსი.. პირიქიტ, ახალმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო დიდი ნახტომი გააკეთა დასავლეთის მიმართულებით, ანუ იქით, საითაც სააკაშვილი საქართველოს ექაჩებოდა. ამის სადემონსტრაციოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და ნატოსაგან ურთიერთობის ახალი ფორმატის დაპირებაც კმარა. გარდა ამისა, ძველი ხელისუფლებაც თვლიდა და ახალიც თვლის, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ დასავლეთთან კოოპერირებით შეიძლება, განსხვავება მხოლოდ ტაქტიკასა და სტრატეგიაშია. ახალმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა რუსეთთან დამოკიდებულების მწარე გაკვეთილები და არ აქვს იმის ილუზია, რომ „დასავლეთი რუსეთს კისერს მოუგრეხს“. ამიტომაც პირველი პირების რიტორიკაში რუსეთის მიმართ ერთგვარი თავშეკავება შეიმჩნევა.(...)

 

თუმცა, მიუხედავად ამ ნაბიჯისა, რომელიც შეიძლება კიდევ ერთ გამარჯვებად შეიძლება ცაითვალოს ექს-პრეზიდენტზე და მის გუნდზე, ნათელია, რომ ეს წარმატება ვერაფრით ვერ უშველის საქართველოს ეკონომიკის პრობლემებს (სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, სიღარიბითა და უმუშევრობით დამთავრებული). საბოლოო ჯამში, [ადგილობრივი არჩევნების შემდეგ] თბილისი ახალ წრეზე წავიდა: ხელისუფლების განმტკიცება და პოლიტიკურ ოლიმპზე ფიგურების ჩანაცვლება-გადანაცვლება უკვე იდეა ფიქსი ხდება.

 

 

„ფორბსი“ (აშშ), 1 აგვისტო, 2014 წელი

http://www.forbes.com/sites/melikkaylan/2014/07/31/the-new-wave-of-elected-dictatorships-around-the-world/

არჩეული დიქტატურების ახალი ტალღა მსოფლიოში: როგორი სახელმწიფოა საქართველო?

 

სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური სისტემები, რომლებიც ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების გზით ეუფლებიან, შემდეგ კი დიქტატორულ რეჟიმად იქცევიან ხოლმე (ავტორი მელიქ კაილანი).

პუბლიკაციის შინაარსი:

 „მიმდინარე ფეთქებადი ახალი ამბების ფონზე ჩვენ ვეღარ ვამჩნევთ უფრო შემაშფოთებელ ტენდენციას - მსოფლიოში არჩეული დიქტატურების ტრიუმფს. ამ ათიოდე წლის წინათ მსოფლიოს ქვეყნები ძირითადად ორ ტიპად იყვნენ დაყოფილი - დემოკრატიულებად და არადემოკრატიულებად, დღეს კი გამოიკვეთა ქვეყნების მესამე ტიპი, რაღაც ჰიბრიდი, რომელთაც შეიძლება „არადემოკრატიული დემოკრატიული“ სახელმწიფოები ვუწოდოთ: რუსეთი, ირანი, ერაყი, ვენესუელა, ეგვიპტე, თურქეთი, უკრაინა, საქართველო - აი, ამგვარი ქვეყნების კონკრეტული მაგალითები. რა აქვთ აქაურ რეჟიმებს და მათ ლიდერებს საერთო? პირველი - ისინი დემოკრატიულად არიან არჩეულები და მეორე - მათი მმართველობის სტილი ავტორიტარულია.

 

მოდით ჩამოვთვალოთ „არადემოკრატიულ დემოკრატიული“ სახელმწიფოებში არსებულ რეჟიმთა მეტ-ნაკლებად საერთო ნიშნების სია: ა) მასმედიის საშუალებებს ლიდერის მეგობრები ფლობენ; ბ) ეკონომიკაც მათ ხელშია; გ) ოპოზიციური პოლიტიკოსები სამართლებრივ დევნას განიცდიან; დ) სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთთანაა შეზრდილი; ე) სასამართლო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული; ვ) კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში; ზ) თავისუფალი ბაზარი პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი ხდება; თ) არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა იზღუდება... და კინაღამ დამავიწყდა - ქვეყნის პრობლემებში დამნაშავედ ყოველთვის საგარეო მტრები სახელდებიან, უმეტესად აშშ. აი, ასეთი სურათს ვხედავთ.

 

საქართველოში ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მისი ხელისუფლების მინისტრებს, მის თანაპარტიელებს ყალბი და შეთითხნილი ბრალდებები წაუყენეს; თურქეთში მასობრივი ინფორმაციის თითქმის ყველა საშუალებას პრემიერ-მინისტრ ერდოგანის ახლო მეგობრები ფლობენ, პროკურატურამ კი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები შეთქმულებაში  „ამხილა“ და კორუმპირებულობა დააბრალა; რუსეთში (ნაწილობრივ საქართველოშიც) სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთთან ფინანსურ კავშირში არიან. ეკლესია სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას მორალურ მფარველობას უწევს; ეგვიპტეში პრესის თავისუფლება თითქმის სრულიად შეიზღუდა ინტელიგენციის წინააღმდეგ მიმართული დევნის პროცესში; ირანში ასევე არაა პრესის თავისუფლება, სასამართლოც ხელისუფლების ნებას ასრულებს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

„ნეზავისიმაია გაზეტა“ (რუსეთი), 1 აგვისტო, 2014 წელი

http://www.ng.ru/cis/2014-08-01/6_tbilisi.html

რა ელოდება საქართველოს რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმებით?

სტატიაში საუბარია რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეთანხმების სავარაუდო გაუქმებასა და სამომავლო პერსპექტივის თაობაზე („თბილისი მოსკოვთან განსაკუთრებული საუბრისთვის ემზადება“, ავტორი იური როქსი).

გთავაზობთ შემოკლებით:

როგორც ჩანს, საქართველო მზად იყო, რომ რუსეთის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმება მოხდებოდა. მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფლების რეაქციისგან განსხვავებით, რომელთა მიმართაც რუსეთმა იგივე ნაბიჯი განახორციელა, ოფიციალური თბილისის რეგირება სრულიად მშვიდი გამოდგა, - აღნიშნავს ავტორი.

 

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა, თუმცა მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების გაუარესება თბილისის ინტერესებში არ შედის. შვიდწლიანი ემბარგოს გაუქმების შემდეგ რუსეთი სწრაფად იქცა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთ უდიდეს მომმხმარებლად. გასაღების ისეთი უდიდესი ბაზარი, როგორიც რუსეთია, ქართველი გლეხებისა და მევენახეებისათვის მსოფლიოში სხვა არ არსებობს.

 

2006 წელს, როცა მოსკოვმა ემბარგო დააწესა, თბილისმა ამ ფაქტზე ძალიან ნერვიული და უხეში რეაგირება მოახდინა. მოგვიანებით საქართველო შეეცადა რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა, მაგრამ ასეთმა ქმედებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ძირითადად ასევე უშედეგო აღმოჩნდა თბილისის მცდელობაც ქართული ღვინის გასაღების სხვა ბაზრების ძიების თაობაზეც. ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს: რუსულმა ემბარგომ ქართულ ეკონომიკას დადებითი შედეგიც მოუტანა - მოიმატა ქართული ღვინის ხარისხმა, პროდუქციამ თანამედროვე სასაქონლო სახე შეიძინა... ალბათ სწორი იყო ის, რომ ქართული ღვინის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე „ტრიუმფალური“ უწოდეს... დღეს საქართველოში წარმოებული ღვინის 70% რუსეთში იყიდება. რასაკვირველია, ასეთი ბაზრის დაკარგვა ქართველ მეღვინეებს და ბიზნესმენებს არ სურთ.

 

ბერლინელმა პოლიტოლოგმა აშოტ მანუჩარიანმა „ნეზავისიმია გაზეტასთან“ საუბარში კომენტარი გაუკეთა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩამოყალიბებულ სიტუაციას და აღნიშნა: „ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს მიღწევას აფიქსირებს, აჩვენებს მის საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას. შეთანხმება პროგრესის სტიმულს მისცემს ადგილობრივ წარმოებას. ამავე დროს თუ მას პრაქტიკული პოზიციებიდან შევხედავთ, დოკუმენტი არც საქართველოს, არც უკრაინას და არც მოლდოვას არაფერს აძლევს. ის მხოლოდ დაპირებებს შეიცავს, რომ საქართველო და სხვები ევროპულ ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გატანის ნებართვას მიიღებენ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ამ პროდუქციის ხარისხს ევროპულ სტანდარტებამდე ასწევენ“.

 

პოლიტოლოგის თქმით, „ბაზარზე დაშვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმის გარანტიას, რომ ქართული ან მოლდავური ღვინო ევროპაში მაღალი მოთხოვნით ისარგებელებს, მით უმეტეს, რომ ევროპა დღეს ძველებურად ბედნიერ ხანაში არ ცხოვრობს. კრიზისულ პერიოდში იმის ლოდინი, რომ მომხმარებლის მოთხოვნები გაფართოვდება, უშედეგოა. ევროპაში ისედაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჭარბწარმოებაა. ევროკავშირი ხომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანის ნებას აძლევს...“.

 

 

„ლრაგირ“ (სომხეთი), 01 აგვისტო, 2014 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/37523

ვინ წავა თბილისში და მოსკოვში მოწყალების სათხოვნელად?

სტატიაში კომენტირებულია რუსეთის სავარაუდო გადაწყვეტილება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ანულირების თაობაზე (ავტორი ნაირა აირუმიანი).

საინტერესოა, რა მოუვა სომხეთს ამ შემთხვევაში?

„რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აუქმებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო რეჟიმი დაწესდება. სომხური პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში გატანა და იქიდან სომხეთში შემოტანა საქართველოს ტერიტორიას გავლით ხორციელდება.. დღეს ეს ყველაფერი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის საფუძველზე ხდება: შეთანხმება მოქმედებს როგორც რუსეთ-საქართველოს, ასევე რუსეთ-სომხეთს შორის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმება თბილისისთვის ტრაგედია არ იქნება. მან, რასაკვირველია, არ თქვა, რომ ეს სომხეთისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს: ბოლოს და ბოლოს, შეიძლება მოლაპარაკება იმაზე, რომ სატრანზიტო ტვირთები ისევ თავისუფალი იყოს საბაჟო გადასახადებისგან, ან შევურიგდებით პროდუქციის გაძვირებას და ეგ იქნება.

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმება შეიძლება რუსეთიდან შემოტანილ ნავთობსა და გაზსაც შეეხოს. საქართველო თვითონ აზერბაიჯანულ გაზს ყიდულობს და უცნობია, რას იზამს თბილისი სომხეთისთვის გაზის ტრანზიტის საკითხში: არაა გამორიცხული, რომ საქართველო ტრანზიტის ფასის გაზრდას სეეცდება.

შეძლებს კი სომხეთის ხელისუფლება თბილისისთვის და მოსკოვისთვის „თავის მოქონვას“, რათა სომხეთისათვის ნავთობისა და გაზის შესასყიდმა ფასებმა არ მოიმატოს? ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თუ ფასები მოიმატებს, მოსახლეობა უბრალოდ უარს იტყვის მოხმარებული გაზის ფასის გადახდაზე, ან მოხმარებული გაზის მოცულობა დაეცემა.

 

გეოპოლიტიკურ მოვლენებს თანდათანობით იქით გვიბიძგებს, რომ თავლი ირანს მივაპუროთ და რუსეთთან მეგობრობის გამო მიღებული „ზარალი“ ირანისგან ავინაზღაუროთ. რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმება ამ მიმართებით შეიძლება  უკანასკნელი წვეთი გახდეს“, - ნათქვამია „ლრაგირის“ პუბლიკაციაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016