მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, 19:30 საათზე მრევლს შესაძლებლობა ექნება, საპატრიარქოში მივიდეს და უწმინდესს ანგელოზის დღე მიულოცოს.
წინასწარმეტყველი ელია - ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.
ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული: ხალხმა ზურგი აქცია სჯულს და კერპებს მოუდრიკა ქედი. კერპთმსახურების განსაკუთრებით ერთგული დამცველი იყო მეფე აქაბის მეუღლე, წარმართი იეზაბელი, რომელმაც თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია. თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა: ცა შეიკრა, გამხმარი მიწა ნაყოფს არ იძლეოდა, ხალხი საშინლად იტანჯებოდა... უფალმა ელიას უბრძანა, წასულიყო „ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა". აქ ელიას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს ყორნები უზიდავდნენ საკვებს. როცა ხანგრძლივი გვალვის გამო წყარო ქორათშიც დაშრა, წინასწარმეტყველმა ღვთის ბრძანებით სიდონის მახლობლად მდებარე სოფელ სარეფთას მიაშურა. აქ იგი ერთი ქვრივი დედაკაცის სახლში დაბინავდა, რომელსაც ელიას იქ ყოფნისას სასწაულებრივად არ ელეოდა ფქვილი და ზეთი. ამ დროს სარეფთელი ქვრივის ერთადერთი შვილი დასნეულდა და გარდაიცვალა. წინასწარმეტყველმა ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა ყრმა და დედას დაუბრუნა.
სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?" „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა", - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარმილის მთაზე შეეკრიბა. აქაბი დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმილის მთაზე რვაასორმოცდაათმა ქურუმმა მოიყარა თავი. ელიამ მათ შესთავაზა, თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოზე ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავიანთი ღმერთებისათვის. ამაოდ დარბოდნენ დილიდან საღამომდე სამსხვერპლოს გარშემო ქურუმები და ევედრებოდნენ ბაალს ცეცხლის მოვლინებას: „მაღლადრე უხმეთ, რამეთუ ღმერთი არს: ანუ თუ განცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს", - ეუბნებოდა მათ ელია. საღამოს თავად წინასწარმეტყველმა აღადგინა კარმილზე თორმეტი ქვისაგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და იგი მსხვერპლზე და შეშაზე გადასხმული წყლით ამოავსო. ელიას ლოცვის პასუხად ზეციდან სასწაულებრივად გარდამოხდა ცეცხლი, რომელმაც შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვაბიც დაწვა და თხრილში წყალი ამოაშრო. გაოცებულმა ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი: „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!" (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს" (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა" (3 მეფ. 19.4). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?" - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად" (3 მეფ. 19.10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.